არჩევნები დამთავრდა – გაუმარჯოს არჩევნებს

არჩევნები დამთავრდა – გაუმარჯოს არჩევნებს

        9 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი და განვითარებული მოვლენები აშკარად ადასტურებს, რომ საზოგადოებას (ისევე, როგორც პოლიტიკოსებს) კარგად არა აქვთ გაცნობიერებული, რა პროცესი დასრულდა ჩვენს თვალწინ და რა დაიწყო;
        რეალურად კი დაიწყო ახალი საარჩევნო ციკლი რომელიც საბოლოოდ 2005 წელს დასრულდება, რაც, სხვათა შორის, ჯერ სრულებითაც არ ნიშნავს ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკიდან «წასვლას».
        მთავარი ის არის, რომ ქართველი პოლიტიკოსები დღესვე ისე უცნაურად ირჯებიან, თითქოს «მორიგ» საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ «რამდენიმე თვე» დარჩა, ამიტომ სავსებით შეუძლიათ ამჟამინდელი პოლიტიკური კონფიგურაციისა და განწყობის, აგრეთვე, დღევანდელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური» ატმოსფეროს პროეცირება სამომავლო არჩევნებზე.
        სხვაგვარად თუ ვიტყვით, ქართველმა პოლიტიკოსებმა (გამარჯვებულებმაც და დამარცხებულებმაც, მაგრამ უფრო დამარცხებულებზე ითქმის), დღესვე დაიწყეს შემდგომი საარჩევნო კამპანია. არადა, ეს, უბრალოდ, სასაცილოა! 5 წელი საქართველოსათვის მთელი ეპოქაა! 5 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში იმდენი რამ მოხდება, იმდროინდელიო «გადმოსახედიდან», ამჟამინდელი პოლიტიკური აქტივობა, განცხადებები და ალიანსები სასაცილოდაც კი მოგვეჩვენება.
        ისევე, როგორც დღეს ძალიან «პატარა და მიკროსკოპული» მოჩანს 1994-1995 წლების ეპოქა, როდესაც ვახტანგ რჩეულიშვილი ჯუმბერ პატრიაშვილს უპირისპირდებოდა, მამუკა გიორგაძისა და ნუგზარ ფოფხაძის «საარჩევნო ალიანსის» შესახებ წინასწარმეტყველება ყველას «სიგიჟედ» მოეჩვენებოდა, კიდევ უფრო დიდ «სიგიჟედ» ჩანდა ელიზბარ ჯაველიძისა და ვახტანგ რაზმაძის ერთ საარჩევნო სიაში «აღმოჩენა»...
        გარწმუნებთ, დაახლოებით ასეთივე მასშტაბის ცვლილებები მოხდება საქართველოში (მათ შორის, საზოგადოებრივ ცნობიერებასა და პოლიტიკურ კონფიგურაციაში) მომავალირ 4-5 წლის განმავლობაში, ოღონდ, თუ ქვეყანა განვითარების ძირითად ვექტორს შეინარჩუნებს.
        მორიგი «რევოლუციის» შემთხვევაში (ღმერთმა დაგვიფაროს) «პროცესი» შეიძლება «დაიმსხვრეს» და განვითარების თათვდაპირველი ლოგიკა დაკარგოს. ამის გარდა, მომავალი საარჩევნო პროცესის «ჟამტეხილად» სათუოა იქცეს 2001 წლის შემოდგომის «ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები», რადგან ამ არჩევნებში «აღორძინების კოალიცია» უკვე ერთად ვეღარ მიიღებს მონაწილეობას, რაც ამ კოალიციის საბოლოო დაშლის წინაპირობა გახდება.
        მომავალი «პოლიტიკური ხუთწლედის» შინაარსი განსაზღვრა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგმა, როდესაც «პროტესტულმა ელექტორატმა» (შედარებით მცირერიცხოვნების გამო) ვერ შეძლო «მოქალაქეთა კავშირის» ხელიოსუფლების შეცვლა.
        აღმოჩნდა, რომ «პროტესტულობა» ჯერ კიდევ არ არის საკმარისი პირობა ხელსიუფლების შესაცვლელად, ხოლო მოსახლეობის დიდ უმრავლესობას ცვლილებები უფრო აშინებს, ვიდრე არსებული ვითარების შენარჩუნება.
