აფხაზეთის ქართველობამ ჭკუა ვერაფრით ისწავლა

აფხაზეთის ქართველობამ ჭკუა ვერაფრით ისწავლა

  

    შეუძლებელია ქვეყნის გულშემატკივარ ადამიანს გული არ მოუკლას უბედურ ლტოლვილთა ურთიერთდაპირისპირების ან ურთიერთსიძულვილის რეციდივებმა, მით უმეტეს, კარგად გვახსოვს: სწორედ ამ ქიშპმა და პოზიციამ დაგვაკარგვინა აფხაზეთი.
    1991 წელს, როდესაც აფხაზეთში მცხოვრები ყველა ქართველი «ერთ მუშტად შეკრული» უნდა მისულიყო არჩევნებზე, ოპოზიციამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. ორიოდე წლის შემდეგ პირიქით მოხდა - ზვიად გამსახურდიას მომხრეებს ეგონათ, «ჩვენ ხელს არ გვახლებენო» და სასტიკადაც დაისაჯნენ.
    შემაძრწუნებელია, რომ დაპირისპირება აფხაზეთის დაკარგვის შემდეგაც გრძელდება. ნაცვლად იმისა გაერთიანდნენ, ირწმუნონ მათ მიერვე არჩეული ადამიანებისა, ლტოლვილთა მოძრაობა კიდევ უფრო დაიშალა და დაქუცმაცდა.
    «აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის» უმაღლესი საბჭო თავისთვის არსებობს - ლტოლვილთა შორის მიმდინარე პროცესებზე გავლენას ვერ ახდენს. ჩამოყალიბდა სერიოზული ოპოზიციაც «ლტოლვილთა საკოორდინაციო საბჭოს» სახით, რომლის არაფორმალური ლიდერია ბორის კაკუბავა.
    კაკუბავასა და ნადარეიშვილს შორის თვით პრობლემის შეფასებაში არანაირი უთანხმოება არ არსებობს. ორივეს მიაჩნია: აფხაზეთის პრობლემა შეიძლება მხოლოდ ძალის მეშვეობით გადაწყდეს. ორივე მხარს უჭერს რუსეთს ე.წ. «სამშვიდობო ჯარების» გაყვანას ენგურიდან. მაგრამ მაინც ვერ შეთანხმებულან. კაკუბავას ნადარეიშვილის პოლიტიკური ტექნოლოგია - «შემრიგებლობად» ეჩვენება. ნადარეიშვილს კი პირიქით, კაკუბავა მიაჩნია ექსტრემისტად, რომლის რადიკალიზმი ვნებს ლტოლვილთა ინტერესებს, ვინაიდან აღიზიანებს ხელისუფლებას.
    მთავარი განსხვავება მათ შორის სწორედ ხელისუფლებისადმი დამოკიდებულებაა: ბორის კაკუბავა დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება მხოლოდ გარეგანი ზეწოლით შეიძლება გახდეს იძულებული, გადადგას რადიკალური ნაბიჯები აფხაზეთის დასაბრუნებლად (იგულისხმება სამშვიდობო ჯარების გაყვანა და ომის განახლება). თამაზ ნადარეიშვილს კი ჯერჯერობით სჯერა ხელისუფლების განცხადებისა: «ომს დავიწყებით მხოლოდ მას შემდეგ, რაც გვექნება გამარჯვების ასპროცენტიანი გარანტია». ამ შემთხვევაში ორივე ცდება - შევარდნაძეს შესანიშნავად ესმის, რომ «ასპროცენტიანი გარანტია» ომში არ შეიძლება არსებობდეს. გარდა ამისა, ომის დაწყებას იგი ეკონომიკურ რეფორმათაა შეწყვეტას და ქაოსის განახლებას უკავშირებს.  ამ აზრს იზიარებს საზოგადოების უმეტესი ნაწილი.
