ვინ შეცვლის ვარდიკო ნადიბაიძეს?

ვინ შეცვლის ვარდიკო ნადიბაიძეს?

 

    თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთისა და საქართველოს სახელისუფლებო სისტემები ჯერ კიდევ «ზიარჭურჭელის» პრინციპით არიან დაკავშირებულნი, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ ვერა და ვერ მოახერხა (ან ჯერჯერობით არ სურს) კონცენტრირებული პოლიტიკის გატარება რუსეთის მიმართ, ლებედისა და როდიონოვის მოსვლას მოსკოვში ხელისუფლების სათავეში საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის კურსის ცვლილება უნდა მოჰყვეს. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ედუარდ შევარდნაძის «ლოიალურმა ტაქტიკამ» რუსეთთან დამოკიდებულებაში არანაირი შედეგი არ გამოიღო, ხოლო ოპოზიცია სულ უფრო და უფრო მკაცრად მოითხოვს შევარდნაძისაგან საგარეო ორიენტაციის შეცვლას.
    ამ გარემოებათა საილუსტრაციოდ ორი მაგალითს მოყვანაც კმარა: ე.წ. «სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა» მიიღო გადაწყვეტილება საპრეზიდენტო მმართველობის შემოღების შესახებ (ვლადიკავკაზის «ტრიუმფალური» მოლაპარაკებიდან რამდენიმე დღის შემდეგ), ხოლო ედპ-მ, ფაქტობრივად, პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოითხოვა.
    სავსებით ცხადია, რომ დაძაბულობა ყოველივე ამასთან დაკავშირებით თანდათან მატულობს, რაც უპირველეს ყოვლისა თავდაცვით უწყებაზე აისახება, რაკი ეს უწყება საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებული დისკუსიებისა და დაპირისპირების ყველზე სათუთი და ზუსტი ბარომეტრია.
    გელა ნიკოლაიშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გენერალური შტაბის თავმჯდომარეობიდან «საპენსიო თანამდებობაზე» გადაიყვანეს, თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე «პროდასავლურად» განწყობილი გენერალი იყო. იგი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა რუსეთისათვის საქართველოს კუთვნილი სამხედრო ქვოტების გადაცემას. იგი აგრეთვე იყო ავტორი «ნატოსთან» ინდივიდუალური თანამშრომლობის პროექტისა, რომელიც ფაქტობრივად რუსეთთან სამხედრო კავშირის ალტერნატივად განიხილება.
    ამრიგად, ვარდიკო ნადიბაიძე  ნიკოლაიშვილით უკმაყოფილო უნდა ყოფილიყო. პრეზიდენტი ჯერ-ჯერობით იძულებულია ნადიბაიძის «პრომოსკოვური» გამოხდომები აიტანოს, მაგრამ თუ რუსეთმა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში კვლავ განაგრძო «პასტუხოვის დიპლომატია» ანუ საქართველოს თავხედური მოტყუების პოლიტიკა, შევარდნაძე იძულებული გახდება ახალი ორიენტირები აირჩიოს, რაც უცილობლად ნიშნავს თავდაცვის მინისტრის შეცვლას.
    სარწმუნო წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ ნადიბაიძის ერთ-ერთ ყველაზე სავარაუდო ალტერნატივად განიხილება დათო თევზაძე. თევზაძე ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და სწავლობს ვესტ-პოინტის პრესტიჟულ სამხედრო აკადემიაში. დასავლეთის სამყაროში ეს ყველაზე ცნობილი სამხედრო სასწავლებელია, რომელიც უმაღლესი კატეგორიის სამხედრო პროფესიონალებს ამზადებს. თევზაძე განათლებით ფილოსოფოსია, იგი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული გვარდიის შექმნასა და შესაბამისი სამხედრო დოქტრინის ჩამოყალიბებაში. ბოლომდე იბრძოდა აფხაზეთში, მისი შენაერთი ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიან სამხედრო ფორმირებად ითვლებოდა. გარდა ამისა თევზაძე შევარდნაძის ხელისუფლებისადმი ყოველთვის ლოიალურად იყო განწყობილი.
    ყოველივე ზემოთთქმულის გათვალისწინებით, ვარდიკო ნადიბაძის შემცვლელად იგი ნამდვილად შეიძლება გამოდგეს. მაგრამ საამისოდ ჯერ სახელმწიფოებრივი კურსის შეცვლაა საჭირო, რისთვისაც ქართული საზოგადოება ნელ-ნელა «მწიფდება».

«მერიდიანი 44», 10 სექტემბერი, 1996 წელი.