        საეჭვოა ეს გარემოება თუნდაც 5 წლის შემდეგ შეიცვალოს – პოლიტიკურად აქტიურმა» თაობამ, როგორც იქნა, შეიგნო, რომ მის არჩევანზე არა მხოლოდ «აბსტრაქტულად» მიჩნეული «ქვეყნის ბედი», არამედ საკუთრივ მისი ოჯახის ბედიც უშუალოდ არის დამოკიდებული. გარდა ამისა, ამ თაობას არასდროს, არასგზით აღარ დაავიწყდება 1988-1993 წლების საზარელი ტრაგედია და ამ ტრაგედიიდან გამომდინარე მწარე გაკვეთილი.

X X X

        პირველი დასკვნა, რომელიც უეჭველად გამომდინარეობს «საარჩევნო ციკლის» (1998-2000 წლების) ანალიზიდან, უეჭველად ის უნდა იყოს, რომ, ჩვენი სახელმწიფოებრიობა ჯერ კიდევ ძალიან მყიფეა და მისი დამსხვრევა კვლავინდებურად სულ ადვილია. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ერთი სომეხი პოლიტოლოგი წერდა «ნეზავისიმაია გაზეტაში»: «საქართველოში ამჟამად უნიკალური ვითარება შეიქმნა – სახელისუფლებო სისტემა მთლიანად «ჩაკეტილია» ერთ პიროვნებაზე: არის ედუარდ შევარდნაძე, არის საქართველოში სახელისუფლებო სისტემა. არ არის შევარდნაძე – არ არის სახელისუფლებო სისტემა».
        ძნელი მისახვედრი არც ისაა, რომ სომეხი პოლიტოლოგი ამ პერიფრაზით მკითხველში ცნობილი ასოციაციების აღძვრას ცდილობდა. შეადარეთ იოსებ სტალინის: «ესტ ჩელოვეკ – ესტ პრობლემა, ნეტ ჩელოვეკა – ნეტ პრობლემი», ხოლო «სახელისუფლებო სისტემაში» ეს გაიძვერა პოლიტოლოგი (ამ ჯიშის პოლიტოლოგები მიანც განსაკუთრებული გაიძვერობით გამოირჩევიან) უეჭველად უფრო მეტს გულისხმობდა, ვიდრე «უბრალოდ» მმართველობითი სისტემაა _ აშკარად გულისხმობდა სახელმწიფო სისტემას და თვით სახელმწიფოებრიობას. Aანუ, იგულისხმება: რუსეთის პრობლემა საქართველოსთან დამოკიდებულებაში ის არის, რომ საქართველომ ასე თუ ისე შეძლო შედარებით სტაბილური «სახელისუფლებო სისტემის» (წაიკითხე: «სახელმწიფოებრიობის») შექმნა. მაგრამ საკმარისია მოიშალოს საყრდენი, რომელიც ამ სისტემის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს (წაიკითხე: მოაშოროს შევარდნაძე), რომ სისტემა მთლიანად დაინგრევა: «ნეტ ჩელოვეკა, ნეტ სისტემი».
        ახლა რამდენიც უნდა ვიძახოთ, რომ ეს ცუდია, რომ არ შეიძლება სისტემა ერთ ადამიანზე იყოს დამოკიდებული, ამით არაფერი შეიცვლება. ეს რეალობაა, რასაც პატივი უნდა ვცეთ.
        სხვათა შორის, ეს რეალობა შევარდნაძის ბრალი არ არის. იგი რომ დიქტატორი იყოს და სხვა შინაარსის «სახელისუფლებო სისტემას» ედგეს სათავეში, მაშინ კი, ბატონო, მაგრამ «მანანისტების» გარდა დღევანდელ საქართველოში არსებულ ვითარებას ძნელად თუ ვინმე უწოდებს «დიქტატურას», ხოლო შევარდნაძეს _ «დიქტატორს».
        დემოკრატიის პირობებში ამგვარი «სახელისუფლებო სისტემის» ჩამოყალიბებისათვის კი უკვე არ შეიძლება მხოლოდ პრეზიდენტი აგებდეს პასუხს. დამნაშავეა მთელი საზოგადოება, რომელმაც ამ სისტემის განვითარება და «სიმძიმის ცენტრების» გადანაწილება ვერ შეძლო, ისევე, როგორც პასუხისმგებლობისა.
