საერთაშორისო მიმოხილვა. 13 სექტემბერი 2021 წელი
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკვახედ გააკრიტიკა აშშ ელჩი სომხეთში, ლინ ტრეისი, რომელმაც განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის სტატუსი კვლავინდებურად გაურკვეველია.
აზერბაიჯანის `საგარეომ` მას უპასუხა, რომ სინამდვილეში ყარაბაღის სტატუსი გარკვეულია, ეს მიწა აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილია, აზერბაიჯანი კი არავითარ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს ყარაბაღის სტატუსის თაობაზე.
იმდენად მწვავე განცხადებაა, თანაც აშკარა ანტიამერიკული შინაარსით, რომ დიდი გამოხმაურება ჰქონდა რუსულ პრესაში.
სხვათა შორის, ესეცაა ერთ ერთი (არა ერთადერთი) მიზეზი იმისა, რატომ არ ჩაერია რუსეთი გასულ წელს ყარაბაღის ომში აზერბაიჯანის წინააღმდეგ: ალიევების რეჟიმი, სინამდვილეში არასდროს ყოფილა პროამერიკული და პროდასავლური, ხშირად ესხმოდა თავს ამერიკას დიპლომატიურ ფრონტზე, რაც ძალიან მოსწონდათ და მოსწონთ მოსკოვში.
ოღონდ კი ვინმემ ამერიკაზე რამე ცუდი თქვას და მაშინვე რუსეთის მეგობარი ხდება. ყველაფერს აპატიებენ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამავე დროს, აზერბაიჯანმა პროტესტი განუცხადა რუსეთს და რუს ე.წ. `მშვიდობისმყოფელებს` იმის გამო, რომ ე.წ. `ლაჩინის დერეფნით`, რომელიც სომხეთს აკავშირებს მთიან ყარაბაღთან, მოძრაობენ ირანული სატვირთო მანქანები, რომლებსაც ირანიდან და არა მხოლოდ ირანიდან `რაღაც ტვირთები` შეაქვთ მთიან ყარაბარში.
აზერბაიჯანი აცხადებს, რომ იმ ხელშეკრულებით, რომელიც ომის მოგების შემდეგ გაფორმდა რუსეთთან, რუსებს არა აქვთ უფლება მთიან ყარაბაღში შეუშვან სხვა ქვეყნების სატვირთო მანქანები.
ეს მხოლოდ დასაწყისია. ჯერ სად არიან: აზერბაიჯანელები ახლა იწყებენ იმ გზის გავლას, რაც ჩვენ გავიარეთ 1992 წლიდან დაწყებული, როცა ჯერ ცხინვალში, შემდეგ კი აფხაზეთში რუსი ე.წ. `მშვიდობისმყოფელები` შევუშვით.
ოღონდ აქ არანაკლებ საინტერესოა სხვა მომენტიც: ირანი მთელი ამ 30 წლის განმავლობაში მხარს უჭერდა სომხეთს, რაკი ისტორიულად უპირისპირდება თურქეთს და მოსკოვი ამ მომენტით მუდამ ოსტატურად სარგებლობდა.
მიშას პრეზიდენტობის დროს აზერებმა საქართველოს პროტესტი განუცხადეს იმის გამო, რომ რუსეთიდან აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით ტვირთები იგზავნებოდა საქართველოში, ფორმდებოდა, როგორც საქართველოსთვის გამოგზავნილი, მაგრამ შემდეგ ტრიალდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და მიდიოდა სომხეთში.
ეს პრაქტიკა შეწყდა აზერბაიჯანის მკაცრი მოთხოვნით.
მაშინ რუსებმა და სომხებმა დაიწყეს ირანული მარშრუტის აქტიურად გამოყენება: სომხეთის კუთვნილი ტვირთები იგზავნებოდა ჯერ კასპიის ზღვით ირანში ასტრახანის პორტიდან, შემდეგ ირან-სომხეთის საზღვარზე.
ისმის კითხვა: თუ ასეა, რატომ არ გამოვიდა ღიად ირანი შარშანდელი ომის დროს აზერბაიჯანის წინააღმდეგ თუნდაც პროსომხური განცხადებების დონეზე?
