«მხედრიონის» სასამართლო
რამდენიმე დღის წინ თბილისში დაიწყო «მხედრიონის» სასამართლო პროცესთა გრძელი სერია. ამჟამად მხოლოდ კახეთის «მხედრიონის» სასამართლოა.
კერძოდ, ასამართლებენ თელავის «მხედრიონს» და მის ლიდერს, მეტსახელად «მაჭახელას». ასამართლებენ მკვლელობების, ყაჩაღობებისა და ძარცვა-გლეჯისთვის; ანუ იმ ცოდვისათვის, რომელიც 1992-1995 წლებში კახეთში ტრიალებდა.
უახლოეს მომავალში გაიმართება აგრეთვე «მხედრიონის» სხვა დაჯგუფებათა სასამართლო პროცესებიც. ეს ყოველივე კი დაგვირგვინდება ჯაბა იოსელიანის გასამართლებით.
«მხედრიონის» ლიდერს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით, რომელთაგან მთავარია «ყაჩაღური ჯგუფების ორგანიზება» და «სამეგრელოს მოსახლეობის აწიოკება».
როგორც ცნობილია, 1992-1993 წლებში «მხედრიონმა» რამდენიმე დამსჯელი ექსპედიცია მოაწყო სამეგრელოში, რომელთა დროსაც გაიძარცვა ათასობით ოჯახი, - ავეჯით, ძვირფასეულობით, დანა-ჩანგლ-სერვიზით დატვირთული გატაცებული მანქანების ქარავნები მოძრაობდნენ ზუგდიდიდან – თბილისისაკენ.
«მხედრიონელებმა» გადაწვეს დარჩელი, რაც უპრეცედენტო მოვლენა იყო საქართველოს ისტორიაში. დღეს ყოველივე ამას ჯაბა იოსელიანს ბრალად უყენებენ. მისი მომხრეები კი, მათთვის ჩვეულ «ფორმალურ ლოგიკას» მიმართავენ და ასეთი კონტრარგუმენტი მოჰყავთ: განა შევარდნაძე არ აგზავნიდა «მხედრიონს» სამეგრელოში? განა პროკურატურაში არ არიან დამნაშავეები, მაშინ რატომ არ ასამართლებთ გენერალურ პროკურორს? პოლიციაშიც ხომ არიან ყაჩაღები და გამომძალველები, მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრიც გაასამართლეთ.
ეს ფორმალური ლოგიკა ჯერ კიდევ, 1990 წლიდან «დაიხვიეს ხელთ» მხედრიონელებმა და მისი გაბათილება საოცრად რთული აღმოჩნდა, ვინაიდან საერთოდ ძნელია სოფიზმზე დამყარებული ლოგიკის გაბათილება.
ალბათ ყველას გვახსოვს სოფისტური ამოცანა: დაეწევა თუ არა აქილევსი კუს? სოფისტური ლოგიკით გამოდის, რომ ვერ დაეწევა, ვინაიდან, სანამ ფეხმარდი აქილევსი გაივლის იმ მანძილს, რომელიც კუსგან აშორებს ეს უკანასკნელიც გაივლის თუნდაც მცირე, მაგრამ მაინც რაღაც მონაკვეთს და ა.შ.
ერთადერთი საშუალება ამ ლოგიკის გაბათილებისა არის «ჯანსაღი», ცხოვრებისეული ლოგიკის დაპირისპირება: მოძრაობა არის არა წყვეტილობათა ჯამი, არამედ უწყვეტი პროცესი. სწორედ ამიტომ დაეწევა და კიდეც გაასწრებს აქილევსი - კუს.
რასაკვირველია, პოლიციაშიც არიან ყაჩაღები და პროკურატურაშიც, მაგრამ როდესაც «მხედრიონის» მოწინააღმდეგენი მათ ეუბნებოდნენ «ესენი ხომ სახელმწიფო ორგანიზაციები არიან, რომელთაც სახელმწიფო ქმნის და აფინანსებსო», მხედრიონელები პასუხობდნენ: მერედა, განა ჩვენ სახელმწიფო ორგანიზაცია არა ვართ? განა «მაშველთა კორპუსი» სახელმწიფო კომიტეტი არ არის? განა იგი მთავრობის გადაწყვეტილებით არ შეიქმნა?
