რუსეთი წყვდიადში ეხვევა

რუსეთი წყვდიადში ეხვევა

   

    პარასკევს საღამოს, სანკტ პეტერბურგში უცნობმა პირებმა ავტომატის ჯერით დაცხრილეს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, გალინა სტაროვოიტოვა.
    იგი საქართველოს «ძველი ნაცნობია» - ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, მიკლუხო-მაკლაის სახელობის სსრკ ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მანდატით მოგზაურობდა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში (განსაკუთრებით აფხაზეთში, სამეგრელოში, სვანეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში) და გულმოდგინედ «აკვირდებოდა» ეთნოგრაფიულ განსხვავებებს ქართულ ეთნოსებს შორის.
    გარდა ამისა, «მცირერიცხოვანი აფხაზი ხალხის უბედურება» იმთავითვე იყო მისი განსაკუთრებული ზრუნვისა და ყურების საგანი.
    სტაროვოიტოვა ყოველთვის ანტიქართულად იყო განწყობილი, რასაც მისთვის ხელი არ შეუშლია (არც შეუშლიდა, ბუნებრივია), ანდრეი სახაროვის გულის მესაიდუმლე გამხდარიყო და «რუსული დემოკრატიის» ერთ-ერთ ლიდერად ქცეულიყო.
    სტაროვოიტოვას ანტიქართული ინსინუაციები ამჯერად ნაკლებად გვაინტერესებს. მთავარია, რომ იგი «დიდ დემოკრატად», «პერესტროიკის» ერთ-ერთ კირითხუროდ, ელცინის თანამებრძოლად ითვლებოდა.
    1992 წელს სტაროვოიტოვას «რეკომენდაციებმა» ოსურ-ინგუშური კონფლიქტის აფეთქება გამოიწვია, რის შემდეგაც იგი მთავრობიდან გააგდეს, მაგრამ «დემოკრატთა ბანაკი» მაინც არ დაუტოვებია. სტაროვოიტოვა აქტიურად მონაწილეობდა შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებაში რუსული ისტებლიშმენტის «ელცინისტური» ბანაკის მხარეს. იგი თავგამოდებული ანტიკომუნისტი იყო და ამით კომუნისტური დაჯგუფების სიძულვილს იმსახურებდა. სტაროვოიტოვა გაკაპასებით იცავდა არა მხოლოდ გაიდარს, არამედ ჩუბაისს, ბურბულისს და რუსული «დემოკრატიის» სხვა არქიტექტორებს.
    ამრიგად, სტაროვოიტოვას მკვლელობა საინტერესოა არა როგორც კერძო შემთხვევა, არამედ როგორც იმ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ტენდენციათა გამოვლინება, რომელთაც უდიდესი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს საქართველოზე.: ამ თვალსაზრისით, სტაროვოიტოვას მკვლელობა, რა თქმა უნდა, ნიშანდობლივი ფაქტია - იგი სავსებით თავსდება მოვლენათა და პროცესთა ბოლოდროინდელ «მდინარებაში» - რუს «წითელ ფაშისტთა» ფავორიტ ევგენი პრიმაკოვის არჩევა პრემიერ-მინისტრად; ზოგადად, რუსული პოლიტიკისა და საზოგადოებრივი ცნობიერების «შოვინიზაცია», რაც ესოდენ დაეტყო რუსულ მასმედიას - თვით «რაფინირებული ინტელექტუალობით» ცნობილ «ნეზავისიმაია გაზეტას»; აშკარა შემობრუნება იმპერიული ამბიციებისაკენ; სერბული ფაშიზმის მხარდაჭერა; ანტიამერიკული და ზოგადად, ანტიდასავლური პროპაგანდა და ა.შ.
    ამ ტენდენციათა პირველი სინდრომები რუსეთში ჩეჩნეთის ომის დაწყებისთანავე გამოჩნდა. მანამდე გაბატონებული იყო გაიდარ-სახაროვის ფორმულა, რომლის შესაბამისად, რუსეთს «დემოკრატიის დროშით» უნდა დაეცვა თავისი ინტერესები პოსტსაბჭოურ სივრცეში, მხარი დაეჭირა სეპარატისტული მოძრაობებისთვის «მცირერიცხოვან ხალხთა დაცვის» მოტივით და ა.შ. მაშასადამე, ერთი მხრივ, განეხორციელებინა აგრესია მეზობლების მიმართ, მეორე მხრივ კი მათზე მორალური უპირატესობა მოეპოვებინა:. «ჩვენ ვიცავთ მცირერიცხოვან ხალხს (აფხაზებს, ოსებს, ყარაბაღელ სომხებს, დნესტრისპირელებს) აგრესიისაგან, რათა ფიზიკურად გადავარჩინოთ ისინი».
