საერთაშორისო მიმოხილვა. 10 აპრილი. 2024 წელი
აშშ პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჯეკ სალივანმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას არა აქვს მტკიცებულება ჩინეთის მიერ რუსეთისთვის პირდაპირ (!) იარაღის მიწოდებისა.
ეს განცხადება მან გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის პეკინში ვიზიტის კომენტირებისას, რაზეც გუშინ ვწერდით.
სალივანი კი ამბობს „პირდაპირ“ იარაღის მიწოდების მტკიცებულებები არ გვაქვსო“, მაგრამ.....არაფერს ამბობს „არაპირდაპირ“ მიწოდებაზე.
მაგალითად ჩინეთი ნამდვილად აწვდის იარაღს მის „უმცროს ძმას“, ჩრდილო კორეას და ნამდვილად ეხმარება მას იარაღის წარმოებაში დამოუკიდებლადაც. ჩრდილო კორეა კი შემდეგ ამ იარაღს აწვდის რუსეთს.
მილიონი საარტილერიო ჭურვი უკვე მიაწოდა.
ჩინეთისგან განსხვავებით, ჩრდილო კორეას დიდად არ ანაღვლებს დასავლური სანქციები - ისედაც ტოტალურად დასანქცირებულია.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, წინასწარი შეტყობინების სახით, აშშ სენატში შეიტანა მოთხოვნა მომავალი წლის ბიუჯეტიდან უკრაინისთვის დამატებით 100 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ.
ნამდვილად კოლოსალური თანხაა, მაგრამ.....ჯერ ის 61 მილიარდი დოლარი ვერ „გაუტანიათ“ კონგრესის ქვედა პალატის წინააღმდეგობის გამო, რაც 2023 წლის ბიუჯეტით გამოუყვეს და.....კიდევ 100 მილიარდი დოლარი, რომელიც ნამდვილად ასევე „გაიჭედება“ ქვედა პალატაში???.....შესაძლოა ეს უფრო პოლიტიკური დეკლარაცია იყოს ამ ეტაპზე.
აქ ყველაზე ცუდი (რისი დაჯერებაც ნამდვილად არ გვინდა) ისაა, რომ ზოგიერთი ვერსიით, რასაც უმეტესწილად ამერიკისადმი არაკეთილგანწყობილი წყაროები ავრცელებენ, 61 მილიარდი დოლარის „გაჭედვა“ კონგრესში ერთგვარი თამაშია, ვითომდა „სპექტაკლი“, რასაც ადმინისტრაცია და კონგრესის ლიდერები შეთანხმებულად დგამენ, რათა აიძულონ ზელენსკი და უკრაინა დათანხმდეს ფრონტის ხაზის გაყინვას და რუსეთის მიერ უკვე ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო დათმობას აგრესორისთვის.
ასეა თუ ისე „ფაქტი ჯიუტია“: 61 მილიარდი ჯერ-ჯერობით გაჭედილია და ალბათ იგივე ბედი ელის ამ 100 მილიარდსაც.
. . . . . . . . . . . . . . . . .
გუშინ გამაოგნებელი განცხადება გააკეთა აშშ თავდაცვის მდივანმა (მინისტრმა) ლოიდ ოსტინმა. მისი თქმით, უკრაინული დარტყმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ და ნავთობმომპოვებელ ინფრასტრუქტურაზე „საფრთხეს უქმნის ენერგეტიკის სფეროში გლობალურ უსაფრთხოებას“
კიდევ უფრო ნიშანდობლივია მისი ფრაზა, რომ აშშ „ურჩევს უკრაინას ოპერატიულ და ტაქტიკურ ამოცანებზე კონცენტრირდეს“.........ანუ სტრატეგიულ ამოცანებზე არ კონცენტრირდეს?! რუსეთის დამარცხებაზე არ კონცენტრირდეს?!!!
რუსულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები, რაც გასული 1 თვის განმავლობაში უკრაინულმა არმიამ დიდი წარმატებით განახორციელა რუსეთის ნიჟეგოროდის, სამარის, რიაზანის, კრასნოდარის მხარეებში, იმდენად მწარე აღმოჩნდა მოსკოვისთვის, რომ ბენზინის ექსპორტიც კი შეზღუდა.
შესაბამისად, ნავთობის ფასმა და ბენზინის ფასმა მთელს მსოფლიოში, მათ შორის ამერიკაშიც დაიწყო „მაღლა აცოცება“, რაც ამერიკის ადმინისტრაციას არ მოსწონს 5 ნოემბრის სამკვდრო-სასიცოცხლო არჩევნების წინ.
აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ აშშ თავდაცვის მინისტრი, ამერიკული პოლიტიკური კულტურის შესაბამისად, ძალიან იშვიათად აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს.
როგორც ჩანს თეთრ სახლში სჭირდებოდათ, რომ ეს სენსაციური განცხადება სწორედ ოსტინს გაეჟღერებინა და არა სახელმწიფო მდივან ბლინკენს.
იმიტომ, რომ გენერალი ოსტინი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პროცესში ცენტრალურ ფიგურად იქცა და ჯო ბაიდენის გარემოცვაში მიიჩნიეს: „მისგან უფრო მიიღებენ უკრაინელები კრიტიკასო“.
არ მიიღებენ ამას უკრაინელები! რომც შეასრულონ „რჩევა“, არ მიღებენ და ეს თქვა კიდეც 1 კვირის წინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ: „ამერიკელებს არ მოსწონთ რუსულ ენერგო-ინფრასტრუქტურაზე ჩვენი „დარტყმებიო.
ოსტინის განცხადება „ფაზლის“ სიზუსტით თავსდება იმ ვერსიაში, რომ 5 ნოემბრის არჩევნების ანუ ტრამპთან მძვინვარე კლინჩის პროცესში „თეთრი სახლი“ რუსეთთან რაღაც კომპრომისის ზონდირებას“ ცდილობს ისევ და ისევ „ფრონტის ამჟამინდელ ხაზზე გაყინვის“ დისკურსში.
და ყურადღებიან დამკვირვებლებს იოტისოდენად არ ეპარებათ ეჭვი, რომ თეთრ სახლსა და კრემლს შორის მუდმივი კონსულტაციები მიმდინარეობს იმ ხაზებით, რაც ჯერ კიდევ „ცივი ომის დროს“ შეიქმნა ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად....
ეს არხები იმდენად ვაშინგტონში და მოსკოვში საელჩოები არაა, რამდენადაც სპეცსამსახურები: „აბა, რაზე ხართ წამომსვლელები და ჩვენ რაზე ვართ საპასუხოდ მზად.....“
Real policy!
პოლიტიკა სასტიკია.
არ უნდა იყოს შემთხვევითი, რომ სწორედ ახლა, ოსტინის განცხადების პასუხად, პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ კიევს „აქვს ახალი შეტევის გეგმა“, თუმცა ელის ახალ შეიარაღებას ან თუნდაც დასავლურ ტექნოლოგიებს შეიარაღების საწარმოებლად.
ზოგადად, უკრაინისთვის კატასტროფული პოლიტიკური შედეგების მომტანი აღმოჩნდა შარშანდელი შეტევის წარუმატებლობა, რადგან რაც უფრო დამყარდება „სტატუს-კვო“ ფრონტის ხაზზე (თუნდაც სტატუს-კვო, მით უმეტეს თუ უკრაინელები უკან დაიხევენ, როგორც ავდეევკასთან) მით უფრო გაძლიერდებიან დასავლეთში ის წრეები, რომლებიც მუდმივად ლაპარაკობენ რაღაც „სტრატეგიულ კომპრომისების აუცილებლობაზე“ უკრაინის მხრიდან.
გუშინდელ ინტერვიუში ზელენსკიმ ისიც თქვა, რომ შარშანდელი უკრაინული კონტრშეტევის შესახებ „რუსეთმა წინასწარ იცოდაო“
ანუ წინასწარ იცოდა კონკრეტული სამხედრო გეგმებიო - რომელ მონაკვეთებზე შეუტევდა უკრაინული არმია, რა ძალებით შეუტევდა და ასე შემდეგ.
ზელენსკის თქმით, მან არ იცის, საიდან უნდა გაეგო რუსეთს ამ კონკრეტული სამხედრო გეგმების შესახებ, რაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა თუ იცოდა.
ამავდროულად, დასავლური ანალიტიკური რესურსები ამტკიცებენ, რომ კონტრშეტევის ჩავარდნას შარშან ჰქონდა უფრო სამხედრო მიზეზი და არა იმდენად „ინფორმაციის გაჟონვა“: უკრაინის არმიამ უამრავი გამოცდილი და ბრძოლისუნარიანი პროფესიონალი მეომარი დაკარგა ბახმუტისთვის ბრძოლისას ჯერ კიდევ კონტრშეტევის დაწყებამდე. გარდა ამისა, რუსეთს ჰქონდა დრო მომზადებულიყო და ძლიერი საფორტიფიკაციო ნაგებობებით შეხვედროდა უკრაინულ შეტევას.
უდიდესი როლი შეასრულეს ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებმა და დრონებმა.
