რუსული პროპაგანდა

რუსული პროპაგანდა

        საინფორმაციო ომის  ყველაზე გავრცელებული ფორმაა პროპაგანდისტული დივერსია.
    ოღონდ სანამ კონკრეტულ მაგალითებს მოვიყვან, ერთ გარემოებას უნდა გავუსვა ხაზი: როდესაც, გარკვეული მიზეზების გამო, საქართველოში შეწყდა რუსეთის ტელევიზიის («ოსტანკინოსა» და «რუსეთის არხის») ტრანსლირება, თითოეულ ჩვენგანს უცნაური გრძნობა დაეუფლა - თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი დაგვაკლდა და შინაგანმა მოუსვენრობამ შეგვიპყრო. ის ადამიანებიც კი, რომლებიც ძალზე რადიკალურად არიან განწყობილი რუსეთის მიმართ, მოითხოვდნენ რუსეთის ტელევიზიის ტრანსლირების დაუყოვნებლივ აღდგენას.
    ეს იყო მასობრივი ფსიქოზი, რომელმაც თვალნათლივ გვიჩვენა, რომ კვლავ მტკიცედ ვრჩებით საერთო «ცნობიერ» სივრცეში, რაც აძლევს იმპერიას საშუალებას, საკუთარი სურვილისამებრ მართოს ჩვენი ცნობიერება და აქედან გამომდინარე, - საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესებიც.
    ასეთი დამოკიდებულება ჩვენში ათწლეულების განმავლობაში აღზარდეს და ამგვარი «ტელენარკომანიის» გავრცელება დღესაც გრძელდება.
    დღეს რომ კვლავ დადგეს საკითხი «ოსტანკინოს» ტელეკომპანიის გადაცემათა შეწყვეტის შესახებ, დარწმუნებულნი ვარ - ასიდან ოთხმოცდაცხრამეტი ქართველი ამის წინააღმდეგი წავა და ეს იმ დროს (აი, ეს არის ყველაზე მთავარი), როდესაც ყველა ხედავს და ამჩნევს, რაოდენ ოსტატურად და ვერაგულად აღვივებს ეს ტელეკომპანია თავისი პროვოკაციული გადაცემებით საქართველოში ეთნოკონფლიქტებს, სოციალურ დაძაბულობასა და სამოქალაქო თუ პოლიტიკურ დაპირისპირებას.
    საყოველთაოდ ცნობილია, რომ უმრავლეს შემთხვევაში პურის ნაკლებობას იწვევს მასზე აჟიოტაჟური მოთხოვნა. საკმარისია გავრცელდეს ინფორმაცია პურის ნაკლებობის შესახებ, რომ მაღაზიებთან უზარმაზარი რიგები დგება. ასეთი ინფორმაცია არაერთხელ გადაიცა რუსეთის ტელევიზიით, რაც ხელს უწყობდა პანიკის გავრცელებას.
    როდესაც დაისახა კუპონის კურსის სტაბილიზაციის პერსპექტივა, «ოსტანკინომ» გადასცა ნანა ღონღაძის რეპორტაჟი, რომელიც პირიქით - რუსული მანეთის მიმართ კუპონის კურსის დაცემაზე მოუთხრობდა ტელემაყურებელს. ამ რეპორტაჟში არც ერთი სიტყვა ტყუილი არ იყო, მაგრამ იგი ორი კვირის დაგვიანებით გადასცა ტელეკომპანიამ - როდესაც რეალური ვითარება შეიცვალა და დასჭირდათ სტაბილიზაციის პროცესის «აფეთქება»!
    აღსანიშნავია, რომ «ოსტანკინო» თვითონ არასდროს გადმოსცემს ცრუ ინფორმაციას - იგი ამა თუ იმ სააგენტოს ეყრდნობა.
    პროპაგანდისტული დივერსიების განხორციელებისათვის რუსეთის სპეცსამსახური ამა თუ იმ ქვეყანაში ქმნის მარიონეტულ სააგენტოებს (მაგალითად: «ხარკოვ-ნოვოსტი» უკრაინაში), რომელთა დანიშნულებაა რამდენიმე პროვოკაციული ინფორმაციის გავრცელება, რის შემდეგაც სააგენტო იხურება. საქმე ისაა, რომ ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებისათვის პასუხს აგებს არა ტელეკომპანია, არამედ საინფორმაციო წყარო, რომელმაც მას ესა თუ ის ინფორმაცია მიაწოდა. ცრუ ინფორმაციის რამდენჯერმე მიწოდების შემდეგ სააგენტო დაიხურა (კანონის თანახმად), მაგრამ პროპაგანდისტულმა დივერსიებმა მოასწრეს თავისი საქმის გაკეთება და ხელი შეუწყვეს სოციალურ აფეთქებას აღმოსავლეთ უკრაინაში.
