ჰეიდარ ალიევი პოზიციას ამკაცრებს

ჰეიდარ ალიევი პოზიციას ამკაცრებს

      ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კვლავ მწვავედ გააკრიტიკა საქართველოსა და სომხეთის ხელისუფლება რუსეთის ბაზებისადმი ლოიალური დამოკიდებულების გამო
    ალიევის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა იყოს უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზები ამიერკავკასიის ტერიტორიაზე. საყურადღებოა, რომ აზერბაიჯანელთა ლიდერი სომხეთსა და საქართველოს ამ კონტექსტში ერთად ახსენებს, რასაც ორი მიზეზი აქვს: ფორმალური და შინაარსობრივი. ფორმალურად, ალიევს თითქოს არ შეუძლია მხოლოდ სომხეთი აკრიტიკოს რუსეთის სამხედრო ბაზების დაკანონებისათვის, ვინაიდან ფაქტი ფაქტად რჩება: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტს (სომხეთის ეროვნული კრებისაგან განსხვავებით) ჯერ არ მოუხდენია ცნობილი ხელშეკრულების რატიფიცირება - ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე რამდენიმე დიდი სამხედრო ბაზაა განლაგებული და მათი გატანის საკითხიც არ ისმება. ოფიციალური თბილისის ცნობილი პოლიტიკური მაქსიმა: «ბაზებს დავაკანონებთ თუ რუსეთი აფხაზეთის დაბრუნებაში დაგვეხმარება» რეალობას არ ცვლის. ამდენად, თუ ალიევი ამ შემთხვევაში ცალმხრივი და არაობიექტური იქნება, იმავე სომხებს მისცემს კონტრარგუმენტებს (ჩვენ რას გვერჩის, - სომხეთში ხომ მხოლოდ ერთი ბაზაა, საქართველოში კი ოთხიო).
    მაგრამ ეს მხოლოდ ფორმალური მიზეზია. შინაარსობრივად, რასაკვირველია, ალიევმა შესანიშნავად უწყის, რომ აზერბაიჯან-საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეობა, ძმობა და მეგობრობა მარტოოდენ ლიტონი სიტყვებია (ორივე მხრიდან) და უმალვე გაცამტვერდება, როგორც კი ბაქოსა და თბილისში თავიანთი ეროვნული ინტერესების დაკმაყოფილების ალტერნატიულ გზებს გამოძებნიან. ჯერჯერობით ეს ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ მხოლოდ ახლა, - ამ ლოკალურ პერიოდში და კონკრეტულ ვითარებაში; სტრატეგიულ მოკავშირეობაზე ლაპარაკი რასაკვირველია, ნაადრევია.
    ჰეიდარ ალიევს აშკარად აღიზიანებს ის, რომ საქართველოს ხელისუფლება თვალს ხუჭავს ახალქალაქის «სომხურ» დივიზიაში შექმნილ ვითარებაზე, საიდანაც ბოლო დრომდე იარაღი და ომისათვის საჭირო სხვა მოწყობილობა სომხეთს შეუფერხებლად მიეწოდებოდა. ოფიციალური ბაქო ხვდება: საქართველო კვლავინდებურად ცდილობს «ბალანსირებას» ორ მეომარ მეზობელს შორის; ამიტომ, თავის მხრივ, ცდილობს ზეწოლა მოახდინოს შევარდნაძის ხელისუფლებაზე.
    «მეგობრობისა და ძმობის» თაობაზე წარმოთქმულმა გულმხურვალე სადღეგრძელოებმა ხელი ვერ შეუშალა ალიევს საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩაეყენებინა ქართველი კოლეგა. ედუარდ შევარდნაძის 70 წლისთავის შემდეგ (როცა აზერბაიჯანის პრეზიდენტი მოულოდნელად, ფაქტობრივად დაუპატიჟებლად ეწვია თბილისს) ერთი დღეც არ იყო გასული, ალიევმა რომელიღაც საზღვარგარეთულ დელეგაციასთან მორიგი შეხვედრის დროს ძალზე მკვახე ტონით გამოთქვა უკმაყოფილება «საქართველოსა და სომხეთის ხელისუფალთა გადაწყვეტილების გამო განალაგონ თავიანთ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ბაზები».
    თავად აზერბაიჯანი, როგორც ცნობილია, არ თანხმდება რუსული ბაზების განლაგებას და მის ტერიტორიაზე ამჟამად ერთი რუსი ჯარისკაციც არ ჭაჭანებს - თუ არ ჩავთვლით ქუბატლის რადიოსალოკაციო სადგურს. ზოგადად, ჰეიდარ ალიევისა და მისი ქვეყნის მიმართ ქართულ პოლიტიკას ალბათ მაინც მეტი ანგარიშის გაწევა მართებს. ეს სახელმწიფო პოტენციურად ჩვენზე ბევრად ძლიერია და საქართველოსთან შედარებით ზურგს ზემძლავრი თურქეთი უმაგრებს. თუმცა ისიც აშკარაა, რომ ალიევს სურს თავისი ქვეყანა მომგებიან მდგომარეობაში ჩააყენოს, მოიპოვოს გეოპოლიტიკური კოზირებიც, რათა ნავთობსადენმა საქართველოში აზერბაიჯანის სახელმწიფოებრივ პოზიციათა გაძლიერებაზე იმუშაოს და არა პირიქით.
    ედუარდ შევარდნაძემ პრესინგს თავისებურად უპასუხა და 70 წლისთავთან დაკავშირებული ამბების დროსაც ლაზათიანი «ალიყური» აჭამა დაუპატიჟებელ სტუმარს. მეტისმეტად უხეშად გაიჟღერა ფრაზამ, რომ «აზერბაიჯანის პრეზიდენტი დაუპატიჟებლად ჩამოვიდა», მაგრამ ამით ქართველმა პარტნიორმა ალიევს აგრძნობინა, მეტისმეტად არ გათამამებულიყო.
    რაც შეეხება ნავთობსადენს, ბოლოს და ბოლოს ქართულმა საზოგადოებამაც უნდა გაიგოს, რომ შევარდნაძე ამ თემას ისევ და ისევ «ბალანსირების» პოლიტიკის კონტექსტში იყენებს. პარადოქსია, მაგრამ რაც უფრო შორს გადაიდება საკითხის საბოლოო გადაწყვეტა დროში, მით უკეთესი საქართველოს ხელისუფლებისათვის, რადგან ნებისმიერი ანტისახელისუფლო პოლიტიკური აქტიურობა უეჭველად გამოცხადდება დესტრუქციულ ძალთა მცდელობად - საუკუნის პროექტის ჩაშლის მიზნით.
    ამდენად, შევარდნაძე ალიევს გაცილებით ნაკლებ სერიოზულად აღიქვავს, ვიდრე თავს აჩვენებს. ტრანზიტის უფლება და შესაძლებლობა კი, საბოლოო ჯამში, თვით ნავთობის ფლობასა და მოპოვებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.
    ანუ 1998 წლის ნოემბრის შემდეგ (როცა კონსორციუმი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს მარშრუტის თაობაზე) ვინ-ვისზეა დამოკიდებული, ჯერ კიდევ საკითხავია!

მერიდიანი, 25 თებერვალი, 1998 წ.