პასუხი: იმიტომ, რომ აზერბაიჯანელებმა ოსტატურად გამოიყენეს საინფორმაციო ომის ტექნოლოგიები: გაავრცელეს ირანში ფოტოები, რომ 30 წლის განმავლობაში სომხებმა, აზერბაიჯანის დაპყრობილ ტერიტორიაზე საღორედ აქციეს რამდენიმე მეჩეთი!
ამან ირანში ისეთი აღშფოთება გამოიწვია მორწმუნე მუსლიმებში, რომ ირანის ხელისუფლებას, შესაძლოა კიდეც უნდოდა, მაგრამ სომხების სასარგებლოდ ხმის ამოღება ვერ გაბედა.
შეგახსენებთ: აზერბაიჯანელები ეთნიკურად თურქები არიან. მათი ენა თითქმის თურქულია. მაგრამ რელიგიურად ისინი, ისევე როგორც ირანელები, მაჰმადიანი-შიიტები არიან და არა სუნიტები (როგორც თურქები)
ამის მიზეზი ისაა, რომ საუკუნეთა განმავლობაში აზერბაიჯანი სწორედ ირანის სახელმწიფოს ნაწილი იყო.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადეს, რომ შეთანხმებულია რუსეთ-ბელორუსის ეკონომიკური ინტეგრაცია.
კერძოდ ინტეგრაციის 28 პროგრამა, რომელთაგან ყველაზე მთავარია ერთიანი ენერგეტიკული ბაზრის შექმნა.
ამ ე.წ. `ერთიანი ენერგეტიკული ბაზრის` ფარგლებში ბელორუსი რუსულ გაზს მიიღებს 1000 კუბომეტრს 128 დოლარად მაშინ, როდესაც ევროკავშირში ფასი 650 დოლარია.
ბევრი თვლის, რომ ბელორუსის დიქტატორი ლუკაშენკო იძულებული ხდება `შევიდეს რუსეთის შემადგენლობაში` და რომ თითქოს პუტინთან შეთანხმება უკვე ბელორუსის რუსეთის შემადგენლობაში შეთრევას ნიშნავს.
ეს შეხედულება არ არის სწორი. ლუკაშენკომ ძალიან კარგად იცის, რომ როგორც კი იგი ხელს მოაწერს ბელორუსის სახელმწიფოს გაუქმებას და მის შესვლას რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, მაშინვე დაემხობა რევოლუციით, რომელსაც ბელორუსის ეროვნული და დემოკრატიული ძალები მოაწყობენ. მათ სერიოზული არგუმენტი გაუჩნდებათ დიქტატურის დასამხობად.
ამიტომ ლუკაშენკო პოლიტიკურ ინტეგრაციაზე არ წავა, თუმცა დასავლური სანქციების ფონზე იძულებულია წავიდეს თითქმის სრულ ეკონომიკურ ინტეგრაციაზე რუსეთთან ესე იგი გამიჯნოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაცია.
ამის ერთ-ერთი მაჩვენებელი ისაა, რომ ლუკაშენკომ, საბედნიეროდ, დღემდე არ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება აფხაზეთის და ცხინვალის `დამოუკიდებლობის` აღიარების შესახებ.
ლუკაშენკო არ დაეთანხმა რუსეთ-ბელორუსის ერთიანი ვალუტის შექმნას, ანუ ბელორუსის ეროვნული ვალუტის გაუქმებას და ბელორუსში რუბლის ინტერვენციას, რადგან ეს არა ეკონომიკური, არამედ სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნებოდა.
ამ შემთხვევაში პუტინიც რთულ და ცინიკურ თამაშს თამაშობს. მას იმედი აქვს, რომ ლუკაშენკო მარადიული არ იქნება, ლუკაშენკოს შემდეგ ბელორუსში დაიწყება არეულობა, ამით ისარგებლებს რუსეთი და ეკონომიკურად ისედაც ინტეგრირებულ ბელორუსს პოლიტიკურადაც ჩაყლაპავს.
ბოლოს და ბოლოს..........`ნოვიჩოკის` საწამლავიც ხომ არსებობს?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ბულგარეთში გამოქვეყნდა ანალიტიკური მასალა, რომლის ავტორები ამტკიცებენ (ფაქტებით), რომ ჩინეთი სულ უფრო ზრდის ეკონომიკურ ექსპანსიას აღმოსავლეთ ევროპაში, ესე იგი ევროკავშირში, სადაც პეკინს ამგვარი ექსპანსიის მეტი საშუალება და მეტად ნოყიერი ნიადაგი აქვს ვიდრე დასავლეთ ევროპაში.
