საერთაშორისო მიმოხილვა. 13 დეკემბერი. 2023 წელი
CNN-მა მოიპოვა ამერიკულ სპეცსამსახურთა ინფორმაცია, რომელიც კონგრესს გაეგზავნა.
საუბარია რუსეთის არმიის დანაკარგებზე უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დროს.
სენსაციური ციფრებია: 360 000 ჯარისკაციდან, მათ შორის საკონტრაქტო და წვევამდელი პერსონალიდან, რომელიც 2022 წლის თებერვალში შეიჭრა უკრაინაში, რუსეთმა დაკარგა 315 000!!!
ეს არის 87%
3500 ტანკიდან 2200 განადგურებულია.
ასევე განადგურებულია 4 400 ქვეითი საბრძოლო მანქანაა და ჯავშანმანქანა 13 600-დან, რომელიც უკრაინაში შეიჭრა. ანუ 32%.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ბრიტანული დაზვერვა, რომელიც ყურადღებით აკვირდება უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს, საინტერესო დაკვირვებას აქვეყნებს: ირკვევა, რომ უკრაინელები ცდილობენ ძირითადად ღამით შეუტიონ მტერს, რადგან კარგად არიან აღჭურვილნი ღამის ხედვის აპარატებით. რუსებს კი ამ აპარატების ნაკლებობა აქვთ.
შესაბამისი ოპტიკა, რაც ღამის ხედვის აპარატებს სჭირდება, მსოფლიო ბაზარზე ძალიან ძნელი საშოვნელია. რაც არის (ძირითადად კანადის წარმოებისა) დასანქცირებულია ევროკავშირის, ამერიკის და თვით კანადის მიერ
ეს უპირატესობა მოსალოდნელი იყო. ამიტომაც, უკრაინულ ბრიგადებს NATO-ს და ამერიკის ევროპული სარდლობა ძირითადად სწორედ ღამის ბრძოლებისთვის ამზადებდა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
აშშ-ის სენატში რესპუბლიკელთა ლიდერმა მიჩ მაკკონელმა სამშაბათს განაცხადა, რომ "პრაქტიკულად შეუძლებელი" იქნება შობამდე (25 დეკემბერი) უკრაინის დახმარების შემცველი დამატებითი პაკეტის მიღება, თუნდაც მოხდეს რაიმე კომპრომისული შეთანხმება კონგრესსა და თეთრ სახლს შორის.
მაკკონელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ უკრაინის, ისრაელისა და `ინდო-წყნარი ოკეანის` (იგულისხმება ტაივანი და ფილიპინები -დ) დასახმარებლად საკანონმდებლო შეთანხმება არ მოხდება, თუ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სრულად არ ჩაერთვება სენატის რესპუბლიკელებთან მოლაპარაკებებში, რომლებიც მიზნად ისახავს აშშ-მექსიკის საზღვარზე მიგრანტების გადაკვეთის შეზღუდვის დებულებებს.
"(ეს) პრაქტიკულად შეუძლებელია - იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას, სენატი შობამდე არ შეიკრიბება` - განუცხადა მაკკონელმა ჟურნალისტებს.
კონგრესმენები ვაშინგტონს ხუთშაბათს დატოვებენ საშობაო არდადეგებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საკითხი იანვრამდე გადაიდება.
პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაცრად გააკრიტიკა რესპუბლიკელები შექმნილი ვითარების გამო. გუშინ მან აღნიშნა, რომ ამერიკა ვალდებულია, ვალდებულია, ვალდებულია (სამჯერ გაიმეორა) დაეხმაროს უკრაინას, რადგან ამ დახმარებაზე უარის თქმა `პუტინისთვის დიდი საშობაო საჩუქარი იქნებაო`
. . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკის პრეზიდენტს არა აქვს საშუალება გამოუყოს უკრაინას ფინანსური სახსრები კონგრესის თანხმობის გარეშე. მაგრამ მას აქვს საშუალება სანქციები შემოიღოს რუსეთის წინააღმდეგ და ამისთვის კონგრესის თანხმობა სულაც არ სჭირდება.
გუშინ თეთრმა სახლმა კიდევ 250 რუსული კომპანია და ფიზიკური პირი დაასანქცირა.
დასანქცირებულ პირთა წრე, პუტინის გარემოცვაში და რუსულ ელიტებში, თანდათან ფართოვდება. მათ აეკრძალათ მოგზაურობა, ფინანსური ტრანზაქციები და ასე შემდეგ.