    ამგვარი მაგალითების მოტანა საქართველოს მიმართაც შეიძლება. მართალია, Description: D:\EXPERTI.GE\gaubica-s.jpg«მარიონეტული სააგენტოების» შექმნა ჩვენში არ მოხერხდა, მაგრამ კრემლის საინფორმაციო იარაღი სულ უფრო ხშირად იყენებს ИТАР-ТАСС-ის არხებს. ეს სააგენტო ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში. იგი ცრუ ინფორმაციას არასდროს გადასცემს, მაგრამ მას შეუძლია, ინფორმაციის ტენდენციური გაფორმებით, «აქცენტების გადაადგილებით» შექმნას შესაბამისი შთაბეჭდილება, შესაბამისი განწყობა, განსაკუთრებით დასავლეთში.
    დასავლელ კორესპონდენტთა აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც კონფლიქტის გასაშუქებლად ჩავიდნენ აფხაზეთში, იქ ჩასვლამდე დარწმუნებული იყვნენ, რომ აფხაზეთი არის რუსეთის ნაწილი და რომ ქართული ჯარი ამ ტერიტორიის დასაპყრობად შეიჭრა «სუვერენულ რესპუბლიკაში». მათ არაფერი იცოდნენ აფხაზეთში მოსახლეობის ეროვნულ შემადგენლობაზე, ამ მხარის ისტორიაზე, სამაგიეროდ ბევრი რამ იცოდნენ სტალინურ რეპრესიებზე, სოფელ ლიხნში რეგულარულ ანტიქართულ შეკრებებზე და ა.შ.
    ეს ყოველივე, რასაკვირველია, მიზანმიმართული პროპაგანდის შედეგია. ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ თვით დასავლური სააგენტოებისა და ტელეკომპანიების კორესპონდენტები, რომლებიც კავკასიაში მუშაობენ, უმრავლეს შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეები არიან და, რაღა თქმა უნდა, არ გადასცემენ ობიექტურ ინფორმაციას.
    პროპაგანდისტული დივერსიის კლასიკური ნიმუში იყო ინფორმაცია, რომელიც 3 ივლისს «ოსტანკინო» გადასცა: «Как стало известно, в связи с осложнением обстановки в Абхазии, Тенгиз Китовани направился туда вместе с верными ему частями гвардии»
    სინამდვილეში, იმ დროს კიტოვანს უკვე აღარ ჰყავდა «გვარდიის ნაწილები». იგი რიგით მებრძოლად გაემგზავრა ოჩამჩირის რაიონში. თან წაყვა პირადი დაცვის რამდენიმე წევრი. «ოსტანკინომ» შესანიშნავად იცის: ეს ინფორმაცია აღაშფოთებს და მღელვარებას გამოიწვევს საქართველოს პოლიტიკურ წრეებში, რომელთაც დღემდე ეშინიათ ახალი სამხედრო გადატრიალებისა.
    «ოსტანკინო» ოსტატურად იყენებს ვიზუალური შთაბეჭდილების შესაძლებლობებს. დავაკვირდეთ რუკებს, რომლის დემონსტრირებასაც იგი ახდენს ამა თუ იმ ინფორმაციის გადაცემისას: ზოგიერთ რუკაზე საქართველო მთლიანად ერთფერად არის გაფერადებული და მასზე ერთადერთი პუნქტია აღნიშნული - თბილისი. ზოგიერთზე აფხაზეთი და, რა თქმა უნდა, «სამხრეთ ოსეთი» (აგრეთვე აჭარაც) უფრო რუსეთის ფედერაციის ფერით არიან აღნიშნული, ხოლო ბათუმი, ცხინვალი და სოხუმი ისეთივე შრიფტით წერია როგორითაც თბილისი, ამით ხაზი ესმება მათ თითქოსდა თანასწორუფლებიანობას.
    ცოტა არ იყოს სასაცილოც კია, რას უშვრება რუსეთის ტელევიზია ყარაბაღს. ეს ტერიტორია რუკაზე ზოგჯერ სომხეთის ფერადაა აღნიშნული, ზოგჯერ - აზერბაიჯანის.
    როგორც ცნობილია, ყარაბაღსა და სომხეთს შორის არის ტერიტორიის ვიწრო ზოლი, რომელიც არ შედიოდა მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში. «ოსტანკინოს» და «რუსეთის არხის» მიერ დემონსტრირებულ რუკაზე ეს ზოლი ხან აღნიშნულია, ხან საერთოდ არ ჩანს, ანუ ყარაბაღი ხან შეერთებულია სომხეთთან ხან გამოყოფილია მისგან «ლაჩინის ზოლით» და ეს ყოველივე, რასაკვირველია, შეგნებულად კეთდება .
    დავაკვირდეთ იმასაც, როგორ «იმიჯს» უქმნიან ჩვენი სახელმწიფოს მეთაურს. რუსეთის ტელევიზია მაინცა და მაინც მის იმ ფოტოსურათს უჩვენებს მხოლოდ, რომელზედაც იგი არც თუ სიმპათიურად გამოიყურება, ვითომ სხვა ფოტოსურათი არ ჰქონდეთ.
    ამგვარი მაგალითების მოყვანა დაუსრულებლად შეიძლება, მაგრამ «საინფორმაციო ომის შესახებ» შემდგომ სტატიებში სჯობს, ალბათ, უფრო სისტემურ მსჯელობაზე გადავიდეთ.

«ივერია-ექსპრესი», ივლისი-აგვისტო, 1993 წელი.