საერთაშორისო მიმოხილვა. 31 ოქტომბერი. 2021 წელი
ყველა უბედურებასთან ერთად, ამ კოვიდ-პანდემიის დროს გამჟღავნდა, რომ აფხაზეთში დემოგრაფიული კატასტროფაა. ციფრები თავისთავად მეტყველია: 2010 წლიდან - 2020 წლამდე, ანუ 10 წლის განმავლობაში, დაბადებულთა რაოდენობა პატარა აფხაზეთში შემცირდა 2 156 ბავშვიდან ყოველწლიურად - 1 388 ბავშვამდე ყოველწლიურად. ანუ 760 ბავშვით.
უახლოეს მომავალში, როგორც დემოგრაფები ამტკიცებენ, დაიწყება მოხუცი აფხაზი მოსახლეობის კვდომის პროცესი. როგორი ჯანმრთელებიც და ჭარმაგებიც არ უნდა იყონ აფხაზი მოხუცები (ეს ცნობილია) თანდათან დგება ის, რასაც სრულიად ლეგიტიმურად შეიძლება ვუწოდოთ `აფხაზი ერის ამოწყვეტა`.
აქ იგულისხმება არა აფხაზეთიდან აფხაზი ახალგაზრდობის გადინება, წასვლა, გადასახლება, არამედ სწორედ შობადობის კატასტროფული შემცირება. ეს არის ისტორიული ჩიხი, რომელშიც აფხაზი ხალხი კაცთმოძულე, ფანატიკოსმა სეპარატისტებმა შეიყვანეს.
პანდემიამ დემოგრაფიული ვითარება მხოლოდ დაამძიმა, მაგრამ არ გამოუწვევია.
შობადობის 20%-ით შემცირება - ეს არის კ ა ტ ა ს ტ რ ო ფ ა!
ეს ნიშნავს, რომ ყოველი ერთი თაობის შემდეგ აფხაზთა რაოდენობა ერთი მესამედით(!) შემცირდება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სირიაში ვიზიტის დროს, აფხაზეთის `პრეზიდენტი` ასლან ბჟანია შეხვდა ანტიოქიის პატრიარქს, იოანე მეათეს.
როგორც ცნობილია, სირიაში ბევრი აფხაზი ცხოვრობს - მუჰაჯირების შთამომავლები, ვინც XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიას გაექცა.
აფხაზი სეპარატისტები ცდილობენ ქრისტიანობა გამოიყენონ `ინსტრუმენტად` მათი ე.წ. `სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის` პრომოუტირებისათვის ევროპაში და მთელს მსოფლიოში, რომლის `ცივილიზაციური გულანი` მაინც ქრისტიანული სამყაროა.
კონსტანტინეპოლის პატრიარქი არ არის მზად, რასაკვირველია, სცნოს აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალია. ამიტომ ახლა ანტიოქიის პატრიარქთან იწყებენ ინტრიგების ხლართვას იმის იმედად, რომ ანტიოქიის საპატრიარქოს მთლიანად რუსეთი, ანუ რუსეთის ჯარები სირიაში და რუსეთის მარიონეტი სირიის დიქტატორი ბაშარ ალ ასადი აკონტროლებს. არ არის გამორიცხული ანტიოქიის პატრიარქი პუტინმა და რუსმა გენერლებმა აიძულონ, სცნოს აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალია.
ჩვენთვის ეს იმიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ ისტორიულად სწორედ ანტიოქიაა ქართული ეკლესიის დედა-ეკლესია. და არა კონსტანტინეპოლი. იმიტომ, რომ თავის დროზე საქართველოს ავტოკეფალიის წყარო ანტიოქია იყო. კონსტანტინეპოლმა კი მხოლოდ 1990 წელს სცნო ქართული ეკლესიის ავტოკეფალია რუსეთის მიერ ჩვენი ეკლესიის აღაირების აქტის საფუძველზე, რისი მიღებაც მოსკოვის საპატრიაქროს 1944 წელს სტალინმა აიძულა.
რაც შეეხება თანამედროვე `აფხაზეთის ეკლესიას`.....ერთი ქართული გამოთქმა რომ არსებობს `რატომ ღმერთი არ გაიცინებსო`: XVI საუკუნიდან დაწყებული, საბრალო `საქართველოები` - სამეგრელო, იმერეთი, ქართლი, კახეთი...სწორედ იმიტომ `ევნენ და ეწამენ`, რომ მასობრივად არ მიუღიათ ისლამი, ელიტებმაც და `უბრალო ხალხმაც` უერთგულეს ქრისტეს. განსხვავებით აფხაზეთისგან, სადაც მასობრივად, ანუ ელიტებმაც და ხალხმაც განაგდეს ქრისტე.
