საქართველო ნატოს კარებზე აკაკუნებს

საქართველო ნატოს კარებზე აკაკუნებს

 

    შესაძლოა ვინმეს გადაჭარბებად მოეჩვენოს, მაგრამ განურჩევლად იმისა, ვინ როგორ აფასებს ამ მოვლენას, დადებითად თუ უარყოფითად, ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი თურქეთში, აგრეთვე ის პროცესები, განცხადებები თუ დემარშები, რაც მას თან ახლდა, - იყო პირველი ნაბიჯი საქართველოს ნატოში გაწევრიანებისაკენ!
    სახელმწიფო კანცელარიიდან სარმწუნო წყაროს ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა სულეიმან დემირელმა «გაფართოებული შემადგენლობით» შეხვედრის დროს (ანუ ორივე ქვეყნის მთავრობის წევრთა თანდასწრებით) განაცხადა, რომ თუ საქართველო შესაბამის სურვილს გამოთქვამს, თურქეთი მას ყოველმხრივ დაეხმარება გაწევრიანდეს ჩრდილო - ატლანტიკურ ალიანსში.
    ეს ფრაზა ითქვა ისეთ კონტექსტში, რომელიც იოტისოდენ ეჭვს არ აღძრავს «ფორმალურობისა» და «არაგულწრფელობის» თაობაზე.
    მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ: ამგვარი ფრაზები «სიტყვის» მასალად არასდროს წარმოითქმება. როგორც ჩანს, ერთი-ერთზე შეხვედრისას ამ თემაზე უფრო კონკრეტული საუბარი გაიმართა.
    თურქეთის პრეზიდენტს ჰქონდა ინფორმაცია ქართველი კოლეგის ბოლოდროინდელი გამონათქვამების თაობაზე, რომლითაც საქართველომ უარყო დსთ-ს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების პროლონგაცია.
    ფაქტობრივად, ეს რუსეთის სამხედრო ბაზების ლეგიტიმური საფუძვლის გარეშე დატოვებას ნიშნავს. გეოპოლიტიკური ვითარება კი ვერ იტანს სიცარიელეს.
    სხვათა შორის, აქვე უნდა ითქვას: ჩვენი ქვეყნის «სამხედრო ნეიტრალიტეტის» შესახებ საუბარი იმთავითვე უპერსპექტივოა, - საქართველოს იმდენად ხელსაყრელი სტრატეგიული პოზიცია უკავია - მის რეალურ ნეიტრალიტეტს ადვილად არც დასავლეთი შეურიგდება და არც რუსეთი.
    მიუხედავად ამისა, ჩვენი ქვეყნის არჩევანს მაინც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რუსეთი, სამხედრო თვალსაზრისით, ჯერ კიდევ «იმყოფება» საქართველოში, - დასავლეთი (ნატო) კი ჯერ მხოლოდ «კარს მოგვადგა».
    დავაკვირდეთ, როგორ დაემთხვა ერთმანეთს რამდენიმე მოვლენა: აფეთქებები ტაშკენტში, Aზერბაიჯანის ხელმძღვანელობის განცხადება მათი ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების დაფუძნების შესახებ (იგულისხმება ნატოს ან თურქეთის ბაზები), აგრეთვე ედუარდ შევარდნაძის დემარშები იგივე დსთ-ს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებისა და თვით «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის» საწინააღმდეგოდ.
    იმავე წყაროს ცნობით, უახლოეს დღეებში თბილისში ჩამოვა ბორის ბერეზოვსკი. იგი აშკარად შეშფოთებულია შევარდნაძის «ახალი პოზიციით» და სასწრაფო კონსულტაციები აუცილებლად ჩათვალა; უფრო ადრე კი სრული კრახით დასრულდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის «სამოქალაქო» მოადგილის, ნიკოლაი მიხაილოვის ვიზიტი თბილისში.
    მიუხედავად იმისა, რომ «ეტიკეტი» დაცული იქნა, მიხაილოვი ჯერ თბილისში ჩამოვიდა და მხოლოდ შემდეგ გაემგზავრა ბაზების მოსანახულებლად, - რეალურად მხარეებმა ვერაფერზე მოილაპარაკეს.
    რუსულ პრესაში კი გაჩნდა ნიშანდობლივი ინფორმაცია: საქართველო აპირებს თავისი შემდგომი მონაწილეობა დსთ-ს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებაში ისეთი მოთხოვნების შესრულებით განაპირობოს, რომლებიც რუსეთისათვის კატეგორიულად მიუღებელია და არც კი განიხილება.
