ლეიბორისტთა მზის ჩასვენება საქართველოში

ლეიბორისტთა მზის ჩასვენება საქართველოში

Sine ira et studio (გარეშედ რისხვის და მიკერძოებისა)
   
   
    „მშრომელთა პარტიის“ უცვლელმა ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ამ დღეებში წარუმატებელი PR-სვლა განახორციელა, რომელიც უფრო „განწირული სულისკვეთებით“ იყო აღბეჭდილი, ვიდრე რეალური გათვლით: გავრცელდა ხმები, თითქოს ნათელაშვილი ტოვებს დიდი პოლიტიკას. ზოგიერთები იმასაც კი ამბობდნენ, „ემიგრაციაში მიდისო“, მაგრამ ეს ძნელად დასაჯერებელია. მარტივი გათვლა ის უფრო იყო, რომ მშრომელთა ლიდერის გადაწყვეტილებით აღშფოთებული ხალხი ლეიბორისტული პარტიის შტაბ-ბინასთან მოიყრიდა თავს და ნათელაშვილს დარჩენას სთხოვდა. მაგრამ ასე არ მოხდა: რაიმე განსაკუთღებული მღელვარება ამ ცნობას არ გამოუწვევია. და არც მედიას უქცევია იგი პირველ „ნიუსად“. მათ შორის არც ოპოზიციურ არხებს, რომელთაც ამ დღეებში სხვა პრიორიტეტები აქვთ. ~
    აი, სწორედ ეს პრიორიტეტები აღიზიანებს აშკარად შალვა ნათელაშვილს, რომელსაც არაერთხელ გულამოსკვნით აქვს ნათქვამი, რომ ქართველი ხალხი „წითელ თუმნიანებზე გაიყიდა“ და მისი ინტერესების ნამდვილ დამცველებს უღალატა. ბუნებრივია, აქ ბიძინა ივანიშვილი იგულისხმება. ისიც ცხადია, რომ „მეოცნებეებმა“ – „მუშურ-გლეხურ პარტიას“ ბევრი ლოზუნგი და პრიორიტეტი წაართვეს. მათი სოციალური პროგრამა ხშირ შემთვევაში პირდაპირ გადმოწერილია ლეიბორისტთა სამიტინგო მასალებიდან. დაპირებებიც იდენტურია და, რაც მთავარია, მსგავსია „სოციალური სულისკვეთება“, რომლითაც ე.წ. „ქართული ოცნება“ მოდის პოლიტიკაში.
    „ლეიბორისტები“ ამ პრიორიტეტებს ათეულობით წლის განმავლობაში აჟღერებდნენ: შალვა ნათელაშვილმა პარტია 1995 წელს შექმნა, - როცა დარწმუნდა, რომ „მოქალაქეთა კავშირში“ მისთვის ღირსეული ადგილი არ მოიძებნა. კერძოდ, მას პრეტენზია ჰქონდა, 1995 წლის პარლამენტში იურიდიული კომიტეტს ჩადგომოდა სათავეში, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ეს პოსტი ამერიკიდან ახლახანს დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილისთვის იყო განკუთვნილი.
    მომდევნო პერიოდში, ნათელაშვილმა რამდენიმე საბედისწერო შეცდომა დაუშვა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სააკაშვილი თითქოს არ განსაზღავდა ქართულ პოლიტიკას და მხოლოდ ზურაბ ჟვანიას გუნდის გამოკვეთილ „სახედ“ ითვლებოდა. თუმცა, დაკვირვებული თვალი მაშინვე შენიშნავდა მის მზარდ გავლენას, რაც თავდაპირველად მოქალაქეთა გამოცდებში გამოვლინდა. შალვა ნათელაშვილს თავისი ელექტორატის იმედი ჰქონდა და ასეთ წვრილმანებს, რასაკვირველია, ყურადღებას არ აქცევდა.
    - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
    მისი პირველი საბედისწერო შეცდომა იყო 1998 წელს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე უარის თქმა. მას ჰქონდა შანსი, პირადად დაეკავებინა ეს თანამდებობა, თუმცა იგი საკუთარი პარტიის მესამეხარისხოვან წევრს დაუთმო, რაკი თვითონ უკვე პრეზიდენტობაზე ფიქრობდა. იმ „წევრმა“ კი (რა გასაკვირია საქართველოში), სულ მალე უგანა და სახელისუფლებო პარტიაში გადაბარგდა.
