ჩეჩნეთის ომი და საქართველო

ჩეჩნეთის ომი და საქართველო

       

ჩეჩნეთში მიმდინარე საომარი მოქმედებები ისეთ ფაზაში შევიდა, რომ ნათელია - ერი, მართლაც «სამკვდრო-სასიცოცხლო» ომს იწყებს.
       
        არსებობს მხოლოდ მოვლენათა შემდგომი განვითარების სამი შესაძლო ვარიანტი:
        პირველი ვარიანტით, რუსეთი თითქმის მთლიანად ანადგურებს ჩეჩენ ხალხს. ნაშთებს სამშობლოდან რუსეთის შიდა რაიონებში ასახლებს (ეს ჯერ კიდევ სტალინმა მოიმოქმედა ნაწილობრივ, ელცინიც აკეთებს უკვე).
        მეორე: რუსეთი ანადგურებს მხოლოდ ჩეჩნეთის ყველაზე აქტიურად მებრძოლ ნაწილს, სხვებს კი აიძულებს, ბედს შეურიგდნენ (პირველად, 400 წლის განმავლობაში); «ბედს შერიგებული» ჩეჩენი ერი სულიერად იმდენად გატყდება (მათი ეროვნული იდეა რუსეთის წინააღმდეგ ომია), რომ ეროვნულ თვითშეგნებასა და თვითიდენტიფიკაციას სამუდამოდ დაკარგავს.
        ფაქტობრივად, ჩეჩენი ერი ამ გზით უფრო შეწყვეტს არსებობას, ვიდრე მასობრივი გენოციდის შედეგად.
        მესამე: ჩეჩნები ახერხებენ ომში გარდატეხის შეტანას (რაც მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ისინი გაშლიან ფართომაშსტაბიან საომარ მოქმედებებს საკუთრივ რუსეთის ტერიტორიაზე) და საბოლოოდ იმარჯვებენ კიდეც.