    ამ მოტივით რუსეთი აქტიურად ეხმარებოდა აფხაზ სეპარატისტებს, აგრეთვე ოსებს საქართველოს დანაწევრებაში. მაგრამ ჩეჩნეთის ომმა ვითარება კარდინალურად შეცვალა. რუსეთმა «მორალური უპირატესობა» დაკარგა და ჩვეულებრივ (მისთვის ჩვეულ), საწყის მდგომარეობას დაუბრუნდა, რომლის ძირითადი მახასიათებელია კონსტანტინე ზატულინის ცნობილი ფორმულა: «ის, რისი უფლებაც აქვს რუსეთს, - არა აქვთ სხვებს». ანუ რუსეთს ჰქონდა და აქვს უფლება, განახორციელოს აგრესია ჩეჩნეთის ან ყალმუხეთის წინააღმდეგ, რათა დაიცვას თავისი «ტერიტორიული მთლიანობა», ხოლო საქართველოს (ან რომელიმე სხვა ქვეყანას) ამის უფლება არა აქვს Априори – по определению ანუ იმთავითვე.
    მიუხედავად ამ ფორმულის აშკარა უსამართლობის და თავხედურობისა, იგი მაინც იქცა დომინანტად, თუმცა «დემოკრატ-იმპერალისტთა დაჯგუფებამ», რომელიც სახაროვის დემოშოვინისტურ იდეოლოგიაზე დაყრდნობით ცდილობდა იმპერიის აღდგენას, თუნდაც ფრაგმენტულად (ყოფილი «მოკავშირე რესპუბლიკების» დანაწევრებით) - გავლენა დაკარგა, მათ შორის სტაროვოიტოვა არაპოპულარული გახდა, თუმცა ეს დედაკაცი მაინც ერთნაირად საძულველი იყო ყველა «დერჟავნიკისა» და «კომუნისტისათვის». ამ უკანასკნელთ სახაროვის დემოშოვინისტური იდეოლოგია არ გაიაზრეს, - მათ «კლასიკური» წითელი იმპერია სურდათ და სურთ კვლავაც.
    გალინა სტაროვოიტოვას მკვლელობა არ შეიძლება განვიხილოთ განყენებულად, - იგი პროცესის ერთ-ერთი ნაწილია. დავაკვირდეთ, რა ხდება პრიმაკოვის «გაპრემიერების» შემდეგ: «დემოკრატი» ელცინი საერთოდ ჩამოშორდა საქმეებს და ლოთობას მიჰყო ხელი. ადრეც ლოთობდა, მაგრამ ახლა სულ მთლად გამოთაყვანდა - ეს ვიზუალურადაც შესამჩნევია; ძალაუფლების მნიშვნელოვანი წილი «დუმის» კომუნისტურ უმრავლესობას ეკუთვნის, ვიცე-პრემიერი იური მასლიუკოვი (ყოფილი «გოსპლანის» უფროსი) მართავს ეკონომიკურ პროცესებს რუსეთში, თანდათანობით აღდგა სახელმწიფო რეგულირება; რუსეთი უარს ამბობს ვალების გადახდაზე (უკვე მესამედ თავის ისტორიაში), აღორძინდა ტრადიციული რუსული იუდოფობია, - გენერალ მაკაშოვის ანტისემიტურმა გამონათქვამებმა აღტაცება გამოიწვია, სახელმწიფო სათათბირომ არათუ კატეგორიულად დაგმო ეს დემარში, არამედ პირიქით, - მხარიც დაუჭირა მაკაშოვს; ბორის ბერეზოვსკი (რუსეთის უმდიდრესი ბიზნესმენი) აცხადებს, რომ რუსულ სპეცსამსახურებს მისი მოკვლა უნდოდათ და რომ ეს სპეცსამსახურები უკვე ჩვეულებრივ «ბანდფორმირებად» გადაიქცნენ და ა.შ.
