ცივილიზაციათა ომი

ცივილიზაციათა ომი

    დასავლეთში დიდი გამოხმაურება გამოიწვია ჰარვარდის უნივერსიტეტის ჰოლნის სტრატეგიულ გამოკვლევათა ინსტიტუტის თანამშრომლის, სემიუელ ჰანტინგტონის სტატიამ, რომელიც ჟურნალ «ფორინ აფერსში» გამოქვეყნდა. ცოტა ხნის წინ კი არანაკლები რეზონანსი მოჰყვა იაპონელი პოლიტოლოგის - ფუკუიამას სენსაციურ სტატიას «ისტორიის დასასრული», რომელშიც იგი ამტკიცებდა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კაცობრიობის ისტორია თავის განვითარების დამასრულებელ ფაზაში შევიდა და არც ისე შორს არის ხანა, როდესაც მსოფლიოში ყოველგვარი ანტაგონიზმი მოისპობა.
    ჰანტინგტონის კონცეფციით კი პირიქით - მსოფლიოს ისტორია კონფლიქტების ახალ ერაში შედის. ოღონდ ამ კონფლიქტებს უკვე აღარ წარმოშობს იდეოლოგია ან ეკონომიკა - ყველა დიდი შეჯახება კულტურათა შეჯახება იქნება.
    მეცნიერის აზრით, «ცივი ომის» დროს მსოფლიო სამ «სამყაროდ» იქნა გაყოფილი. ეს დაყოფა მოძველდა. დღეს ქვეყნები უნდა დაიყოს არა მათი ეკონომიკური ან თუნდაც იდეოლოგიური სისტემების მიხედვით, არამედ იმის შესაბამისად, თუ რომელ კულტურას განეკუთვნებიან ისინი, ანუ რომელ ცივილიზაციას წარმოადგენენ.
    დასავლურ ცივილიზაციას ორი ძირითადი ვარიაცია აქვს - ევროპული და ჩრდილოამერიკული. ისლამს კი სამი. - არაბული, თურქული და მალაური (მილააზიური). მართალია ცივილიზაციათა შორის საზღვრები მკვეთრად განსაზღვრული არ არის, მაგრამ ეს ცივილიზაციები რეალურად არსებობენ. ისინი იყოფიან, ერთმანეთს ერწყმიან, ვითარდებიან და ქრებიან.
    დასავლეთში ითვლება, რომ ისტორიის ძირითადი სუბიექტი ეროვნული სახელმწიფოა. ეს არასწორი შეხედულებაა - ნაციონალური სახელმწიფო ისტორიის უმთავრესი სუბიექტი იყო მხოლოდ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, ისტორიის უდიდესი ნაწილი კი მოიცავს ცივილიზაციათა ურთიერთმოქმედების ისტორიას. დღეს მსოფლიო კვლავ უბრუნდება ამ სქემას.
    ცივილიზაციათა თვითმყოფადობა იძენს სულ უფრო გამოკვეთილ ხასიათს, ხოლო მხოფლიოს მომავალი სახე შეიქმნება შვიდი-რვა მთავარი ცივილიზაციის ურთიერთობის შედეგად.
    ეს ცივილიზაციებია: დასავლური, კონფუციონისტური (ჩინეთი, კორეა და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნები), იაპონური, ისლამური, ინდუისტური, სლავურ-მართლმადიდებლური, ლათინო-ამერიკული და შესაძლოა, აფრიკული.
    ყველაზე სისხლიანი კონფლიქტები ამ ცივილიზაციათა „საზღვარზე“ წარმოიშობა. რატომ? უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ძალზე ღრმაა სხვაობა ცივილიზაციათა შორის - ეს არის სხვადასხვაობა ენაში, ისტორიაში, კულტურაში, ტრადიციებში ანუ, მთლიანობაში, ღირებულებებში.
    სხვადასხვა ცივილიზაციაში ადამიანს განსაკუთრებული შეხედულება აქვს ადამიანის და ღმერთის, მოქალაქისა და სახელმწიფოს, მშობლებისა და შვილების, თავისუფლებისა და ძალაუფლების, თანასწორუფლებიანობისა და იერარქიის შესახებ. ყველა ეს სხვაობა და თავისებურება უეჭველად წარმოშობს დაძაბულობას და გამოიწვევს ომებს.
    მეორე მიზეზი ის არის, რომ მსოფლიო უფრო მჭიდროდ დასახლებული ხდება, ცივილიზაციათა შორის ურთიერთმოქმედება ღრმავდება. ეს ურთიერთქმედება კი არ შლის, არამედ აძლიერებს საკუთარი თვითმყოფადობის შეგრძნებას. მარტივი მაგალითი: ამერიკელები გაცილებით უფრო მწვავედ რეაგირებენ იაპონურ ინვესტიციებზე, ვიდრე კიდევ უფრო დიდ ინვესტიციებზე კანადელთა ან ევროპელთა მხრიდან - ამერიკის ეკონომიკაში.
    მესამე: ეკონომიკური და სოციალური ძვრები აშორებენ ადამიანს ადგილობრივი ტრადიციებისაგან. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ეს შრე რელიგიამ შეავსო. თანაც, მისმა იმ ფორმამ, რომელსაც «ფუნდამენტალისტურს» უწოდებენ. ასეთი მიმდინარეობანი არსებობენ დასავლურ ქრისტიანობაში, იუდაიზმში, ბუდიზმსა და ისლამში. მსოფლიოს დესეკულარიზაცია დომინირებადი ფაქტორი ხდება.