        საქართველოში იჩქერიის წარმომადგენლის, ხიზრი ალდამოვის გაფრთხილება მოსალოდნელი ტერაქტების თაობაზე, პირველი არ არის. მანამდე მოვლადი უდუგოვმა და შამილ ბასაევმა ინტერნეტის მეშვეობით გააფრთხილეს საქართველოს პრეზიდენტი, რომ მის წინააღმდეგ რუსეთის სპეცსამსახურები ტერაქტს ამზადებდნენ.
        წერილმა შედეგი გამოიღო: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო გამწვავდა, ვინაიდან უდუგოვის წერილს საეჭვოდ დაემთხვა ვაზიანის სამხედრო ბაზის გააქტიურება.
        აქვე უნდა ითქვას, რომ ჩეჩენთა მთავარი იდეოლოგის გაფრთხილება მთლად უსაფუძვლო არ უნდა ყოფილიყო: ვაზიანის სამხედრო ბაზა რუსებს მხოლოდ დეკორაციისათვის, რა თქმა უნდა, არ სჭირდებათ და წარმოუდგენელიც კია, შექმნილ ვითარებაში მათ არ მიეღოთ ზომები «ვაზიანის დაჯგუფების» გასაძლიერებლად, - თუნდაც, «ყოველი შემთხვევისათვის» (აბა, სხვა რა თავში იხლიან, საერთოდ, სამხედრო ბაზებს საქართველოში ან ნებისმიერ სხვა ადგილას?), ასე რომ, მოვლადი უდუგოვმა (თავისთავად, ის უჭკვიანესი კაცია) ეს მომენტი ძალიან ზუსტად გათვალა.
        რაც შეეხება ხიზრი ალდამოვის «წინათგრძნობას», შესაძლოა, მასაც ნამდვილად ჰქონდეს საფუძველი. კერძოდ, რუსულ გენერალიტეტს ძალზე აღიზიანებს ის გარემოება, რომ საქართველოს არ სურს ურთიერთობების გაფუჭება ჩეჩნეთთან. ასე რომ, ათასგვარი პროვოკაციისთვის უნდა ვიყოთ მზად და, რაც მთავარია, პროვოკაციებს უნდა ველოდოთ არა მხოლოდ რუსეთის სპეცსამსახურთა მხრიდან.
        არასდროს, არც ერთი წუთით არ უნდა დავივიწყოთ ის, რაც მოხდა 1998 წლის 9 თებერვალს, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ ერთმანეთს დაემთხვა რუსეთისა და ჩეჩნეთის ინტერესები.
        ბუნებრივია, ამ ოპერაციისათვის პასუხისმგებლობა ჩეჩენ ხალხს (ისევე, როგორც რუსებს) არ ეკისრება, იგი განახორციელეს ერთობლივად რუსეთისა და ჩეჩნეთის მმართველმა წრეებმა.
        ჩეჩნური მხარის მიზანი, ამ შემთხვევაში, ის იყო, რომ ეჩვენებინა მოსკოვისათვის, რამდენად სასარგებლო შეიძლებოდა გამხდარიყო მისთვის ჩეჩნეთთან თანამშრომლობა, თუკი იგი ცნობდა იჩქერიის დამოუკიდებლობას.
        «სარგებლიანობა» კი საქართველოს პრეზიდენტის ფიზიკურ განადგურებაში უნდა გამოხატულიყო, რის შედეგადაც ჩვენს ქვეყანაში, უეჭველად, დაიწყებოდა მორიგი შფოთი და არეულობა; შესაძლოა, - სამოქალაქო ომიც, შედეგად, «დიდი ნავთობსადენი» ჩეჩნეთისა და რუსეთის ტერიტორიაზე გაივლიდა. ორივე მხარე კმაყოფილი დარჩებოდა - ესეც ინტერესთა თანხვედრა.
        აქედან გამომდინარე, როდესაც ვსაუბრობთ ჩეჩნეთის ომისადმი საქართველოს დამოკიდებულებაზე, ალბათ, მაინც უნდა განვასხვაოთ ემოციური და რაციონალური მომენტები.
        ემოციური თვალსაზრისით, საქართველო, რა თქმა უნდა, თანაუგრძნობს ჩეჩენ ხალხს და სრულებითაც არ თანაუგრძნობს რუსეთს - მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რაც რუსეთმა დაგვმართა ჯერ «სამხრეთ ოსეთში», შემდეგ კი აფხაზეთში. მაგრამ რაციონალური თვალსაზრისით საქართველო, უბრალოდ, ვალდებულია გაემიჯნოს ჩეჩნეთის ომს მთლიანად - გაემიჯნოს არა მხოლოდ რუსულ, არამედ ჩეჩნურ მხარესაც, რათა ზემოთ ჩამოთვლილი ვარიანტების განხორციელების შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა არ აღმოჩნდეს «დამნაშავე».
        ამ მიზნით, სავსებით შეიძლება გამოვიყენოთ იმავე ხიზრი ალდამოვის განცხადებაც.
        უნდა ითქვას, რომ საქართველოს სპეცსამსახურები მოიქცნენ აბსოლუტურად სწორად, როდესაც კახეთში დააკავეს სამი ჩეჩენი იარაღის ტარების ბრალდებით.
        ამგვარი აქციებით საქართველო უკვე არა მხოლოდ რუსეთს, არამედ მეორე მხარესაც (ანუ ჩეჩნეთსაც) ემიჯნება, ხოლო ალდამოვის გაფრთხილებაზე დაყრდნობით (რომ ჩეჩნები თბილისში ტერაქტებს ამზადებენ) საქართველოს სპეცსამსახურებმა შეიძლება დააკავონ რამდენიმე ჩეჩენი და მათ წამოუყენონ კონკრეტული ბრალდებები.
        სხვათა შორის, გაუგებარია, რატომ არ ახსოვთ შესაბამის ორგანოებს აფხაზეთის ომი, სადაც ათასობით ჩეჩენი იბრძოდა - ძალიან კარგი და მიზანშეწონილი იქნება, თუ ლტოლვილ ჩეჩნებში (რა თქმა უნდა, მამაკაცებს ვგულისხმობ) «აღმოვაჩენთ» აფხაზეთის ომის მონაწილეებს და ისინი სასამართლოს წინაშე წარდგებიან «ტერორიზმის» ბრალდებით, ოღონდ არა რუსეთის, არამედ საქართველოს წინააღმდეგ.
        ამით ერთგვარ ნიშნსაც მოვუგებთ მეომარ მხარეებს - «თქვენ არ იყავით?» - და ჩვენს ნეიტრალურ პოზიციასაც კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ, როგორც ყველაზე უკეთესაა და რეალურს (ნამდვილად ასეთს).

მერიდიანი, 3 დეკემბერი, 1999 წელი