საერთაშორისო მიმოხილვა. 23 მაისი. 2023 წელი
უკრაინის არმიამ უძლიერესი დივერსიულ/ შეტევითი ოპერაცია განახორციელა მტრის ზურგში: მეზობელ ბელგოროდის რაიონში. აიღეს რამდენიმე დასახლებული პუნქტი და ტყვედ აიყვანეს ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
შეტევის სიღრმე საკმაოდ დიდია; 25-26 კილომეტრამდე. ეს უკვე ჩვეულებრივი დივერსიაც არ არის - შეტევაა ოპერატიულ სიღრმეზე.
ოპერაციაში მონაწილეობს 1 500 მეომარი საბრძოლო ტექნიკით, ღამის ხედვის აპარატებით, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით, უახლესი და კრეატიული ცეცხლსასროლი იარაღით, საზენიტო დანადგარებით.
არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ: რუსეთ-უკრაინის საზღვრის ბელგოროდის მონაკვეთზე რუსული ჯარები არ იყო, ხოლო მესაზღვრეთა მცირერიცხოვანი დაჯგუფება უკრაინულმა ძალებმა იოლად გაანადგურეს; სასაზღვრო ინფრასტრუქტურა დაწვეს.
რაც ყველაზე ნიშანდობლივია, უკრაინა `აფორმებს` ამ მაშტაბურ შეტევას, როგორც სამოქალაქო ომს უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე. ოფიციალური განცხადებებით, უკრაინის არმიას არა აქვს კავშირი მომხდართან და შეტევა განახორციელა `რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა`, რომელიც პუტინს ებრძვის.
პუტინის გეენრალიტეტს რატომღაც ეგონა, რომ მათ შეეძლოთ დაუცველად დაეტოვებინათ რუსეთ-უკრაინის საზღვრები ჩრდილო-დასავლეთით, რაკი.... `უკრაინა ვერ გაბედავს შეუტიოს უშუალოდ რუსეთის ტერიტორიას`.
გაბედა და ძალიან ძლიერად შეუტია!
ეს მორიგი `წითელი ხაზის` გადაკვეთაა. თუმცა რუსეთმა მის მიერ დეკლარირებული წითელი ხაზები იმდენად ხშირად დაარღვია ან/და ვერ დაიცვა თვითონ, რომ პუტინის თუ მის პროპაგანდისტთა განცხადებები `წითელ ხაზებზე` ვერავიზე ვეღარ ახდენს შთაბეჭდილებას.
არ არის გამორიცხული, შეტევა ბელგოროდზე დიდი უკრაინული შეტევის დასაწყისიც იყოს. რუსეთი იძულებული იქნება ბელგოროდში შეჭრილი სამი უკრაინული ბატალიონის შესაკავებლად მნიშვნელოვანი ძალები გადაისროლოს ფრონტის სხვა მონაკვეთებიდან.
ამავე დროს, მოსკოვის თავზე გამოჩნდნენ საჰაერო ბურთები რუსული ოპოზიციის დროშებით. ეს საჰაერო ბურთები მოსკოვიდანვეა გაშვებული ანუ იქაც მოქმედებენ დივერსიული ჯგუფები. ჯერ-ჯერობით იარაღის გარეშე.
უნდა ითქვას, რომ ამაში გასაკვირი არაფერია: უკრაინის სამხედრო დაზვერვამ ომის განმავლობაში რამდენიმე Дерзкий ოპერაცია განახორციელა - ნიშანდობლივი რუსული ფიგურების ლიკვიდაციით.
პუტინს ახლა ორი გზა რჩება: ან ბირთვული იარაღის გამოყენება, ან ტოტალური მობილიზაცია და იმ მაშტაბის ომის გაჩაღება, ანუ შეტევის მცდელობა, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ჟუკოვი, კონევი და როკოსოვსკი მილიონიანი არმიებით უტევდნენ უკრაინას.
რუსეთში `ომით გადაღლა` იმდენად `გაწვრილებულ ძაფად` იქცა, ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაწყდეს და მართლა სამოქალაქო ომი დაიწყოს დედაქალაქში ამბოხით, რასაც რუსული არმია და პოლიცია ვერ/არ ჩაახშობს;
ანუ ჩეჩენ ჩაფართა რაზმების გამოყენება მოუწევს პუტინს - პირსისხლიანი რამზან კადიროვის მეთაურობით.
რაც შეეხება ბირთვული იარაღის გამოყენებას პუტინის მიერ, აქ იგულისხმება ტაქტიკური ბირთვიული იარაღი, რაც (ეს ბევრჯერ აღგვინიშნავს) სულაც არ ნიშნავს, რომ ეს იარაღი სუსტია. შესაძლოა მუხტი იმაზე ძლიერიც კი იყოს, რაც ამერიკელებმა ჰიროშიმაში ჩამოაგდეს 1945 წლის 6 აგვისტოს. ანუ დაახლოებით 15-20 კილოტონა ტროტილის.
