საერთაშორისო მიმოხილვა. 16 ივლისი. 2024 წელი
ბევრი დამკვირვებელი აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპი შესაძლოა არ იყოს ძალიან გამოცდილი და ჭკვიანი, მაგრამ მას ჰყავს ძალიან გამოცდილი და ჭკვიანი მრჩევლები და თანაშემწეები საარჩევნო კამპანიაში!
არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ტრამპი აუცილებლად შეეცდებოდა მასზე თავდასხმის პოლიტიკურ „კაპიტალიზებას“, ოღონდ ტექნოლოგიას გააჩნია: მას ურჩიეს, არ დასხმოდა თავს ბაიდენს ამის გამო და უფრორე „ერთიანობის“ აუცილებლობაზე ელაპარაკა.
აღიარა კიდეც, რომ გუშინ, მილუოკიში გახსნილ რესპუბლიკური პარტიის კონვენტზე სულ სხვა სფიჩი ჰქონდა მომზადებული - უსასტიკესი კრიტიკით ბაიდენის მიმართ, მაგრამ შეცვალა სფიჩი და გადაწყვიტა ერთიანობაზე უფრო ელაპარაკა.
იმიტომ, რომ ასე ურჩიეს ჭკვიანმა თანაშემწეებმა, საარჩევნო ტექნოლოგებმა, საარჩევნო „მარკეტოლოგებმა“ და PR-სპეციალისტებმა:
ის, რომ დონალდ ტრამპი ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს, მისი მომხრეებისთვის ისედაც არგუმენტია, მაგრამ ამ თავდასხმამ და შემდეგ ჭკვიანურმა ნარატივებმა მას შეუქმნა შანსი, მიემხრო ე.წ. Undecided, ანუ „გადაუწყვეტელი“ ამომრჩეველი.
კიდევ უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ეს კატეგორია ელექტორატისა არის არა „გადაუწყვეტელი“, არამედ ხშირ შემთხვევაში „მერყევი“.
ამიტომ ბატლერში მომხდარი სროლის „კაპიტალიზაციისას“ ნამდვილად ბევრად ჭკვიანური ტაქტიკა იყო იმ ამომრჩევლების მიმხრობა, ვისაც სხვა შემთხვევაში შესაძლოა ბაიდენისთვის მიეცა ხმა, მაგრამ მომხდარის შემდეგ მზადაა ტრამპს დაუჭიროს მხარი, რაკი ის წარმოჩინდა, როგორც „მსხვერპლი“ და იმავდროულად, „ერთიანობისკენ“ მოწოდებებით“ გამოვიდა და არა სამოქალაქო ომის პროვოცირებით.
ასეთი კატეგორია(ც) არსებობს ამერიკის გრანდიოზულ, მრავალფეროვან ელექტორატში. ანუ „მერყევები“ - ხან „აქეთ“ რომ არიან და ხან „იქეთ“
ზუსტად ასეთივე ტექნოლოგიას მიმართა დონალდმა (იმავე ჭკვიანი თანაშემწეების და PR-კამპანიის „ინჟინრების“ რჩევით) ჯო ბაიდენთან დებატების შემდეგ.
ეს დებატები მოქმედი პრეზიდენტისთვის კატასტროფული შედეგით დასრულდა.
მაგრამ დონალდმა მაშინ არ სცადა ამის „კაპიტალიზაცია“, არამედ ბაიდენის დავრდომილ მდგომარეობაზე არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.
იმიტომ, რომ ასე ურჩიეს: „რა საჭიროა? - შენმა მომხრეებმა ხომ ისედაც ნახეს ყველაფერი. ჰოდა აცალე ახლა (ბოდიში ჟარგონისთვის) დემოკრატებმა „დაჭამონ ერთმანეთი“ იმაზე, უნდა მოხსნას თუ არა ჯომ თავისი კანდიდატურა არჩევნებიდან. ამით მეტს მოიგებ, მეტს მიიმხრობ, ვიდრე დაკარგავო„.
ზუსტია!
ტრამპის კიდევ ერთი გამარჯვებაა, რომ პრეზიდენტი ბაიდენი იძულებული გახდა ეღიარებინა: მისი მძიმე შეცდომა იყო, როცა რამდენიმე თვის წინ ამერიკელებს მოუწოდა: „მიზანში ამოიღეთ ტრამპიო“.
თუმცა სროლას არ გულისხმობდა რასაკვირველია.
ძალიან საინტერესო და ნიშანდობლივია დონალდის არჩევანი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე. სენატორი ოჰაიოს შტატიდან JD Vance. (ჯეი დი ვენსი)
39 წლისა (!).
მილიონერი, ვენჩურული კაპიტალისტი.
ანუ სტარტაპების და დამწყები ბიზნესების დამფინანსებელი, რაც ამერიკაში ძალიან სარისკო, თუმცა საპატიო და პრესტიჟული საქმიანობაა.
რომ არ ყოფილიყო „ვენჩურული კაპიტალი“, შესაძლოა არ ყოფილიყო არც Facebook და არც Google.
