საერთაშორისო მიმოხილვა. 12 ოქტომბერი. 2023 წელი
`ჰამასის` თავდასხმის გამო ისრაელი კიდევ ერთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა: როგორ შექმნას დერეფნები, რათა ღაზას მოსახლეობამ დატოვოს ტერიტორია, სადაც უახლოეს მომავალში ალბათ დაიწყება სახმელეთო ოპერაცია, ახლა კი ინტენსიურად იბომბება.
საქმე ის გახლავთ, რომ თუ ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობა ღაზას დატოვებს, იქ ტერორისტები მაინც დარჩებიან და მათ მეორე ქალაქი აქვთ აშენებული ამ წლების განმავლობაში: მიწისქვეშა ღაზა - კატაკომბები, რომლებიც კილომეტრზეა გადაჭიმული მიწის ქვეშ ისე, რომ ბომბები მათ ვერ მისწვდება.
თუ ისრაელი დაუშვებს ღაზას მოსახლეობის გადასვლას ეგვიპტეში, ისრაელი შესაძლოა დაადანაშაულონ ეთნიკური წმენდის მოწყობაში, რაც გენოციდის ფორმად ითვლება საერთაშორისო კანონებით.
ამასობაში ებრაულ კიბუცებში (მცირე დასახლებებში), რომლებიც ისრაელის არმიამ ტერორისტებისგან გაათავისუფლა, იპოვეს ათეულობით გვამი (მათ შორის ბავშვებისა), რომლებსაც თავი მოკვეთილი ჰქონდათ.
ზოგჯერ გაუგებრობას იწვევს საკითხი, ვინ აკონტროლებს ღაზა - ეგვიპტის საზღვარს.
ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ისრაელმა კი არ დახურა ეს საზღვარი ღაზასთან არამედ თვითონ ეგვიპტემ.
სინამდვილეში, ამ საზღვარს ისრაელი აკონტროლებს 1979 წლის შემდეგ იმით, რომ ეგვიპტემ, ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმებით დახურა ეს საზღვარი.
1979 წელს ამერიკის პრეზიდენტთა ქალაქგარე რეზიდენციაში კემპ-დევიდში, გაფორმდა სამშვიდობო შეთანხმება ისრაელსა და ეგვიპტეს შორის, რომლითაც ისრაელმა დაუბრუნა ეგვიპტეს სინაის ნახევარკუნძული, რაც დაიკავა 1967 წლის 6 დღიანი ომის დროს და სამაგიეროდ ეგვიპტემ იკისრა პასუხისმგებლობა, ღაზას სექტორთან საზღვარი გახსნას მხოლოდ და მხოლოდ ისრაელთან შეთანხმებით.
გუშინ ერთ-ერთი გადასასვლელი ისრაელის ავიაციამ დაბომბა, რაკი მისი გახსნა შეთანხმებული არ იყო.
დღეს დილით ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩავიდა ისრაელში. მისი მთავარი მიზანი (მხარდაჭერის დემონსტრირების გარდა) სწორედ ღაზა-ეგვიპტის საზღვარზე დერეფნების გახსნაა.
ვიმეორებ: ისრაელის თანხმობის გარეშე ეს არ გამოვა, რადგან თუ ეგვიპტე ცალმხრივად გახსნის საზღვარს, ისრაელის ავიაცია გამშვებ პუნქტს დაბომბავს, როგორც გუშინ დაბომბა.
სანამ თვითმფრინავში ჩაჯდებოდა, ბლინკენმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, რომ რეგიონის არც ერთი ქვეყანა (იგულისხმებოდა ირანი) არ უნდა ცდილობდეს მიიღოს სარგებელი ამ სიტუაციიდან ან გამოიყენოს ეს სიტუაცია.
ლიბანს, როგორც სახელმწიფოს, ამ კონტექსტში არ ახსენებენ ხოლმე ტრადიციულად, რადგან ეს სახელმწიფო ცენტრალიზებული არ არის. იგი დე-ფაქტოდ დაშლილია და მხოლოდ ფორმალურად ინარჩუნებს ერთიანობას. `ჰეზბოლა` დე-ფაქტო კონტროლს ახორციელებს ისრაელ-ლიბანის საზღვარზე და უახლოეს მომავალში ელიან მის ჩართვას საომარ მოქმედებებში.
