კოალიციური მთავრობა – მაშველი რგოლი პოლიტელიტისათვის და არა ქვეყნისთვის

კოალიციური მთავრობა – მაშველი რგოლი პოლიტელიტისათვის და არა ქვეყნისთვის

        პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ ექსპერტებთან შეხვედრისას არ გამორიცხა, რომ პოლიტიკური დაძაბულობა ქვეყანაში შეიძლება კოალიციური მთავრობის შექმნით განიმუხტოს.
        თუმცა, მისი თქმით, საამისოდ «ნდობის აღდგენაა» საჭირო. ამ წინადადებას ოპოზიციურ ლიდერთა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები მოჰყვა, რითაც კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა, რომ «ერთიანი ოპოზიცია» არც ისე ერთიანია, როგორც ჩანს.
        მაგალითად, ირაკლი ოქრუაშვილის უერთგულესმა თანამებრძოლმა, ეკა ბესელიამ, ისევე როგორც «კონსერვატორებმა» კუკავამ და ძიძიგურმა უმალვე თქვეს, რომ «სააკაშვილის მოშორების» საქმეს თანამდებობებზე არ გაცვლიან.
        სამაგიეროდ, დავით ბერძენიშვილმა «პრაიმ-ტაიმ»-ს განუცხადა, რომ «ხელისუფლებას დღემდე არ წარმოუდგენია ჩვენთვის საკუთარი «დღის წესრიგი». ჩვენი «დღის წესრიგი» სააკაშვილის გადადგომაა. გვითხრან რა არის მათი «დღის წესრიგი» და ვილაპარაკოთო».
        ანუ, «რესპუბლიკელებს» პირველ რიგში ის აინტერესებთ, რა იგულისხმება «კოალიციურ მთავრობაში». თუ მხოლოდ პორტფელების განაწილება – მაშინ ამაში მონაწილეობას არ მიიღებენ, მაგრამ თუ იგულისხმება საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლა (თუნდაც 2011-2012 წლისათვის) მაშინ კიდეც შეიძლება დათანხმდნენ.
        ისევე, როგორც ტრადიციონალისტი აკაკი ასათიანი, რომელმაც ამასწინათ თქვა, რომ «სააკაშვილის მძიმე მდგომარეობაში ყოფნა და კრიზისი საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლისთვის უნდა გამოვიყენოთ».
        ბუნებრივია, საპარლამენტო რესპუბლიკა მიხეილ სააკაშვილსაც აწყობს, რადგან ძალაუფლების უვადოდ გახანგრძლივების გარანტიას ქმნის როგორც პირადად მისთვის, ასევე «ნაციონალური მოძრაობისთვის».
        თუმცა, დათო ბაქრაძეს ასეთი ღრმა წიაღსვლები შეიძლება არც ჰქონოდა - «კოალიციური მთავრობა» მან იმ აზრით ახსენა, როგორც ახსენებენ ხოლმე ყველა ქვეყანაში, სადაც პოლიტიკოსები ერთმანეთს ძალაუფლებისთვის ეჯაჯგურებიან და გემრიელი ძვლის მიღებისთანავე მშვიდდებიან.
        საერთოდ «კოალიციური მთავრობა» ისეთი სახელმწიფოებრივი მოწყობის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა – თითქმის არასდროს არ იქმნება. კოალიცია ყალიბდება იმგვარ ქვეყნებში, სადაც მთავრობის ფორმირება პარლამენტში წარმოდგენილ პარტიათა ბალანსზეა დამოკიდებული. ანუ, ძირითადად საპარლამენტო რესპუბლიკებში. საქართველო კი საპრეზიდენტო რესპუბლიკაა და პრეზიდენტი კონსტიტუციით სულაც არ არის ვალდებული პარტიებს შეუთანხმოს მინისტრების კანდიდატურა.
        «პრაიმ-ტაიმთან» საუბარში საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის ერთ-ერთმა ავტორმა, ვახტანგ ხმალაძემ განმარტა, რომ კოალიციური მთავრობები სხვადასხვა საპარლამენტო რესპუბლიკებშიც განსხვავებულია. მაგალითად, იგი პირადად მხარს უფრო გერმანულ მოდელს უჭერს, სადაც ძველი მთავრობა მუშაობას მანამ განაგრძობს, ვიდრე პარტიები ახალ კოალიციურ მთავრობაზე ვერ შეთანხმდებიან და მის დაკომპლექტებას არ დაასრულებენ.
        ხმალაძეს ამაში ნამდვილად ძნელია შეედავო: საქართველოს თავისებურებათა გათვალისწინებით მართლაც არ არის ძნელი წარმოსადგენი, რამდენ ხანს გაგრძელდება ლიდერებისა და პარტიების «მოლაპარაკება» ანუ თანამდებობებისთვის ერთმანეთის «ჭმა», ხოლო ქვეყანა ამასობაში უმთავრობოდ ხომ არ იქნება?
        ბევრ ქვეყანაში ასეც ხდება და სახელმწიფო მუდმივ სამთავრობო კრიზისშია. მაგალითად იტალიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 40 კოალიციური მთავრობა შეიცვალა. ახალი კოალიციის შექმნა დამთავრებული არ იყო, რომ წვრილმან საკითხზე ამტყდარ «დაკა-დაკას» კოალიციის დაშლა და მორიგი მთავრობის ჩამოყალიბებაზე მოლაპარაკების დაწყება მოჰყვებოდა. შემდეგ ისევ იგივე მეორდებოდა და იტალიის პოლიტიკური ცხოვრება «კომისარ კატანიზე» გადაღებულ მრავალსერიან მომაბეზრებულ ფილმს ჰგავდა.
        თუმცა ის, რაც ასატანი იყო იტალიაში, ან ასატანია ისრაელში, საეჭვოა ქართველმა ობივატელმა აიტანოს – საბჭოთა კავშირიდან ამ ობივატელს სტაბილურობისა და სიმშვიდისაკენ სწრაფვა გამოჰყვა.
        ნამდვილ ევროპასა და სსრკ-ს შორის რომ დიდი განსხვავებაა იმითაც ჩანს, რომ ბალტიის სახელმწიფოთა გარდა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ქვეყანაში სწორედ საპრეზიდენტო მმართველობა შემოიღეს.
        2004 წლის კრიზისი უკრაინაში «კოალიციური მთავრობის» დაფუძნებით განიმუხტა. ქვეყანაში ნახევრადსაპარლამენტო მმართველობა დამყარდა, პარტიებმა კოალიციურ მთავრობებზე მოლაპარაკება დაიწყეს და, რუსეთის გასახარად, მას შემდეგ ეს ქვეყანა გაუთავებელ პოლიტიკურ სკანდალში იმყოფება – სკანდალია აბა რა არის, როდესაც «კოალიციური მთავრობის» პრემიერი პრეზიდენტს საჯაროდ «იდიოტს» უწოდებს, ხოლო პრეზიდენტი – პრემიერს «რუსეთის აგენტს»?!
        ანუ, მაგალითად უკრაინაში «კოალიციური მთავრობის» შექმნამ კრიზისის განმუხტვას კი არ შეუწყო ხელი, არამედ მუდმივ პოლიტიკურ ქაოსსა და მარაზმში ჩაფლა ეს ქვეყანა. მაშასადამე, გააჩნია ქვეყანას, ერს, ხალხს და მის ფსიქოლოგიას თუ ტრადიციას.
        ის, რაც უკრაინელებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, მისაღებია ებრაელებისა და გერმანელებისათვის.
        ქართველები აზროვნებით ვისთან უფრო ახლოს ვართ – უკრაინელებთან თუ გერმანელებთან?
        კოალიციური მთავრობები კრიზისის განმუხტვას მაშინ უწყობენ ხელს, როდესაც საზოგადოებაში ჩამოყალიბებულია სოციალური ჯგუფები და მათი ინტერესების გამომხატველი პოლიტიკური პარტიები. ანუ კოალიცია, ამ შემთხვევაში ინტერესთა ბალანსის შექმნას ემსახურება და კრიზისიც რბილდება, რაკი ყველა სოციალური ჯგუფი გარკვეულ გარანტიებს იღებს.
        ახლახანს საბჭოთა კავშირიდან გამოჩეკილ სახელმწიფოებში კი, პოლიტიკური პარტიები, უარეს შემთხვევაში, არა სოციალური ფენების, არამედ ბანდიტური ოლიგარქიული ჯგუფების ან პოლიტიზებული კრიმინალების ინტერესებს უფრო გამოხატავენ. უკეთეს შემთხვევაში - ამა თუ იმ ინტელიგენტური მიმართულების «კლუბებს» წარმოადგენენ და ერთ ოთახში ეტევიან. მინისტრთა კაბინეტის სხდომაზეც დაეტევიან რასაკვირველია, მაგრამ პოლიტიკურ კრიზისთან ამას რა კავშირი აქვს?