        ამავე «ნეზავისიმაია გაზეტას» მეორე პოლიტოლოგ-მიმომხილველი (ეროვნებით ოსი) უკვე არჩევნების შემდეგ აღშფოთებას ვერ მალავს: «ჩუბაისის ელექტროენერგეტიკულმა კომპანიამ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ქართველებს სინათლე მიაწოდა, რათა უზრუნველეყო სითბო მათ სახლებში, და შესაბამისად, შეამცირა შევარდნაძის პოლიტიკით უკმაყოფილება. იმავდროულად, რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა შეწყვიტეს ქართველებზე საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ზემოქმედება «ჩეჩენ ტერორისტთა» მხარდაჭერის ბრალდებით, ხოლო ვლადიმირ პუტინის მრავალმნიშვნელოვანი დუმილი ისევ და ისევ შევარდნაძის მხარდაჭერად აღიქმებოდა»
        ალან კასაევმა, როდესაც ამ სტატიას წერდა, ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ «უკანასნკელ მომენტში» რუსეთის ახალმა პრეზიდენტმა მაინც დაურეკა ედუარდ შევარდნაძეს და გამარჯვება «უსურვა». მაგრამ დაურეკა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ შევარდნაძის გამარჯვება «მაინც გარდაუვალი იყო» რა პოზიციაც არ უნდა დაეკავებინა პუტინს. ხოლო «სინათლის მოწოდების» შეწყვეტით და ანტიქართული საინფორმაციო ისტერიის გაღვივებით მხოლოდ გაამწვავებდა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს, შედეგს მაინც ვერ მიაღწევდა.
        აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთის მიზანი არ იყო და არ არის საქართველოს სახელმწიფოს სათავეში მისთვის სასურველი ფიგურის მოყვანა. მისი მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრიობის (ზემოთხსენებული «სახელისუფლებო სისტემის») მაქსიმალურად შესუსტებაა, -შიდა დაპირისპირებისა და (საბოლოოდ) მორიგი სამოქალაქო ომის პროვოცირებით.
        მხოლოდ ასეთი ვითარება (საქართველოში) შეესაბამება რუსეთის ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ყველა სხვა შემთხვევაში, საქართველო აუცილებლად (ობიექტურად, თვით თვისი არსებობის ფაქტითა და მაგალითით) შეუქმნის მას პრობლემას ჩრდილოეთ კავკასიაში.
        ამრიგად, უშუალო, უხეში ზემოქმედების მეთოდოლოგიისგან რუსეთმა «თავი შეიკავა», მაგრამ ეს იმას სრულებითაც არ ნიშნავს, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში საქართველოს განვითარება უპრობლემო იქნება. მით უმეტეს, რომ ჩვენი მთავარი საწუხარი სრულებითაც არ არის რუსეთი – საქართველოს მთავარი პრობლემა სწორედაც რომ სახელმწიფოებრივი სისტემის (სახელმწიფოებრიობის) არამდგრადობა და სიმყიფეა. ამის გათვალისწინებით შეიძლება დარწმუნებით ითქვას: 31 ოქტომბერსა და 9 აპრილს ისედაც მყიფე სახელმწიფოებრიობა «ბეწვზე გადარჩა».

XXX

        ძნელი წარმოსადგენი ნამდვილად არ არის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, საპარლამენტო არჩევნებში «აღორძინების კოალიციას» რომ გაემარჯვა: დაიწყებოდა არსებული სახელმწიფოებრივი სისტემის სრული დემონტაჟი და მისი შეცვლა თვისებრივად სხვა სისტემით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ «აღორძინებაში» შემავალი პოლიტიკური დაჯგუფებები შეძლებდნენ «ბალანსის» მიღწევას და ერთმანეთთან მოლაპარაკებას – ამ ბალანსის შესაქმნელად და შესანარჩუნებლად აუცილებლად გახდებოდა საჭირო კონსტიტუციის (იმავე სახელისუფლებო სისტემის) ძირფესვიანად შეცვლა: კონსტიტუცია უნდა «მოყვანილიყო შესაბამისობაში» ახალ პოლიტიკურ კონფიგურაციასთან, ანუ აუცილებელი ქნებოდა «მინისტრთა კაბინეტის» ჩამოყალიბება, პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტის დაფუძნება, პრეზიდენტის უფლებამოსილებათა შეცვლა და ასე შემდეგ.