თუმცა გუშინ გააქტიურდა ისრაელის ისტორიული მტერი სირია. რამდენიმე ჭურვი ესროლეს ჰოლანის მაღლობებს, რომლებიც ისრაელმა გასულ საუკუნეში ომით დაიპყრო.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
ისრაელში ახლა იქმნება `ომის საგანგებო კაბინეტი`. პრემიერად რჩება ბენიამინ ნენთენიაჰუ, მაგრამ მან გადაწყვიტა კაბინეტში ოპოზიციის წარმომადგენლებიც შემოიყვანოს.
ერთიანმა `ომის კაბინეტმა` (ფაქტობრივად ეროვნული ერთიანობის კაბინეტია) განაცხადა, რომ აუცილებლად დაამარცხებს და გაანადგურებს ტერორიზმს.
თუმცა ეს კოალიცია სულ მალე დაიშლება, როგორც კი სამხედრო მიზნები იქნება მიღწეული და ამის შემდეგ უეჭველად გადავა გამოძიებაზე: როგორ მოხდა, რომ ღაზას გარშემო დასახლებებში დამალული გადარჩენილი ადამიანები მთელი 7-8 საათის განმავლობაში ელოდნენ დახმარებას.
ამ კითხვაზე ჯერ მართლა არ არსებობს პასუხი: ისრაელი პატარა ქვეყანაა. სამხედრო ბაზებიდან ყველაზე შორ წერტილში მიღწევას 1 საათზე მეტი არ სჭირდება.
მით უმეტეს, რომ ისრაელის არმიას ჰყავს ათეულობითთ სხვადასხვა სპეც-დანიშნულების რაზმი, რომლებიც მუდმივ მზადყოფნაში იმყოფებიან, ანუ სრული ეკიპირებით და იარაღით სხედან მანქანაში ან ვერტმფრენთან და ელიან ბრძანებას.
ერთ-ერთ მიზეზად, რის გამოც ტერორისტებმა შეძლეს ისრაელის ტერიტორიაზე შეღწევა, გახდა ისრაელის დაზვერვის შეცდომა: მათ არ მიაქციეს ყურადღება `ჰამასის` გაზრდილ საკომუნიკაციო აქტივობას, სატელეფონო საუბრებს უშუალოდ შეტევის წინ და პირიქით, წინა დღეებში დაიჯერეს `ჰამასის` ლიდერთა სატელეფონო საუბრისას მათი ყალბი ნარატივი, რომ ახლა `მშვიდობის დროა`.
გარდა ამისა, როგორც ირკვევა, `ჰამასმა` ელექტრონული თვალთვალის სისტემაში კი არ შეაღწია უშუალოდ კედელთან, არამედ ის ანძები გამოიყვანა ჯერ მწყობრიდან, საიდანაც ეს სისტემები იმართებოდნენ. თანაც ამ მიზნით გამოიყენა უპილოტო საფრენი აპარატები.
ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ შეტევა, როგორც სამხედრო-ტაქტიკური, ასევე სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისთ შესანიშნავად იყო მომზადებული და უზრუნველყოფილი. არავის ეპარება ეჭვი, რომ ჰამასი დამოუკიდებლად ამას ვერ შეძლებდა.
მომხდარს შესაძლოა შორს მიმავალი შედეგი ჰქონდეს ისრაელის `სეთლმენთებისთვის` ანუ დასახლებებისთვის მთელს ქვეყანაში: `მოსახლეები` იშენებდნენ სახლებს ცენტრიდან მოშორებით იმ დათქმით, რომ ისინი აუცილებლად იქნებოდნენ დაცულნი....ახლა ეს რწმენა გაქრა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებმა (ათეულობით სტუდენტურმა ორგანიზაციამ) ხელი მოაწერა განცხადებას, რომლითაც დაგმო ისრაელი და ფაქტობრივად ისრაელს დააკისრა პასუხისმგებლობა მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, რაკი მათი აზრით `ღაზა ისრაელმა ციხედ გადააქცია`.
ჰარვარდის სტუდენტთა ამ განცხადებამ გრანდიოზული სკანდალი გამოიწვია ამერიკაში, რადგან Harvard University ამერიკული და დასავლური ელიტის სამჭედლოა.
ბუნებრივია ისრაელიც ძალიან გაბრაზდა და ამერიკის ებრაული ლობიც.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკაში ახალი სკანდალი მწიფდება გიგანტურ კორპორაციებთან დაკავშირებით; `საგადასახადომ` Microsoft დაადანაშაულა, რომ 29 მილიარდი დოლარის გადასახადები დაუმალა ბიუჯეტს. ამერიკული რეალობებისთვისაც კი, გიგანტური თანხაა.