        საქართველოში უკვე გვქონდა ერთი კოალიციური მთავრობა – ედუარდ შევარდნაძის დროს. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია «ამბროსოვიჩს» არანაირი კოალიციის შექმნას არ ავალებდა, მან 1992 წლიდან ავთო მარგიანი და რომან გოცირიძე ერთ მთავრობაში დასვა; შემდეგ კახა თარგამაძე და მიხეილ სააკაშვილი მიუჯინა ერთ მაგიდას კანცელარიაში
        რა შედეგიც მივიღეთ – ყველამ ვიცით. შევარდნაძის კოალიციაში მინისტრები ერთმანეთზე კომპრომატების შეგროვებით იყვნენ დაკავებულნი, ერთმანეთს საჯაროდ ლანძღავდნენ და მშენებარე ვილების სურათებს უფრიალებდნენ.
        ზოგადად, კოალიციური მთავრობები მხოლოდ იმ ქვეყანაში აღწევენ წარმატებას, სადაც არსებობს ავტორიტეტული (თუნდაც სიმბოლური და რეალური ძალაუფლების არ მქონე) სახელმწიფოს მეთაური. ავსტრიაში ეს პრეზიდენტია, დიდ ბრიტანეთსა და ესპანეთში – მონარქი.
        ამ ქვეყნებში სახელმწიფოს მეთაურებმა რამდენჯერმე განმუხტეს დაძაბულობა იმით, რომ ძველი მთავრობის გადადგომის შემდეგ კოალიციის შექმნა ოპოზიციას დაავალეს.
        გვყავს კი ისეთი ავტორიტეტი სქართველოში? მონარქზე საუბარი ნაადრევია იმ უბრალო მიზეზით, რომ დინასტიური ქორწინების შედეგად იგი ჯერ არ დაბადებულა; ხოლო უწმინდესი და უნეტარესი, საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, მიუხედავად აქა-იქ გაჟღერებული წინადადებისა, არ დაეთანხმება ამგვარ წინადადებას.
        მაშასადამე, დღეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ კოალიციის ჩამოყალიბებით არ გადაიჭრება, თუ ამ კოალიციას წინ მნიშვნელოვანი სოციალური რეფორმები და ნამდვილი პარტიების (არა ძალაუფლებისათვის მებრძოლი კლანების) ჩამოყალიბება არ დაედება საფუძვლად.