ჩინური ინვესტიციები ბულგარეთში და სხვა აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებში 14 მილიარდ დოლარს აღწევს. განსაკუთრებით აქტიურობენ ჩინელები ჩეხეთსა და უნგრეთში. `საყრდენად` კი იყენებენ სერბეთს, რომელიც ამ რეგიონის განუყოფელი ნაწილია, თუმცა ევროკავშირის წევრი არ არის.
ევროკავშირისათვის ეს არასასურველი პროცესია, რაკი ჩინელ ბიზნესმენებს და ჩინურ კაპიტალს მოაქვს ლობიზმი, რომელიც ასტიმულირებს ამ ქვეყნებში ისეთი საკანონმდებლო ნორმების მიღებას ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უშლის თავისუფალ კონკურენციას და ევროპაში მიღებულ `თამაშის წესებს`
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
როგორც მოსალოდნელი იყო, Brexit ანუ დიდი ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან სერიოზული პრობლემა ხდება ბრიტანული ეკონომიკისათვის. და ეს იმის მიუხედავადაც კი, რომ გერმანელებმა, კერძოდ კანცლერმა მერკელმა დაარწმუნეს პირველ როგში ფრანგები, რომ არ ღირდა ვითარების მეტისმეტად გამწვავება, არ ღირდა თავისუფალი ეკონომიკური ზონის გაუქმება, რათა არ წარმოშობილიყო წარსულის ალუზიები. მაგალითად გერმანიის მიერ ბრიტანეთის ბლოკადისა მეორე მსოფლიო ომის დროს და ა.შ.
ანუ ბრიტანეთი გავიდა ევროკავშირიდან, თუმცა შეინარჩუნა ყველა ის ეკონომიკური პრივილეგია, რაც ევროკავშირში ყოფნისას ჰქონდა.
მაგრამ.......რაკი ევროპელებს, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპელებს აღარ აქვთ საშუალება გაემგზავრონ დიდ ბრიტანეთში უვიზოდ, იქ იპოვონ სამუშაო და ა.შ. აღმოჩნდა, რომ ბრიტანული ეკონომიკა სამუშაო ძალის დიდ დეფიციტს განიცდის. მაგალითად მძღოლების, რომელიც სინამდვილეში ეკონომიკის ფუნქციონირებისათვის `ჟანგბადია` - სწორედ მათ გადააქვთ პროდუქცია.
ამის გამო (თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია) ლონდონის სუპერმარკეტებში რამდენიმე თვეა, ახალი პროდუქციის დეფიციტიც კი გაჩნდა.
პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს, რომელიც ბრექსიტის ინიციატორი იყო, სერიოზული პრობლემები უმწიფდება პარლამენტშიც და პარტიაშიც.
რასაკვირველია, სამუშაო ძალის დეფიციტი ინგლისმა შეიძლება გადაწყვიტოს ვთქვათ პაკისტანელების ხარჯზე, მაგრამ ჯერ ერთი, მას სჭირდება კვალიფიციური მუშა-ხელი. კვალიფიციური მძღოლები, კვალიფიციური მშენებლები და არა მხოლოდ ოფიციანტები.
გარდა ამისა.......ტერაქტები, რომლებიც ინგლისში მოხდა ბოლო 20 წლის განმავლობაში, ბულგარელებს, პოლონელებს და ლიტველებს არ მოუწყვიათ! მოაწყვეს პაკისტანიდან ინფილტრირებულმა ფანატიკოსებმა.
ამას ემატება შოტლანდიური სეპარატიზმის პრობლემაც, სადაც აპირებენ ახალი რეფერენდუმის ჩატარებას დიდი ბრიტანეთიდან გასვლის შესახებ. ეკონომიკური პრობლემები თუ გამწვავდა, სეპარატიზმის მომხრეთა რიცხვიც გაიზრდება.
შეიძლება მოხდეს ისე, რომ Brexit აღმოჩნდეს ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ინგლისელებს დაუშვიათ თავიანთი სახელოვანი ისტორიის განმავლობაში.
ევროკავშირის დანგრევა, რაც პუტინს ძალიან სურს, იქნება კატასტროფა საქართველოსთვის, რადგან ქვეყანა დაკარგავს ორიენტირს და დარჩება ერთადერთი `ორიენტირი` (ბრჭყალებში) - რუსეთი.
დათო