ფეხბურთი....ფეხბურთი....

ფეხბურთი....ფეხბურთი....

რაღაც საოცარი პარადოქსია უკვე ისტორიულად:

მსოფლიოში უამრავი ქვეყანაა, სადაც ფეხბურთი ბევრად განვითარებულია (იყო და არის დღესაც) ვიდრე საქართველოში, მაგრამ....ნამდვილად ცალი ხელის თითებზეა ჩამოსათვლელი ქვეყანა, სადაც ფეხბურთი ისე თავდავიწყებით უყვართ, როგორც აქ, ამ ქვეყანაში.

ოღონდ ამგვარ დამოკიდებულებას და ფენომენს ჩრდილოვანი მხარეც აქვს: ხსენებული ვნებიდან გამომდინარე, ყველა ფეხბურთის პროფესორია, ყველას ესმის, ყველამ იცის სხვებზე უკეთ.....

„სხვებზე უკეთ“ არა, თუმცა ერთ არც თუ უმნიშვნელო ნიუნსზე მეც ვიტყვი ჩემს მოკრძალებულ აზრს:

საქართველოს ყველა ხელისუფლება, შევარდნაძით დაწყებული, პოპულისტურად რეაგირებდა ერთ ფანტომურ, ილუზორულ, სრულებით მცდარ, ძირშივე არასწორ წარმოდგენაზე, რაც ურყევად არის „გამჯდარი“ ქართველ გულშემატკივართა მასაში, თითქოს...... მთავარი და გადამწყვეტი ფეხბურთში მწვრთნელია!

სწორედ ამიტომ, შევარდნაძემ ფრანგი მწვრთნელი ჩამოიყვანა, მიშამ გერმანელი, ბიძინამ ისევ ფრანგი და ა.შ და ა.შ

ყველა შემთხვევაში ხელისუფლება (ვიმეორებ: პოპულისტურად!) რეაგირებდა ხსენებული მასის ამ ფანტომურ და მცდარ წარმოდგენებზე: თითქოსდა მწვრთნელს აქვს რაღაც „ჯადოსნური ჯოხი“ და თუ იპოვით გენიალურ მწვრთნელს, ის ორიოდე წელიწადში გუნდს აქცევს ევროპული კლასის ნაკრებად - დახაზავს რაღაც სქემებს, ზუსტად შეარჩევს ვინ უნდა გამოიყვანოს მოედანზე, „აქ და ახლა“ ვინ არ უნდა ათამაშოს, რა ტაქტიკით უნდა ითამაშოს გუნდმა, ვინ რა პოზიციაზე უნდა ითამაშოს და ა.შ და ა.შ...... სხვა მსგავსი ბოსტნეულის პლანტაცია

მურთაზ ხურცილავა იყო საქართველოს ნაკრების მწვრთნელი. მან თქვა გადადგომის შემდეგ პირველივე ინტერვიუში: „მე არ ვიყავი გენიოსი, მაგრამ რომც ვყოფილიყავი გენიოსი, ამ შემთხვევაშიც კი, თუნდაც გენიალურ მწვრთნელს თუ შ ე მ ს რ უ ლ ე ბ ე ლ ი (!!) არ ჰყავს (იგულისხმება, თუ არ ჰყავს მაღალი კლასის, პროფესიონალი, კვალიფიციური ფეხბურთელები-დ.) ის ვერაფერს იზამსო.

სრული სიმართლეა!

დიახ, ფეხბურთი კოლექტიური თამაშია. მართლაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს მწვრთნელს, თუმცა გ ა დ ა მ წ ყ ვ ე ტ ი ეს არ არის.

რეალურად, ფეხბურთში გადამწყვეტია ფეხბურთელის პერსონალური ოსტატობა, მისი კვალიფიკაცია, მისი პიროვნული ნიჭი, შრომისუნარიანობა, ბრძოლისუნარიანობა ანუ მთლიანობაში პ რ ო ფ ე ს ი ო ნ ა ლ ი ზ მ ი.

აი „ინდივიდუალურ ოსტატობას“ რასაც უწოდებენ...... დაწყებული ბურთის გაჩერების უნარით, პასის კულტურით (ცხონებული კოტე მახარაძის ტერმინოლოგიით), ორთაბრძოლაში ოსტატობით (უუუუდიდესი ოსტატობა სჭირდება ორთაბრძოლას ისე, რომ წესი არ დაარღვიო-დ.), ბოლოს და ბოლოს მოედანზე პოზიციონირებით.

ჩვენში ხშირად ამბობენ: „მწვრთნელმა „კედლის გათამაშება“ მაინც ხომ უნდა ასწავლოს გუნდს, რათა პრესინგისას ასე იოლად არ დაჩმორდნენო“.

დააკვირდით: როგორც კი მოწინააღმდეგე პრესინგს მიმართავს, ეს ჩვენი ნაკრები ნისკარტში ხელწავლებული ქათამივით უმწეო და საცოდავი ხდება.

ამიტომაც მკვიდრდება სტერეოტიპი: „კი მაგრამ, მწვრთნელმა ამ ბედოვლათებს „სტენკას“ გათამაშება მაინც ვერ უნდა ასწავლოოოოოოს?!!“

არა ბატონო, არა: „სტენკასაც“ ინდივიდუალური კვალიფიკაცია, ნიჭი და ოსტატობა ანუ პროფესიონალიზმი სჭირდება.

ბედოვლათებს (არაპროფესიონალებს) ვერ ასწავლი.