თავიდან ბევრი თვლიდა, რომ ეს სანქციები `პუტინს ვერაფერს დააკლებს`, თუმცა დასანქცირებულთა წრე თანდათან ისე გაფართოვდა, უკვე სერიოზულ ფაქტორად იქცა კიდეც: რუსული ელიტები ნერვიულობენ, ერთის მხრივ ცდილობენ პუტინს გაემიჯნონ, ქვეყანა დატოვონ და ეს `ქვეყნის დატოვება` თანდათანობით ხდება ძალიან მკაფიო მესიჯი იმავე ამერიკისთვის, რომ ისინი არ უჭერენ მხარს პუტინს, თუმცა ღიად მის წინააღმდეგ არ იბრძვიან.
ეს არ არის მომაკვდინებელი პუტინისთვის, თუმცა ბზარები ჩნდება თანდათან მის ავტორიტარულ კედლებზე;
კვლავ ვიმეორებ: პუტინის რუსეთი არ არის კიმების ჩრდილო კორეა: პუტინს ელიტების მხარდაჭერა სჭირდება.
თანაც არა მხოლოდ ლოიალურობა, არამედ მხარდაჭერაც. ასეთია მისი რეჟიმის არსი და თავისებურება.
. . . . . . . . . . . . . . . . .
Reuters აქვეყნებს ედითორიალს სათაურით: `საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ჯერ კიდევ შორეულ ოცნებად რჩება`
სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს 3.7 მილიონიანი მოსახლეობის 90%-მდე მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას.
მაგრამ ქუჩაში უბრალო ენთუზიაზმი არ იქნება საკმარისი კანდიდატის სტატუსის უზრუნველსაყოფად. გეოპოლიტიკური მიზეზებით, ევროკავშირმა გადაწყვიტა საქართველოსთვის მიენიჭებინა `კანდიდატის სტატუსი“.
რუსეთსა და თურქეთს შორის მოქცეული საქართველოს არ აქვს სახმელეთო საზღვარი ევროკავშირთან.
ევროკავშირმა განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება მეტის გაკეთება კორუფციასთან საბრძოლველად, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გასაუმჯობესებლად და დეპოლარიზაციისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვსა და თბილისს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ, საქართველომ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე, როგორც ამას ევროკავშირი და სხვა დასავლური ქვეყნები აკეთებდნენ - ნათქვამია პუბლიკაციაში.
. . . . . . . . . . . . . . . . .
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, ხმების აბსოლუტური უმრავლესობით, მიიღო რეზოლუცია რომლითაც მოუწოდა ისრაელს შეწყვიტოს ცეცხლი ღაზაში
რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ისრაელმა, ჩეხეთმა, გვატემალამ, ლიბერიამ, მიკრონეზიამ, ნაურუმ, პარაგვაიმ და პაპუა-ახალმა გვინეამ
თავი შეიკავეს: უკრაინამ, დიდმა ბრიტანეთმა, საქართველომ, გერმანიამ (!) იტალიამ, არგენტინამ, ნიდერლანდმა, რუმინთმა, ლიტვამ და ბულგარეთმა.
შეგახსენებთ, რომ განსხვავებით გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებისგან, გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციებს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვთ, ანუ იურიდიული ძალა არ გააჩნიათ
ისრაელი ამ რეზოლუციას რა თქმა უნდა არ შეასრულებს და ბოლომდე მიიყვანს სპეც-ოპერაციას ღაზაში.
ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე რეზოლუცია დააინიცირა ეგვიპტემ!
ეს ქვეყანა სამხედრო თვალსაზრისით ამჟამად ნეიტრალურია ისრაელის საომარი ოპერაციის მიმართ, თუმცა პოლიტიკურად გააქტიურდა.
ამერიკამ კი მისცა ხმა გენერალური ასამბლეის რეზოლუციის წინააღმდეგ, მაგრამ გუშინვე პრეზიდენტმა ბაიდენმა ძალიან მკაცრად (შეიძლება ითქვას უპრეცედენტოდ მკაცრად) გააკრიტიკა ისრაელი. მან თქვა, რომ ღაზის სექტორში დაბომბვების გამო `ისრაელი კარგავს საერთაშორისო მხარდაჭერას` და `ნეთანიაჰუმ ქცევის სტილი უნდა შეცვალოს`.
