ნავთობსადენი საქართველოზე მაინც გაივლის!

ნავთობსადენი საქართველოზე მაინც გაივლის!

        შაბათს, ბაქოში დამთავრდა მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და აზერბაიჯანის საერთაშორისო საოპერაციო კომპანიას შორის
        შეიძლება ითქვას, მოლაპარაკება დამთავრდა საქართველოს ძალზე მნიშვნელოვანი გამარჯვებით: შეთანხმებულია თითქმის ყველა სადავო საკითხი, რომელიც მანამდე ცხარე დისკუსიას იწვევდა.
        საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდა ისეთი პრობლემები, როგორიცაა გარემოს დაცვა, კერძო მესაკუთრეთათვის მიწის საფასურის ანაზღაურება, ფინანსური პასუხისმგებლობა საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მილსადენის ტექნიკური ფუნქციონირება-უსაფრთხოებისათვის და ასე შემდეგ.
        ფორმალურად შეუთანხმებელია მხოლოდ საკითხი ტრანზიტის ტარიფების შესახებ, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეს საკითხი მხარეებმა სპეციალურად მოიტოვეს, რათა ჰეიდარ ალიევისა და ედუარდ შევარდნაძის მომავალი შეხვედრა თბილისში (აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დროს) კიდევ უფრო ტრიუმფალური აღმოჩნდეს და პრეზიდენტებმა საბოლოოდ წერტილი დაუსვან ცალმხრივ მოლაპარაკებას «ბაქო-ჯეიჰანის პროექტის» განხორციელებასთან დაკავშირებით.
        ეს მოლაპარაკება, პრინციპში, დასრულდა სტამბულში, «ათასწლეულის სამიტის» დროს, როდესაც ხელი მოეწერა ბაქო-თბილის-ჯეიჰანის კონტრაქტს, მაგრამ შემდგომ აღმოჩნდა, რომ მხარეებს ზოგიერთი არცთუ უმნიშვნელო დეტალი დარჩათ დასაზუსტებელი.
        მაგალითად, დაზუსტებას მოითხოვდა მთავარი კონტრაქტი: მასპინძელ ქვეყანას (ჩვენს შემთხვევაში საქართველოს) და ნავთობმშენებელ კომპანიებს შორის. სწორედ ამ კონტრაქტს უნდა გაეთვალისწინებინა ყველა ზემოჩამოთვლილი საკითხი და გადაეჭრა «ტარიფების» პრობლემა.
        თავდაპირველად, საქართველოს სთავაზობდნენ 3 ცენტს ყოველი ბარელის გატარებაზე. ეს იყო ჩვეულებრივი სავაჭრო ხერხი, როდესაც ვაჭრობა იწყება მეტისმეტად დაბალი ფასიდან. საქართველო აჰყვა ამ «თამაშს» და გატარებული ნავთობის სამი პროცენტი (!) მოითხოვა, რამაც აზერბაიჯანელები, თურქები და «ბრითიშ პეტროლიუმის» მესვეურები შოკში ჩააგდო.
        თუმცა, ანკარის, სტამბულისა და ბაქოს მოლაპარაკებებზე ტარიფი თანდათან დაუახლოვდა რეალურს. ამჯერად საუბარი იყო 15-20 ცენტზე. შევარდნაძე-ალიევის მომავალი შეხვედრისას ალბათ შეთანხმდებიან 18 ცენტზე (იმდენივეზე, რამდენიც ბაქო-სუფსის პროექტით მიიღო საქართველომ), რითაც ორივე მხარე კმაყოფილი დარჩება და ალიევი მხარდაჭერასაც გამოხატავს 9 აპრილის არჩევნების წინ.
        მოსალოდნელია, რომ 18-ცენტიანი ტარიფი მაინც დაუკავშირდება მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასს. წლის მეორე ნახევრიდან კვლავ დაიწყება მისი დაკლება. შესაბამისად, სატრანზიტო ტარიფიც შემცირდება, რაც გარდაუვალია. გარდა ამისა, პირველი 5 წლის განმავლობაში (კონტრაქტი 60 წელზეა გათვლილი) სატრანზიტო ტარიფი შედარებით ნაკლები იქნება. შემდეგ კი (ინვესტიციათა ამოგების კვალობაზე), უეჭველად, მოიმატებს.
        თუმცა მთავარი მაინც ეს არ არის.
        სატრანზიტო ტარიფებს მესამეხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება ამგვარი პროექტების განხორციელებისას. ჩვენს პარტნიორებს, ალბათ უკვირდათ კიდეც, მათთვის გაუგებარი იყო, - რატომ ანიჭებდა საქართველო ტარიფს ესოდენ დიდ მნიშვნელობას.
        არადა, სინამდვილეში, ამ პრობლემამ საქართველოში მნიშვნელობა შეიძინა საზოგადოებრივი აღქმის თავისებურებათა გათვალისწინებით: დაბალ ტარიფს ამომრჩეველი, უეჭველად, აღიქვამდა ეროვნულ დამცირებად და ხელისუფლების დამარცხებად - იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაბალი ტარიფი ობიექტური რეალობის ასახვა იქნებოდა: საქართველომ ხომ არც ერთ თეთრს, არც ერთ ცენტს არ ხარჯავს ამ გრანდიოზული პროექტის განსახორციელებლად – განსხვავებით აზერბაიჯანისა და თურქეთისაგან.
        როგორც შეიძლება ტარიფი თანაბარი ყოფილიყო? მაგრამ ამომრჩეველს ამას ვერ აუხსნი, ამიტომ ოფიციალურ თბილისმა «ბოლომდე იბრძოლა» და ნაწილობრივ მიაღწია წარმატებას.
        რეალური (ნამდვილი) შემოსავალი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტიდან უკავშირდება არა ტრანზიტის ტარიფებს (რაც, ვიმეორებ, მესამეხარისხოვანი საკითხია), არამედ მშენებლობის პროცესში მიღებულ უზარმაზარ (ასეულობით მილიონ დოლარის) ინვესტიციებს.
        შესაბამისად, საბიუჯეტო შემოსავლებს, სამუშაო ადგილების შექმნას (მშენებლობაში ძირითადად საქართველოს სამშენებლო ფირმები იქნებიან დასაქმებული) ინფრასტრუქტურის განვითარებას, მომსახურების ხარჯებს, ყოველნაირ სერვისს, მიმდინარე ვაჭრობას, სასტუმროების ქსელის განვითარებას და ა.შ.
        60 წლის განმავლობაში ნავთობსადენის ექსპლუატაციის პარალელურად, საქართველო თითო ბარელ ნავთობის ტრანსპორტირებას მიიღებს საბოლოო ჯამში დოლარს და უფრო მეტსაც.

მერიდიანი, 6 მარტი, 2000 წელი