საერთაშორისო მიმოხილვა. 27 სექტემბერი 2022

საერთაშორისო მიმოხილვა. 27 სექტემბერი 2022

პუტინმა რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა ედუარდ სნოუდენს - ამერიკის საგარეო დაზვერვის (CIA) ყოფილ თანამშრომელს, რომელმაც 2 მილიონი საიდუმლო ფაილი მოიპარა და საბოლოოდ რუსეთს გადასცა.

ამერიკაში სნოუდენს მისჯილი აქვს მრავალი წლით ციხე.

მისთვის მოქალაქეობის მიკუთვნება კომედიად გადაიქცა, რადგან სნოუდენის ადვოკატმა, ანატოლი კუჩერენამ განაცხადა: სნოუდენი კი გახდა რუსეთის მოქალაქე, მაგრამ მობილიზაცია არ შეეხება, ჯარში არ გავიწვევთ და უკრაინაში საომრად არ გავაგზავნითო.

. . . . . . . . . . . . . . . . .

კატასტროფაა საქართველო-რუსეთის საზღვარზე. დღეს, სოციალური ქსელების ეპოქაში, ამ კატასტროფას ვეღარ დამალავ.

მართალია რუსეთის ცენტრალური არხები არ უჩვენებენ და არ ყვებიან ამის შესახებ, მაგრამ რუსეთში მობილური ტელეფონი უმრავლესობას უკვე აქვს და შესაბამისად სოციალური შედეგი, უკმაყოფილების ზრდით, ნამდვილად მიიღწევა.

საზღვართან ძველის ძველი  ველოსიპედი 1 000  დოლარი ღირს. საქმე ისაა, რომ გუშინდელ დღემდე საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებით შეიძლებოდა, თუმცა შემდეგ ეს შეზღუდვა მოიხსნა.

მოდიან, მოაგორებენ ბორბლებიან ჩემოდნებს და ჟურნალისტებს ეუბნებიან, რომ რუსეთი აღარ არის მათი სამშობლო, ოცნებობენ დატოვონ ის ქვეყანა და სადმე სხვაგან დასახლდნენ - საქართველოში, მაგალითად.

რუსმა ბლოგერებმა საქართველო-რუსეთის საზღვარზე არსებულ სიტუაციას უკვე უწოდეს Великий исход - დიადი გამოსვლა. ბიბლიური ისტორიის ალუზიით.

ნებისმიერ შემთხვევაში ეს ამბავი ისტორიას დარჩება.

. . . . . . . . . . . . . . . . .

დაღესტნის დედაქალაქში, მახაჩკალაში, კვლავ ათასობით  ადამიანი გამოვიდა მიტინგზე მობილიზაციის წინააღმდეგ. დაღესტნის რესპუბლიკის ხელისუფლებამ მათ პოლიცია მიუქსია. ათეულობით ადამიანი დააპატიმრეს და არა ადმინისტრაციული, არამედ უკვე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

ანალოგიური პროტესტები იწყება აგრეთვე ჩეჩნეთშიც.

. . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთის ყველა აეროპორტში მიიღეს სიები იმ მოქალაქეებისა, ვინც მობილიზაციას ექვემდებარება. ასევე გადაეგზავნათ სიები სახმელეთო და საზღვაო სასაზღვრო პუნქტებს მთელს ტერიტორიაზე, რათა ამ მოქალაქეებმა ქვეყნიდან გაპარვა ვერ მოასწრონ. აღსანიშნავია, რომ ვინც გაიპარება, უკან ვერ დაბრუნდება, რაკი დეზერტიორად ჩაითვლება და ციხეში ჩასვამენ. ოღონდ ეს ეხება მხოლოდ მათ, ვისზეც უკვე გამოწერილია ჯარში გაწვევის უწყება. აბსოლუტურ უმრავლესობაზე ეს უწყება ჯერ გამოწერილი არ არის. ისინი რუსეთს ტოვებენ იმ გათვლით, რომ `ადრე თუ გვიან ხომ მაინც გამოგვიწერენო`.

ისინი თეორიულად შეიძლება დაბრუნდნენ, რაკი იტყვიან: საზღვარგარეთ ვიყავით და უწყება არ მიგვიღიაო.

ზოგადად, ეს ისტორიული ვითარება, რაც ახლა შეიქმნა რუსეთში პუტინის წარუმატებელ აგრესიასთან დაკავშირებით, უდიდესი დარტყმაა რუსულ `დერჟავულ სიამაყეზე`

. . . . . . . . . . . . . . . . .

პუტინს დონბასის ბედი გადაწყვეტილად მიაჩნია. რატომ - გაუგებარია.

