იგორ გიორგაძეს რუსეთში გაფაციცებით ეძებენ

იგორ გიორგაძეს რუსეთში გაფაციცებით ეძებენ

  

    „ნომერ პირველი ტერორისტის“ იგორ გიორგაძის გაქცევის ფაქტი (რუსეთის სამხედრო თვითმფრინავით ვაზიანის აეროდრომიდან) სასარგებლოც კი აღმოჩნდა დღევანდელი ხელისუფლებისათვის. ყოველ შემთხვევაში, უფრო მომგებიანი, ვიდრე მისი დაპატიმრება იქნებოდა. ნურავის ეგონება, თითქოს იგორ გიორგაძეების, სურეთ ჰუსეინოვების, სხვათა და სხვათა შეფარება რუსეთისათვის სასურველი და მომგებიანია. მისთვის გაცილებით უკეთესი იქნებოდა ამ კატეგორიის ხალხს ძალაუფლება შეენარჩუნებინა, მაგრამ რაკი ეს ვერ შეძლო, რუსეთიც იძულებულია, მათ თავშესაფარი მისცეს. «გამარჯვებულთათვის» საკუთარი აგენტების გადაცემა ყოველთვის იწვევს «პატრიოტული ძალების» უკმაყოფილებას. მაგალითად, როდესაც რუსეთის ურთიერთობამ აზერბაიჯანთან უკიდურეს ზღვარს მიაღწია (სომხეთისთვის იარაღის გადაცემის გამო), ხოლო აზერბაიჯანის პრეზიდენტი უარს აცხადებდა გამგზავრებულიყო მოსკოვში ესენგეს მორიგ სამიტზე დასასწრებად, რუსეთი იძულებული გახდა ჰეიდარ ალიევი იმით «დაეკმაყოფილებინა», რომ მისთვის ყოფილი «პუტჩისტი» გადაეცა. სურეთ ჰუსეინოვი ბორკილდადებული ჩააბრძანეს ბაქოში. დარწმუნებული იყავით, ასევე «ჩამოაბრძანებენ» თბილისში იგორ გიორგაძესაც, თუ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს რუსეთის წინააღმდეგ ისეთივე «კოზირების» მოპოვებას. როგორიც აზერბაიჯანმა მოიპოვა. ჯერჯერობით კი გრძელდება ტრაგიკომედია» გიორგაძის „სრულიად სარუსეთო ძიების“ სახით.
    გენერალურმა პროკურორმა სკურატოვმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის «სამართალდამცავი ორგანოები» აქტიურად ეძებენ იგორ გიორგაძეს, რათა ვენის კონვენციის შესაბამისად იგი საქართველოს გადასცენ. შესაძლოა, სკურატოვის უწყებამ არც იცოდეს იგორ გიორგაძის ადგილსამყოფელი - იგი სხვა უწყების (დაზვერვის) კომპეტენციაში იმყოფება, მაგრამ თვით ბორის ელცინმა და ქვეყნის უმაღლესმა ხელისუფლებამ ყოველივე, რა თქმა უნდა, შესანიშნავად უწყიან. ოღონდ, ჯერჯერობით, საქართველოს პრეზიდენტის მოთხოვნის დაკმაყოფილება არ სურთ და ამით საკუთარ მდგომარეობასაც ართულებენ. უკვე გამოჩნდა იმის სიმპტომები, რომ შევარდნაძის ახალი საგარეო კურსის ერთ-ერთ ფაქტორად სწორედ გიორგაძე იქცევა. თვით ყველაზე «პრორუსულად» მოაზროვნე მოღვაწეთაც კი საქართველოში გაუჭირდებათ ახსნა, რატომ და რისთვის «ინახავს» საერთაშორისო მასშტაბის ტერორისტს რუსეთი, ანუ როგორც ერთხელ იკითხა ედუარდ შევარდნაძემ «რისთვის ამზადებენ» მას. ამრიგად, იგორ გიორგაძის ყოფნა მოსკოვში ხელსაყრელიც კი არის «პროდასავლური კურსის» მომხრეთათვის. გიორგაძე, რასაკვირველია, მხოლოდ საფრთხობელაა. მისი რეალური გავლენა «მხედრიონზე» და ჯაბა იოსელიანზე აშკარად «გაბერილია». სინამდვილეში 29 აგვისტოსა და სხვა ტერორისტული აქტების ორგანიზატორები უკვე დაპატიმრებულნი არიან. იგორ გიორგაძის ფაქტორი კი ამ სისხლიან საქმეს დამატებით პოლიტიკურ ელფერს მატებს. თუმცა, რეალურად, გიორგაძე დიდი ხანია პოლიტიკური გვამია და ვერავითარ გავლენას მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ვეღარ მოახდენს. საქართველოში თითქმის არ არის პოლიტიკურად აქტიური მოღვაწეები, რომლებიც ქართული უშიშროების ყოფილ შეფთან რაიმე ურთიერთობას დაამყარებენ. «გაერთიანებული კომუნისტური პარტია» სათვალავში ჩასაგდები, რა თქმა უნდა, არ არის. ასე რომ, იგორ გიორგაძის «ფანტომი» თანდათან კარგავს მნიშვნელობას როგორც რუსეთისათვის, ასევე საქართველოსათვის და შეიძლება აღარც იქნეს განხილული «ვაჭრობის საგნად», რაც თვით იგორ გიორგაძისთვის სასარგებლოა იმ აზრით, რომ უდრტვინველ სიბერეს ჰპირდება რუსული ФСБ-ს რომელიმე სპეცაგარაკზე.

მერიდიანი, 3 ოქტომბერი, 1997 წელი