საერთაშორისო მიმოხილვა. 29 თებერვალი. 2024 წელი
ჩრდილო კორეამ რუსეთს უკვე მიაწოდა 2,5 მილიონი საარტილერიო ჭურვი.
ეს დაადგინა ამერიკულმა დაზვერვამ თანამგზავრული ფოტო-ვიდეო მასალის ანალიზის შედეგად: რუსული გემები სულ უფრო ხშირად შედიან ჩრდილო კორეულ პორტებში და იქ იტვირთებიან, ხოლო შემდეგ ხდება ამ საბრძოლო მასალის გადმოტვირთვა რუსულ პორტებში, სადაც ჯერ საწყობდება, შემდეგ კი იგზავნება ფრონტზე.
2,5 მილიონი საარტილერიო ჭურვი ძალიან ბევრია. არ არის გასაკვირი, რომ რუსულ არმიას ამ მხრივ არსებითი უპირატესობა აქვს უკრაინის ფრონტზე.
. . . . . . . . . . . . . . . . .
აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა წერტილი დაუსვა ტაკიმასხარაობასა და სპეკულაციებს აფხაზეთში ე.წ. „აფხაზური ეროვნული ვალუტა აფსარის“ შემოღების თაობაზე.
„პარლამენტის“ გადაწყვეტილებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე ერთადერთი ლეგიტიმური, ოფიციალური ვალუტა არის რუსული რუბლი! „აფსარი“ ნახსენებიც არაა.
რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის „პრეზიდენტი“ ბჟანია ბობოქრობდა: „რა სისულელეა ეს წინადადებები აფსარის შემოღების შესახებ - ამით ხომ აფხაზეთის ეკონომიკა საერთოდ განადგურდებაო“.
რეალურად, უკვე მსჯელობამაც კი „აფსარის“ შემოღებაზე მოსკოვი იმდენად გააღიზიანა, როგორც ჩანს აფხაზეთის ხელისუფლება გააფრთხილეს: „ტაკიმასხარაობას მორჩით, თორემ რუბლებს აღარ მოგაწვდით და ვნახავთ ერთი მაგ თქვენი „აფსარით“ ვისთან რას ივაჭრებთო“.
მკაფიო ილუსტრაციაა საიმისოდ, როგორ „უყურებს“ სინამდვილეში მოსკოვი აფხაზეთის ე.წ. „დამოუკიდებლობას“: ეს „დამოუკიდებლობა“ რომ აღიარა 2008 წელს, სულაც არ ნიშნავს, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკი „აფსარსაც“ აღიარებს და რუსული მთავრობამ „აფსარს“ მიიღებს სავაჭრო-გაცვლით ერთეულად. რუბლზე უარის თქმას მოსკოვში „აფხაზურ სეპარატიზმად, ანუ უმადურობად“ აღიქვამენ და ღიზიანდებიან.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ათეულობით რუსი სამხედრო განადგურდა დონბასზე იმ მომენტში, როცა რუსულმა სარდლობამ სამხედრო მოსამსახურეები პლაცზე მოაწყო დაჯილდოების ცერემონიალისთვის. სწორედ ამ დროს პლაცს დაარტყეს უკრაინელებმა HIMARS სისტემებიდან.
ბუნებრივია, ინფორმაცია, თუ სად მოეწყო რუსული არმია დასაჯილდოებლად, უკრაინელებს ამერიკელებმა მიაწოდეს. HIMARS-იც ხომ ამერიკული სისტემაა. ამერიკა პირდაპირ არის ჩარეული უკრაინის სამართლიან ომში უკრაინის მხარეს.
ეს უკვე მეორე შემომთოვა სულ რამდენიმე კვირის განმავლობაში, როცა უკრაინელებს ამერიკელები სადაზვერვო მონაცემებს აწვდიან (ალბათ კოსმოსური თანამგზავრით მოპოვებულ მონაცემებზეა ლაპარაკი) რუსული არმიის „დაჯილდოების“ შესახებ და შემდეგ ამ ცერემონიალს უკრაინული არმია წარმატებით უტევს.
როგორც ჩანს, იმ სამხედროების დაჯილდოებაზე იყო ლაპარაკი, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ავდეევკას დაპყრობაში და ეს ზეიმი რუსებს „ჩაუშხამდათ“.
. . . . . . . . . . . . . . . . .
