თენგიზ კიტოვანის საკითხი «მომწიფდა»

თენგიზ კიტოვანის საკითხი «მომწიფდა»

 

    საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თენგიზ კიტოვანის გათავისუფლების შესახებ, როგორც ჩანს, «ნოყიერ ნიადაგში მოხვდა».
    დავით სალარიძე თვლის, რომ კიტოვანი საერთოდ უკანონოდ იხდის სასჯელს; თუმცა, მისი თქმით, «რაკი ამ საკითხის დასმა ხანგრძლივ პროცედურას მოითხოვს, გადავწყვიტეთ წინა პლანზე ჯანმრთელობის მდგომარეობა წამოგვეწია».
    მაშასადამე, სახალხო დამცველი კიტოვანის გათავისუფლებას ცდილობს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მოტივით. თუმცა არც იმაში ეპარება ეჭვი, რომ იგი უდანაშაულოდ იხდის სასჯელს.
    თენგიზ კიტოვანი დააპატიმრეს 1995 წლის იანვარში, როდესაც აფხაზეთიდან დევნილთა ჯგუფთან ერთად ცდილობდა შეექმნა სამხედრო ფორმირება და დაძრულიყო აფხაზეთისკენ. ყოველ შემთხვევაში, თავად ასე აცხადებდა. კიტოვანის დეკლარირებული მიზანი იყო «აფხაზეთის გათავისუფლება» მცირე ძალებით.
    ამიტომაც დაიძრა თბილისიდან რამდენიმე «იკარუსით» და შეიარაღებული ხალხით, თუმცა ეს მოტივაცია სერიოზულ ეჭვს იწვევს: თუ კიტოვანის რაზმი აშკარად, დაუფარავად იმოძრავებდა ენგურისაკენ, მას უეჭველად გზას გადაუღობავდნენ რუსეთის «სამშვიდობო ძალთა» ნაწილები და თუნდაც სამხედრო შეტაკების ფასად, არ გაატარებდნენ გალის რაიონში; სხვა საქმეა, თუ კიტოვანი აპირებდა პარტიზანულ მოძრაობას შეერთებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში საამისოდ იგი მეტისმეტად «ღიად» მოქმედებდა, - წინა დღეს შეხვდა ჟურნალისტებსა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, რომელთაც პირდაპირ განუცხადა: მე მივდივარ აფხაზეთში! შემდეგ პრესკონფერენცია ჩაატარა, ტელეოპერატორები მოიწვია და ზარ-ზეიმით გაუდგა გზას. მისი განუყრელი მეგობარი თენგიზ სიგუა განუწყვეტლივ ჩასჩიჩინებდა და ურჩევდა ხელი აეღო განზრახვაზე, რაკი გრძნობდა, რომ ეს კარგად არ დამთავრდეობდა, მაგრამ კიტოვანმა არ დაიშალა და შედეგმაც არ დააყოვნა: ზესტაფონთან ავტობუსების კოლონას იგორ გიორგაძის (იმდროინდელი უშიშროების მინისტრის) სპეციალური დანიშნულების რაზმი დახვდა. ეს რაზმი ერთ-ერთი ყველაზე კარგად გაწვრთნილი და შეიარაღებულია საქართველოში. მან სულ ადვილად შეძლო არა მხოლოდ კოლონის შეჩერება, არამედ მებრძოლთა განიარაღებაც (თუმცა სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, კიტოვანის რაზმს სულ რამდენიმე ავტომატი ჰქონდა) და ლიდერების (კიტოვანისა და სურგულაძის) დაპატიმრება.
    თენგიზ კიტოვანს, მაშინ, როგორც ჩანს, თავად არ სჯეროდა, რომ ამდენს გაუბედავდნენ. მან უხეში შეცდომა დაუშვა, არ გაითვალისწინა, რომ მისი დაპატიმრება ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა ძალას აძლევდა ხელს და თავადაც აღარ წარმოადგენდა ისეთ ფიგურას (სამხედრო ძალის თუ პოლიტიკური თვალსაზრისით), რომ ეს ვეღარ გაებედათ.
    კი «გაუბედეს» და მას შემდეგ ოთხი წელია ციხეში ზის. კიტოვანმა უკვე სასჯელის ნახევარი მოიხადა, ვინაიდან სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა «უკანონო შეიარაღებული ფორმირების» შექმნისათვის.
    მიუხედავად ამისა, ამჟამად კიტოვანის მდგომარეობა სხვაგვარია და მისი გათავისუფლება სულაც არ ჩანს ისე ფანტასტიკური, როგორც 2-3 წლის წინ.
    რაც მთავარია, შეიცვალა საზოგადოების განწყობა, - იმ ნაწილისაც კი, ვინც გმობდა დეკემბერ-იანვრის გადატრიალებას.
    მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ე.წ. ზვიადისტები საეჭვო კავშირებისა და «ძველ იდეებზე» უარის თქმის გამო საბოლოოდ აღმოჩნდნენ ისეთ მარაზმში, რომ ადრე ზვიად გამსახურდიას მიმართ კეთილგანწყობილი ხალხიც ფიქრობს: ექსპრეზიდენტი მართლა დასამხობი იყოო.
    ყოველ შემთხვევაში, კიტოვანს იმდენად აღარ ამტყუნებენ, - ელიავასა და ესებუას მაგვარი პროვოკატორები ყველაფერს დაგავიწყებენ, - მათ შორის თბილისის დანგრევას.
    კიტოვანის გათავისუფლება სულაც არ გამოიწვევს უარყოფით რეაქციას - მას უკვე ბევრი რამ აპატიეს. ხელისუფლება კი მისი გათავისუფლებით არც არაფერს წააგებს.

მერიდიანი, 15 თებერვალი, 1999 წელი