საერთაშორისო მიმოხილვა. 17 დეკემბერი 2021 წელი
აფხაზეთის ახლადდანიშნულმა ე.წ. `საგარეო საქმეთა მინისტრმა`, ახალგაზრდა შარლატანმა და ავანტიურისტმა ინალ არძინბამ (აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას უკანონო შვილია), რომელიც პუტინის ადმინისტრაციაში უკრაინას, მათ შორის ყირიმსა და დონბასს `კურირებდა` პროვოკაციულად, რუსეთში აფხაზეთის ელჩი, იგორ ახბა გამოიწვია ელჩობიდან და იგი.....`აფხაზეთის ევრაზიული ინტეგრაციის` კურატორად დანიშნა. უფრო ზუსტად: `აფხაზეთის ევრაზიულ კავშირში ინტეგრაციის საქმეში აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლად`.
რა თქმა უნდა, აფხაზეთის ე.წ. `მინისტრი არძინბა` იგორ ახბას `ევრაზიულ კავშირში` აფხაზეთის ელჩად ვერ დანიშნავდა, რადგან იმ ევრაზიულ კავშირში შემავალი სახელმწიფოებიდან (რუსეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, ბელორუსი, სომხეთი.) მხოლოდ რუსეთი სცნობს აფხაზეთის ე.წ. `დამოუკიდებლობას`, ხოლო `აფხაზეთის საგარეო საქმეთა წარმომადგენლის` დანიშვნას სხვა ქვეყნების თანხმობა არ სჭირდება.
ანუ, არძინბა ამბობს ამით: `ეს ხომ ელჩი არ არის და მე დავნიშნე, სხვები გინდათ შეხვდებით, გინდათ არა` - ასეთია ამ ეშმაკური გადაწყვეტილების `ლოგიკა`.
თუმცა ამ დანიშვნით აფხაზეთის `საგარეო საქმეთა მინისტრი` რუსეთსაც მიანიშნებს, რომ მოსკოვი ვალდებულია ხელი შეუწყოს `ევრაზიულ კავშირში` აფხაზეთის გაწევრებას.
ამჟამად ეს არარეალურია, რადგან (ვიმეორებ) რუსეთის გარდა არც ერთი სახელმწიფო არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ჯერ ჯერობით....მაგრამ ხომ შეიძლება ბელორუსმა, რომლის პრეზიდენტი ლუკაშენკო ბოლო დროს `ცუდად თამაშობს` ყირიმთან, მოსკოვის ზეწოლით აღიაროს აფხაზეთი?
თეორიულად ეს უკვე აღარ არის გამორიცხული, რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს ჩვენთვის.
მოსკოვს ეყოფა ბერკეტები, პოსტსაბჭოურ სივრცეზე თავისი სატელიტების ერთი ნაწილი ადრე თუ გვიან აიძულოს, აღიარონ აფხაზეთი, მაგრამ რაც მთავარია დასავლეთი და მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა, ამერიკის `რიდით` არ აღიარებს.
სანამ........საქართველოს ხელისუფლება რაიმე სიგიჟეს არ ჩაიდენს. მაგალითად, არ დაიწყებს `ცუდ თამაშს` ირანთან. ამის ნიშნები უკვე არის.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკის ვაჭრობის სამინისტრომ, რა თქმა უნდა ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის და სახელმწიფო ადმინისტრაციის `ჩაწოდებით`საქართველოში ნაწილობრივ ან მთლიანად რეგისტრირებული 3 კომპანია დაასანქცირა ირანთან თანამშრომლობის გამო სამხედრო სფეროში.
ეს ცეცხლთან თამაშია საქართველოს მხრიდან! ამერიკელები თითქმის არაფერზე მსოფლიოში არ რეაგირებენ ისე მწვავედ, როგორც ირანთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობაზე.
ეს კომპანიებია Gensis Engineering, ასევე ROV Solutions და SAEROS Safety ERO Company. ზოგიერთ მათგანში ფიგურირებს თურქული კაპიტალი. არ არის გამორიცხული, თურქები ქართველ კოლეგებს იყენებდნენ `სასარგებლო იდიოტებად` ანუ `ქალაქურად` თუ ვიტყვით გოიმებად, რათა თვით თურქეთმა აიცილოს სანქციები. მაგრამ საქართველოს ხელისუფლება რას აკეთებს ამ დროს?