        ანუ მთლიანად შეიცვლებოდა «თამაშის წესაბი», რაც აუცილებლად გამოიღებდა დამანგრეველ შედეგს სახელმწიფოებრივი მდგრადობის თვალსაზრისით.
        მაგრამ ეს საშიშროება დღემდე არ არის აღმოფხვრილი – ხელისუფლებამ მიიღო მართებული გადაწყვეტილება «ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების» ორგანოთა (რაიონის გამგებელთა) პირდაპირი კენჭისყრით არჩევის თაობაზე.
        რა თქმა უნდა, დემოკრატია იწყება «ლოკალური დემოკრატიიდან», მაგრამ ჩვენს პირობებში ეს უეჭველად გამოიწვევს რაიონებში «ჩაკეტილი სისტემების» ჩამოყალიბებას და სახელმწიფოებრიობის დამანგრეველი პროცესების პროვოცირებას.
        მხოლოდ ერთი მაგალითი: მტკნარი სისულელეა, თითქოს «გამგებლების არჩევა» ხელს შეუწყობს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას რაიონებში. რეალურად, «არჩეულ გამგებელს», რა თქმა უნდა, მეტი თავისუფლება ექნება (ცენტრალური ხელისუფლებისაგან), მაგრამ ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ გამგებელი იმავე «საარჩევნო ბერკეტებს», იმავე «რაიონული ოლიგარქიის გავლენას» (რასაც ადრე მმართველი პარტიის სასარგებლოდ იყენებდა) გამოიყენებს იმ ოპოზიციური პარტიის ინტერესებისთვის, რომელიც დაეთანხმება მის (ბუნებრივ) სურვილს, გადააქციოს რაიონი პატარა «საპრეზიდენტო რესპუბლიკად».
        «დემოკრატიასთან» და «ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოხატვასთან» ამას საერთო არაფერი აქვს, უბრალოდ, ერთი საარჩევნო მიკერძოება შეიცვლება მეორით.
        მაშასადამე, ძირითადი პრობლემა, რასაც ვაწყდებით ამჟამად, უფრო ღრმა და სისტემური ხასიათისაა. ეს არის ქართული სახელმწიფოებრიობის თანამდევი მანკი, რომლის გამოსწორება ან აღმოფხვრა შეუძლებელია მექანიკური ხერხებითა და მეთოდებით.
        ამ თვალსაზრისით მომავალი 5 წელი უეჭველად გადამწყვეტი იქნება. ედუარდ შევარდნაძის ფართო მანდატი მას საშუალებას მისცემს, რამდენიმე მიმართულებით რადიკალური ნაბიჯები გადადგას და, რაც მთავარია, განამტკიცოს სახელისფულებო ვერტიკალი ქვეყანაში, რასაც, სხვათა შორის, არავითარი კავშირი არა აქვს უშუალოდ «დეცენტრალიზაციასთან» და «ლოკალური დემოკრატიის» განვითარებასთან.
        თვით ყველაზე განვითარებული «ლოკალური დემოკრატიის» ქვეყნებშიც კი ხელისუფლების უმტკიცესი ვერტიკალი არსებობს.
        ამ თემასვე უკავშირდება სოფისტურად ქცეულიო დისკუსია (იგი დღემდე არ ამოწურულა): «ჯერ დემოკრატია, თუ ჯერ დამოუკიდებლობა?» გავითვალისწინოთ, რომ ამ კონტექსტში «დამოუკიდებლობა» სახელმწიფოებრიობის სინონიმია.
        არადა, დემოკრატია (თანამედროვე გაგებით) მხოლო ძლიერ სახელმწიფოებში ჩამოყალიბდა (აშშ, დიდი ბრიტანეთი, გფრ, საფრანგეთი და ასე შემდეგ), სადაც ტრადიციულად არსებობდა მტკიცე «სახელმწიფოებრივი გულანი» - «სახელისუფლებო ვერტიკალის» სახით.