ღაზის დაბომბვები პრეზიდენტმა ბაიდენმა დაახასიათა, როგორც `განურჩეველი`.
. . . . . . . . . . . . . . . . .
პოლონელმა დეპუტატმა რადიკალურად მემარჯვენე პარტიიდან გჟეგოჟ ბრაუნმა პოლონეთის სეიმის ერთ-ერთ პირველ სხდომაზე ცეცხლმაქრობი მოხსნა და ჩააქრო `ხანუკას სანთელი` - ებრაული დღესასწაულის აღსანიშნავი სიმბოლო.
გჟეგოჟ ბრაუნი წმინდად ნაცისტურ რიტორიკას იყენებს და ამბობს, რომ გარკვეული ძალები` პოლონეთის ებრაულ სახელმწიფოდ გადაქცევას` ცდილობენ
ახალმა პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ინციდენტს უკვე უწოდა `სამარცხვინო`.
. . . . . . . . . . . . . . . . .
საინტერესო ფაქტია, რომ კვლავ გამოჩნდა სცენაზე ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი, რომელიც ყაზახეთიდან დუბაიში გაიქცა შარშანდელი ბობოქარი მოვლენების დროს, როცა ხალხმა კინაღამ დაამხო ხელისუფლება.
ნაზარბაევმა ვიდეოჩართვით მონაწილეობა მიიღო `ასტანას კლუბის` სხდომაში და განაცხადა, რომ კაცობრიობა ბირთვული ომის საშიშროების წინაშე დგას.
ნაზარბაევის თქმით, ყაზახეთმა, თავის დროზე, დიდი წვლილი შეიტანა `ბირთვული განიარაღების საქმეში`.
მას მხედველობაში ჰქონდა 1992 წლის მოვლენები, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აიძულა (!) უკრაინა და ყაზახეთი უარი ეთქვათ ბირთვულ იარაღზე და გაეტანათ ეს იარაღი რუსეთში.
იმ დროს ყაზახეთთანაც გაფორმდა იმ ხელშეკრულების (ბუდაპეშტის შეთანხმების) მსგავსი შეთანხმება, რომელსაც, ბირთვულ იარაღზე უარის თქმის სანაცვლოდ უნდა დაეცვა ყაზახეთის სუვერენიტეტი და ამ გარანტიას კისრულობდა ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე დიდი ბრიტანეთი.
თუმცა ყაზახეთის შემთხვევაში გარანტის როლი უფრო ჩინეთმა შეასრულა, რომელსაც ბირთვული იარაღის ყაზახეთიდან გატანაში არავითარი როლი არ ჰქონია; სამაგიეროდ მოსკოვს მუდმივად აფრთხილებს, რომ ყაზახეთის საქმეებში არ ჩაერიოს.
1992 წელს პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის ლიდერმა, იასერ არაფატმა სცადა ეყიდა ბირთვული ბომბები ნაზარბაევისგან (სანამ რუსეთში მოხდებოდა ამ იარაღის გატანა), ჩაფრინდა ალმა ატაში თვითმფრინავით, რომელიც ფულით იყო სავსე, თუმცა გარიგება ჩაიშალა - ჩაშალეს მოსკოვმა, ვაშინგტონმა და ისრაელის დაზვერვა მოსადმა, რომელიც ყურადღებით ადევნებდა თვალს, საით გაფრინდებოდა არაფატის თვითმფრინავი.
ბევრს ეგონა, რომ იასერ არაფატის მიერ ნაზარბაევისგან ბირთვული იარაღის შეძენის ისტორია მხოლოდ მითია, ამაზე უამრავი ფილმია გადაღებული; არადა, ნამდვილი ამბავია.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ბულგარეთში, სოფიაში, სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებით დაშალეს საბჭოთა ჯარისკაცების სკულპტურული მონუმენტი, რომელიც მეორე მსოფლიო ომს ეძღვნებოდა. ეს ერთ-ერთი ბოლო მონუმენტი იყო აღმოსავლეთ ევროპაში.
მონუმენტის დაშლას რუსული `საგარეოს` გააფთრებული რეაქცია მოჰყვა.
თუმცა პროცესი შეუჩერებელია და უკრაინაში რუსულმა აგრესიამ იგი მხოლოდ დააჩქარა.