დღევანდელი `ტაქტიკური ბირთვული იარაღი` მეგატონამდეც კი შეიძლება იყოს.
მთავარია არა მუხტის სიმძლავრე, არამედ გამოყენების ტაქტიკა: ბრძოლის ველზე ან სტრატეგიული ქალაქების დასაბომბად.
პუტინის ერთ-ერთი პრობლემა ახლა ის არის, რომ საკუთარ ქალაქს ანუ ბელგოროდს ხომ ვერ `გლიჯავს` მის `გასათავისუფლებლად` ბირთვულ ბომბს ავიაციით ან არტილერიით? ეს ტრაგიკომიკური იქნება. ესე იგი ან კიევი უნდა დაბომბის ან ხარკოვი ან სადმე უკრაინის ფრონტის იმ მონაკევთებზე გამოიყენოს, სადაც ბევრია უკრაინული შენაერთები თუ მათი კონცენტრაციაა.
ოღონდ.....აქ პუტინი ერთი სერიოზული პრობლემის წინაშე დგას, რასაც არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური, საერთაშორისო წარმომავლობა აქვს.
საქმე ის გახლავთ, რომ საკმარისია პუტინმა გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი არაბირთვული სახელმწიფოს (უკრაინის) წინააღმდეგ და მთელი `მესამე მსოფლიო`, რომელსაც ბირთვული იარაღი არა აქვს, მას აუცილებალდ დაგმობს ანუ უეჭველად NATO-ს მხარეს დადგება.
ამერიკელებმა და NATO-შ ხელმძღვანელობამ კი პუტინს ჯერ კიდევ შარშან `დაუდეს მაგიდაზე` დაწვრილებითი გაფრთხილება, თუ როგორ მოიქცევა ალიანსი იმ შემთხვევაში, თუ პუტინი გაბედავს ბირთვული იარაღის გამოყენებას:
ა) NATO (პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ამერიკა), განახორციელებენ უძლიერეს საავიაციო-სარაკეტო დარტყმას კონვენციური, ჩვეულებრივი იარაღით შავი ზღვის ფლოტზე და რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე უკრაინის ტერიტორიაზე და მის მახლობლად.
ბ) ნიუ იორკში მოიწვევენ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას; ამ სხდომაზე არ დაუშვებენ რუსეთის წარმომადგენელს, რათა მან ვეტოს უფლება არ გამოიყენოს, უშიშროების საბჭო საყოველთაო მხარდაჭერით გამოაცხადებს რუსეთს აგრესორად და შემოიღებს ტოტალურ ბლოკადას.
შეგახსენებთ: გაეროს შტაბ-ბინას მთლიანად ამერიკული პოლიცია აკონტროლებს გარე პერიმეტრზე და მისი ნებართვის გარეშე იქ `ჩიტიც ვერ შეფრინდება`.
ან მეორე ვარიანტია, იგივე გადაწყვეტილება მიიღოს გაეროს გენერალურმა ასსამბლეამ.
აქვე აუცილებლად მოკლედ უნდა აღინიშნოს ძალიან დიდი თემა, რომ რუსული გვარის მქონე უკრაინელთა მონაწილეობა ამ შეტევაში (ეს დადასტურებულია) `ილინკება` გლობალურ რუსულ-უკრაინულ ისტორიულ დისკურსთან, რომლის თანახმად `სწორედ კიევის რუსეთი ანუ უკრაინაა ნამდვილი რუსეთი` ხოლო `მოსკოვია ანუ პუტინის რუსეთი თათრულ-მონღოლურ-თურანული წარმონაქმნია, რომელიც ცდილობს ნამდვილი რუსეთის კულტურისა და ისტორიის მითვისებას`.
ეს დისკურსი და შესაბამისი ნარატივი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პუტინმა წამოიწყო სამკვდრო-სასიცოცხლო ომი, რომელშიც კრემლის დამარცხება `კრემლის რუსეთის `სრულ ლიკვიდაციას გულისხმობს და ახალი რუსეთის დაბადებას - კრემლის გარეშე.
როგორც `ახალი გერმანია` დაიბადა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
უკრაინელი დივერსანტების ჯგუფის ხელმძღვანელად ასახელებენ ეთნიკურ რუსს ალექსეი ლიოვკინს. მის წინააღმდეგ რუსულმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე `ექსტრემიზმისთვის` აღძრა ჯერ კიდევ 2018 წელს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გუშინ ალექსეი ნავალნის ორგანიზაციამ `კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი` (Фонд борьбы против коррупции – ФБК) გამოაქვეყნა მორიგი შესანიშნავი გამოძიება, რომლითაც დოკუმენტების დონეზე უტყუარად დაადასტურა, როგორ მდიდრდება და `ღორობს` რუსული ელიტა იმ დროს, როცა რუსი ბიჭები ომში იხოცებიან ათასობით, ათი ათასობით და ასი ათასობით!!!
