«ახალგაზრდა რეფორმატორებს» ეიფორიიდან მხოლოდ მემარჯვენე ცენტრი გამოიყვანს
«საარჩევნო კანონთან» დაკავშირებით ატეხილმა დავიდარაბამ ნათელყო, რომ პოლიტიკური პროცესები კვლავინდებურად «მწვავედ» განვითარდება.
უაღრესად საინტერესოა «აზრთა და პოზიციათა» შეჯახება პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით.
ედუარდ შევარდნაძეს მოულოდნელად მოკავშირეები და მომხრეები აღმოაჩნდა «აღორძინების ბლოკში», რამაც ამ ბლოკის ლიდერები ძალიან გაამწარა.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს პოლიტიკური სპექტრის მარჯვენა ფლანგზე. «აღორძინებაში» შემავალი «ტრადიციონალისტთა კავშირი» მიესალმება მემარჯვენე პარტიათა გაერთიანების იდეას. თვით ეს იდეა კი «წამოიჭრა» მას შემდეგ, რაც «მრეწველთა პარტიის» თავმჯდომარე ბესო ჯუღელი და «რესპუბლიკური პარტიის» თავმჯდომარე ივლიანე ხაინდრავა გადადგნენ თანამდებობიდან.
ძნელი მისახვედრი არ არის (მით უმეტეს, თუ განცხადებულ მოტივაციას გავიხსენებთ), რომ ეს დემარში იყო ერთგვარი ქარაგმული მინიშნება ირინა სარიშვილისათვის, რათა მას კოლეგებისათვის მიებაძა და თავადაც გადამდგარიყო.
ბესო ჯუღელმა პირდაპირ თქვა: «ერთხელ რომ დამარცხდები სასტიკად, მეორედ რომ დამარცხდები – რაღაცაზე ხომ უნდა იფიქრო?»
ირინა სარიშვილმა ამ მოწოდებას მკვახედ უპასუხა რამდენიმე ტელეინტერვიუში – როგორც ჩანს არჩევნებში მარცხის მიუხედავად «გადადგომა» მას აზრადაც არ მოსდის, «დამარცხების» ძირითად მიზეზად კი «7 პროცენტიან» ბარიერს იგი არ თვლის, ვინაიდან ედპ-მ «5 პროცენტიანი» ბარიერიც კი ვერ გადალახა.
როგორც ჩანს, ირინა სარიშვილს იმედი ჰქონდა, რომ 7 პროცენტიანი ბარიერის შემოღების შემდეგ მოხერხდებოდა «თოფაძის პარტიასთან» ერთობლივი საარჩევნო ბლოკის შექმნა, მაგრამ თოფაძემ ასეთ ალიანსზე უარი განაცხადა და მოლაპარაკება ჩაიშალა.
თვით თოფაძის «მემარჯვენე» პარტიამ «წკიპზე» გადალახა საარჩევნო კვოტა – თუმცა, შორს მოიტოვა როგორ «ედპ», ასევე «სახალხო», რომლებმაც (ორივემ ერთად) 9 პროცენტი (!) დააგროვეს.
სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ედპ-ს ლიდერის მტკიცება, თითქოს «7 პროცენტიანი» ბარიერის შემოღების შემდეგ პარტიამ «ხომ 5 პროცენტიანი ბარიერიც ვერ გადალახა», ბოლომდე სამართლიანი არ არის.
საქმე ის გახლავთ, რომ «7 პროცენტიანი» ბარიერის შემოღებით მოხდა პოლიტიკური სპექტრის უკიდურესი პოლარიზება, მისი დაყვანა შავ-თეთრ პარადიგმამდე: «ან მოქალაქეთა კავშირი» ან «აღორძინება» - სულ ერთია, სხვა პარტიები მაინც ვერ გადალახავენ 7 პროცენტიან ბარიერს.
აქედან გამომდინარე, «ედპ-»ს ბევრმა ამომრჩეველმა ხმა მისცა «აღორძინების» წინააღმდეგ, ანუ მხარი დაუჭირა «მოქალაქეთა კავშირს». რომ არა 7 პროცენტიანი (მეტისმეტად მაღალი) ბარიერი, ეს ხმები «ედპ»-სთან მივიდოდა და იგი უეჭველად შესძლებდა 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვას.
ამრიგად, «7 პროცენტიანი» ბარიერის შემოღება იყო უმძიმესი პოლიტიკური შეცდომა. უფრო ზუსტად, - ეს იყო მეტისმეტად (გაუმართლებლად) დიდი რისკი. საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატორები უდიდეს რისკზე წავიდნენ «მემარჯვენე ძალთა» გაერთიანება კი ვერ მოახერხეს.
ოღონდ, სამართლიანობა იმის თქმასაც მოითხოვს, რომ შეუძლებელია ეს მხოლოდ ირინა სარიშვილის კერძო ინიციატივა ყოფილიყო. როგორც ჩანს, ივლიანე ხაინდრავა და ბესო ჯუღელი ამ საკითხშიც გრძნობდნენ გარკვეულ პასუხისმგებლობას.
