საერთაშორისო მიმოხილვა. 7 ნოემბერი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 7 ნოემბერი. 2023 წელი

ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ `ახორციელებს დარტყმებს მთელს ახლო აღმოსავლეთში` ტერორისტებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ.

დავაკვირდეთ; `განახორციელებს` კი არა, არამედ  `ახორციელებს` ანუ უკვე უტევს.

იგულისხმება საავიაციო დარტყმები არა მხოლოდ სირიაში პროირანული დაჯგუფება `ჰესბოლლას` პოზიციებზე, ასევე თვით სირიის სახელისუფლებო არმიაზე, არამედ, როგორც ჩანს, სხვა ქვეყნებზეც.

იემენში მაგალითად, საიდანაც პროირანულმა დაჯგუფებამ `ჰუსიტებმა` ისრაელს ბალისტიკური რაკეტა ესროლეს, თუმცა ისრაელმა საკუთარი (!) ანტირაკეტით ეს ბალისტიკური რაკეტა, სანამ დაშვებას დაიწყებდა, კოსმოსურ ორბიტაზე ჩამოაგდეს. რაც თავისთავად შესანიშნავი ფაქტია.

აქვე ძალიან საინტერესოა, რომ ისრაელის არმიამ შეწყვიტა რუსების გაფრთხილება სირიაში დარტყმების თაობაზე.

ანუ,  დღემდე, -  ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსა და პუტინს შორის 2 წლის წინ მიღწეული შეთანხმების მიხედვით, -  `ცახალი` წინასწარ, თუნდაც რამდენიმე წუთით ადრე აფრთხილებდა სირიაში რუსული არმიის სარდლობას: `ჰესბოლლას, ასევე თქვენი მოკავშირე ასადის არმიას უნდა დავარტყა და სანამ დროა გაეცალეთ მანდედანო` და რუსებიც მორჩილად ასრულებდნენ, როცა ისრაელი მათ მოკავშირეებს ბომბავდა, რაკი პუტინს `არ აწყობდა` ისრაელთან დაპირისპირება.

ახლა ისრაელმა წინასწარი გაფრთხილების რეჟიმიც გააუქმა: თუ რუსები დაიხოცებიან, საკუთარ თავს დააბრალეთო.

არ არის გამორიცხული, რეჟიმის გაუქმება გამოიწვია იმან, რომ ისრაელის დაზვერვას აქვს ინფორმაცია მოსკოვის როლზე 7 ოქტომბრის ტერორისტულ თავდასხმაში.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვმა 10 000-სს გადააჭარბა. ისრაელის არმიამ დაასრულა ქალაქის სრული ალყა, თუმცა უშუალოდ, მასშტაბურად, ჯერ თვით ქალაქში არ შედის. წერტილოვან ოპერაციებს ახორციელებს.

დასავლეთის კომპეტენტურ წყაროები, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური დადასტურება არა აქვთ, დაჟინებით ამტკიცებენ, რომ `ცახალთან` ერთად სპეცოპერაციებში მონაწილეობენ ამერიკის, ბრიტანეთის და საფრანგეთის ელიტური სპეცდანიშნულების რაზმები.

ამის აფიშირება დასავლეთში არ სურთ ორი მიზეზის გამო

ა) ეს კიდევ უფრო დაძაბავს დასავლურ საზოგადოებებში ვითარებას - ევროპის და ამერიკის ქალაქებში ისედაც მრავალათასიანი დემონსტრაციები იმართება ომის შეწყვეტის მოთხოვნით. ხოლო თუ დადასტურდება, რომ დასავლეთი უშუალოდ (!) მონაწილეობს საბრძოლო მოქმედებებში, ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება. აღსანიშნავია, რომ ამ საპროტესტო დემონსტრაციებში მხოლოდ პალესტინელები და მუსლიმები როდი მონაწილეობენ.

ბ) თუ ოფიციალურად დადასტურდება დასავლეთის საბრძოლო (!) მონაწილეობა საომარ მოქმედებებში `მიწაზე` (On the ground) ეს შესაძლოა იქცეს საბაბად ირანისთვის, რათა უკვე არა `პროქსი` მილიტარისტული ჯგუფებით (ანუ ჰესბოლლა და ჰუსიტები) არამედ პირდაპირ, უშუალოდ ჩაერიოს.

ჯერ-ჯერობით პირდაპირ არ ერევა.

ვიმეორებ: ირანი არ არის ერაყი და სირია. ირანის არმია  ძალიან სერიოზული სამხედრო ძალაა!   

  . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ტრამპმა განაცხადა, რომ არ ჩავა კიევში, რათა მოისმინოს ზელენსკისგან იმის ახსნა, რატომ არის შეუძლებელი `ერთ დღე-ღამეში კონფლიქტის დასრულება`, როგორც ტრამპი ამბობს: `მე რომ ვიყო ახლა ამერიკის პრეზიდენტი, ამ კონფლიქტს რუსეთთან ერთ დღე-ღამეში დავასრულებდიო`.

ზელენსკიმ, ამის პასუხად, ტრამპი უკრაინაში მიიწვია და შეჰპირდა: `24 საათი კი არა, 24 წუთი დამჭირდება, რათა ტრამპს ავუხსნა, რატომ არის დღევანდელ პირობებში კონფლიქტის დასრულება შეუძლებელიო`.

ტრამპმაც უპასუხა (შინაარსობრივად): `მე რასაც ვამბობ ჩემი საქმეა; პრეზიდენტი არა ვარ; დანარჩენი კი ბაიდენს მოჰკითხეო`.

კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ რაც არ უნდა ილაპარაკოს ახლა ტრამპმა, პოლიტიკის ელემენტარული კანონებიდან გამომდინარე ოპოზიციონერი (!) ტრამპის ნალაპარაკებს დიდი მნიშვნელობა არა აქვს: თუკი პრეზიდენტი გახდა, მაღალი ალბათობით ამერიკა განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, რადგან ეს შეესაბამება ამერიკის გრძელვადიან ინტერესებს;

სხვაგვარად მოქცევის უფლებას და საშუალებას ტრამპს ამერიკის ზემძლავრი Deep state, მათ შორის ამერიკული გენერალიტეტი და დიპლომატიური ისტებლიშმენტი არ მისცემს. თუ არ შეისმენს დემარშებით გადადგებიან, კონგრესში უჩივლებენ  და ეს უარესია.

ტრამპი პრეზიდენტი იყო 2016 – 2020 წლებში, თუმცა თითქმის  იმავე პოლიტიკას ატარებდა უკრაინული კონფლიქტის მიმართ, ანუ რუსეთს შეძლებისდაგვარად ეწინააღმდეგებოდა.

მაშინ კრემლის ფართომასშტაბური აგრესია ჯერ არ იყო. მაგრამ რომც ყოფილიყო, ტრამპი იმავეს გააკეთებდა რასაც ახლა ბაიდენი აკეთებს

ყველაფერი დანარჩენი კი ჩვეულებრივი პოლიტიკური, ოპოზიციური რიტორიკაა.

 . . . . . . . . . . . . . . . . . .

როგორც მოსალოდნელი იყო, დონალდ ტრამპი აქტიურად იყენებს მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესებს წინასაარჩევნო პრომოუტირებისათვის.

გუშინ ნიუ იორკში გაიმართა მორიგი სასამართლო პროცესი `სამოქალაქო თაღლითობის ` საქმეზე: პროკურატურა ტრამპს ადანაშაულებს საგადასახადო დოკუმენტაციის გაყალბებაში. კერძოდ ნიუ იორკში მისი კუთვნილი უძრავი ქონების ფასის ხელოვნურ გაბერვაში მათი ლიკვიდურობის გასაზრდელად.

ეს არ არის სისხლის სამართლის საქმე, თუმცა `სამოქალაქო თაღლითობა` ძალიან მნიშვნელოვანი და მძიმე სამოქალაქო სარჩელია პროკურატურის მხრიდან.

გუშინდელ სხდომაზე დონალდ ტრამპი მოსამართლეს დასცინოდა, პროკურორს აბუჩად იგდებდა და ყველანაირად მანიფესტირებდა, რომ ვერც მოსამართლე და ვერც პროკურატურა მას `ყურებზე ხახვსაც ვერ დააჭრის`. მაქსიმუმ, შეუძლიათ სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე ციხეში ჩასვან, თუმცა იქ იძულებულნი იქნებიან  შეუქმნან ექსკლუზიური პირობები (ეს გარდაუვალია რაკი ასეულობით მილიონი ამერიკელი უჭერს მხარს) და დონალდ ტრამპი ციხისთვის, როგორც ჩანს  მზად არის.

ოღონდ `სამოქალაქო სარჩელზე` მიმდინარე დავა იმასაც ადასტურებს, რომ ტრაპს არც ქონების კონფისკაცია აშინებს - ამერიკაში მოქმედი უმკაცრესი საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე.

ეს ოფციაც სრულიად შესაძლებელია, თუმცა ტრამპს უკან დასახევი გზა უბრალოდ არა აქვს - ბოლომდე უნდა იბრძოლოს.