ლაპარაკია სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ან მომსახურების მიწოდებაზე.
ფიგურანტები არიან ვინმე ლევან კოტიაშვილი, ირაკლი კოტიაშვილი და ნინო ჯულუყიძე.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
აფხაზეთის ე.წ. `პარლამენტთან` მოხდა ჩხუბი აფხაზეთის `პრეზიდენტის` მომხრე დეპუტატებსა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის. ჩხუბი დაიწყო მაშინ, როცა `პრეზიდენტი ბჟანია` უნდა მისულიყო პარლამენტში ანგარიშის ჩასაბარებლად მისი `სენსაციური` (ბრჭყალებში) განცხადების გამო, რომ აფხაზეთმა `სუვერენიტეტის ნაწილი` უნდა დაუთმოს რსუეთს.
მოსმენა ფაქტობრივად ჩაიშალა თავპირისმტვრევის გამო.
ამის შემდეგ, აფხაზეთის პარლამენტის თავმჯდომარე კვარჭიამ, რომელსაც მთელი ცხოვრება ქართველების და საქართველოს სიძულვილში აქვს გატარებული, განაცხადა, რომ მზადაა პროტესტის ნიშნად გადადგეს თანამდებობიდან თუკი დეპუტატები მას პატივს არ სცემენ და ხალხის დასანახად ჩხუბობენ პარლამენტთან.
აფხაზეთი თანდათან მართლა ემსგავსება სამხეცეს.
ეს აწყობს რუსეთს, რადგან მისი ისტორიული მიზანი აფხაზეთის მთლიანად გადაყლაპვაა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
აფხაზეთის მთავრობამ დააფუძნა ახალი სახელმწიფო კომპანია `Abkhazian Airways`.
მიზნად აქვთ რუსეთთან ავიამიმოსვლის დამყარება. მოლაპარაკებასაც აწარმოებენ მოსკოვთან, მაგრამ არაფერი გამოსდით ჯერ.
და რომ არ გამოსდით, ამას ორი მიზეზი აქვს. ერთი ფეიკური მიზეზია, მეორე რეალური.
ცრუ-მიზეზი ისაა, რომ რუსეთი ეუბნებათ: `თუ აფხაზეთთან ავიამიმოსვლას დავიწყებთ საქართველოს ნებართვის გარეშე, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია დაგვსჯის და ჩვენს ავიაკომპანიებს დაასანქცირებსო`.
ეს არის ცრუპენტელობა. ამ გარემოებას ხომ არ შეუძლია ხელი ყირიმთან დაემყარებინათ მუდმივი ავიამიმოსვლა: უბრალოდ შექმნეს `ქაღალდზე` ვითომ ახალი ავიაკომპანიები და....იმათ საერთაშორისო სანქციები არ აღელვებთ.
ნამდვილი მიზეზი კი ისევ ისაა, რომ მოკოვი ცდილობს ამ ბერკეტით `გამოივაჭროს`უფლება რუსებისთვის, იყიდონ ქართველი ლტოლვილების ბინები და სახლები დაცარიელებულ აფხაზეთში და მერე აითვისონ ეს ტერიტორია.
პუტინი აქ რუსებზე კი არ ზრუნავს, არამედ ეშინია, ან არ სიამოვნებს, რომ თუ ბინებს და სახლებს აფხაზეთში იყიდიან აფხაზ მუჰაჯირთა შთამომავლები, ვინც აფხაზეთი რუსეთთან ომის დროს დატოვა XIX საუკუნეში და ახლა თურქეთში ცხოვრობენ, აფხაზეთი აივსება იმ მოსახლეობით, ვისაც გენეტიკურად სძულს რუსეთი, არ იცის რუსული და ა.შ. შესაბამისად, ისინი გაზრდიან თურქეთის გავლენას არა მხოლოდ აფხაზეთში, არამედ ჩრდილო კავკასიაში, რაც მოსკოვისთვის სახიფათოდაა მიჩნეული.