    ამრიგად, ლტოლვილთა მიზანი უნდა იყოს თვით მოსახლეობის დარწმუნება აფხაზეთის ძალით დაბრუნების აუცილებლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ტერიტორია სამუდამოდ დაიკარგება, მაგრამ აფხაზეთის დევნილი საზოგადოება ვერასდროს იქცევა ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ფაქტორად, თუ არ იქნება ერთიანი და მონოლითური.
    როდესაც სხვადასხვა ლიდერის ურთიერთდაპირისპირებას აშკარად პიროვნული ამბიციის დაკმაყოფილების შინაარსი აქვს, ლტოლვილთა არგუმენტებს ყურად არავინ იღებს.
    სწორედ აქ ჩნდება ყველაზე რთული პრობლემა. რა ფორმით უნდა მოხდეს ლტოლვილთა კონსოლიდაცია? დევნილი მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ენდობა უმაღლეს საბჭოს. ლტოლვილებს მიაჩნიათ: «ლიდერებმა» საკუთარი ცხოვრება კარგად მოიწყვეს და მათი უბედურება იმდენად აღელვებთ, რამდენადაც პრობლემის არსებობა მათი პრივილეგიების შენარჩუნებას უწყობს ხელს.
    «მინიატურაში» მეორდება მთლიანად საქართველოში 1988-92 წლებში შექმნილი ვითარება. რადიკალები უპირველესად სწორედ ამ სოციალური ანტაგონიზმით სარგებლობენ, თუმცა პოზიტიური პროგრამის შეთავაზება პრობლემის გადასაწყვეტად ნამდვილად არ ძალუძთ.
    ამავე დროს, კომპრომისის მიღწევა «რადიკალთა» ხელისუფლების ორგანოებში შეყვანითაც არ ხერხდება, რადგან, თუ ისინი ამ წინადადებას დაეთანხმებიან, თავადაც იქცევიან ახალი რადიკალების მსხვერპლად.
    ამიტომაც ემსგავსება ლტოლვილთა მასაში მიმდინარე პროცესები «რევოლუციურ მოძრაობას» საკუთარი ოლიგარქიის წინააღმდეგ. ლტოლვილები ისევ და ისევ იმეორებენ სრულიად საქართველოს შეცდომას, რომელიც ვერ მიხვდა, რომ ამ ოლიგარქიის გარეშე, მათ უმეტეს მასთან დაპირისპირებით, წარმატების მიღწევა თითქმის შეუძლებელია.
    ალბათ ერთადერთი გამოსავალი (რის ნიშნებიც უკვე გაჩნდა) შეიძლება იყოს ლეგიტიმური ხელისუფლების ქცევა პარტიზანული მოძრაობის შტაბად. უნდა შეიქმნას საგანგებო კომიტეტი, რომელშიც შევა ყველა ავტორიტეტული პიროვნება - არა მხოლოდ ლტოლვილთა წრიდან. კომიტეტს უნდა დაექვემდებაროს ყველა სტრუქტურა და მისი თავმჯდომარე უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ «ლეგიტიმური ხელისუფლების», იმავე ოლიგარქიის რჩეული - არა აქვს მნიშვნელობა ნადარეიშვილი იქნება ეს, თუ ვინმე სხვა.
    საქართველოს ხელისუფლებასთან დაპირისპირება ამ ეტაპზე უპერსპექტივოა. მით უმეტეს იმ პირობებში, როცა არსებობს ასპარეზი აფსუა სეპარატისტებთან დაპირისპირებისათვის - ესაა პარტიზანული მოძრაობა აფხაზეთში.
    ამაზე უკეთესს და მიზანშეწონილს რადიკალები (თუ გულწრფელნი არიან) ნამდვილად ვერაფერს გააკეთებენ. თუ რაიმესი ეშინია დღეს ვლადისლავ არძინბას, ეშინია სწორედ ამგვარი კონსოლიდაციის და ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს არ დაუშვას - საამისო საშუალებები მას უხვად გააჩნია.

მერიდიანი, 8 დეკემბერი, 1997 წელი