გვეყოლება თუ არა სახელისუფლებო პარტია?

გვეყოლება თუ არა სახელისუფლებო პარტია?

        2 ივნისის არჩევნები იყო ერთგვარი «საშუალედო არჩევნები» 2003 წლის ოქტომბრის «დიდ პოლიტიკურ მიწისძვრამდე», როდესაც ახალი პარლამენტი უნდა დაფუძნდეს. რასაკვივრელია, «საშუალო არჩევნებს» არანაირი პირდაპირი კავშირი არა აქვს ადგილობრივ თვითმმართველობასთან, მაგრამ ამაზე საუბარი ამჯერად უკვე უსაგნოა. რაც მთავარია, ორ ივნისს დაფიქსირდა ახალი პოლიტიკური სპექტრი, რომელიც ჩამოყალიბდა ყოფილი მმართველი პარტიის დაშლის შემდეგ. რასაკვირველია, ბუნება (და პოლიტიკა) ვერ იტანს სიცარიელეს, ამიტომ ქართულ ისტებლიშმენტში უმალვე დაიწყო სპეკულაციები იმის თაობაზე, თუ ვინ და რა დაიკავებს «ცარიელ ადგილს».
        სინამდვილეში, მათ არ ესმით რომ ამ ადგილს დაიკავებს მთელი პოლიტიკური ბომონდი, ხოლო პრეზიდენტი შევარდნაძე იწყებს ახალი პოლიტიკურ პროცესს, როდესაც ურთიერთმოქმედება დამყარდება ყველა მეტ-ნაკლებად გავლენიან პოლიტიკურ ძალასთან.
        ყოფილ მმართველ ისტებლიშმენტს არ სურს შეურიგდეს ამ რეალობას და გარკვეული ილუზიებიც აქვს ამასთან დაკავშირებით. სწორედ ამ სიბრტყეზე გაჩნდა მოსაზრება პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევის შესახებ და, რაკი ედუარდ შევარდნაძე «მოქალაქეთა კავშირის» თავკაცობას არ დათანხმდება (თუმცა, რიგით წევრობას აუცილებლად შეინარჩუნებს), თითქოს ლოგიკური ჩანს ეს პოსტი შესთავაზონ სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძეს, ოღონდ, ამ იდეის ავტორები არ ითვალისწინებენ მთავარს: თუ სახელმწიფო მინისტრი ჩაუდგება სათავეში «მოქალაქეთა კავშირს», ამით პოლიტიკური პასუხისმგებლობა პარტიის მოქმედებაზე (და, გარკვეულწილად, პარლამენტის გადაწყვეტილებებზეც) ისევ პრეზიდენტ შევარდნაძეს დაეკისრება. პრეზიდენტი ამას, ალბათ, უკვე აღარ დაუშვებს.
        ლოგიკური (და არცთუ უადგილო) იქნებოდა ასეთი კითხვაც: რამდენად აძლევს ხელს ახალი პოზიცია (და პასუხისმგებლობა) თვით ავთანდილ ჯორბენაძეს?
        თვალნათელია, რომ სახელმწიფო მინისტრი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, თანდათან ძლიერდება და «ტექნიკური პრემიერიდან» «პოლიტიკურ პრემიერად იქცევა». მას სერიოზული დასაყრდენი აქვს ისტებლიშმენტსა და პოლიტიკურ ელიტაში. მაგალითად, სახელმწიფო მინისტრს აქტიურად (აშკარად) უჭერენ მხარს «ახლები», «მრეწველები». ფარულად – სხვა, ასევე სერიოზული პოლიტიკური ჯგუფები.
        ასეთ ვითარებაში «მოქალაქეთა კავშირის» ძველი იმიჯისა და გარდასული პრობლემების «აკიდება» ავთანდილ ჯორბენაძის მხრიდან დიდი შეცდომა იქნებოდა. «მოქკავშირის» ახალი მმართველი დაჯგუფება გაცილებით ლოგიკურად და ჭკვიანურად იმოქმედებდა, თუ ამ პოსტს ვაჟა ლორთქიფანიძეს შესთავაზებდა. თუმცა, აქაც არ შეიძლება დანამდვილებით ითქვას, დათანხმდება თუ არა ამას ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, რომელსაც 2003 წლისთვის არჩევანი ისედაც უეჭველად გამოუჩნდება.
        ნებისმიერ შემთხვევაში, «მოქალაქეთა კავშირი» ის ვეღარ იქნება, რაც 2001 წლამდე იყო, თუმცა, ეს არ ნიშნავს მის მთლიანად «ჩამოწერას», ვინაიდან გარკვეული ელექტორალური რესურსი (ქვემო ქართლში) ლევან მამალაძეს მაინც აქვს.
        საბოლოოდ, ალბათ, სწორედ ქვემო ქართლის გუბერნატორი შეეცდება ერთ დროს «საკონსტიტუციო უმრავლესობის» მქონე პარტიის გადარჩენას.
        თუმცა, სტრატეგიულად, «მოქალაქეთა კავშირი» მაინც უკვე გუშინდელი დღეა, უახლოეს მომავალში ასპარეზზე ახალი ძალა გამოვა, რომელიც 2 ივნისის არჩევნებში წარმატებულ პარტიებთან ერთად ჩაერთვება საარჩევნო ბატალიებში.
        პრეზიდენტ შევარდნაძისა და (ანუ) სახელმწიფო მინისტრის პოზიცია კი მკაფიოდ გამოიკვეთა: იგი მკაცრ დისტანციას შეინარჩუნებს ყველა პოლიტიკურ ძალასთან და იმავდროულად, ყველას შეუქმნის გარკვეულ ილუზია-იმედს.

დილის გაზეთი, 14 ივნისი, 2002 წელი