გუშინ ოფიციალურმა წყაროებმა დაადასტურეს, რომ მას შემდეგ რაც რეფერენდუმები დასრულდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე (დღეს, 27 სექტემბერს საბოლოოდ), შეიქმნება `ყირიმის ფედერალური ოლქი`, რომლის შემადგენლობაში შევლენ ხერსონი, ზაპოროჟიე, დონეცკი და ლუგანსკი.

ამ ახალ ოლქში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლად დაინიშნება ცნობილი რუსი შოვინისტი და იმპერიალისტი დიმიტრო როგოზინი, რომელიც რუსეთის იმპერიის აღდგენის ერთ-ერთი იდეოლოგია.

რუსეთის ფედერაცია შედგება რესპუბლიკებისა და ოლქებისგან. ოკუპირებული ტერიტორიები დარჩებიან ცალ-ცალკე რეგიონებად, მაგრამ გაერთიანდებიან ერთ ოლქში. თუმცა სავარაოდოა, რომ მათ `რესპუბლიკის` სტატუსი აღარ ექნებათ, რადგან ეს სტატუსი ენიჭებათ ეროვნული უმცირესობებით  დასახლებულ რეგიონებს.

ამ დანიშვნამდე როგოზინი `როსკოსმოსს` ხელმძღვანელობდა.

. . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთში რომ საქმე ძალიან ცუდად არის ამ თითქოს მეორეხარისხოვანი ამბითაც ჩანს: მას შემდეგ, რაც პუტინმა მობილიზაცია გამოაცხადა, იგი მაშინვე გაემგზავრა ერთ-ერთ სასახლეში დასასვენებლად და თევზაობა-ნადირობითაა დაკავებული, აგრეთვე მეფური სადილებით. მასთან კომუნიკაცია თითქმის შეწყვეტილია.

ამასობაში, რუსული ტელეარხები პუტინის შეხვედრებზე სიუჟეტებს აქვეყნებენ, თუმცა ეს ძველი სიუჟეტებია - ჯერ კიდევ მანამდე მომზადებული, სანამ პუტინი `დასასვენებლად` გაემგზავრებოდა.

ისღა დარჩა, პუტინის ორეული იპოვონ სადმე და ის ატარონ, როგორც სტალინის ორეულს ატარებდნენ მანქანით.

დამოუკიდებელი ჟურნალისტების კვლევით, პუტინი ვალდაიზე იმყოფება. ერთ-ერთი მისი სასახლე იქაა.

თუმცა 29 ან 30 სექტემბერს ის აუცილებლად უნდა დაბრუნდეს მოსკოვში, რაკი დაგეგმილია მისი გამოსვლა ფედერალური საკრებულოს ორივე პალატის წინაშე მოხსენებით ქვეყნის საგარეო და საშინაო მდგომარეობის შესახებ.რასაც ამერიკელები უწოდებენ State of the Union.

მოსალოდნელია, რომ სწორედ ამ გამოსვლისას პუტინი სცნობს ე.წ `რეფერენდუმის`  შედეგებს და იმავე დღეს ხელს მოაწერს ბრძანებულებას რუსეთის შემადგენლობაში ზაპოროჟიეს, ხერსონის, დონეცკის და ლუგანსკის რეგიონთა მიღების შესახებ, რომლებიც შევლენ ახალ, `ყირიმის ფედერალურ ოქლში` დიმიტრი როგოზინით სათავეში.

აი ამის შემდეგ იწყება ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი. გუშინ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით პუტინს აქვს `ახალი სამშვიდობი გეგმა`. როგორც სჩანს მან ეს გეგმა უკვე გაანდო თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს.

მივაქციოთ ყურადღება, რომ სწორედ ერდოღანი იყო შუამავალი მოლაპარაკებებში ტყვეების გაცვლის შესახებ და უკრაინის გმირული ბატალიონის, `აზოვის` მეთაურები თურქეთში წაიყვანეს, სადაც ფორმალურად იქნებიან ინტერნირებულნი საომარ მოქმედებათა დასრულებამდე.

შესაბამისად, პუტინი ცდილობს ერდოღანის პოილიტიკური წონა `დაადოს` იმ ახალ წინადადებებს, რასაც მაგიდაზე დადებს მას შემდეგ, რაც უკრაინულ მიწებს პირდაპირ მიუერთებს რუსეთს.

