ესპანელები პანკისის მიწამ ჩაყლაპა?

ესპანელები პანკისის მიწამ ჩაყლაპა?

     

        გუშინ თბილისში იმყოფებოდა რუსეთში ესპანეთის საელჩოს დელეგაცია, რომელმაც მოლაპარაკება გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ორი ესპანელი ბიზნესმენის საქმესთან დაკავშირებით.
        რამდენიმე თვის წინ გატაცებული ანტონიო ტრენელიო და ხოსე როდრიგესი თითქოს ცამ და მიწამ ჩაყლაპეს, მათ გზა-კვალს ვერავინ მიაგნო.
        თუმცა, სარწმუნო წყაროს ცნობით, ესპანელ ბიზნესმენთა ნათესავები, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ვირტუალურ «მოლაპარაკებას» აწარმოებდნენ გამტაცებლებთან, რასაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისევე, როგორც უშიროების სამინისტრო, თავიდანვე უარყოფითად შეხვდა. მათი დამოკიდებულება სამართლიანიც აღმოჩნდა - როგორც ვხედავთ, მოლაპარაკებათა მიუხედავად, მძევლები ჯერაც არ არიან გათავისუფლებული.
        თვით ეს გატაცებაც ძალიან უცნაურ გარემოებაში მოხდა: თბილისის გარეუბანში, თანაც იმ ვითარებაში, როდესაც ბიზნესმენებს შეიარაღებული პოლიციელი აცილებდა.
        მაშინ ეს გასაკვირი იყო, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ თბილისის ცენტრიდან პარლამენტის წევრის (პეტრე ცისკარიშვილის) გატაცებამ ეს რეკორდი «მოხსნა». იმედი ვიქონიოთ, დიდი ხნით მაინც, თუ სამუდამოდ არა.
        იმთავითვე გავრცელდა ჭორები ესპანელ ბიზნესმენების «საეჭვო» საქმიანობის შესახებ, რაც საიუველირო ბიზნესს უკავშირდებოდა.
        ნებისმიერ შემთხვევაში, ქისტებს (თუ მართლაც ისინი არიან გამტაცებლები), რასაკვირველია, პანკისის ხეობაში არ დაესიზმრებოდათ, რომ ესპანელი ბიზნესმენები თბილისში იმყოფებოდნენ და სწორედ იმ დროს საქართველოდან გამგაზვრებას აპირებდნენ.
        «აეროპორტის ტრასა» საკმაოდ ახლოა «კახეთის გზატკეცილთან», უფრო სწორად, მისი გაგრძელებაა, მაგრამ თავიდანვე კი იწვევდა გაოგნებას ერთი გარემოება: «ჩამოსმული» პოლიციელი დაუყოვნებლივ შეატყობინებდა «ვისაც ჯერ არს» გატაცების შესახებ - როგორღა ვერ შეძლეს, გზები გადაეკეტათ? თბილისიდან პანკისამდე ხომ 200 კილომეტრია. ან, იქნებ, სულაც არ წაუყვანიათ პანკისში? ხელწერა «ჩეჩნურ-ქისტურია» (უპირველესად, თავხედობა) მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყაჩაღურ ბანდას სადმე თბილისთან ახლოს არ ჰქონდეს ბაზა გამართული.
        როგორც ჩანს, კონსპირაციას კარგად იცავენ და არც ისაა გამორიცხული, იმავე ბანდას ჰყავდეს «გაკოჭილი» ლევან კალაძე, შარბელ ანუ და სხვა, ნაკლებად ცნობილი გატაცებულები.
        თბილისთან ახლოს ასეთი, კარგად შენიღბული და მომარაგებული ბაზის აღმოჩენა არანაკლებ ძნელია, ვიდრე კახეთში.
        ან კიდევ ერთი ვარიანტი: ესპანელები ჯერ შორიახლო დამალეს და რამდენიმე დღის შემდეგ საურმე გზებით გადაიყვანეს პანკისში. სწორედ ასეთი გზებით მოძრაობდა (ვაითუ, ახლაც მოძრაობს) მაყუჩიანი ავტომატებით შეიარაღებული ბანდა თბილისსა და პანკისს შორის, რომელმაც ვაკის პარკთან დეპუტატი ცისკარიშვილი და მისი საცოლე გაიტაცა.
        ესპანეთში კი «ტრენილიო-როდრიგესის» საქმეს უდიდესი რეზონანსი აქვს: თითქმის ყოველდღე ცენტრალური ტელეარხები, ყველაზე პრესტიჟული და სოლიდური გაზეთები უდიდეს ადგილს უთმობენ ბიზნესმენების გატაცებას. ბევრმა ესპანელმა მხოლოდ ამ საქმის გამო მიაქცია ყურადღება საქართველოს - არადა, ესპანეთი, ევროპის სახელმწიფოებიდან (იტალიასთან ერთად), ყველაზე ცივად ეკიდება პოსტსაბჭოური სივრცის ქვეყნებთან ურთიერთობას.
        შესაძლოა, ამჟამინდელი ვიზიტის მიზანი ინფორმაციის მიღება იყოს. «პირდაპირმა მოლაპარაკებამ» გამტაცებლებთან შედეგი არ გამოიღო. მიზეზი გასაგებია: ესპანეთის მთავრობა არავის დაანებებს გამოსასყიდის გადახდას ტერორისტების გასამრჯელოდ. ეს ამ ქვეყნის (ისევე, როგორც მრავალი სხვა ქვეყნის) პრინციპია: ესპანეთის სახელმწიფო არ თანაშმრომლობს ტერორისტებთან და არ იხდის გამოსასყიდს.
       

დილის გაზეთი, 10 აგვისტო, 2001 წელი