ჩამოიყვანეთ თუნდაც დიდი ან/და დიადი მწვრთნელი, - მოურინიო, გუარდიოლა, ფერგიუსონი......შესანიშნავ სქემებს დახაზავს, ტაქტიკასაც სწორად შეარჩევს, შემადგენლობასაც ზუსტად დააკომპლექტებს, წვრთნისა და ვარჯიშის ანუ სწავლების სწორ მეთოდსაც დაამკვიდრებს, მაგრამ......თუ ფეხბურთელი უნიჭოა, უუნაროა, დაბალი კვალიფიკაციისაა, უბრალოდ სუსტია, არაშრომისუნარიანია, არაბრძოლისუნარიანია, არაპროფესიონალია.....გენიოსებიც ვერაფერს გახდებიან!

მოურინიო და გუარდიოლა ამ ჩვენს ნაკრებს ვერანაირ „სტენკას“ ვერ ასწავლიან, როგორც სხვა ევროპელმა მწვრთნელებმა ვერ ასწავლეს - იმ შევარდნაძისდროინდელი ჟირესით დაწყებული.

ჩვენი დიდი, დაუვიწყარი, ლეგენდარული „დინამო“ იმიტომ კი არ იყო მართლა „დიადი“, რომ ნოდარ ახალკაცი ნამდვილად იყო უნიჭიერესი მწვრთნელი, არამედ იმიტომ, რომ იქ იყვნენ გენიოსები: დათო, საშა, ვიტალი, ვოვა, რომლებსაც „ათამაშებდნენ“ სხვა მაღალი კლასის პ რ ო ფ ე ს ი ო ნ ა ლ ე ბ ი.

მარტო კვარაცხელიას პროფესიონალიზმი არ კმარა!

ეს ხომ უნდა გავიგოთ ბოლოს და ბოლოს?

კვარაცხელია იმიტომ არის „კვარა“, რომ მას იმ ევროპულ გუნდში „ათამაშებენ“ უმაღლესი კვალიფიკაციის ფეხბურთელები.

და არა იმიტომ, რომ PSG-ს მწვრთნელია უბადლო გენიოსი.

და სხვათა შორის იმ დაუვიწყარი ქართული პლეადის დიდ ფეხურთელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ბავშვობოდან ნოდარ ახალკაცს სულაც არ გაუზრდია.

ისინი ჯერ „ჩამოყალიბდნენ“ პროფესიონალებად და ახალკაცმა უკვე ჩამოყალიბებულები პროფესიონალები „ათამაშა“ (თანაც „შეათამაშა“ ერთმანეთთან) თავისი „ტრენერული“ უნარით და ნიჭით, რაც უდავოდ ჰქონდა.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

აქ ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად „საქმისადმი“ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, რასაც სოციუმი უნდა კულტივირებდეს.

ეს სწორედაც სოციალური კულტურის თემაა.

სხვაგვარად თუ ვიტყვით, ან მართლა ისეთი კოსმიური საფეხბურთო გენია უნდა სუფევდეს ქვეყანაში, რაც სუფევდა ბრაზილიის თვალუწვდენელ, ათასკილომეტრიან „კოპაკაბანას“ სანაპიროზე, სადაც „დაიბადნენ“ პელე თუ გარინჩა (და რაც არ გაგვაჩნია: როგორც არ უნდა გვიყვარდეს ფეხბურთი - იმ დონის საფეხბურთო გენია ნამდვილად არ გაგვაჩნია მაინც. ის უნიკალურია აბსოლუტურად)........ და/ან იმგვარი ორგანიზებული, მეთოდური, ინტენსიური, სისტემური, ინსტიტუციონალიზებული შრომის უნარი და კულტურა, რაც ინგლისელებს ახასიათებთ - ფეხბურთის არანაკლებ თავდავიწყებულ სიყვარულთან ერთად.

როგორ უნდა გაიზარდოს მაღალი კლასის ფეხბურთელი საქართველოში ბ ა ვ შ ვ ო ბ ი დ ა ნ იმ ვითარებაში, როდესაც ერთის მხრივ მუდამ „ზურგზე აწევს“ მრავალი ეროვნული დამარცხებით განპირობებული სოციო-ფსიქოლოგიური კომპლექსი, რასაც თან ერთვის ამ მარცხთა ფეხბურთში გამარჯვებებით კომპენსირების უმძიმესი (შეუძლებელი და „აუწეველი“) ტვირთი......... და თან, როგორც ირკვევა, მეორეს მხრივ, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, არც შრომისუნარიანობისა და შრომისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების კულტივირება ძალუძს თვით სოციუმს.......მე არ ვიცი.

სხვამ თუ იცის, თქვას

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

და აქვე: „არც ერთ თამაშს ფეხბურთელი არ აგებს, ყველა თამაში მწვრთნელის წაგებულიაო“ - არის მტკნარი სისულელე!

ამ თეზისს ფეხბურთის ისტორია არ ადასტურებს.

ისევე, როგორც სისულელეა „არც ერთ ომს ჯარისკაცი არ აგებსო“.

ამ უბადრუკ სიბრიყვესაც კაცობრიობის მრავლისმნახველი ისტორია კატეგორიულად უარყოფს.

როგორც პირველ, ასევე მეორე შემთხვევაში ჯარისკაცის თუ ფეხბურთელის პიროვნულ ნიჭს, უნარს და პასუხისმგებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.