კერძოდ, რუსული ელიტა ყიდულობს და აშენებს ფეშენებელურ ვილლებს შავი ზღვის სანაპიროზე, სოჭის მიდამოებში.
მათ შორისაა რუსული `სპეცოპერაციის` ერთ-ერთი სარდალი გენერალი სუროვიკინი, რომელმაც აგარაკი ცოლზე გააფორმა რა თქმა უნდა, ასევე მთავარი რუსი პროპაგანდისტი სოლოვიოვი და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი პატრუშევი. ამ უკანასკნელს შვილზე აქვს აგარაკი გაფორმებული.
სოჭში ელიტური საცხოვრისი ლონდონზე, ნიუ იორკზე და დუბაიზე ძვირია: 17 500 დოლარი 1 კვადრატული მეტრი.
ასეთი გიჟური ფასები მხოლოდ მონაკოში თუ იქნება კიდევ.
რუსულ ელიტას უყვარს სოჭი.
და რაც მთავარია `ეპრესტიჟულება`.
ოღონდ პუტინმა თუ ეს ომი წააგო, რას `იპრესტიჟებენ` მაგასაც ვნახავთ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინელი დივერსანტები არა მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე ახორციელებენ წარმატებულ ოპერაციებს, არამედ სხვა რეგიონებშიც.
გერმანიის პროკურატურას უკვე ეჭვი არ ეპარება, რომ სწორედ უკრაინულმა დივერსიულმა ჯგუფმა ააფეთქა `ჩრდილო ნაკადის` გაზსადენი: რამდენიმე უკრაინელი ჩავიდა გერმანიაში ტურისტებად ბულგარული და რუმინული პასპორტებით, დაიქირავეს სასეირნო გემი ვითომ ექსკურსიისთვის; დივერსიულ ჯგუფში იყვნენ ასევე დაივერები ანუ პროფესიონალი მყვინთავები.
მათ დაამაგრეს გაზსადენზე (70 მეტრის სიღრმეზე) ასაფეთქებელი მოწყობილობა სპეციალიზებული ნივთიერებით, რაც წყლის ქვეშ შეიძლებოდა აფეთქებულიყო და განახორციელეს დეტონაცია ზედაპირიდან რადიო სიგნალით.
გაზასდენი იმდენად გამოვიდა მწყობრიდან, რომ პუტინმა, რომელმაც მის ასაგებად მილიარდობით დოლარი დახარჯა, კვლავ მილიარდები უნდა დახარჯოს ახალი გაზსადენის ასაშენებლად; ეს უფრო იაფი დაუჯდება, ვიდრე უკვე აფეთქებულის აღდგენა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე (გადამწყვეტ) ტურამდე ერთი კვირა დარჩა.
პირველ ტურში მესამე ადგილზე გასულმა კანდიდატმა, სინან ოგანმა მოუწოდა მომხრეებს ხმა მისცენ პრეზიდენტ ერდოღანს.
დამკვირვებელთა აზრით, ეს ნიშნავს, რომ რეჯეფ ერდოღანს 99%-ით განაღდებული აქვს გამარჯვება მეორე ტურში, თუმცა ეს სრულად გარანტირებული ესე იგი 100%-იანი მაინც არ არის.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ოლაფ შოლცმა გუშინ განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს ჯო ბაიდენის მეორედ არჩევას აშშ პრეზიდენტად.
რა თქმა უნდა, გერმანიის კანცლერის მხარდაჭერა დიდი ვერაფერი რესურსია ამერიკაში, სადაც ამომრჩეველს სულ არ აინტერესებს ევროპელთა აზრი და ბევრმა შოლცი ვინაა ესეც არ იცის. მაგრამ.....ევროპის ეკონომიკური ლიდერი სახელმწიფო (პოლიტიკური ლიდერი საფრანგეთია) რომ ბაიდენს უჭერს მხარს, აშკარად ნიშნავს ევროპულ ელიტათა შიშს ტრამპისადმი.
შეგახსენებთ, რომ როდესაც დონალდ ტრამპი ოვალურ კაბინეტში შეხვდა ანგელა მერკელს (დიდ გერმანელ კანცლერინას, როგორც მას გერმანელები უწოდებენ).........დემონსტრაციულად ხელი არ ჩამოართვა!!! - გერმანია ამერიკელების ხარჯზე ცხოვრობსო.