    მეოთხე: მაშინ, როდესაც დასავლური ცივილიზაცია თავისი განვითარების ზენიტში იმყოფება, სხვა ცივილიზაციები საკუთარ ფესვებს უბრუნდებიან.
    დღეს იაპონიაში, მიუხედავად მისი ტექნიკური პროგრესისა, აშკარად იზრდება «აზიური ელემენტი»; ინდოეთში - ივიწყებენ ჯავაჰარლალ ნერუს და ინდუიზმს უბრუნდებიან; ირანში - ისლამს; ხოლო რუსეთში - სულ უფრო დიდ გაქანებას პოულობს სლავიანოფილური მოძრაობა.
    დასავლური ცივილიზაციის აგრესიული მცდელობა, დაამკვიდროს მთელ მსოფლიოში თავისი ფასეულობანი (დემოკრატია, ლიბერალიზმი) სხვა ცივილიზაციათა საპასუხო რეაქციას იწვევს, ამიტომ უახლოეს ხანში უნდა ველოდოთ დასავლეთსა და დანარჩენ სამყაროს შორის მაშტაბურ დაპირისპირებას თუ კონფლიქტს. ამის პირველი ნიშანია კონფუციონიზმსა და ისლამს შორის ურთიერთობათა გაცხოველება - «საერთო მტრის» წინააღმდეგ.
    მეხუთე: კულტურული თავისებურებანი უფრო მყარია, ვიდრე ეკონომიკური ან სოციალური. ყოფილ საბჭოთა კავშირში კომუნისტები - დემოკრატებად იქცევიან, მდიდრები - ღარიბებად და ღარიბები - მდიდრებად, მაგრამ შეუძლებელია ქართველები იქცნენ - ესტონელებად ან კათოლიკენი - მართლმადიდებლებად.
    და ბოლოს, იზრდება ეკონომიკური რეგიონალიზმი. ეს კი გააძლიერებს საკუთარი თვითმყოფადობის შეგნებას. მეორე მხრივ, იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევს წარმატებას, თუ დაფუძნებული იქნება ერთიან კულტურაზე. ევროპული ინტეგრაცია საერთო კულტურულ საფუძველს ემყარება; იაპონიას კი ძალზე უჭირს აღმოსავლეთ აზიაში ასეთივე კავშირის შექმნა, რადგან, გარეგნული მსგავსების მიუხედავად, მისი ცივილიზაცია თავისთავად უნიკალურია და ძნელად ეგუება უცხოს.
    მას შემდეგ, რაც დაინგრა ბერლინის კედელი და აღარ არსებობს ევროპის გამყოფი «რკინის ფარდა», კვლავ წარმოიშვა დაპირისპირება ევროპაში მართლმადიდებლობასა და კათოლიციზმს შორის. დასავლურ და ისლამურ ცივილიზაციებს შორის კი კონფლიქტი ათასზე მეტი წელია გრძელდება. ისტორიულად არსებობდა ანტაგონიზმი არაბულ სამყაროსა და მათ სამხრეთით მცხოვრებ წარმართულ ცივილიზაციას შორის, რომელიც აფრიკის დიდ ნაწილს მოიცავს. ისლამის ჩრდილოეთ საზღვართან მძვინვარებს ბოსნიის კონფლიქტი - ისლამსა და მართლმადიდებლობას შორის.
    ეს რიგი შეიძლება გავაგრძელოთ: ყოფილ საბჭოთა კავშირში იზრდება დაპირისპირება რუსებსა და ესტონელებს, ოსებსა და ინგუშებს, სომხებსა და აზერბაიჯანელებს, სლავებსა და ტაჯიკებს შორის.
    ისტორიულად მიმდინარე ბრძოლა ინდოსტანის ნახევარკუნძულზე ინდუისტებსა და მაჰმადიანებს შორის არა თუ არ ცხრება, არამედ ძლიერდება კიდეც.
    სახელმწიფო ან ხალხები, რომლებიც ჩათრეულნი არიან ბრძოლაში სხვა ცივილიზაციის სახელმწიფოებთან, რა თქმა უნდა, შეეცდებიან საკუთარ ცივილიზაციებში იპოვონ მოკავშირენი. სახელმწიფოთა დაჯგუფების დაპირისპირება ცივილიზაციათა ომის ხასიათს შეიძენს და შემდეგი მსოფლიო ომი სწორედ «სამყაროთა ომი» იქნება.
    დასავლური ცივილიზაცია თანამედროვეა, მოდერნიზებულია, სხვები ცდილობენ გათანამედროვდნენ ისე, რომ დასავლურნი არ გახდნენ. ანუ, განახორციელონ მოდერნიზაცია-ვესტერნიზაციის გარეშე. ჯერჯერობით ეს მხოლოდ იაპონიამ შეძლო. სხვა ცივილიზაციებიც იაპონიის გზას დაადგებიან და ბოლოს და ბოლოს მიაღწევენ საწადელს. ამის შემდეგ მსოფლიო ერთნაირად ძლიერი და განვითარებული ცივილიზაციების ბრძოლისა და ურთიერთმოქმედების ასპარეზად იქცევა.

    ამ საინტერესო კონცეფციის ანალიზი გვაიძულებს კიდევ ერთხელ გავიაზროთ ჩვენი პატარა, მაგრამ თვითმყოფადი სამშობლოს ადგილი თანამედროვე მსოფლიოში, რომლის ისტორია, რა თქმა უნდა, არ დასრულებულა უკანასკნელი იმპერიის დაშლით.

«ივერია-ექსპრესი», 12 აგვისტო, 1993 წ.