ხოლო აფხაზებს ის ინტერესი აქვთ, რომ თუ სოხუმის ბაბუშერას აეროპორტი ამუშავდება, თუ რეისები დაინიშნება, მაშინ აფხაზეთში ბევრად მეტი ტურისტი ჩამოვა.
ახლა რუსი ტურისტები წვალობენ მაინც: სოჭში უნდა ჩავიდნენ, მერე მანქანით გამოემგზავრონ, ე.წ. `საზღვარი გადალახონ` და ა.შ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ბრიუსელში, შარლ მიშელის ინიციატივით, გაიმართა შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის. ეს მოლაპარაკებები იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ მოხდა ისტორიაში გაუგონარი რამ: საკუთარ Twitter-ზე, როცა ამ შეხვედრას აკომენტარებდა, სომხეთის პრემიერ მინისტრმა ფაშინიანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევის ექაუნთი `დალინკა`!
აი რას ნიშნავს `სოციალური ქსელები` და როგორ ცვლიან ისინი დიპლომატიის პრაქტიკას, ასევე ქმნიან ახალ ტრადიციებს. ეს ხომ ბევრად მეტია, ვიდრე დიპოლომატიური` ხელის ჩამორთმევა`?
მოლაპარაკებები ეხებოდა სომხეთ-აზერბაიჯანის კომუნიკაციათა გახსნას, რაც არ არის კარგი საქართველოსთვის ჩვენი სატრანზიტო მნიშვნელობის შენარჩუნების მხრივ, თუმცა სხვა თემაა.
ამჯერად უნდა ითქვას, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი როგორც არასდროს ახლოს არიან მოილაპარაკონ იმაზე, რომ გაიხსნას სომხეთ-აზერბაიჯანის სარკინიგზო და სახმელეთო კომუნიკაცია რუსეთისკენ აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით (ამის შემდეგ სომეხთს ნაკლებად დასჭირდება, თუმცა მცირედ მაინც დასჭირდება საქართველოს ტრანზიტი) და მეორეს მხრივ, გაიხსნას სარკინიგზო და საავტომობილო ტრანზიტი სომხეთის ტერიტორისი გავლით ნახჭევანის ავტონომიისა და თურქეთისკენ. (ამის შედეგად აზერბაიჯანს ნაკლებად დასჭირდება თუმცა მცირედ მაინც დასჭირდება საქართველოს ტრანზიტი).
ერთადერთი, რაც ჯერ-ჯერობით ხელს უშლის ამ შეთანხმებას ისაა, რომ მხარეები ვერ აღწევენ კომპრომიის საზღვრის შესახებ.
აზერბაიჯანი მოითხოვს, საზღვარი გაივლოს საბჭოთა კავშირის დროინდელი 1985 წლის რუკებით, ხოლო სომხეთი მოითხოვს ამ ხაზის კორექტირებას ისე, რომ საზღვარზე მდებარე სომხური სოფლები სომხეთის შემადგენლობაში მოიაზრებოდეს.
ალიევი ამას არ თანხმდება და ამის ერთ-ერთი მიზეზია......საქართველო!
საქმე ის გახლავთ, რომ თუ ბაქო ახლა დაეთანხმება მიწის რაღაც ნაგლეჯი არ მოიაზრებოდეს 1985 წლის რუკების შესაბამისად, ამით დაუშვებს პრეცედენტს, საქართველომაც მოითხოვოს, რომ მიწის `მცირე` მონაკვეთი არ მოიაზრებოდეს მაინცდამაინც 1985 წლის რუკების შესაბამისად.
და ამ `მიწის მონაკვეთზე` დგას.......დავით გარეჯი!’
ამიტომ არ აწყობს ალიევს ამ კომპრომისზე წასვლა სომხეთთან, თორემ სულ რამდენიმე კვადრატულ კილომეტრზეა ლაპარაკი.
საერთაშორისო პოლიტიკაში პრეცედენტს დიდი მნიშვნელობა აქვს.
ხშირად გადამწყვეტიც.