როცა ჩაქრება ჭადრებში ლამპიონების ნათება...

როცა ჩაქრება ჭადრებში ლამპიონების ნათება...

    «საქენერგოს» ზოგიერთი ხელმძღვანელი შეიძლება რემი ვაშაკიძეს «შეუამხანაგდეს»
   

    ედუარდ შევარდნაძის ორშაბათის რადიოინტერვიუები ზოგიერთი ხელმძღვანელი მუშაკისათვის ბოლო ზარი და «უზენაესი რისხვის» გამოვლინება ხდება. ყველას კარგად ახსოვს, რომ საქართველოს რკინიგზის ყოფილი უფროსის, რემი ვაშაკიძის ბედი მას შემდეგ გადაწყდა, რაც ამავე «ტრადიციულ რადიოინტერვიუში» სახელმწიფოს მეთაურმა იგი მკაცრად გააკრიტიკა ქვეყანაში სარკინიგზო საქმის დეზორგანიზებისათვის. პროკურატურამ უმალვე გამოამზეურა მის ხელთ არსებული ფაქტები და რკინიგზაში «დიდი წმენდა» დაიწყო. ანალოგიური პროცესი მწიფდება საქენერგოს სისტემაშიც: ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, «ყველაფერს აქვს საზღვარი, მათ შორის ხალხისა და პრეზიდენტის მოთმინებასაც», მისი აზრით, ენერგეტიკაში შექმნილი კატასტროფული მდგომარეობის მთავარი მიზეზი კორუფციაა, რომელიც გამეფებულია ენერგოსისტემაში. პრეზიდენტი აცხადებს, რომ ყოველდღიურად იღებს სიგნალებს კორუფციის ფაქტების შესახებ «საქენერგოში» და თუ ეს ფაქტები დადასტურდა, «ტყუილად ჰგონია ზოგიერთს, რომ მხოლოდ თანამდებობის დაკარგვით გადარჩება».
    ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს - ამ სიტყვის გამგონეთ, «საქენერგოს» ხელმძღვანელობას (სრული შემადგენლობით) ალბათ ღამე არ ეძინათ. ბოლო დროს შევარდნაძე ძნელად გამოდის მოთმინებიდან. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ის არის, რომ მისი შესაძლებლობები ძლიერ შეიზღუდა იმასთან შედარებით, რაც ოცი წლის წინ გააჩნდა, მაგრამ თუ მაინც აუვსეს მოთმინების ფიალა. დღესაც შეუძლია «წმენდების» ჩატარება ნებისმიერ სახელმწიფო სტრუქტურაში. რაც მთავარია, თუ მისი რისხვა «საქენერგოს» დაატყდება თავს, უშუქობით გამწარებული ხალხი ნამდვილად აღფრთოვანდება. პრეზიდენტისათვის კარგადაა ცნობილი ზოგიერთი «ბობოლა ენერგეტიკოსის» განწყობა: ავდგები და წავალ სახლში (დავტოვებ თანამდებობას), ვინც გინდა, ის დანიშნე. კისერი და კინჩხი გიტეხიაო. ნურას უკაცრავად!!! ამ შემთხვევაში მხოლოდ თანამდებობის დაკარგვას არ აკმარებენ იმ ხალხს, ვინც მეოთხე წელია ვერა და ვერ შეძლო პრობლემების გადაწყვეტა - ეს მაშინ, როდესაც მეზობელ სომხეთში, სადაც საწყისი ვითარება ათჯერ უფრო მძიმე იყო, ელექტროენერგია ერევანსა და სხვა ქალაქებს შეუფერხებლად მიეწოდებოდათ.
    ვერა და ვერ დასრულდა აგრეთვე «თბილსრესის» სრულყოფილი რემონტი, ვერ მოება თავი ინდივიდუალური მრიცხველების დაყენებას, თანაც ელექტროკრიზისის მიზეზი საფასურის გადაუხდელობაც აღარ არის. გასულ თვეში (ოფიციალური მონაცემებით) თანხის ამოღებამ სამოცდაათ პროცენტს მიაღწია. ანუ გაჭირვებული მოსახლეობა ფულს ასე თუ ისე იხდის, მაგრამ შუქი მაინც არა აქვს. როგორც ჩანს, «საქენერგო» იმიტომაც არ ჩქარობს ინდივიდუალური მრიცხველების დაყენებას, რომ იცის, ელექტროენერგია შეიძლება მაინც ვერ მიაწოდოს მოსახლეობას. ამ შემთხვევაში კი ხალხის გააფთრებას ნამდვილად ვეღარ გადაურჩება.
    ელექტროენერგიის განაწილება ბევრისათვის შემოსავლის უშრეტი წყარო გახდა. ამ სფეროში ფული ყოველთვის კეთდებოდა, მაგრამ 1993-97 წლები იმ თვალსაზრისით ნამდვილი «ოქროს ხანაა». პროკურატურამ თუ მოინდომა, ადვილად «გამოიჭერს» რომელიმე ენერგეტიკოსს - «ფიდერის უფროსს» და ადვილად «დააფქვევინებს», ვის აძლევდა ფულს «ზემოთ». იმასაც ათქმევინებს, ვინ იღებდა ფულს «უფრო ზემოთ» და ასე შემდეგ ერთი სიტყვით, «დიდი წმენდისათვის» ნიადაგი შემზადებულია, მასალებიც დაგროვილია; საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება.
    თუ მდგომარეობა უახლოეს მომავალში არ გამოსწორდა, ასეთი გადაწყვეტილებაც უეჭველად იქნება მიღებული და «საქენერგო»-ში შეიძლება საზარელი ამბები დატრიალდეს. იმავე რადიოინტერვიუს ბოლოს პრეზიდენტმა შემთხვევით როდი თქვა: «რკინიგზაში კატასტროფული ვითარება იყო შექმნილი», მაგრამ (იგულისხმება) რაც კორუფციას ომი გამოვუცხადეთ, «მდგომარეობა გამოსწორდა და რკინიგზა ამუშავდა». მაშასადამე, მდგომარეობა უახლოეს ხანებში «საქენერგოშიც» გამოსწორდება.

მერიდიანი, 26 ნოემბერი, 1997 წ.