    სწორედ ამ ფონზე კლავენ გალინა სტაროვოიტოვას. დარწმუნებული ვარ, მკვლელობას მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორების მოტივი ჰქონდა: «ქილერებმა» და მათმა დამქირავებლებმა სიცოცხლეს გამოასალმეს დედაკაცი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის, რუსეთის «დერჟავული დიდების შებღალვის» ერთ-ერთ ინიციატორად მიაჩნდათ. მათ ვერ შეაგნებინებ (სტაროვოიტოვამ, გაიდარმა და სხვა დემოშოვინისტებმა ეს ვერ მოახერხეს), რომ სახაროვის იმპერიალისტური იდეები, დღევანდელ პირობებში, უფრო მოხერხებული და ხელსაყრელი იყო, ვიდრე «კლასიკური მეთოდები»;
    ასეა თუ ისე, რუსეთში დაიწყო ე.წ. «დემოკრატთა ჟლეტა». სტაროვოიტოვა არც პირველია და არც უკანასკნელი, - მიხეილ გორბაჩოვს, მაგალითად, ახლა უეჭველად ღამეები არ სძინავს. ეშინია, რომ ადრე თუ გვიან მასაც გამოასალმებენ სიცოცხლეს ასეთივე სისასტიკით. ბორის ელცინს, ჯერჯერობით, კრემლის კედლები იცავს, მაგრამ მხოლოდ «ჯერჯერობით» - სულ მალე იგი პრეზიდენტი აღარ იქნება და უეჭველად მისწვდებიან, უეჭველად გამოუყვანენ წირვას. იგივე ელის ყველა «დემოკრატს» რუსეთში, ვინც პრივატიზებას ჩაუდგა სათავეში, «რუსეთი გაყიდა», აგრეთვე ყველა «ურიას» და ა.შ. და ა.შ.
    «დემოკრატიული ექსპერიმენტი» რუსეთში დასასრულს უახლოვდება. აღმოჩნდა, რომ ლიბერალური იდეა შინაარსობლივად, თვისებრივად მიუღებელია რუსი ხალხისათვის, რუსული მენტალიტეტისათვის. ელცინმა, რასაკვირველია ვერ შეძლო ამ მენტალიტეტის გატეხვა და ვერც შეძლებდა. რუსეთი ეშვება შოვინიზმის, იუდოფობიის, შარიკოვშჩინის, ნაციონალიზმის ბინძურ ჭაობში; კაცმა არ იცის, რამდენი წელი (ან ათწლეული თუ საუკუნე) დასჭირდება მის ამოთრევას ამ ჭაობიდან, ან მოინდომებს კი იგი იქედან ამოსვლას, შესწევს კი ვინმეს (თუნდაც ამერიკას, თუნდაც მთელ დასავლეთს) ძალა, იგი ამ ჭაობიდან ამოათრიოს, - ვაითუ «გაისროლოს» თოფმა ანუ იმ ათეულობით ათასმა ატომურმა მუხტმა, რომელიც რუსეთმა დააგროვა წლების განმავლობაში.
    გალინა სტაროვოიტოვა (მიუხედავად ანტიქართული განწყობისა) «დემოკრატიული რუსეთის» თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო. მისი მკვლელობა მეტად სიმპტომატური და ნიშანდობლივი მოვლენაა ქართული საზოგადოებისთვისაც. საბედნიეროდ, ჩვენს საზოგადოებას რუსული «დემოშოვინისტური» თუ «კომუნოფაშისტური» იდეები არ აღელვებს. პრობლემა მხოლოდ რუსეთთან, როგორც სახელმწიფოსთან, შემდგომი გამიჯვნაა; უკლებლივ ყველა პოლიტიკოსმა (განურჩევლად ორიენტაციისა) უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი დგას არა ახალი ორიენტაციის, არამედ სამოქალაქო ომის ან დიქტატურის აღორძინების წინაშე. წარსულის აღდგენა რუსეთში თითქოს შეუძლებელია. 1992-1998 წლებში ელცინმა, გაიდარმა, ჩერნომირდინმა, ჩუბაისმა და სხვებმა (მათ შორის სტაროვიოტოვამ) ძალიან ბევრი რამ შეცვალეს რუსეთში. რუსეთი დღეს დიდწილად სხვა ქვეყანაა, ვიდრე იყო 1985 წელს, - გაჩნდა მესაკუთრეთა ახალი, თუმცა მცირერიცხოვანი, მაგრამ გავლენიანი ფენა, ამიტომ «ძველის მთლიანად დაბრუნება» თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ არა ევოლუციური, არამედ რევოლუციურ გზით, - დიქტატურით, სისხლისღვრით, სამოქალაქო ომით, ხოცვა-ჟლეტით, თავების ჭრით და ა.შ. უკლებლივ ყველა ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც რუსეთზეა ორიენტირებული - სინამდვილეში ორიენტირებულია ამ ქვეყანაში გარდაუვალ სამოქალაქო ომსა და საზარელ სისხლისღვრაზე.
    ნუთუ საქართველოს თავისი სისხლი არ ენანება უკვე მერამდენეჯერ?

7 დღე, 23 ნოემბერი, 1998 წ.