ასეა თუ ისე, ეროვნულ-დემოკრატიული ალიანსი, ფაქტობრივად დაიშალა – ამჟამად საუბარია «მემარჯვენეთა» ფართო კოალიციის შექმნაზე. კოალიციაში მოიაზრებიან «მრეწველები», «ტრადიციონალისტები», «რესპუბლიკელები» და «სახალხო პარტია», სწორედ ეს უკანასკნელი მომენტია, ედპ-სათვის ყველაზე საჩოთირო.
«სახალხო პარტიას» ფაქტობრივად, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი ელიტაა. მამუკა გიორგაძემ, ვანო ხუხუნაიშვილმა, გიორგი კობახიძემ და სხვებმა გია ჭანტურიასთან ერთად შექმნეს ეს პარტია და აქციეს იგი ძალიან ძლიერ ორგანიზაციად. შეუძლებელია გულის სიღრმეში მათ არ ჰქონდეთ ერთგვარი «ნოსტალგია». აქედან გამომდინარე, ისინი, რა თქმა უნდა, არ იტყვიან უარს თუ მოხდება მათი პოზიციების აღდგენა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში – ირინა სარიშვილი-ჭანტურიას ხარჯზე.
ედპ-ს ლიდერი ამ საშიშროებას (თუნდაც ჰიპოთეტურ შესაძლებლობას) აცნობიერებს, ამიტომ ასეთი შემადგენლობით მემარჯვენე ძალთა გაერთიანება მას სულაც არ ეპიტნავება.
31 ოქტომბრის არჩევნების წინ «მემარჯვენე ძალთა» გაერთიანების მცდელობა არ გულისხმობდა «სახალხოსთან» ალიანსს – ეს თემა მხოლოდ არჩევნების შემდეგ წამოიჭრა.
რეალობიდან გამომდინარე, ირინა სარიშვილი პოზიციებს ასე ადვილად ვერ დათმობს და ვერც დაათმობინებენ – მას ჯერ კიდევ ხელთ უპყრია სიტუაციის მართვის ყველა ბერკეტი. ამიტომ «ერთიანი მემარჯვენე პარტიის» შექმნა (თუნდაც კოალიციისა) ჯერ მხოლოდ თეორიული შესაძლებლობაა – ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ აღდგებოდა ეროვნულ-დემოკრატიულიო პარტია «ძველი» სახით, მაგრამ ეს შეუძლებელია.
ამრიგად, «მემარჯვენე» პარტია ან «მემარჯვენე» კოალიცია შეიძლება შეიქმნას მხოლოდ «ედპ»-ს გარეშე, რაც მის არასრულყოფილებას განაპირობებს.
ირინა სარიშვილის პოლიტიკური პოტენციალი ჯერ ბოლომდე ამოწურული არ არის. თუმცა, 31 ოქტომბრის არჩევნებში ზემოთხსენებული «მეტისმეტი რისკის» შედეგად განცდილმა მარცხმა პოზიციები მნიშვნელოვნად დაასუსტა - ეს უდავოა.
ქართულ პოლიტიკაში ტრადიციულად ყოველივეს (ან თითქმის ყველაფერს) პიროვნული ურთიერთობები განსაზღვრავს, თორემ «ერთიანი მემარჯვენე პარტიის» შექმნა უდავოდ მისასალმებელიო იქნებოდა.
ხელისუფლებას უნდა ჰყავდეს არა მხოლოდ ე.წ. «მემარცხენე პოზიცია», რომელიც პოპულიზმისა და პოლიტიკური სპეკულაციის დონეს ვერ გასცდა, არამედ ძლიერი «მემარჯვენე ოპოზიციაც», ვინაიდან მხოლოდ «მემარცხენე ოპოზიციის» არსებობა მმართველი ძალისთვის ხელსაყრელიცაა – ამ ვითარებაში მას საშუალება ეძლევა, შენიღბოს საკუთარი «მოუქნელი» პოლიტიკა ქვეყანაში რეფორმათა გაღრმავების თვალსაზრისით (რამაც უკვე გამოიწვია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის «გაყინვა») და ყველაფერი დააბრალოს «სოციალური აფეთქების» საშიშროებას.
ასეთ პირობებში, ვერასდროს ვერ გადაწყდება ვერც ბიუჯეტის შესრულების, ვერც სხვა მსგავსი პრობლემები, ვინაიდან ყოვლად აუცილებელია არაპოპულარული ზომების მიღება. ამიტომ, ქვეყანაში (პოლიტიკური სპექტრში) აუცილებლად უნდა არსებობდეს ძლიერი მემარჯვენე ოპოზიცია, რომელიც მტკიცედ დაასაბუთებს რეფორმის გაღრმავების აუცილებლობას და ხელისუფლებას მოსთხოვს თუნდაც არაპოპულარული, მაგრამ ყოვლად აუცილებელი ზომების მიღებას: «თუ თქვენ არ გყოფნით სახელმწიფოებრივი ნება, გადადგათ აუცილებელი ნაბიჯები, მათ ჩვენ გადავდგამთ და მოსახლეობა მხარს დაგვიჭერს».
საკითხის ასე დასმა ალბათ, «გამოაფხიზლებს» ეიფორიის შედეგად მოდუნებულ «ახალგაზრდა რეფორმატორებს» მმართველ პარტიაში.
7 დღე, 17 იანვარი, 2000 წელი