დასავლურ მედიაში გრძელდება მსჯელობა ნავალნის გარდაცვალების, ფაქტობრივად კი მკვლელობის საქმეზე.
დადასტურებულია, რომ პუტინი ნამდვილად აწარმოებდა მოლაპარაკებას ამერიკელებთან ნავალნის გაცვლაზე ვადიმ კრასიკოვში.
ეს არის დაქირავებული მკვლელი, რუსული სპეცსამსახურების აგენტი, რომელმაც ბერლინში მოკლა საქართველოს მოქალაქე ჩეჩენი ხანგოშვილი.
მოლაპარაკებები წარუმატებელი იყო, რადგან გერმანელები კატეგორიულად წინააღმდეგნი არიან კრასიკოვის გამოშვებისა. თუნდაც ნავალნის სანაცვლოდ. არადა, პუტინი მზად იყო არა მხოლოდ ნავალნი გაეშვა, არამედ ამერიკელი ჟურნალისტი გერშკოვიჩიც.
თუმცა ბერლინის პოზიცია ამ მხრივ შეუვალი აღმოჩნდა: მკვლელს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი და ციხეში უნდა იჯდეს!
„გერმანია გამჭოლი ეზო არ არის - ვისაც მოუნდება და გადაწყვეტს გერმანიის ტერიტორიაზე, ბერლინის ცენტრში მკვლელობა ჩაიდინოს და შემდეგ სხვა სახელმწიფოებმა მოილაპარაკონ, რა უნდა გააკეთოს გერმანიამ, გამოუშვას თუ არა მკვლელი“ - ასეთია ბერლინის პოზიცია, რომელიც გერმანის ფედერაციული რესპუბლიკის სუვერენიტეტის განმტკიცების პრიორიტეტიდან გამომდინარეობს.
რაც შეეხება ნავალნის გაცვლას, პუტინი ამისთვის მზად იქნებოდა, რადგან დასავლეთიდან ალექსეი ნავალნი მას იმაზე მეტ პრობლემას მაინც ვერ შეუქმნიდა, რასაც უქმნიდა ციხეში ყოფნისას.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ბრიტანული Financial times და BBC აქვეყნებენ საინტერესო მასალას რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ.
როგორც ჩანს ეს მასალები ბრიტანულ მედიას ხელში ჩაუვარდა ბრიტანული სპეცსამსახურების „წყალობით“, რომლებმაც ისინი რუსული გენერალური შტაბიდან „წამოიღეს“ აგენტურის მეშვეობით.
ფაქტობრივად, ლაპარაკია ტაქტიკური და სტრატეგიული იარაღის გამოყენების შესაძლო გარემოებებზე და განსაკუთრებით საინტერესოა ორი მომენტი:
ა) მოდელირება ეხება ჩინეთის არმიის შემოსევას რუსეთში;
ბ) დოქტრინა შედგენილია და მოდელირება განხორციელებულია 10 წლის წინ - ჯერ კიდევ უკრაინაში რუსული არმიის შეჭრამდე.
ირკვევა, რომ რუსული არმიის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების „ზღვარი“ ბევრად დაბალია, ვიდრე ადრე ითვლებოდა: რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს მაშინვე, თუკი გენერალური შტაბი დარწმუნდება, რომ აგებს On the ground ბრძოლას.
არა ომს, არამედ ბ რ ძ ო ლ ა ს.
მაგალითად, „დოქტრინაში“ ნათქვამია, რომ თუ ჩინეთი შეუტევს რუსეთის ტერიტორიას და ჩინური არმიის პირველი ეშელონები წინ წაიწევენ, ტაქტიკური ბირთვული იარაღი იქნება გამოყენებული მეორე ეშელონების წინააღმდეგ.
რაც შეეხება სტრატეგიული ბირთვული იარაღის, ანუ კონტინენტთაშორისო ბირთვული რაკეტების გამოყენებას, ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რუსული გენერალური შტაბი დარწმუნდება, რომ რუსეთი აგებს არა უბრალოდ ბრძოლას, არამედ ომს.