თითქმის ზუსტად არის ცნობილი, რა წინადადებები იქნება ეს. ანუ ფაქტობრივად ულტიმატუმი, რასაც პუტინი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის წაუყენებს: ცეცხლის შეწყვეტა, უკრაინული ჯარების გაყვანა `ყირიმის გაერთიანებული ოლქის` ანუ უკვე `რუსეთის ტერიტორიიდან`, თურქი `დამკვირვებლების` განლაგება ახალ `საზღვარზე` და ამის სანაცვლოდ პირობა, რომ ისტორიის ამ ეტაპზე პუტინი აღარ შეეცდება სხვა ტერიტორიების დაპყრობას.

საეჭვოა უკრაინა ამას დაეთანხმოს როცა მისი არმია წარმატებით უტევს. თუნდაც თურქეთის შუამავლობით.

შესაბამისად, პუტინი გააგრძელებს საბრძოლო მოქმედებებს, დაელოდება რამდენიმე კვირას, სანამ რეზერვის მომზადება მოხდება, ჩაანაცვლებს ამ რეზერვით ზურგში მყოფ ნაწილებს, გადაისვრის ცოცხალ ძალას ფრონტზე, დაიწყებს შეტევას, განაახლებს კიევის, ლვოვის, დნეპრის დაბომბვებს და თუ შედეგს ვერ მიაღწია ან უკრაინის კონტრშეტევა შემოუბრუნდა, გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს.

პირველ ეტაპზე ბირთვულ ბომბს ალბათ  საჩვენებლად ააფეთქებს შავ ზღვაში, უკრაინის ნაპირებთან ახლოს. რაც  შედარებით უხიფათოა, რაკი არ იწვევს დიდ ნგრევას და რადიაციას.

ოღონდ ეს პირველ ეტაპზე. შემდეგ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს ალბათ ბრძოლის ველზეც გამოიყენებს.

ამჯერად მთავარი კითხვა ისაა, როგორი იქნება დასავლეთიოს პასუხი. ჯერ-ჯერობით ყველა დასავლელი ლიდერი მტკიცედ ამბობს, რომ პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას უპასუხებენ უპრეცედენტო ზომებით. თუმცა რა ზომები იქნება გამოყენებული, არ ზუსტდება.

გუშინ ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა უშიშროების საკითხებში, ჯეკ სალივანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა გააფრთხილა პუტინი, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოს ბირთვული იარაღი.

კომპეტენტური წყაროები კი თეთრი სახლიდან იტყობინებიან, რომ საჯარო გაფრთხილება, რაც ჯეკ სალივანმა გააჟღერა, ბევრად რბილი იყო, ვიდრე ის გაფრთხილება, რაც ამერიკამ `დახურული არხებით` გადასცა კრემლს.

ამავე დროს, პენტაგონი იტყობინება, რომ არ არსებობს ამჟამად არანაირი ინდიკატორი იმისა, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას აპირებს. არადა, ასეთი ინდიკატორების დაფარვა გამორიცხულია. ამერიკის კოსმოსური თანამგზავრები ყოველ სანტიმეტრს აკონტროლებენ, ზუსტად იციან სად არის დასაწყობებული თითოეული ბირთვული ქობინა.

გარდა ამისა, ამერიკის დაზვერვას რუსეთის ბირთვულ ობიექტებზე, გენერალურ შტაბში და გენერალიტეტში აგენტურის ფართო ქსელი აქვს. ისინი დაუყოვნებლივ შეატყობინებდნენ, თუ ბირთვული იარაღი, თუნდაც ტაქტიკური ხასიათისა, გადაადგილდა ერთი ადგილიდან - მეორეზე.

`უცბად ღილაკს თითი დააჭირო` და ატომური ბომბი გამოიყენო, ამგვარი რამ შეუძლებელია.

შეუძლებელია თვით სტრატეგიული ბირთვულ იარაღთან დაკავშირებითაც კი, რომელიც მიწისქვეშა შახტიდან მიფრინავს. მით უმეტეს იარსებებს მკაფიო ინდიკაციები, რომ პუტინმა ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის მზადება დაიწყო. ამერიკას ეს არ გამოეპარება.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰუსეინ აბდოლლაჰიანმა განაცხადა, რომ ირანი წინააღმდეგია რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მხარეთათვის იარაღის მიწოდებისა.

საოცარი განცხადებაა თუ გავითვალსიწინებთ, რომ ირანული უპილოტო აპარატები თეირანმა ნამდვილად გადასცა მოსკოვს.

მოსკოვი და თეირანი ამას უარყოფდნენ იმის პარალელურად, რომ უკრაინული მხარე აქვეყნებდა ჩამოგდებული ირანული უპილოტო საფრენი აპარატების  ფოტოებს.