აღსანიშნავია, რომ JD Vance, 2016 წელს, როცა დონალდ ტრამპმა პირველად იყარა კენჭი პრეზიდენტობაზე, მისი სასტიკად მოწინააღმდეგე იყო და ერთგვარი მოძრაობაც კი დააინიციირა სახელწოდებით Never Tramp (არასდროს ტრამპი).
რესპუბლიკელთა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი საზღვაო ფეხოსანთა (საზღვაო დესანტის) კორპუსში მსახურობდა თავის დროზე კონტრაქტით.
ესეც მნიშვნელოვანია ამერიკელებისთვის.
ტრამპის „ტექნოლოგებმა“ მას ურჩიეს ეს პიროვნება ვიცე-პრეზიდენტად ორი სისტემური მიზეზით:
ა) ახალგაზრდაა და ამით გარკვეულწილად ბათილდება (ბალანსდება) დონალდის ასაკთან დაკავშირებული პრობლემა.
ბ) მეორე მიზეზი ბევრად ღრმაა. არსებითია, რომ დონალდ ტრამპმა აჩვენოს: უკვე ისინიც (კი) უჭერდნენ მხარს, ვინც 2016 წელს მისი მოწინააღმდეგეები იყვნენ!
ეს პოლიტიკური და ელექტორალური ტექნოლოგია მუდამ წარმატებით მუშაობს.
ასეა მოწყობილი სოციალური ფსიქოლოგია. ეს მისი ერთ-ერთი „რეპერული“ თვისებაა: „ადრე მტერი იყო და ახლა მოკავშირეა (უკვე)
არადა ვენსი „ამერიკელ ჰიტლერს“ ეძახდა ტრამპს!!!
ამის მიუხედავად, ეს ელექტორალური და PR ტექნოლოგია „მუშაობს“.
ძალიან ცუდი კი ისაა, რომ ხსენებული ახალგაზრდა კაცი ანტიუკრაინულ პოზიციებს არც მალავს. მას აქვს ნათქვამი, რომ თუ დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, ის მოლაპარაკებებს გამართავს პუტინთან და უკრაინას.....„მოუწევს რაღაც ტერიტორიების დათმობაო“.
კიდევ ერთი ნიუანსია, რომ დონალდ ტრამპი სკანდალურ ჟურნალისტთან, ტაკერ კარსლონთან ერთად მივიდა ყრილობაზე. ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი!
ფორმალურად და ოფიციალურად, დონალდ ტრამპი უკვე ნომინირებულია პრეზიდენტობის კანდიდატად.
ბაიდენმა თქვა, რომ შემდეგი დებატები დონალდთან სადღაც სექტემბერში გაიმართება. ალბათ მას შემდეგ, რაც „დემოკრატიული კონვენტი“ ჯოს დაასახელებს კანდიდატად.
ამაზე საუბრისას ჯო მაინც, კვლავინდებურად ჯიუტად აცხადებდა, რომ კარგ ფორმაშია: „ბოლო დროს 22 დიდ ღონისძიებაში მივიღეო მონაწილეობა; ათასობით ადამიანს შევხვდი; ბევრი რამ ხდება; მე მწყობრში ვარ; ქუჩაშიც დავდივარ; უკონსპექტოთ ვლაპარაკობ მეხსიერებით და ჩანაწერები არ მჭირდება; აგერ NATO-ს სამიტის შემდეგ მთელი 1 საათი ვიდექი ყოჩაღად პრეს - კონფერენციაზე......“
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
კიევში, იდუმალ ვითარებაში გარდაიცვალა აშშ სამხედრო ატაშე.
ზუსტად ის, ვინც უკრაინისთვის F-16 საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებით იყო დაკავებული.
სასტუმროში იპოვეს მკვდარი; ამბობენ გულის შეტევა ჰქონდაო.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ინდოეთმა „ყვითელი ბარათი“ უჩვენა რუსეთს.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ჩავიდა პუტინთან და უთხრა: „ძალიან სერიოზულად გეშლება, რომ ინდოელებს „ავერბოვკებ“ როგორც „საზარბაზნე ხორცს“ უკრაინის წინააღმდეგ საომრადო“.
ირკვევა, რომ ათასობით ინდუსი, რუსული სპეცსამსახურების მიერ იყო „დავერბოვკებული“ უკრაინაში გასაგზავნად!
მშიერ ინდოეთში...... უფრო ზუსტად ინდოეთის მილიარდნახევრიანი მოსახლეობის მშიერ ასეულობით მილიონში....... ეს სულაც არ არის ძნელი.
დაქირავებულ ინდოელებს უხდიდნენ დაახლოებით 2 000 დოლარს ანუ ბევრად ნაკლებს, ვიდრე რუსებს.
ყველა ქვეყანაში „დაქირავებულობა“ არის სისხლის სამართლის დანაშაული.
ინდოეთი სულაც არაა ისეთი „ხელწამოსაკრავი“ სახელმწიფო, ეს მის ხელმძღვანელობას „გაეტარებინა“.
სხვა ქვეყნის მოქალაქეთა დაქირავება არამეგობრული ნაბიჯია.