    აქ უეჭველად იგულისხმება იმ სამხედრო ობიექტების გადმოცემა საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის, რომელთა ნუსხა ჯერ კიდევ 1997 წელს იქნა შეთანხმებული ორი ქვეყნის «თავდაცვითი უწყების» მესვეურთა შეხვედრისას.
    რუსეთში ამჟამად არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ერთი პროცენტიც კი არ არსებობს იმის ალბათობისა, რომ ეს ქვეყანა ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, - იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამხედრო - სტრატეგიული თვალსაზრისით ამგვარი დათმობა რაციონალური იქნებოდა.
    პრიმაკოვმა შექმნა ბალანსირების ახალი სისტემა. საქართველოსადმი «დათმობა» ამ სისტემას დაანგრევს და ისეთივე სკანდალს გამოიწვევს, როგორიც გამოიწვია გასულ წელს, როდესაც პრიმაკოვის წინამორბედმა კირიენკომ ხელი მოაწერა საქართველოსთვის ზემოთნახსენები ობიექტების გადმოცემას.
    მაშინ სახელმწიფო სათათბირომ პრემიერ-მინისტრს კინაღამ უნდობლობა გამოუცხადა, ანუ თვითდაშლაზეც მიდიოდა, ოღონდ კი საქართველოსთვის სამხედრო ობიექტები არ გადაეცა.
    ჩვენი «მეგობარი», თბილისელი ჟენია პრიმაკოვი ასეთ შეცდომას, რა თქმა უნდა, არ დაუშვებს. იგი თხემით ტერფამდე რაციონალისტია. მაგრამ, როგორც ჩანს, არც საქართველო აპირებს დათმობას.
    ასეთი სერიოზული განცხადების შემდეგ, შევარდნაძე უკან ვეღარ დაიხევს, - ეს კაპიტულაციად აღიქმება. ამიტომ, თუ რაიმე მოულოდნელობა არ მოხდა ბორის ბერეზვოსკის ვიზიტის შედეგად, ოფიციალური თბილისი ალბათ აღარ გააგრძელებს თავის ხელმოწერას ტაშკენტის დეკლარაციაზე, რომლითაც შეიქმნა კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია.
    გავიხსენოთ აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მცდელობა, ეყიდა ჩეხური წარმოების 100 მოძველებული ტანკი, რის შედეგადაც საქართველო გადააჭარბებდა პარიზის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ქვოტას «ჩვეულებრივი შეიარაღების ფლანგური შეზღუდვის» შესახებ.
    ოღონდ საქმე ის გახლავთ, რომ ამ კვოტებს საქართველო აჭარბებს... რუსეთის სამხედრო ბაზებზე არსებული სამხედრო ტექნიკის ჩათვლით.
    ნატოსთვის იურიდიული თვალსაზრისით სულ ერთია, ვისი კუთვნილება იქნება მის (თურქეთის) საზღვრებთან განლაგებული ტექნიკა. სანამ კვოტები არ არის დარღვეული, იგი პროტესტს ვერ განაცხადებს. მაგრამ თუ კვოტები დაირღვევა, იგი ოფიციალური პროტესტით მიმართავს ჯერ საქართველოს, შემდეგ კი რუსეთს, ვინაიდან გაირკვევა, რომ სწორედ რუსეთი არღვევს ამ ხელშეკრულებას, რაკი არ გაჰყავს სამხედრო ბაზები საქართველოს ტერიტორიიდან - მიუხედავად თბილისის კატეგორიული მოთხოვნისა.
    აქედან უეჭველად გამომდინარეობს ლოგიკური დასკვნა: რუსეთის სამხედრო ბაზების გაუქმება საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ დროის საქმეა.
    პოლიტიკური ტექნიკის თვალსაზრისით, პროცესი საკმაოდ ოსტატურად ხორციელდება: დასავლეთი ვერ შეურიგდება პარიზის ხელშეკრულების დარღვევას, - ვერცერთ პრეცენდენტს ვერ დაუშვებს, ვინაიდან ასეთი პრეცედენტი მთლიანად დაშლის «ახალი ევროპის» არქიტექტურას სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით.
    მაშასადამე, საკმარისია საქართველომ მოითხოვოს რუსეთის სამხედრო კონტინგენტის გაყვანა, რომ მას უეჭველად დაუჭერს მხარს ნატო (ამერიკის ჩათვლით), რომლის მოტივი იმდენად «დამოუკიდებელი საქართველოს სუვერენული ნების დაცვა» არ იქნება, რამდენადაც პარიზის ხელშეკრულების აღსრულების სურვილი.
