სატელეფონო მოსმენები: ძალაუფლების განხორციელების საშუალება.

სატელეფონო მოსმენები:  ძალაუფლების განხორციელების საშუალება.

    «სატელეფონო საუბრების» მოსმენის ირგვლივ გამართული დისკუსია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების სამინისტროებს შორის სულ უფრო მძაფრ ხასიათს იძენს.
    როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში პრეზიდენტს მოუწევს ამ კამათში ჩარევა, რათა დაპირისპირება არ გამწვავდეს და ხელისუფლების დისკრედიტაცია არ გამოიწვიოს. როგორც ცნობილია, ორი «ძალისმიერი» უწყების პაექრობის საგანი გახდა უფლება იმისა, მოისმინონ მოქალაქეთა (და თანამდებობის პირთა) სატელეფონო საუბრები თუ არა. დისკუსია, ცოტა არ იყოს, კომიკურ ელფერსაც იძენს, თუ ამგვარი საკითხების გადაწყვეტისას საერთაშორისო ნორმებსა და ცივილიზებულ ქვეყნებში აპრობირებულ მეთოდს გავითვალისწინებთ.
    ამ უფლების მიღება გასაკუთრებულ ძალისხმევას არ უნდა საჭიროებდეს, მაგრამ საქმეც სწორედ ის არის, რომ საქართველოში ესა თუ ის უწყება დამატებით უფლებამოსილების მიღებით თავისი გავლენის გაძლიერებასა და გაღრმავებას ცდილობს.
    იგულისხმება არა მხოლოდ ფორმალური, ხილული და სავსებით ლეგიტიმური, არამედ არაფორმალური, ფარული გავლენა. როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს პრეტენზია, ნაწილობრივ იტვირთოს «პასუხისმგებლობა» იმ საკითხებზეც, რომლებიც დღემდე უშიშროების პრეროგატივად ითვლებოდა. აქ საუბარი არ არის რომელიმე «ზვიადისტის» მოსმენაზე, ან ჩვეულებრივ «ოპერატიულ» მუშაობაზე, რომლის მიზანია «რიგითი» ანუ წვრილმანი კრიმინალის გამოვლენა - პოლიცია ამგვარ სამუშაოს ყოველთვის ასრულებდა და არც არავის ეკითხებოდა, ჰქონდა თუ არა მოქალაქეთა სატელეფონო საუბრების მოსმენის უფლება. უკიდურეს შემთხვევაში, ყველაფრის გამართლება შეიძლებოდა «გამოძიების ინტერესებითა» და «დაზარალებულის თხოვნით». მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე აშკარად ეხება არა «ჩვეულებრივ» კრიმინალს, არამედ თანამდებობრივ დანაშაულს. მათ შორის, «მაღალი დონის» კორუფციას.
    თუ პოლიცია ამ უფლებას მიიღებს, მაშინ იგი ნაწილობრივ შეიჭრება უშიშროების პრეროგატივათა სფეროში და ხელისუფლების უმაღლეს რგოლში მიმდინარე პროცესებზე ზეგავლენის საშუალებას მოიპოვებს. ძალისმიერ სტრუქტურათა სპეციფიკიდან გამომდინარე, პრეზიდენტს ნამდვილად არ აძლევს ხელს ორი ან რამდენიმე უწყების შემოჭრა ამ სფეროში. მისთვის მისაღები და ხელსაყრელია მთელი სისტემის შენარჩუნება, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურათა ურთიერთქმედებას და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კრიმინალს სწორედ სპეცსამსახური აკონტროლებს, ვინაიდან უშიშროება (მისი წარსულიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე) უფრო მეტად მართვადი და პროგნოზირებადია, ვიდრე შინაგან საქმეთა სამინისტრო.
    ამის დასტურად ერთი საბუთიც კმარა: პოლიცია უფრო «საჯარო» ინსტიტუტია, ვიდრე უშიშროება. ამდენად, პოლიციის მიერ აღმოჩენილი ფაქტი (თუ მისი გახმაურება ხელისუფლებას გარკვეულ პერიოდამდე ხელს არ აძლევს) გაცილებით ძნელი დასამალი და მისაჩქმალია.
    პრობლემას აქვს კიდევ ერთი წახნაგი - პიროვნული ურთიერთობა შოთა კვირაიასა და კახა თარგამაძეს შორის. ბოლო დრომდე იგი სავსებით ნორმალური იყო. თუმცა, ყოველთვის გასდევდა ეჭვიანობის ერთგვარი მკრთალი შტრიხი, მაგრამ მოვლენათა განვითარებამ დაადასტურა, რომ როდესაც საქმე სისტემის, კორპორაციის (ამქრის) ინტერესებს ეხება, ყოველგვარი პიროვნული დამოკიდებულება უკან იხევს.
    ამავე დროს, სახელმწიფოსათვის მთლიანობაში ხელსაყრელიც კია, თუ პოლიცია და უშიშროება ერთმანეთს ბოლომდე არ ენდობიან და ორივეს აქვს სატელეფონო საუბრების მოსმენის უფლება. ეს ორივე უწყების გაკონტროლების საშუალებას ქმნის.
    მერიდიანი, 30 მაისი, 1997 წ.