გადაგვრევ, ვარდენ (ვარდიკო) ჩემო, ნამდვილად გადაგვრევ

გადაგვრევ, ვარდენ (ვარდიკო) ჩემო, ნამდვილად გადაგვრევ

    მოსკოვიდან დაბრუნებულმა ვარდიკო ნადიბაიძემ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ 15-16 მაისს საქართველოში ჩამოვა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია გენერალური შტაბის ხელმძღვანელის - სამსონოვის მეთაურობით. დელეგაცია საბოლოოდ დააზუსტებს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ოპერაციის შემდგომი განვითარების გეგმას. ნადიბაიძის თქმით, ეს გეგმა განხორციელდება იმის მიუხედავად, დაეთანხმებიან თუ არა მას აფხაზ სეპარატისტთა ლიდერები. გეგმა ითვალისწინებს სამშვიდობო ძალთა დისლოკაციის ადგილის შეცვლას, მათ გადაადგილებას მდინარე ენგურიდან მდინარე ღალიძგამდე, რის შემდეგაც გალის რაიონში უნდა დაიწყოს ლტოლვილთა მასობრივი დაბრუნება - ყოველ შემთხვევაში, ქართველ პოლიტიკოსებს ამის იმედი აქვთ. არადა, სწორედ ეს არის მთავარი შეცდომა, «უსაფრთხოების ზონის» გაფართოება არავითარ კავშირში არ არის გალის რაიონის ადმინისტრაციულ კუთვნილებასთან – როგორც არ უნდა გაფართოვდეს ეს ზონა, თუ გალის რაიონში დარჩა აფხაზური ადმინისტრაცია, ლტოლვილთა დაბრუნება არ დაიწყება. მაშასადამე, ვარდიკო ნადიბაიძეს და სხვა ქართველ ლიდერებს იმედი აქვთ, რომ «უსაფრთხოების ზონის გაფართოებაში» სწორედ ეს შინაარსი ჩაიდება.
        აფხაზური მხარისათვის ოპერაციის შინაარსობრივი ცვლილება ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია, თუ იგი გულისხმობს «უსაფრთხოების ზონის» გაფართოებას და სხვას არაფერს. აფხაზები კარგავენ კარგად გამაგრებულ საპორტიფიკაციო ხაზს გალის წყალსაცავიდან - ზღვამდე, რაც (სტრატეგიული თვალსაზრისით) ასუსტებს მათ პოზიციებს გალის რაიონში, ხოლო თუ «სამშვიდობო ოპერაციის» განვითარება ნიშნავს გალში ქართული ადმინისტრაციის აღდგენას, აფხაზური მხარე ძალზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, ვინაიდან გალში უმალვე დაბრუნდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო თამაზ ნადარეიშვილის ხელმძღვანელობით. ამ მომენტიდან მოლაპარაკებათა პროცესი წარიმართება ახალი სქემით - არა სოხუმსა და თბილისს შორის, არამედ სოხუმსა და გალს შორის. პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს არძინბას რეჟიმის კრახი იქნება.
        რასაკვირველია, აფხაზური მხარე ყოველივე ამას ნებაყოფლობით არ დაეთანხმება. სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ გეგმის განხორციელების მცდელობა გამოიწვევს ომს რუსეთსა და აფხაზეთს შორის. რუსეთის არმიას სამხედრო თვალსაზრისითაც კი გაუჭირდება გალის არხის გადალახვა, რომ აღარაფერი ვთქვათ პოლიტიკურ შედეგებზე.
   პირველი შეტაკებისთანავე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში ჩატარდება საგანგებო სხდომა, რომელზედაც მიიღებენ მორიგ ანტიქართულ დეკლარაციას და კატეგორიულად მოსთხოვენ ბორის ელცინს შეწყვიტოს «საომარი მოქმედება აფხაზეთის წინააღმდეგ». ჩრდილოეთ კავკასიური რესპუბლიკებიც ერთმნიშვნელოვნად დაუჭერენ მხარს აფხაზეთს. თუ ყოველივე ამის მიუხედავად, რუსეთი მაინც დაიწყებს «ქართული გეგმის» განხორციელებას. ელცინის ადმინისტრაციისათვის ეს სავალალო შედეგით დასრულდება. გამოდის, ბორის ელცინი საქართველოს პატრიოტი ყოფილა და დროა რიგით წევრად ჩავრიცხოთ «ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიაში».
        თუმცა, არც ერთ სერიოზულ დამკვირვებელს ვარდიკო ნადიბაიძის გულუბრყვილო ოცნებებისა არ სჯერა, - ჩვენ კვლავ გვძინავს და სიზმრებს ვხედავთ. რაც შეეხება ნადიბაიძის მოსკოვურ ვოიაჟს, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთის მხარესთან სამშვიდობო მისიის გაფართოებისა და შავი ზღვის ფლოტის «ქართული წილის» საკითხებთან შეთანხმებას, იგი აბსოლუტურად უშედეგო გამოდგა. პრეზიდენტმაც მას უნაყოფო უწოდა. ისე კი თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მოსკოვში იგი «ძალზედ თბილად» მიიღეს. რაღა გვიჭირს?!

მერიდიანი, 13 მაისი, 1997 წელი