    როგორც ჩანს, სწორედ ეს იყო ანკარაში თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრთა საუბრის ძირითადი თემა. მეორე საკითხი კი ცნობილი ვერტმფრენები გახდა, რომლებიც პენტაგონმა უნდა გადმოგვცეს თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ბაზებიდან.
    ძნელი სათქმელია, როდის განაცხადებს საქართველოს ხელსიუფლება ოფიციალურად სურვილს, გაწევრიანდეს ნატოში.
    ერთი რამ ცხადია: პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ თვალსაზრისით უკვე მიღებულია, პროცესი დაიწყო და მისი შეჩერება (თუ ინერცია აკრიფა) შეუძლებელი გახდება - ყოველ შემთხვევაში, სახელმწიფოებრივი კურსის შეცვლის გარეშე.
    თურქეთისთვის ამ საკითხში მხარდაჭერა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. რუსეთმა ადვილად უგულვებელჰყო სამხედრო-სტრატეგიული წონასწორობა სომხეთისთვის იარაღის მიწოდებით. შევარდნაძესთან საუბრისას სულეიმან დემირელმა გულწრფელი გაოცება გამოთქვა»: «ჩემთვის გაუგებარია, რაში სჭირდება სომხეთს ამდენი იარაღი? რამდენი იარაღიც არ უნდა მიიღოს რუსეთისგან, თურქეთს მაინც ვერაფერს დააკლებს!»
    ამ სიტყვებში ერთგვარი შიშიც კი იგრძნობოდა, - «ემანდ» ამ გიჟებს მართლაც არ წამოუაროთ თავში - არარატის მთა ისედაც «სომხურ» მთად მიაჩნიათ, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.
    სომხური «დაშნაკების» პარტია კი ღიად აცხადებს თავის პროგრამას: ყარაბაღის გათავისუფლების შემდეგ უნდა გავათავისუფლოთ დასავლეთ სომხეთი! «დასავლეთ სომხეთი» კი დღეს უკვე აღმოსავლეთ თურქეთია.
    რასაკვირველია, ასეთ ვითარებაში თურქეთი სრულებით აღარ მოერიდება რუსეთის გაღიზიანებას (რაკი სომხური მილიტარიზმის მიღმა კრემლის ლანდს ხედავს) და მხარს დაუჭერს (საქმით, და არა მხოლოდ სიტყვით) ნებისმიერ აქციას, რომელიც რუსეთის პოზიციებს დაასუსტებს სამხრეთ კავკასიაში.
    ჯერჯერობით მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში; თუმცა, საეჭვოა ანკარამ მომავალში «ჩრდილოკავკასიური კოზირის» გამოყენება არ სცადოს რუსეთის წინააღმდეგ.
    ქართული პოლიტიკის უმთავრესი მიზანი, შექმნილ ვითარებაში, ის უნდა იყოს, რომ აქტიურად ვითამაშოთ გარდაუვალ წინააღმდეგობაზე ვაშინგტონსა და ანკარას შორის, რათა მივაღწიოთ ისეთ ვითარებას, როდესაც მთავარი სამხედრო გარანტი საქართველოსთვის სწორედ ამერიკა იქნება.
    «ნატოს» შემადგენლობაში დაუშვებელია ისეთი ვითარება, როდესაც ერთი რომელიმე ქვეყანა (ამ შემთხვევაში თურქეთი) განიხილება «რეგიონულ სახელმწიფოდ» ხოლო სამხრეთ კავკასია - ცენტრალური აზია, - მის «პასუხისმგებლობის» ზონად.
    ამერიკელებს ამგვარი ვითარება თავად არ ეპიტნავებათ და ისევ შეეცდებიან საქართველოს გამოყენებას «საპირწონედ» თურქულენოვან სამყაროში, როგორც რუსეთი იყენებს სომხეთს იმავე მიზნით.
    თუმცა, ეს უკვე მეორეხარისხოვანი პრობლემატიკაა, რომელიც დღის წესრიგში დადგება მას შემდეგ, რაც პრინციპული თვალსაზრისით გადაწყდება საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი.
    ბუნებრივია, უფრო ადრე უნდა დაესვას წერტილი რუსეთის სამხედრო «ყოფნას» ჩვენს ქვეყანაში, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ნატოსაკენ სწრაეფვა (რუსეთის ჯარის გაყვანამდე) მხოლოდ ანეკდოტად აღიქმება დასავლეთის დედაქალაქებში.

7 დღე, 1 მარტი, 1999 წელი