დღეს კი.....თურმე...... `პირველი ქრისტიანები ჩვენ ვართ ამ მიწაზე და არა გრუზინებიო` - ეუბნებიან კონსტანტინეპოლსაც და ანტიოქიასაც.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
შოტლანდიურ გლაზგოში იხსნება გლობალური კონფერენცია (სამმიტი) კლიმატის თემაზე, რომელსაც მთელს მსოფლიოში უდიდეს, ლამის ისტორიულ მნიშვნელობას ანიჭებენ. ასეულობით ლიდერი დაესწრება. კონფერენციის მიზანია იმ კონვენციის გაძლიერება, რაც წინათ მიიღეს ტოკიოს და სხვა სამიტებზე ატმოსფეროს გამონაბოლქვით დაბინძურების საწინააღმდეგოდ.
ითვლება, რომ ოზონის ატმოსფერული საფარი ამ გამონაბოლქვების გამო `თხელდება` და სამკვდრო-სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის კაცობრიობას; ამიტომ განვითარებულმა ქვეყნებმა (Nations) უნდა შეამცირონ ინდუსტრიული წნეხი ატმოსფეროზე. კერძოდ იკისრონ ვალდებულებები, რომ გამონაბოლქვს და ჰაერის დაბინძურებას თანდათანობით (20-30-50 წლის მანძილზე) მინიმუმამდე დაიყვანენ, გადავლენ მწვანე ენერგეტიკაზე, ელექტრომობილებზე და ა.შ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე მიმდინარე საუკუნის ბოლოს ტემპერატურა დედამიწაზე მნიშვნელოვნად აიწევს, რაც გამოიწვევს ანტარქტიდის დნობას, ოკეანის დონის ამაღლებას და ოკეანისპირა ქალაქების დატბორვას - ნიუ იორკი, რიო დე ჟანეირო და სხვა მრავალი.
ოღონდ აქვე უნდა ითქვას, რომ ბევრ მეცნიერს ეს პროგნოზი მეტისმეტად `ფეთიანად` ანუ `ალარმისტულად` მიაჩნია და `მწვანეებს` გადაჭარბებაში ადანაშაულებს. თუმცა `მწვანეებმა` აქ ნამდვილად შეძლეს გლობალური ტრენდის შექმნა.
ერთი საინტერესო ნიუნასი: გლაზგოს სამიტის დაწყებამდე, რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა, რასაკვირველია პუტინთან შეთანხმებით განაცხადა: რა გადაწყვეტილებებიც არ უნდა მიიღონ დასავლეთის თუ აღმოსავლეთის განვითარებულმა სახელმწიფოებმა გლაზგოში, რუსეთი არ დაუშვებს `დასავლეთის მწვანე ექსპანსიას`, არ შემოუშვებს რუსეთში დასავლურ `მწვანე არასამთავრობო ორგანიზაციებს`, რათა არ შეფერხდეს რუსეთის ინდუსტრიული განვითარება და რუსეთმა მსხვერპლი არ გაიღოს.
რა საინტერესოა: რუსეთის სპეცსამსახურები უხვად აფინანსებენ `მწვანეებს` ევროპასა და ამერიკაში, რათა დახურონ ატომური ელექტროსადგურები, რომ დასავლეთი უფრო მეტად იყოს დამოკიდებული რუსულ გაზზე; ასევე, რათა შეაფერხონ `ფიქალის გაზის` წარმოება, რომ რუსულ გაზზე დამოკიდებულება არ შემცირდეს, დაიხუროს ქვანახშირის საწარმოები, არ აშენდეს ჰიდროელექტროსადგურები......ამ დროს კი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი აცხადებს: `დასავლურ მწვანე ორგანიზაციებს ჩვენს ქვეყანაში გასაქანს არ მივცემთო`.
ცხადია, ეს არის ჰიბრიდული ომის ნაწილი.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთი აგრძელებს ზეწოლას დასავლეთზე, რათა აღიარონ მისი ანტიკოვიდური ვაქცინა Спутник. საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი ამ საკითხზე გუშინ მკაცრად ესაუბრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტ გუტიერეშს. ხოლო პუტინმა, მისი ონლაინ გამოსვლა (კრემლიდან) G20 რომის კონფერენციაზე (ასევე გუშინ) დიდწილად სწორედ რუსულ ვაქცინას დაუთმო. ეს ვაქცინა მსოფლიოს 80-მა ქვეყანამ აღიარა.
მაგრამ არ აღიარებს ამერიკა და არ აღიარებს ევროპა.