მოსამართლემ რამდენჯერმე გააფრთხილა ტრამპი გუშინ, შეეწყვიტა მართლმსაჯულების აბუჩად აგდება, თუმცა ამაოდ.

დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ტრამპის ადგილზე ნებისმიერი სხვა რომ ყოფილიყო (თუნდაც მასსავით მილიარდერი) მოსამართლე დაუყოვნებლივ დასჯიდა, თუმცა ტრამპი პოლიტიკოსია (!),  პრეზიდენტობის კანდიდატია და მოსამართლე, რამდენიც არ უნდა `ბეროს ლოყები` მას ბევრს ვერაფერს უბედავს, რათა პოლიტიკურ შედეგებზე პასუხისმგებლობა მას არ დაეკისროს.

ეს ბიუროკრატიის (მათ შორის სასამართლო ბიუროკრატიის)  ჩვეულებრივი `ქცევითი პატერნია`.

`თქვენ მიტინგზე არა ხართ` - მიმართა ტრამპს მოსამართლემ, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საკუთარ უსუსურობას.

მაქსიმუმი რაც შესაძლოა ტრამპს სასჯელის სახით დაეკისროს `სამოქალაქო თაღლითობის` საქმეზე არის ჯარიმა 250 მილიონი დოლარის ოდენობით.

მეტის მოთხოვნა პროკურატურამ ვერ გაბედა, რაკი მოქმედებდა `ანალოგიებით`, ესე იგი პრეცედენტებით ანალოგიურ საქმეებზე. არაანალოგიური სასჯელი (მეტი ჯარიმა) რომ მოეთხოვა, სრულიად აშკარა მიკერძოება იქნებოდა.

250 მილიონი დოლარი.....რასაკვირველია დიდი თანხაა, მაგრამ მილიარდერ ტრამპისთვის კატასტროფა სულაც  არ არის.

მისთვის ბევრად უფრო მტკივნეული იქნება, თუ მოსამართლე გაიზიარებს პროკურატურის მეორე მოთხოვნას და აუკრძალავს ტრამპს ნიუ იორკში ბიზნესის კეთებას.

ნიუ იორკის რამდენიმე ცათამბჯენი ტრამპის აშენებულია.

ნიუ იორკი დონალდ ტრამპის `ბიზნეს-იმპერიის` გულია, თუმცა....ამასაც აიტანს, როცა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაშია შესული. რა დროს ნიუ იორკზე სენტიმენტებია

 . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ ლონდონის National gallery-ში ორმა ეკო-ფანატიკოსმა საღებავით დააზიანა ველასკესის XVII საუკუნის ტილო `ვენერა`.

ეს ეკო-ფანატიკოსები არიან მოძრაობის Just Stop Oil  წევრები და ნავთობის მოპოვებას აპროტესტებენ მთელს მსოფლიოში.

ველასკესის იგივე ტილო 1914 წელს დააზიანა ფემინისტური მოძრაობის აქტივისტმა ქალმა.

გუშინ ეკო-აქტივისტები დააპატიმრეს იქვე, თუმცა.... ციხით მათ ვერავინ შეაშინებს და ვერ შეაჩერებს.

გაუგებარია national gallery- ში პულივიზატორები როგორ შეიტანეს, როცა იქ ძალიან ზედმიწევნით ჩხრეკენ ყველა სტუმარს შენობაში შესვლისას.

National gallery დიდი ბრიტანეთის მთავარი სამხატვრო მუზეუმია. იქ უამრავი შედევრია დაცული.

თუმცა როგორაა `დაცული` კი ვხედავთ.

  . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რამდენიმე დღეა უკრაინაში არ წყდება სპეკულაციები მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების თემაზე. ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ზელენსკი დანიშნავდა საპრეზიდენტო არჩევნებს მომავალი წლის მარტისთვის, როდესაც იწურება მისი პირველი საპრეზიდენტო ვადა.

ამ სპეკულაციებს გუშინ წერტილი დაუსვა თვითონ ზელენსკიმ, როცა აბსოლუტურად რეზონულად განაცხადა, რომ `ახლა არ არის არჩევნების დრო`.

ცხადია, საზარელი ომის დროს არჩევნების ჩატარება მხოლოდ გაურთულებდა ეროვნული ამოცანების მიღწევას უკრაინას. და ამით აუცილებლად ისარგებლებდა მოსკოვი, რომელიც აამოქმედებდა `მეხუთე კოლონას`.

ეს `მეხუთე კოლონა` კრემლს მზად აქვს. მას ეწოდება Движение за мир и стабильность. მისი ლიდერები არც მალავენ, რომ კაპიტულაციის მომხრენი არიან.