    არადა, რა მნიშვნელობა ჰქონდა თბილისის საკრებულოს თამჯდომარის თანამდებობას, სულ მალე გაირკვა, როდესაც შემდეგი მოწვევის საკრებულოს უკვე თვით მიხეილ სააკაშვილი ჩაუდგა სათავეში. თანაც, იმავე შალვა ნათელაშვილის მხარდაჭერით, რომელსაც მიშა ოფისში ეწვია და ტელეკამერების წინ ხელიც ჩამოართვა. იმ „ხელისჩამორთმევას“ და მიღწეულ კომპრომისს შალვა ალბათ დღემდე ნანობს, რადგან პოლიტიკაში დათმობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია მისაღები და კომპრომისული, როდესაც ორიცე „ხელშემკვრელ“ მხარეს აძლევს რაღაცას. რა მიიღო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობით მიხეილ სააკაშვილმა - ამჟამად უკვე აბსტრაქტული კითვაა. ისევე, როგორც ის, თუ შალვამ რა მოიპოვა შედეგად.
    დღეს მიშა ქვეყნის პრეზიდენტია, შალვა კი სრული პოლიტიკური კრახის ზღვარზე ბალანსირებს. ყოველ შემთხვევაში, მისი პრეს-კონფერენცია საკვანძო განცხადებით - “ვერ მოგვართვით ბატონებო!!!“ - ქართულ პოლიტიკაში მოვლენად არ ქცეულა: „თუ მიდიხარ-წადი“ - ამგვარი იყო მთლიანობაში ქართული საზოგადოების პოზიცია.
    რა თქმა უნდა, ნათელაშვილს ეს ძალიან წყინს, მაგრამ აუცილებელია გავაანალიზოთ, რა ხდება სინამდვილეში და რატომ ვერ აღწევს „ლეიბორისტული პარტია“ შედეგს. ეს ბევრად საინტერესო საკითხია, ვიდრე ის, თუ რა მომავალი აქვს პერსონალურად შალვა ნათელაშვილს, ან მისი გუნდის წევრებს.
    „ხალხის ინტერესებს არ გამოხატავენო“ - ვერ ვიტყვით. ნამდვილად გამოხატავენ იმ ფენის ინტერესებს, ვინც ყველა ქვეყანაში ტრადიციულად „მემარცხენედ“ და „სოციალისტური ყაიდის“ პარტიათა ელექტორატად ითვლება. ვერც იმას დავაბრალებთ „ლეიბორისტებს“, რომ არათანმიმდევრულნი არიან. როგორ გეკადრებათ: ბევრი მემარჯვენე პარტია საქართველოში გაცილებით ნაკლებად ერთგულებს საკუთარ პრინციპებს, ვიდრე „ლეიბორისტები“. უფრო მეტიც: „მემარჯვენეები“ ხშირ შემთხვევაში სწორედ „მემარცხენე რიტორიკას“ იყენებენ ამომრჩეველთა გულის მოსაგებად და ამ მხრივ უსინდისობა-უპრინციპობის ყოველგვარ ზღვარსაც გადადიან აშკარად პოპულისტური დაპირებებით უფასო ჯანდაცვის, უფასო განათლების, უფასო შუქისა თუ გაზის თაობაზე.
    მაშ რა ხდება? რატომ ვერ მიაღწია ვერასგზით თანმიმდევრულმა, პრინციპების ერთგულმა პოარტიამ თუნდაც იმას, რომ მის მიერ საარჩევნო ბარიერის გადალახვისა და პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობა სათუა არ იყოს? დღეს სწორედ ამგვარი ვითარებაა: ნათელაშვილი კი ამბობს ამერიკული ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გამოკითხვების არაფერი მწამსო, თუმცა სინამდვილეში, ძალიან კარგად იცის, რომ მისი რეალური რეიტინგი არათუ 7 არამედ 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვისთვისაც არ არის საკმარისი. მით უმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა წაართვა ლოზუნგები, წაართვა „ოცნებები“ და მიტინგებზე ათეულობით ათას ადამიანს კრებს მაშინ, როცა შალვა ნათელაშვილის საბრალო მიტინგებზე რამდენიმე ასეული კაცი თუ მოდის.
    - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
    შალვამ სიმართლეს თვალი უნდა გაუსწოროს და აღიაროს, რომ დაბალი რეიტინგის და წარუმატებლობის მთავარი მიზეზი თავად ის და მისი გარემოცვაა! ჯერ კიდევ ძველი რომიდან ცნობილია, რომ თუ ღირებულებებს თან დამაჯერებელი ძალა არ ახლავს, მათი ფასი კაპიკია. ღირებულებების შექმნა და ქადაგება არ არის საკმარისი: აუცილებელია ისინი დამაჯერებელნი იყონ! დამაჯერებლობას კი ღირებულებებს სწოერდ ძალა მატებს. შალვა ნათელაშვილმა იმდენი პოლიტიკური შეცდომა დაუშვა, ანუ თავად და მისი საცოდავი გუნდიც იმდენად არადამაჯერებლად გამოიყურებიან, რომ ხალხს არ სჯერა მისი შეძლებისა, განახორციელოს ნაქადაგები ღირებულებები.