უკრაინას არ ჰქონდა უპირატესობა და დომინაცია ცაში, რაც დიდი შეტევის დროს ყოვლად აუცილებელი პირობაა: შემტევი არმია ცაში უნდა ბატონობდეს - ეს სამხედრო ხელოვნების ანაბანაა.
ამჟამად რუსული არმია ყოველდღიურად ათასამდე სამხედროს კარგავს დონბასის ფრონტზე შეტევის მცდელობისას.
შესაბამისი მონაცემები გამოაქვეყნა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ბრიტანულ სპეცსამსახურებზე დაყრდნობით
ირკვევა, რომ რუსული არმიის ყოველდღიური დანაკარგი 2022 წელს იყო 400 სამხედრო; 2023 წელს - 700 სამხედრო (ყოველ დღე!); 2024 წლის თებერვლიდან კი საშუალოდ ყოველ დღე 1000 სამხედრო.
აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ დანაკარგი არ ნიშნავს მაინცდამაინც მოკლულს, ანუ იგულისხმება „მწყობრიდან გამოსული“ ესე იგი მათ შორის დაჭრილი.
და მაინც....ძალიან დიდი ციფრებია. პუტინს ადრე თუ გვიან ახალი მობილიზაციის გამოცხადება მოუწევს.
ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაზაფხულზე ან ზაფხულში უფრო შორს ვერ გაიჭრება - ოდესისკენ, რისი საფრთხეც არსებობს.
იმავე ინტერვიუში ზელენსკიმ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა: „უკრაინა აწარმოებს დიდი რაოდენობით დრონებს, მაგრამ დრონები ვერ შეცვლიან იმ იარაღს, რაც ბევრად მეტად გვჭირდებაო“ - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი და უმაღლესი მხედართმთავარი.
ასახელებს კიდეც, რა იარაღი სჭირდება უკრაინას პირველ რიგში, რათა რუსული შეტევა მოიგერიოს და შემდეგ შეუტიოს: მეტი საზენიტო სისტემა Patriot, ასევე შორსმწვდომი გერმანული რაკეტები TAURUS, ამერიკული ATACMS და ავიაგამანადგურებლები F-16 რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა სტრატოსფეროდან გაუშვან რუსული ჯარების და რუსეთის მიმართულებით ის რაკეტები, რაც უკვე მიიღო დასავლეთისგან უკრაინამ. მაგალითად ბრიტანულ-ფრანგული Storm shadow.
დრონების წარმოებაში კი უკრაინას ნამდვილად ბრწყინვალე შედეგები და მიღწევები აქვს: განსაკუთრებით საზღვაო დრონების ნაწილში, რომელთა გამოყენებამ აიძულა რუსეთი მისი შავი ზღვის ფლოტი სევასტოპოლიდან ნოვოროსიისკში გადაემალა და ოჩამჩირეშიც გაიძურწებიან მალე.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ ამერიკამ, მისი თქმით „მწვანე შუქი აუნთო“ ისრაელს, რათა დაერტყა სირიაში ირანულ საკონსულოზე, სადაც როგორც ცნობილია, რამდენიმე მაღალი რანგის ირანელი ოფიცერი განადგურდა.
ირანის ეს განცხადება შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ირანი ამზადებს დარტყმას არა ისრაელის, არამედ ამერიკის ანუ რეგიონში ამერიკული ბაზების წინააღმდეგ
აქ არის ერთი ძალიან საინტერესო ნიუანსი: როცა პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით CIA-მ ერაყში მოკლა ირანის ელიტური სამხედრო დანაყოფის მეთაური გენერალი სულეიმანი, ირანი მაშინაც სულ ცეცხლს ყრიდა....გაგიჟებულები იყვნენ....ამერიკას ვუპასუხებთო და.....ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზას დაარტყეს რაკეტებით ოღონდ....წინასწარ გააფრთხილეს ამერიკელები, იქიდან პერსონალი და სამხედრო ტექნიკა გაეყვანათ.
ამერიკელებიც ამაზე წავიდნენ - „მეტი არაფერი გაბედონ (ნიუ იორკის „თაიმს-სქვერზე“ უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ ტერაქტი არ მოაწყონ) და ამგვარ „სიმბოლურ დარტყმებს“ ავიტანთ, რასაც ამერიკელი სამხედროების მსხვერპლი არ მოჰყვებაო“.
ანუ ერთგვარი შეთანხმებული თამაში იყო და ამაში რუსებიც მონაწილეობდნენ.
ოღონდ......ისრაელთან ამგვარი სიმბოლური დარტყმები არ გამოვა!
ამერიკელებთან გამოვიდოდა და გამოვა, ისრაელთან - არა!