შეგახსენებთ, რომ NATO-მ ჯერ კიდევ 2022 წელს, ესე იგი უკრაინაში რუსეთის შეჭრისთანავე გამოაქვეყნა თავისი ბირთვული დოქტრინა, რომელიც რამდენიმე გარემოებას ითვალისწინებს: თუ რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს უკრაინის ტერიტორიაზე, ალიანსი უპასუხებს მასირებული დარტყმით ჩვეულებრივი იარაღით უკრაინის ტერიტორიაზე; თუ რუსეთი შეუტევს კონვენციური იარაღით NATO-ს წევრ რომელიმე სახელმწიფოს, ჩრდილო ატლანტიკური კავშირი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს; ხოლო თუ რუსეთი გამოიყენებს ტაქტიკურ ან სტრატეგიულ ბირთვულ იარაღს NATO-ს წინააღმდეგ, დასავლეთი უპასუხებს სრულმასშტაბური ბირთვული დარტყმით.
თავისთავად ისიც საინტერესოა, რომ რუსული გენერალური შტაბის ბირთვულ მოდელირებაში ჩინეთი ფიგურირებს. როგორც ჩანს მოსკოვში ბოლომდე არ ენდობიან პეკინს და ამჩნევენ, რომ ჩინეთს აქვს შორსმიმავალი გეგმები ციმბირის „ათვისებასთან“ დაკავშირებით.
ალბათ ამგვარი გეგმები და მოდელირებები რუსულ გენერალურ შტაბში დასავლეთის, იმავე ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მიმართაც არსებობს, თუმცა MI5 და CIA-მ ისინი ჯერ ვერ მოიპოვა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი მზადაა გაასაჩივროს ნიუ იორკის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც აეკრძალა ნიუ იორკში ბიზნესის კეთება და დაეკისრა დიდძალი ჯარიმა ბიზნეს-აქტივთა ღირებულების მიზანმიმართული გადაჭარბებისთვის.
თუმცა ირკვევა, რომ ტრამპს არ გააჩნია $454 მილიარდი, რაც აუცილებელია გირაოს შესატანად: ამას ითვალისწინებს ამერიკული კანონი: აუცილებელია გირაო, რათა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრო; ხოლო ეს გირაო არ უნდა იყოს ჯარიმის თანხაზე ნაკლები; ჯარიმის თანხა იყო $354 მილიარდი, თუმცა გადაუხდელობის გამო მას ყოველ დღე ემატებოდა ჯარიმა $112 000.
ნიშანდობლივია, რომ სასამართლომ დონალდ ტრამპს ჯარიმა კი დააკისრა და ბიზნესის კეთება კი აუკრძალა ნიუ იორკში, მაგრამ არ გაუუქმებია მისი კომპანიების ბიზნეს ლიცენზიები! აი ეს იქნებოდა ნამდვილად დონალდ ტრამპის ბიზნეს-იმპერიის დასასრული.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ლეგენდარული ამერიკელი სენატორი მიჩ მაკონელი, რომელიც 40 წლის განმავლობაში იყო სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ხოლო ბოლო წლებში სენატის რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერია, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვებს თანამდებობას და წავა სენატიდან.
მაკკონელს დონალდ ტრამპთან სერიოზული უთანხმოება აქვს უკრაინის თემაზე. სხვა საკითხებში ეთანხმება. მაგალითად აშშ უზენაეს სასამართლოში კონსერვატორ მოსამართლეთა დანიშვნის მხრივ, მაგრამ უკრაინის თემაზე უთანხმოება აქვთ.
მიჩ მაკონელი ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული რესპუბლიკელია. დიდი გავლენაც აქვს ისტებლიშმენტში. ანუ მართალია მისი გადადგომა და დემონსტრაციული წასვლა პოლიტიკიდან ამერიკელ მასობრივ „რესპუბლიკელებს“ გადაწყვეტილებებს ვერ შეაცვლევინებს, მაგრამ ნამდვილად მნიშვნელოვანია „რესპუბლიკური პარტიის ისტებლიშმენტში“ მიმდინარე დისკუსიის თვალსაზრისით.
შეგახსენებთ, რომ ამერიკაში „რესპუბლიკური პარტიაც“ და „დემოკრატიული პარტიაც“ არიან ბიუროკრატიზებული, ელიტარისტული სტრუქტურები, ფართო კოალიციები შესაბამისი სოციალური ჯგუფების, ხოლო ამგვარ სტრუქტურებში „ნიშანდობლივ ლეგენდარულ ფიგურებს“ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. იმის მიუხედავადაც კი, რომ „რესპუბლიკურმა ისტებლიშმენტმა“ ვერ გაბედა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წასვლა „რესპუბლიკური მასის“ ნების საწინააღმდეგოდ.