თუმცა Microsoft გამონაკლისი არ არის: Apple, Amazon ასევე არიან ეჭვმიტანილნი დიდძალი გადასახადების დამალვაში.
`საგადასახადო` ამ კომპანიებს ადანაშაულებს, რომ ოფშორებში ან სხვა თითქოსდა დაუკავშირებელ შვილობილ კომპანიებში ჰქონდათ გადამალული გადასახადის წყაროები.
ჯერ-ჯერობით გაუგებარია, რას აპირებს ამერიკის ფისკალური ხელისუფლება: დაკმაყოფილდება დამალული გადასახადების დაბრუნებით თუ რაიმე უფრო მკაცრ ზომებს მიიღებს.
ამერიკის საგადასახადო კანონმდებლობა უსასტიკესია და თუ მის მიხედვით იმოქმედებენ ფისკალური ორგანოები, ამ გიგანტების არსებობას და ნორმალურ ფუნქციონირებას შესაძლოა საფრთხე დაემუქროთ.
არადა ისინი პირველ რამდენიმე პუნქტს იკავებენ უმსხვილეს კომპანიათა ჩამონათვალში.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
აფხაზეთისა და ე.წ. `სამხრეთ ოსეთის` ხელისუფლებებმა ერთობლივად (აშკარად კოორდინირებულად) განაცხადეს, რომ მზად არიან გაწევრიანდნენ რუსეთ-ბელორუსეთის `სამოკავშირეო სახელმწიფოში`.
მათი მიზანი ისაა, რომ ერთის მხრივ ბელორუსივით ყველაფერი არ გადასცენ რუსეთს, რასაც მოსკოვი მოითხოვდა მინსკისგან და იმავდროულად განაგრძონ რუსეთის ფინანსური `წველა`.
თუმცა დამკვირვებელთა აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ბელორუსი არასდროს დაეთანხმება აფხაზეთის და ცხინვალის შესვლას `რუსეთ-ბელორუსის` კავშირში, რადგან მინსკისთვის ეს ნიშნავს ამ მიკროსკოპულ ე.წ. `სახელმწიფოებთან გათანაბრებას.
ბელორუს ავტოკრატ ლუკაშენკოს სულაც არ აძლევს ხელს და არ ეპიტნავება - ის `გაუთანაბრონ` სტატუსით ვინმე ასლან ბჟანიას და ვინმე ალან გაგლოევს.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
აფხაზეთის ხელისუფლება მორიგ ტრაგიკომიკურ დისკუსიაში ჩაერთო: `რა ვუყოთ მთავრობის სასახლეს?`
იგულისხმება აფხაზეთის ყოფილი მინისტრთა საბჭოს შენობა, სადაც მუშაობდა ომის ბოლო დღეებში (1993წ.) ჟიული შარტავა. ის და მისი გუნდის წევრები აფხაზმა ტერორისტებმა გამოიყვანეს, დაატყვევეს და მერე დახვრიტეს.
შენობა დამწვარია და მას მერე აღარც აღდგენილა.
ახლა გამოჩნდა ვიღაც რუსი ინვესტორი, რომელიც ამ შენობის დანგრევას და მის ადგილზე President-hotel -ის აშენებას აპირებს.
`პრეზიდენტმა` ასლან ბჟანიამ უკვე დაადასტურა: სასტუმრო იქნება იქ და მის წინ ვლადისლავ არძინბას ძეგლს დავდგამთო.
ამან აფხაზური საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია: ამ ადგილზე ტარდება აფხაზური არმიის სამხედრო აღლუმები და ეს აღლუმები სასტუმროს წინ უნდა ჩატარდესო?
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
ირანის ხელისუფლებამ შესაძლოა საქმე აღძრას კრისტიანუ რონალდუს წინააღმდეგ იმისთვის, რომ ირანში, `აზიური ლიგის` გათამაშების მატჩის მერე, იგი გულთბილად მოეხვია და აკოცა ეტლში მჯდომ შეზღუდული შესაძლებლობების ქალს, რათა იგი გაემხნევებინა.
ირანის კანონებით ქალის შეხება არ შეიძლება თუ მასთან ქორწინებაში არ იმყოფები.
ირანული კანონებით, ლეგენდარულ ფეხბურთელს გამათრახება შეიძლება მიუსაჯონ - 99 დარტყმა.
როგორც ჩანს ირანში რონალდუ ვეღარ ჩავა საუდის არაბეთის იმ გუნდის შემადგენლობაში, სადაც გადავიდა სათამაშოდ დიდი თანხის სანაცვლოდ.