ვერაფერს ეტყვი, ნამდვილად ლოგიკურია. მაგრამ (ვიმეორებ) ეს ფორმალური ლოგიკაა. სწორედ ამიტომ, ადგა პოლიცია და «მხედრიონელთა» ფორმალურ ლოგიკას დაუპირისპირა ასევე ფორმალური ლოგიკა: თუ ლოგიკურია, რომ ჯაბა იოსელიანი «მხედრიონის» ქმედებისათვის არ შეიძლება პასუხს აგებდეს, ვინაიდან «შინაგან საქმეთა მინისტრს ხომ არ ასამართლებენ პოლიციელთა ყაჩაღობის გამო». მაშინ, ასევე ლოგიკურია, რომ ჯაბა იოსელიანი დააპატიმრეს იარაღის ტარებისა და ნარკოტიკული ნივთიერების შენახვისათვის(!).
სასაცილოა, ნამდვილად სასაცილოა, რომ ჯაბა იოსელიანს იარაღის შენახვისათვის აპატიმრებენ. მაგრამ არანაკლებ აბსურდულია «მხედრიონის» ადვოკატთა არგუმენტებიც: «განა პროკურატურაში არ არიან დამნაშავეები და აშ.» ადვოკატურას ასეთი არგუმენტი მოჰყავს: «განა შევარდნაძე არ აგზავნიდა მათ სამეგრელოში?» ესეც ფორმალური ლოგიკაა: რასაკვირველია, შევარდნაძე აგზავნიდა, რასაკვირველია, ძალიან კარგად იცოდა რასაც ჩაიდენდნენ, მაგრამ თვით შევარდნაძე ამ ბრალდებას უეჭველად დაუპირისპირებს ასევე ფორმალურ ლოგიკას: «მე კი ვაგზავნიდი «მხედრიონს» სამეგრელოში, მაგრამ მე ის ხომ არ მითქვამს, მოსახლეობა გაძარცვეთო».
მართლაც, შევარდნაძე «მხედრიონს» სამეგრელოში აგზავნიდა ლოთი ქობალიას წინააღმდეგ საბრძოლველად ანუ ეს (მისი მხრიდან) იყო სამოქალაქო ომის აქტი. მართალია იგი ამ სამოქალაქო ომში თუ მტყუანი - სხვა საკითხია. ამ შემთხვევაში მთავარი ის ფორმალური ლოგიკაა, რომლითაც დღევანდელი პრეზიდენტი თავს გაიმართლებს. რამდენიც არ უნდა იყვირონ «მხედრიონელებმა» - სამეგრელოში ეგ გვაგზავნიდაო, ვერაფერს გახდებიან. შევარდნაძე მშვიდად უპასუხებს: დიახ, «მე გაგზავნიდით, მაგრამ მე არ მითქვამს, საოჯახო ნივთებით მანქანები დატვირთეთ, თან დანა-ჩანგალიც გამოაყოლეთ და თბილისში გამოზიდეთო».
«მხედრიონელებმა» (იმავე ლოგიკის თანახმად) უნდა უპასუხონ: «მერედა, განა არ იცოდი, ვინ ვიყავით, რომ უეჭველად გავძარცვავდით და დავაყაჩაღებდით მოსახლეობას, განა არ იცოდი, რისი გამკეთებლები ვიყავით?», მაგრამ ამას ვერ უპასუხებენ - მაშინ უნდა აღიარონ, რომ მართლა ყაჩაღები ყოფილან, ხომ თუ ამას აღიარებენ, შევარდნაძის «ზნეობრივი დანაშაული» მათთვის დიდი შეღავათი არ იქნება.
რაც შეეხება თვით «ზნეობრივ დანაშაულს», პოლიტიკა ამგვარი დანაშაულის გარეშე არ არსებობს, - ნებისმიერ პოლიტიკოსს სული ეშმაკისთვის აქვს მიყიდული. ვაი იმ პოლიტიკოსს, რომელიც უზნეო არ არის. ვაი იმ პოლიტიკოსს, რომელიც იმას ლაპარაკობს, რასაც ფიქრობს და იმას აკეთებს, რასაც ლაპარაკობს, ასეთი პოლიტიკოსის ბოლო უეჭველად დამხობა და «გროზნოს საფლავია».
