9 აპრილის ტრაგედია არა მხოლოდ როდიონოვის სინდისზეა

9 აპრილის ტრაგედია არა მხოლოდ როდიონოვის სინდისზეა

  

 სრულდება 9 წელი 1989 წლის 9 აპრილის საზარელი ტრაგედიიდან. იძულებული ხდები, ძალაუნებურად დაეთანხმო აზრს, რომ რიცხვი «9» ნაცვლად ნათელი, კეთილი, საკრალური მნიშვნელობისა (მაგ.: ცხრათვალა მზე), რაღაც საზარელ ელფერს იძენს
    9 აპრილი საქართველოსთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.
    არა მხოლოდ უახლესი ისტორიის, არამედ მთელი საქართველოს ისტორიის თვალსაზრისითაც კი იგი გამორჩეული თარიღია. 9 აპრილმა გადამწყვეტი, გარდამტეხი, განმსაზღვრელი როლი შეასრულა და რომ არა ეს მოვლენა, თამამად შეიძლება ითქვას - საქართველოს უახლესი ისტორია სხვაგვარად წარიმართებოდა.
    დაიღვარა ადამიანთა სისხლი, დაიღუპნენ სრულიად უმწეო ადამიანები - ამ მოვლენას კიდევ აქვს რაღაც შინაგანი, შესაძლოა, ქვეცნობიერი დატვირთვა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს უცნაურ სულიერ დისკომფორტს უქმნის - თითქოს თითოეული მათგანი გრძნობს პასუხისმგებლობას მომხდარის გამო.
    განსაკუთრებით პოლიტიკოსები აღიქვამენ ამას მათთვის უჩვეულო «პასუხისმგებლობით». ისინიც კი, ვისაც უშუალოდ არ მიუძღვის ბრალი ამ ტრაგედიაში, ერთგვარი სინდისის ქენჯნით აცხადებენ: 9 აპრილს მოუსვენრობას ვგრძნობ და მინდა, ეს დღე დროულად დამთავრდესო.
    ანუ, ჩაიაროს, წარსულს ჩაბარდეს, განსაკუთრებით არ აღინიშნებოდეს. ერთი შეხედვით პარადოქსულია ამგვარი აღქმა - უკლებლივ ყოველი მათგანი უნდა აცნობიერებდეს, რომ ის ადამიანები საქართველოს დამოუკიდებლობას შეეწირნენ, დამოუკიდებლობას კი ლანგარზე არავინ მოგართმევს. ის, რაც დღეს გვაქვს, ამ სისხლად თითქოს ნამდვილად ღირდა; იმდღევანდელი მოვლენების ჭეშმარიტი არსისა და დანიშნულების გაუფასურება (როგორც ამას ზოგიერთი «ბრძენი» პოლიტიკოსი ცდილობს), სხვა თუ არაფერი, გარდაცვლილთა სულების შეურაცხყოფაა. მაგრამ ბევრი იტყვის, რომ მსგავსი სისხლი არ დაუღვრიათ მოლდაველებს, უკრაინელებს, უზბეკებს, თურქმენებს და მაშასადამე, ეს სისხლი პოლიტიკური აუცილებლობით არ ყოფილა გამოწვეული . . . . .
    რაც უფრო მეტი დრო გადის 9 აპრილიდან, მით უფრო რწმუნდება ყველა ჭკუათმყოფელი და ობიექტური დამკვირვებელი, რომ პასუხისმგებლობა სწორედ იმ დერჟიმორდა ნაძირალების ხროვას აკისრია, რომელმაც უმწეო ადამიანებს ტანკები შეუსია, ისე, როგორც საქართველოს მაშინდელ უნიათო ხელმძღვანელობას, რომლისთვისაც ჯარის თავდასხმა მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. რესპუბლიკის ხელმძღვანელობას მეტი შეგნება და პასუხისმგებლობის გრძნობა არ აღმოაჩნდა.
    ლიტვაში კი სულ სხვაგვარად მოხდა - ხელისუფლება ხალხთან ერთად მივარდა უმაღლესი საბჭოს შენობასთან და ტელეანძასთან, რათა დაეცვა სახელმწიფო ორგანოები რუსული არმიის თავდასხმისაგან.
    წარმოუდგენელია, ცივილიზებულ ქვეყანაში დაეშვათ ისეთი რამ, რაც თბილისში 9 აპრილს მოხდა. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს 9 აპრილის განქიქება რამდენიმე პროვოკატორს სჭირდება პოლიტიკურ ოლიმპზე დასაბრუნებლად.
    და თუ ეს ასეა, ისტორია ამას ადრე თუ გვიან აუცილებლად გაარკვევს და მათ უეჭველად მოუწევთ პასუხისგება. ჯერ ალბათ არა, მაგრამ მიხრწნილი მოხუცებულებიც რომ იყვნენ, მაინც წარსდგებიან სასამართლოს წინაშე და ტყუილად ჰგონიათ, რომ თავს იმართლებენ დემაგოგიით: ჯერ როდიონოვს აგებინეთ პასუხიო.
    როდიონოვი მიუწვდომელი დამნაშავეა, მაგრამ ის თუ მიუწვდომელია - ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ პასუხი არ აგოს იმ ხალხმა, ვინც ძალიან კარგად იცოდა, რა ტრაგედია შეიძლებოდა დატრიალებულიყო მათი უპასუხისმგებლოებისა და ავანტურიზმის შედეგად. უპასუხისმგებლობა და ავანტურიზმი კი გამამართლებელ არგუმენტად ვერანაირად ვერ გამოდგება.

მერიდიანი, 8 აპრილი, 1998 წ.