პუტინი ჩინეთს ამას ვერ გაუბედავდა რასაკვირველია!!!
ინდოეთს კი გაუბედა.
ამან ოფიციალური დელის ანუ ინდოელი ელიტების გაღიზიანება გამოიწვია.
ნარანდრა მოდი ახლადარჩეულია პრემიერ-მინისტრად, თუმცა მყარი საპარლამენტო უმრავლესობა არა აქვს.
იგი ჩავიდა რუსეთში და პუტინს „შეახსენა“, რომ ინდოეთი ერთ-ერთი ის წყაროა, საიდანაც ახლა, ომის დროს იგი „საზრდოობს“.
პუტინი მიხვდა, რომ „მიირთვა“ და ნარანდრა მოდის დაჰპირდა, ყველა ინდოელს დააბრუნებს ინდოეთში. ხოლო იმ ინდოელებს, ვინც ომში დაიღუპა, გადაუხდის კომპენსაციას $200 000 ოდენობით.
ერთ-ერთი დაღუპულის ოჯახმა ინდოეთის მედიას განუცხადა, რომ $50 000 უკვე მიიღო. კიდევ $150 000 ელოდებიან.
„კაი დედმამიშვილია“ პუტინი არ გადაუხდის.
ინდოეთს შეუძლია ის დასაჯოს, რადგან სარგებელი, რაც რუსეთის ნავთობს მოაქვს ინდოეთისთვის (იაფად რომ ყიდულობს) არ არის იმდენად კრიტიკული, რამდენადაც რუსეთისთვისაა კრიტიკული ინდოეთთან თანამშრომლობა.
კვლავ ვიმეორებ: აქ ყველაზე ნიშანდობლივი მაინც ისაა, რომ ჩინეთს (სადაც მშიერი მოსახლეობა აგრეთვე არის) ამას ვერანაირად ვერ გაუბედავდა პუტინი. ინდოეთს კი, რომელიც დიახაც დემოკრატიული სახელმწიფოა (ღარიბი, ნაკლოვანი, თუმცა მაინც დემოკრატიაა ნამდვილად) ეს გაუბედა და..... მიიღო კიდეც „დინგში“.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ზეგ, 18 ივლისს, დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერი, კირ სტარმერი გეგმავს კონსულტაციებს ევროპელ ლიდერებთან (პირველ რიგში, რასაკვირველია პარიზთან და ბერლინთან, ასევე რომთან და მადრიდთან) რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის თაობაზე.
მე გატყობინებდით, რომ მას შემდეგ რაც დასავლეთმა ნაწილობრივი (!) სანქციები დაუწესა რუსეთს ნავთობით ვაჭრობაზე, პუტინმა შექმნა ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტი“, რომლებიც „აბა მე სულ არ მანაღვლებს“ ქვეყნების, ესე იგი აზიისა და აფრიკის სახელმწიფოების დროშებით დაცურავენ და პუტინს, რაც მთავარია ეხმარებიან ოკეანეებში ნავთობის გადასხმა-გადმოსხმაში ნავთობტანკერებიდან, მათ „აღრევაში“ და ა.შ და ა.შ
ამ ხრიკებით პუტინს კვლავინდებურად აქვს საშუალება გაყიდოს ნავთობი არა 60 დოლარად (ასეთი ზღვრული ფასი დაუწესა დასავლურმა სასანქციო პოლიტიკამ) არამედ უფრო ძვირად და ბიუჯეტიც შეივსოს.
ლონდონში ხვდებიან, რომ ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა და ეხმარება პუტინს ომის გახანგრძლივებაში.
მაგრამ რა უნდა იღონონ?
ყველაზე ცუდი ისაა, რომ ვაშინგტონი მკვეთრი ნაბიჯების წინააღმდეგია ორი სისტემური მიზეზით და ეს ორი მიზეზი ერთი-მეორეზე უარესია:
ა) ამერიკაში საბედისწერო არჩევნების წინ ბაიდენის ადმინისტრაციას არ აწყობს ნავთობზე ფასების ზრდა. რუსული ნავთობის რეალურად დაბლოკვა კი ნამდვილად გაზრდის ბენზინზე ფასს ამერიკაში. ეს გარდაუვალი იქნება აბსოლუტურად. და....ტრადიციულად არაფერი ამერიკელებს ისე არ აგიჟებთ, აღიზიანებთ და აცოფებთ, როგორც „გაზოლინზე“ ფასის თუნდაც 2 ცენტით გაზრდა. ასეთია იმ საზოგადოების სოციალური მენტალობა
ბ) „ჩრდილოვან ფლოტს“ ოკეანეში ხშირად დაჰყვება რუსული სამხედრო ფლოტი და სადღაც ინდოეთის ოკეანეში ან ატლანტიკის ოკეანის სამხრეთში ამ ტანკერების გაჩერების, მათი ჩხრეკის მცდელობას შესაძლოა მოჰყვეს პირდაპირი სამხედრო „ჯახი“ რუსულ ხომალდებთან, ეს კი გლობალური ომია.