დღეს «მხედრიონს» ასამართლებენ ყველა იმ დანაშაულისათვის, რომელიც მისმა წევრებმა ჩაიდინეს 1991 წლიდან - დღემდე. ანუ იმ პერიოდში ჩადენილი დანაშაულისთვისაც კი, როდესაც ე.წ. «დემოკრატიული ოპოზიცია» «დიქტატურას» ებრძოდა და საქართველოში «სახალხო აჯანყების» იდეოლოგიურ საფუძველს ამზადებდა. მაშინ «მხედრიონს» პოლიცია დაჩაგრული და დაბრიყვებული ჰყავდა. რომან გვენცაძე ხშირად დადიოდა ჭადრაკის სასახლეში («მხედრიონის» შტაბ-ბინაში) და «მხედრიონელებს» ეხვეწებოდა, ემუდარებოდა: ბიჭებო, თქვენი ჭირიმე, ცოტა ზომიერად მოიქეცით, სულ რომ აიკელით ქვეყანაო.
სამაგიეროდ, ჩვენი შესანიშნავი «ინტელიგენცია», იმავე შტაბ-ბინაში ათენ-აღამებდა და მხედრიონს «აგულიანებდა» - აბა თქვენ იცით ბიჭებო, არ დაუშვათ საქართველოში დიქტატურის გამარჯვებაო.
კიდევ უფრო აქტიურობდნენ 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ქუჩაში დარჩენილი «პარტიები». მათ გადაწყვიტეს საპროტესტო აქციები მოეწყოთ საქართველოს სხვადასხვა რაიონში. დამრტყმელ «ძალად» აქაც «მხედრიონს» იყენებდნენ - ეს უკანასკნელი შეიარაღებული ჩადიოდა რაიონში და «პრეფექტურებს» სულ შიშის ზარს სცემდა. «დემოკრატებს» (დღეს რომ თითქოს რისხვას ვერ მალავენ ყოველგვარი უკანონობის წინააღმდეგ) სიხარულით თვალები უბრწყინდებოდათ, როდესაც ალმოდებულ «პრეფექტურებსა» და «მილიციის განყოფილებებს» ხედავდნენ.
«მხედრიონი», სრული შემადგენლობით, უკვე ციხეში ზის მეთაურთან ერთად.
პოლიცია ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა, მაგრამ მტკიცედ და შეუქცევადად ხსნის ყველა იმ საქმეს, რომელიც, 1991-1995 წლებში აღიძრა და შემდგომ შეჩერდა. დაპატიმრებულ «მხედრიონელებს» ციხეებში ალაპარაკებენ და იმ «მხედრიონელებსაც» აპატიმრებენ, რომლებიც ბოლო დრომდე გარეთ იყვნენ. ფაქტობრივად, ხელისუფლებამ შეძლო ამ ორგანიზაციის განადგურება, მაგრამ სოციალური საფუძველი მისი «აღდგომისთვის» მოსპობილი ნამდვილად არ არის.
ეს საფუძველი კვლავაც არსებობს, ამიტომ «მხედრიონი» ისევ შეიძლება აღორძინდეს თუ საქართველოში კიდევ ერთი «სოციალური გადატრიალება» მოხდება.
შევარდნაძე (განსხვავებით გამსახურდიასაგან) შესანიშნავად გრძნობს და ხედავს, რა პოტენციური ენერგია გროვდება ქუჩაში დაპატიმრებული «მხედრიონელების» ახლობლებისა და ნათესავების სახით. ათასობით «მხედრიონელი» ამჟამად ციხეშია, ათეულობით ათასი მათი ახლობელი, ნათესავი, ძმა და მეგობარი, მხოლოდ ნიშანს ელოდება, რომ ქუჩაში გამოვიდეს და «დიქტატორის» გადადგომა მოითხოვოს.
«დიქტატორია», აბა რა არის, თუ მათ ძმას (ახლობელს, მეგობარს, ნათესავს) დაიჭერს და ციხეში ჩასვამს? საკმარისია ერთი ნაპერწკალი, ერთი პროვოკაცია, რომ კვლავ აივსოს ქუჩები «დემონსტრანტებით» და კვლავ დატრიალდეს ბორბალი, რომელიც ერთხელ უკვე დატრიალდა ჩვენს თავს.