X X X

        ძალიან ძნელია დღეს იმის პროგნოზირება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მომდევნო 4-5 წლის განმალვობაში: საქართველო საუკუნეობით ეძებდა და ამჟამადაც ეძებს სახელმწიფოებრივი მდგრადობის საგარეო გარანტიებს. გეოპოლიტიკური «ძაბვის» საგარეო ველმა ქართული სახელმწიფოებრიობა შუა საუკუნეებში გახლიჩა კიდეც რამდენიმე ნაწილად, რამაც თავისთავად შექმნა ერთგვარი ისტორიული ტრადიცია.
        ამჟამად გვაქვს შანსი, ასეთი გარანტიები შევქმნათ, მაგრამ საქმეც სწორედ ის არის რომ ძალიან ძნელი განსაჭვრეტია, რა გეოპოლიტიკური მოდელი ჩამოყალიბდება და იმუშავებს ჩვენს რეგიონში. შეძლებს თუ არა დასავლეთი (ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი) რუსეთის დომინანტური პოზიციების საბოლოო შესუსტებას? - უფრო ზუსტად, ექნება თუ არა ამის პრაგმატული დაინტერესება? არა უბრალოდ «მორალური ვალდებულება», არამედ სწორედ პრაგმატული დაინტერესება.
        თუ ასეთი დაინტერესება არ იარსებებს, კვლავაც «იმუშავებს» ისტორიული ტრადიცია, რომლის თანახმად, საქართველო და მთელი კავკასია რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესებისა და ექსკლუზიური გეოპოლიტიკური გავლენის სფეროა.
        მაგრამ, უკვე ხომ გაჩნდა საპირისპირო სიმპტომებიც! თუნდაც, გერმანიის ფედერალური კანცლერის, გერჰარდ შრიოდერის უპრეცედენტო, სენსაციური ვიზიტი საქართველოში. მეტად სიმპტომურია, აგრეთვე, რომ ამ ვიზიტის თაობაზე კრინტი არ დაუძრავს რუსეთის არც ერთ ტელეარხს, ვინაიდან ეს კავკასიაში რუსული პოლიტიკის მარცხის მომასწავებელი იყო.
        და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად «ნავთობსადენის» თუ «ჩეჩნეთის ომისა», ყველაზე მთავარი, გადამწყვეტი «ჭიდილი» საქართველოშივე გაიმართება.
        ვერანაირი «საგარეოპოლიტიკური» ბალანსი ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფოებრივ მდგრადობას, თუ ქვეყნის შიგნით არ გადაწყდა რამდენიმე ფუნდამენტური პრობლემა. დაწყებული ენერგეტიკიდან – დამთავრებული გადასახადების აკრეფით.
        სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ელექტროენერგიით მოსახლეობის 24-საათიანი მომარაგებისათვის საკმარისია ისეთი ვითარების შექმნა, როდესაც ელეოქტროენერგიას მიიღებს მხოლოდ ის, ვინც გადაიხდის მის საფასურს და არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს «არგადამხდელი».
        საამისოდ კი საკმარისია ერთადერთი: მტკიცე სახელმწიფოებრივი ნება და მზადყოფნა გართულებებისადმი, რადგან ასეთ ქმედებას აუცილებლად მოჰყვება გაღიზიანება და იმ კატეგორიის ხალხის რიცხვის ზრდა, ვინც მზად არის, მხარი დაუჭიროს, თუნდაც, ახალ სახელმწიფო გადატრიალებას (არა აქვს მნიშვნელობა, «კიტოვანის» თუ «ელიავას» ტიპისა). და საერთოდ, დაბოღმილ ან განაწყენებულ ხალხს რა დალევს საქართველოში?
        ასეთივე (და კიდევ უფრო დიდი) იქნება წინააღმდეგობა გადასახადების აკრეფისა და კონტრაბანდის აღკვეთის მიმართულებით. თუმცა, ბევრმა დამკვირვებელმა სავსებით მართებულად შენიშნა, რომ ედუარდ შევარდნაძემ შემთხვევით არ დაუკავშირა ერთმანეთს «კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა» და «ევრონული შერიგება» - თუ სამოქალაქო დაპირისპირების რეციდივები საბოლოოდ აღმოიფხვრა (მათ შორის, «ცნობიერ» დონეზე), სახელისუფლებო ვერტიკალისა და ძალაუფლების (ანუ კანონის რეალური აღსრულების) განმტკიცება უფრო გაადვილდება, ხოლო განაწყენებული (კანონიერად რეპრესირებული) ხალხი ვეღარ შეძლებს ისარგებლოს სამოქალაქო დაპირისპირების ფონით იმისათვის, რათა თავიანთ «განაწყენებას» პოლიტიკური სარჩული «მიაკეროს».