იმიტომ არ აღიარებენ, რომ Спутник-ის წარმოებისას და მისი გამოცდისას მოსკოვმა ყველა ნორმა დაარღვია - ისე უნდოდა მსოფლიოში პირველი ყოფილიყო. ამიტომაც უწოდეს რუსულ ვაქცინას პირველი კოსმოსური თანამგზავრის სახელი - Спутник.
დასავლეთში თვლიან, რომ ასე გამოუცდელი ვაქცინა შესაძლოა საშიში იყოს. თუმცა მეორეს მხრივ არც ისაა, გამორიცხული, საკუთარ ვაქცინებს ლობირებდნენ ამით. არც უამისობაა ალბათ. ახლა (უკვე) დასავლეთში ვაქცინა საკმარისზე მეტია.
რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი პუტინისთვის? იმიტომ რომ დილემის წინაშე აღმოჩნდა: მან აკრძალა რუსეთში დასავლური ვაქცინების (Pfizer, AstraZeneca, Moderna.......) შემოტანა, რადგან ამით Спутник-ს დაამცირებდა. მაგრამ რაკი რუსები Спутник-ით არიან აცრილები და არა დასავლური ვაქცინებით, მათ არც ამერიკაში უშვებენ სამოგზაუროდ და არც ევროპაში!
დგას ერთი ოხვრა და ურვა რუსეთში რუსი მილიონერების და მილიარდერების და მათი შვილების თუ შვილიშვილების ....... რომლებიც პუტინის ანტიდასავლურ რეჟიმს კი ემსახურებიან ერთგულად, მაგრამ თვითონ (ისევე, სხვათა შორის როგორც პირადად პუტინის შვილებს - ორი გოგო ჰყავს) ევროპა-ამერიკის გარეშე, კურშაველის გარეშე, იტალიისა და კომოს ტბის გარეშე, მილანის გარეშე, პარიზის გარეშე, ვენის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ.
პუტინის რეჟიმის ერთ-ერთი სპეციფიკაც ესაა: ამ ავტორიტარს არ შეუძლია ანგარიში საერთოდ არ გაუწიოს იმას, რომ რუსული ელიტები დიდწილად ვესტერნიზებულნი არიან: დასავლეთში ცხოვრობენ, მოგზაურობენ, სწავლობენ, მუშაობენ და ა.შ. მათი სამკვდროდ განაწყენება პუტინს არ აწყობს.
პუტინის ორივე შვილი ევროპაში ცხოვრობს - იქ აიცრენ. ერთი მათგანი ევროპაშია გათხოვილი.
მაგრამ სხვები, ვინც 2019 წლიდან საშინელ ეპიდემიას გამოასწრო იტალიიდან და სხვა ქვეყნებიდან, ახლა იქ ვეღარ ბრუდნება და პუტინზე ბრაზობს. ეს პუტინისთვის არასასურველია, თუმცა მომაკვინებელიც არ არის რასაკვირველია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა ტრაღედიამ, რაც ამერიკაში მოხდა. შესანიშნავი ამერიკელი მსახიობი ალეკ ბოლდუინი, რომელიც დონალდ ტრამპის მთელი პრეზიდენტობის განმავლობაში მთავარ როლს ასრულებდა ანტიტრამპულ სატირულ შოუში, მწარედ დასცინოდა ტრამპს და მის მომხრეებს, ახლა მონაწილეობდა ვესტერნის გადაღებაში და შემთხვევით მოკლა ახალგაზრდა ქალი - ოპერატორი.
აღმოჩნდა, რომ ვიღაცამ (დაუდგენელია ვინ) რევოლვერში `კოლტ-45` (`ველური დასავლეთის` დროინდელი საზარელი იარაღია - სპილოს მოკლავს რამე რომ იყოს) ჩადო არა ფუჭი, არამედ საბრძოლო ტყვია.
გამორიცხულია ეს შემთხვევითი ყოფილიყო, რადგან ფუჭ ტყვიას ნამდვილი ტყვიისაგან ბავშვიც გაარჩევს: ფუჭ ტყვიას გამობურცული თავი არ გააჩნია. რადგან ცარიელია.
ერთ-ერთ ვერსიად განიხილება, რომ ვიღაცამ, ვისაც ალეკ ბოლდუინის პოლიტიკური პოზიცია არ მოსწონდა, სპეციალურად `მოუწყო`........ მასზე შურის საძიებლად. თუმცა ეს მხოლოდ ვერსიაა, მაგრამ დონალდ ტრამპის გარშემო ამერიკაში დღემდე მძვინვარე ვნებებს აძლიერებს.
არ არის გამორიცხული ალეკ ბოლდუინს არაგანზრახ მკვლელობაში (manslaughter) დასდონ ბრალი, თუმცა ის პირადად არ იყო ვალდებული, შეემოწმებინა იარაღი.
მოკლული ქალი ოპერატორი წარმოშობით უკრაინელია.