    ანუ, სხვაგვარად თუ ვიტყვით, ხალხი შალვა ნათელაშვილის მიღმა რეალურ ძალას ვერ გრძნობს. იგი არ აღიქმება სერიოზულ, შემძლე, „გამკეთებელ“ პოლიტიკოსად, არ აღიქმება იმ ფიგურად, რომელიც შეძლებს და მოახერხებს თნდაც ყველაზე მისაღები ღირებულებების რეალურად განხორციელებას. ან კი, როგორ შეიძლება სერიოზულად აღიქმებოდეს პოლიტიკოსი, რომელიც ისეთ შეცდომებს უშვებს, როგორიც იყო, მაგალითად, თეთრ სახლთან გამართული კომიკური მიტინგი და შეძახილები „დაუნ ვიზ დიქტეტე“.
    კაცობრობის ისტორია გვასწავლის, რომ პოლიტიკოსი შეიძლება იყოს საძულველი, მაგრამ არ შეიძლება იყოს სასაცილო!!! ყველაფერს გაპატიებენ, ყველაფერს „მოგწმინდავენ“, ყველაფერზე დახუჭავენ თვალს (მით უმეტეს საქართველოში), გარდა კომიკურობის და სასაცილობისა. ამიტომაც, ნუ უკვირს შალვა ნათელაშვილს, თუ მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს მასზე ბევრად პოპულარულია მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ლეიბორისტების შექმნილ და ათწლეულებით ნალოლიავებ ღირებულებებს ქადაგებს. რამდენად სამართლიანიც არ უნდა იყოს შალვას შეძახილი: „არ მჯერა ფულის ტომრის გულწრფელობისაო“ - ეს ვერაფერს შეცვლის, რადგან მასა მხოლოდ ძალას სცემს პატივს: ბიძინა ივანიშვილი გამოიყურება, როგორც ძლიერი, ესე იგი მასა მის მიღმა რეალურ ძალას და უნარს ხედავს (თუნდაც იმავე მილიარდების სახით) და აქვს იმედი, რომ იმ ღირებულებებს, რომლებსაც წლების განმავლობაში ქადაგებდა და იცავდა ნათელაშვილი, ბიძინა უფრო განახორციელებს, რაკი რეალური ძალა აქვს, რაკი ძლიარი ჩანს, რაკი ადამიანებს ეჩვენებათ და ეიმედებათ, რომ რაც შალვამ ვერ მოახერხა, ბიძინა შეძლებს და ის აუსრულებს იმედებს.
    მისი გრანდიოზული კაპიტალი ბიძინას „ასერიოზულებს“ და აშკარა ნაკლოვანებებსაც ახუნებს. „შალვა კი გულწრფელია, მაგრამ ბეჩავია, სუსტია - რა აზრი აქვს არჩევნებში მის მხარდაჭერას?“ - მსჯელობს ამომრჩეველი, ამიტომ, კენჭისყრისას ძლიერსა და შემძლეს უფრო მისცემს ხმას, ვიდრე თუნდაც ყველაზე უმწიკვლო პოლიტიკოსს, რომელმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში თავის ძალა, უნარი, შეძლება და „გამკეთებლობა“ ვერც ერთხელ ვერ დაადასტურა.
    თანაც, ეს ხდება ქართული პოლიტიკისათვის კრიტიკულ მომენტში: 2012 წლის არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ჟამტეხილად იქცევა იმის მიუხედავადაც კი, ვინ მოიგებს მათ: ბიძინა თუ მიშა. ნებისმიერ შემთხვევაში, ოქტომბრის შემდეგ ბევრი რამ ახლებურად „დალაგდება“, ახალი პოლიტიკურიუ სპექტრიც ჩამოყალიბდება და საცოდავი „ლეიბორისტების“ ადგილი იქ შეიძლება აღარციყოს.
    ნათელაშვილი კი ტყუილად ცდილობს საქმე ისე წარმოაჩინოს, თითქოს მთავარი ფულია და ფული განსაზღვრავს ძალას, რაც ღირებულებათა და პრიორიტეტთა დამკვიდრებისთისაა საჭირო. რა თქმა უნდა, დიდი კაპიტალი სერიოზული რესურსია. ამ მხრივ მილიარდების პატრონი ბევრად უფრო დამაჯერებლად გამოიყურება მასის თვალში. მაგრამ ნურც გადავაჭარბებთ: მიშა სააკაშვილს 1997-2003 წლებში დიდი არაფერი ფულადი კაპიტალი გააჩნდა, მაგრამ გამარჯვებას მაინც მიაღწია.
    „ნიჭი, ბიძიკო, ნიჭი“ - გალაკტიონმა ბრძანა.
    ისე, ერთ-ერთი უიშვიათესი ნიჭთაგანია, რომელიც შალვა ნათლაშვილს ღმერთმა არ უწყალობა. მარტო ოდენ პატიოსნებით და გულწრფელობით კი პოლიტიკაში შორს ვერსად წახვალ.

2012