        არჩევნებამდე ეს მომენტი ძალზე სერიოზული პოლიტიკური ფაქტორი იყო, მაგრამ საარჩევნო მარათონი დამთავრდა, ედუარდ შევარდნაძემ მიიღო უპრეცედენტოდ ფართო მანდატი – იგი აუცილებლად შეეცდება (მისივე თქმით), ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე, რაც შეუძლებელია არაპოპულარული ნაბიჯებისა და სარისკო გადაწყვეტილებების გარეშე.
        მომავალი «საარჩევნო სინდრომი» მხოლოდ 2002 წლის ზაფხულში შეიქმნება, როდესაც რამდენიმე თვე დარჩება «ადგილობრივი თვითმმართველობის» არჩევნებამდე, ანუ კვლავ ჩამოყალიბდება სიტუაცია, როდესაც ოპოზიციური ძალები მზად იქნებიან ნებისმიერი სოციალური აფეთქება შეაფასონ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე.
        მაგრამ პრეზიდენტისთვის ის არჩევნები მხოლოდ «მორიგი» არჩევნები იქნება – საეჭვოა, ოდესმე განმეორდეს 1998-2000 წლების პოლიტიკური კონფიგურაცია. ამასაც ნიშნავს გამოთქმა: «ორჯერ ერთსა და იმავე მდინარეში ვერ შეხვალ».
        5 წელი კი სავსებით საკმარისია საიმისოდ, რომ საქართველოში საბოლოოდ დამკვიდრდეს ჯანსაღი სახელმწიფოებრივი ტრადიცია: ელემენტარულიდან - ურთულესამდე. მაგალითად, ელემენტარულია, რომ თუ გინდა, გქონდეს ელექტროენერგია (ან ბუნებრივი აირი), მისი საფასური უნდა გადაიხადო! ელემენტარულია საშემოსავლო გადასახადის გადახდის აუცილებლობა, კონტრაბანდის დაუშვებლობა და ასე შემდეგ.
        გაცილებით უფრო რთულია, სახელისუფლებო ვერტიკალში ისეთი მიმართებების შექმნა, რომლებიც, ერთი მხრივ, სახელმწიფოებრიობას დემოკრატიული და ლიბერალურ შინაარსს არ გამოაცლის, მეორე მხრივ კი, თვით სახელმწიფოს მდგრადობას უზრუნველყოფს.
        ამრიგად, «დროითი მანძილის სიშორე» 2005 წლამდე შეიძლება პირიქით, მასტიმულირებელი ფაქტორი აღმოჩნდეს რადიკალური ნაბიჯებისათვის ყველა მიმართულებით – უპირველესად, შიდა პრობლემების მოსაწესრიგებლად.
        თუ 2005 წლისთვის საქართველო იქნება ეკონომიკურად შედარებით განვითარებული, სტაბილური ქვეყანა, რომელსაც აღარ ეყოლება ლტოლვილები, ბუნებრივია, ყოველგვარი «დაძაბულობის ფონი» მოიხსნება, ხოლო ქართული პოლიტოკრატია, ბოლოს და ბოლოს, შეურიგდება «მარად გუშინდელის» ბედს, რაც თითქოსდა ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ყველაფერი გარემო პირობებზეა დამოკიდებული.
        მაშასადამე, საქართველოსათვის 21-ე საუკუნე და III ათასწლეული დაიწყო 2000 წლის 9 აპრილს! საკრალური «ცხრიანი» უეჭველად მიუთითებს ტრადიციის გარდამავლობაზე, თუმცა, ამიერიდან მაინც ახალი პოლიტიკური წელთაღრიცხვით ვცხოვრობთ.

დილის გაზეთი. 7 აპრილი, 2000 წელი