1991 წელს, ამგვარი «ნაპერწკლის ფუნქცია» 2 სექტემბრის პროვოკაციამ შეასრულა, რომელშიც «გარეთ» დარჩენილი «მხედრიონელები» მონაწილეობდნენ. დღეს რა მოვლენა შეასრულებს «ნაპერწკლის» ფუნქციას, ჯერ-ჯერობით არავინ იცის, მაგრამ დაძაბულობა მატულობს.
მდგომარეობას ართულებს ის გარემოება, რომ ქართული პრესა (მისი დემოკრატიული ბუნებიდან და შინაგანი თავისუფლებიდან გამომდინარე), რა თქმა უნდა «დაჩაგრულის» მხარესაა. პრესაში ატეხილმა ხმაურმა უკვე გამოიღო შესაბამისი შედეგი, - იქმნება საზოგადოებრივი ფონი, რომელიც ზოგჯერ ნებისმიერ მოსამართლეს აიძულებს, მიიღოს განსასჯელის სასარგებლო გადაწყვეტილება.
ამას ემატება უამრავი საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანიზაცია, რომლებიც საქართველოში «ადამიანის უფლებებს» იცავენ. «მხედრიონელებს» კვლავ აქვთ შანსი «პოლიტიკურ პატიმრებად» გამოცხადდნენ, - თვით ჯაბა იოსელიანი უარს აცხადებს მონაწილეობა მიიღოს «საგამომძიებლო პროცედურებში», არ მონაწილეობს დაკითხვებსა და დაპირისპირებებში. როგორც ჩანს, იგი ელოდება სასამართლო პროცესს, რათა ეს პროცესი გამოიყენოს ტრიბუნად - შევარდნაძის მხილებისათვის.
ჯაბა იოსელიანის პროცესს საქართველოში (და არა მხოლოდ საქართველოში) უდიდესი რეზონანსი მოყვება, რადგან ჯაბამ იცის ყველაფერი იმის თაობაზე რაც მოხდა საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში. მან კარგად უწყის ის მექანიზმები, რომელთა მოქმედების შედეგად დაბრუნდა ედუარდ შევარდნაძე საქართველოში. იცის, როგორ იწყებოდა და მიმდინარეობდა ომი აფხაზეთში და ა.შ.
სასამართლო პროცესზე ჯაბა იოსელიანი კვლავ შეეცდება ფორმალური ლოგიკა დაუპირისპიროს ბუნებრივ ლოგიკას. როგორც ჩანს, ადვოკატები ისევ იმავე არგუმენტს მოიყვანენ: რატომ უნდა აგოს პასუხი ჯაბა იოსელიანმა იმ დანაშაულისათვის, რომელსაც ორგანიზაციის რიგითი წევრები სჩადიოდნენ? განა პოლიციის თანამშრომლები არ ჩადიან სისხლის სამართლის დანაშაულს? მაშინ გაასამართლეთ კახა თარგამაძე. განა პროკურატურაში არ არიან დამნაშავენი? მაშინ დასვით საბრალდებო სკამზე ჯამლეტ ბაბილაშვილი! განა უნივერსიტეტში არ ყოფილა მექრთამეობის ფაქტები? მაშინ დააპატიმრეთ რექტორები და ა.შ.
რა უნდა ქნას ასეთ პირობებში სახელმწიფომ? რა უნდა ქნას, ბატონებო და უნდა ქნას ის, რაც სახელმწიფოს ევალება: ფორმალურ ლოგიკას - ფორმალური ლოგიკა უნდა დაუპირისპირდეს, გაიძვერობას - გაიძვერობა, ტყუილს - ტყუილი, ძალას - ძალა!
სხვა გზა არ არის; სხვაგვარად კვლავ მივიღებთ სიტუაციას, როდესაც მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ესა თუ ეს კაცი ქურდი და ბანდიტია, მაგრამ იგი ხელისუფლებაშია და ქვეყნის მართვაშიც მონაწილეობს, «ინტელიგენციასთან» მეგობრობს და ა.შ.
რაც შეეხება «დემოკრატიას», დროა გავიგოთ და შევიგნოთ: კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არც ერთი სახელმწიფო დემოკრატიული ხერხებით არ დაფუძნებულა. უკლებლივ ყველა სახელმწიფო ფუძნდებოდა ცეცხლითა და მახვილით. რაღა საქართველო იქნება გამონაკლისი?!
«კვირიონი», 6 ივლისი, 1996 წელი.