რუსეთის მიმართ სამარცხვინო დათმობები გრძელდება?

რუსეთის მიმართ სამარცხვინო დათმობები გრძელდება?

        ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებამ, «როგორც იქნა», მოილაპარაკა შატილში რუსი დამკვირვებლების დაშვების შესახებ. რუსული მასმედია ხაზს უსვამს, რომ საქართველომ უარი თქვა ადრინდელ მოთხოვნაზე – შატილში რუსების განლაგების შემთხვევაში, ქართველი დამკვირვებლებიც განლაგებულიყვნენ ფსოუზე (აფხაზეთი) და როკის გვირაბთან (ე.წ. სამხრეთი ოსეთი) რუსეთის მხრიდან.

        რუსეთისათვის ეს მოთხოვნა იმთავითვე მიუღებელი იყო, ვინაიდან ამით საშუალება ესპობოდა, მოემარაგებინა იარაღითა და სხვა ყველაფრით ოსი და აფსუა სეპარატისტები; ამიტომ მოსკოვმა ამჯობინა არღუნის ხეობაში მეტად სარისკო სადესანტო ოპერაცია განეხორციელებინა, ვიდრე ქართველი დამკვირვებლები დაეშვა «რუსეთ-აფხაზეთის» და «რუსეთ-სამხრეთ ოსეთის» საზღვარზე.
        მიუხედავად ამისა, თუ საქართველო თანხმობას განაცხადებს ცალმხრივად დაუშვას რუსი დამკვირვებლები შატილში, ხოლო თავად უარი თქვას ადრინდელ მოთხოვნაზე –რუსები უარს ნამდვილად არ გვეტყვიან და დამკვირვებლებს გამოგზავნიან.
        ამით პრეზიდენტობის კანდიდატ პუტინის რეიტინგი მხოლოდ მოიმატებს, ვინაიდან იგი (მისი საინფორმაციო საშუალებები) ისეთნაირად წარმოაჩენს ამ «გამარჯვებას», თითქოს მან საძულველი «გრუზინების» «დაჩოქება» შეძლო და აიძულა საქართველო, მიეღო რუსეთის პირობები, ანუ უარი ეთქვა თავის ადრინდელ მოთხოვნაზე – საპასუხოდ, ქართველი დამკვირვებლების ფსოუსა და როკის გვირაბთან განლაგების შესახებ.
        აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ სჩადის ამას საქართველოს ხელისუფლება (ეს ხომ ვალერი ჩხეიძის ინიციატივა არ არის, - ცხადია), რას ელის ამ დათმობის სანაცვლოდ? როგორც ჩანს, ვერა და ვერ მოიშალა ჩვენმა ხელისუფლებამ ილუზია, თითქოს რუსეთისადმი დათმობების გზით ქვეყანამ შეიძლება მოიპოვოს კრემლის კეთილგანწყობა.
        არადა, პირიქით, ცალმხრივი დათმობებით რუსებს მხოლოდ ვარწმუნებთ, რომ საწადელს საპასუხო დათმობების გარეშეც შეიძლება მიაღწიონ – მაგალითად, საქართველო «მოიხმარონ» ჩეჩენი ხალხის გასანადგურებლად, მაგრამ სანაცვლოდ, აფხაზეთში არაფერი დათმონ.
        ასეთი საქციელით არათუ ვაძლიერებთ, არამედ, პირიქით, ვასუსტებთ ჩვენს პოზიციებს, რადგან რუსეთს, რასაკვირველია, ძალიან უნდა არც აფხაზეთი დაგვიბრუნოს და ჩეჩნეთიც გაანადგუროს, ვინაიდან «სპეკულანტი გრუზინებისადმი» ნებისმიერი დათმობა (თუნდაც საპასუხო დათმობის ფასად), უეჭველად შეასუსტებს ვლადიმერ პუტინის რეიტინგსა და პოზიციებს.
        ეს ფაქტორი უკვე მუდმივმოქმედად იქცა. «შევარდნაძის სინდრომი» აქ არაფერ შუაშია. თუკი რუსებს საქართველო შევარდნაძის გამო სძულთ, ვინაიდან იმპერია სწორედ მან «დაუნგრიათ» - განა, იოსებ სტალინმაც დაუნგრიათ იმპერია?
        პირიქით, აუშენა და გაუძლიერა – მიუხედავად ამისა, მაინც ჩააფურთხეს საფლავში. ელემენტარული სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ედუარდ შევარდნაძე არ იყო საქართველოს პრეზიდენტი, როდესაც «ეროვნულმა მოძრაობამ» რუსთაველზე გამოიტანა ლოზუნგი: «ძირს რუსეთის დამპალი იმპერია», ხოლო «მოძრაობა» საერთოდ არ არსებობდა, ანუ არ ატარებდა «აქციებს», როცა ვიქტორ ასტაფიევმა მოსკოვურ ჟურნალ «ნაშ სოვრემენნიკში» გამოაქვეყნა 17 წლის წინ (!) დაწერილი მოთხრობა (მაშინ არ დაუბეჭდეს) «ლოვლია პესკარეი ვ გრუზიი».
        აქედან გამომდინარე, იქნებოდა «მოძრაობა» თუ არა, იქნებოდა 9 აპრილი თუ არა, იქნებოდა შევარდნაძე თუ არა – საქართველოსადმი რუსეთის დამოკიდებულების ალგორითმი არ შეიცვლებოდა, ანუ რუსული საზოგადოება მაინც «რუსულენოვან აფსუებს» დაუჭერდა მხარს. იგივე ალგორითმი მოქმედებს დღესაც და ცალმხრივი დათმობებით მას მხოლოდ ვაძლიერებთ.

მერიდიანი, 10 იანვარი, 2000 წელი