ქართული არმია სულს ღაფავს.

ქართული არმია სულს ღაფავს.

   

    თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საბიუჯეტო კრიზისთან დაკავშირებით, შეიარაღებულ ძალებში უმძიმესი ვითარება შეიქმნა. ოფიცრებს ხელფასი რამდენიმე თვეა არ აუღიათ. ჯარისკაცების გამოკვებაც კი გართულებულია. პრეზიდენტი იძულებული გახდა საშემოდგომო გაწვევა ერთი წლით გადაედო, რადგან გაწვევის ორგანიზება მნიშვნელოვან სახსრებს მოითხოვს.
    აგრეთვე ოფიციალურად გამოცხადდა, რომ მომავალ წელს საქართველოს შეიარაღებული ძალები 30 ათასიდან - 25 ათასამდე შემცირდება, რაც ისევ და ისევ სახსრების უკმარისობასთან არის დაკავშირებული და ამ საქმეს ძნელად თუ რაიმე ეშველება, ვინაიდან 1999 საბიუჯეტო წელს გასულ წელთან შედარებითაც კი, თავდაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდა.
    ზოგი ჭირი მარგებელიაო და შესაძლოა ამ კრიზისმა მაინც მიახვედროს ხელისუფლება, რომ ძალისმიერ სტრუქტურათა ჩამოყალიბების პოლიტიკა ძირფესვიანად შესაცვლელია. სერიოზულ რევიზიას საჭიროებენ უპირველეს ყოვლისა პრიორიტეტები. ამჟამად პრიორიტეტად მიჩნეულია თავდაცვის სამინისტროს გაძლიერება, რაც უდიდესი, სტრატეგიული ხასიათის შეცდომაა.
    ვიმსჯელოთ ლოგიკურად: ქვეყანას არმია იმისთვის სჭირდება, რათა თავისი დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა დაიცვას. ეს მთლიანობა უკვე დარღვეული გვაქვს. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს «ძალით დაბრუნებას» ანუ ამ ტერიტორიაზე სახელმწიფო იურისდიქციის აღდგენას შეიარაღებული ძალების გამოყენებით არავინ აპირებს და არც დააპირებს. საქართველომ უკვე იომა, დამარცხდა და ძალის მეშვეობით ამის გამოსწორება ძალზე რთულია. ორჯერ ერთი და იგივე მდინარეში ვერ შეხვალ. «საქართველოს დაპყრობასაც», საბედნიეროდ, არავინ გეგმავს და, კაცმა რომ თქვას, ისეთი მეზობლები გვყავს, თუ დააპირეს, სერიოზულ წინააღმდეგობას მაინც ვერ გავუწევთ.
    მაშ რისთვის გვჭირდება 25-30 ათასიანი არმია, რომელიც ამასთანავე სრულიად არაბრძოლისუნარიანია პერმანენტული შიმშილის, ხელფასების გაუცემლობის და დაბალი საბრძოლო სულისკვეთების გამო? ის ამოცანები, რომლებიც (რაკი ომს არ ვაპირებთ) არმიას ეკისრება, შეიძლება შეასრულოს 8-10 ათასიანმა, კარგად შეიარაღებულმა და ნაწილობრივ (სერჟანტის დონეზე) პროფესიულმა კონტიგენტმა.

    კაცმა რომ თქვას, ესეც მეტისმეტია ჩვენნაირი ქვეყნისათვის.
    სამაგიეროდ, სახელმწიფომ უნდა გამოკვეთოს ორი პრიორიტეტი: პირველი, ესაა სასაზღვრო უწყების და სასაზღვრო ჯარების გაძლიერება. რა თავში ვიხლით 30 ათასიან უქნარა და უმოქმედო არმიას, რომელიც ჭამის მეტს არაფერს აკეთებს? არანაირი დადებითი შედეგი (ქვეყნისათვის) ასეთი არმიის არსებობას არ მოაქვს. რაც წასართმევი იყო, ყველაფერი უკვე წაგვართვეს, თუ კიდევ რაიმეს მოინდომებენ და შესაძლებლობა ექნათ, იმასაც წაგვართმევენ. საქართველოს თავისი დამოუკიდებლობის დასაცავად საერთაშორისო გარანტიები ესაჭიროება; თუ ასეთი გარანტიები არ გვექნა - 50-ათასიანი არმიაც ვერაფერს გვიშველის.
    სასაზღვრო უწყების გაძლიერებას სახელმწიფოებრიობის განმტკიცების თვალსაზრისით კი სრულიად კონკრეტული, მატერიალურად ხელშესახები შედეგი შეიძლება მოჰყვეს. «მოღიაღებული» საზღვრები საქართველოს უმთავრესი სახელმწიფოებრივი პრობლემაა. თუ ქვეყანას ეყოლება სრულფასოვანი, ძლიერი, კარგად შეიარაღებული, გაწვრთნილი სასაზღვრო ჯარი, საიმედოდ იქნება დაცული სახელმწიფოს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური საზღვარი, თუ მტკიცედ გავაკონტროლებთ ნებისმიერი სახეობის ნაკადს, რომელიც საქართველოს კვეთს ოთხივე მიმართულებით, - ამით საქართველოს სახელმწიფოებრიობა გაცილებით მეტ შედეგს მიიღებს, ვიდრე არმიის უაზრო და უსარგებლო გაბერვით.
    კავკასიის პირობებში სრულიად უსარგებლო და უმაქნისი ტანკების შეძენას განა არ სჯობს საზღვაო კატარღები და სამხედრო გემები შევიძინოთ სასაზღვრო უწყებისათვის? ამით საქართველო უფრო ანგარიშგასაწევი ქვეყანა გახდება. მით უმეტეს, რომ პიროვნულად, ვალერი ჩხეიძე საკმაოდ ჭკვიანი და პროფესიულად კარგად მომზადებული გენერალი აღმოჩნდა.
    სასაზღვრო ჯარებში (რა თქმა უნდა, შედარებით) ამჟამად გაცილებით მეტი წესრიგია, ვიდრე არმიაში.
    სრულებითაც არ არის აუცილებელი, სასაზღვრო უწყება მხოლოდ საკუთარ ფუნქციას ასრულებდეს, - საქართველოს თავისებურებებიდან გამომდინარე, იგი შეიძლება უფრო მეტად გაძლიერდეს, ვიდრე საკუთარ საზღვარზე კონტრაბანდის გადასვლის აღკვეთისთვისაა აუცილებელი.
    შეიძლება მას სხვა, უფრო სერიოზული ფუნქციებიც დაეკისროს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ პრიორიტეტი მიეცეს და შესაბამისად, დაფინანსება გაეზარდოს სტრუქტურას, რომელიც რეალურად მოქმედებს და კონკრეტულად ძალზე მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრება. თუ საქართველომ ძლიერი, ქმედითუნარიანი სასაზღვრო ჯარი შექმნა - პრობლემები აღარც მცირერიცხოვან, მაგრამ მობილურ, ჭეშმარიტ ბრძოლისუნარიან არმიას ექნება.
    მეორე პრიორიტეტი უდავოდ უნდა იყოს ქართული სპეცსამსახურების გაძლიერება; თითქოს საოცარია, «ბერიასა და ინაურის» ერი ვართ, მაგრამ ქართული სპეცსამსახური ყველაზე სუსტია ყოფილ საბჭოთა კავშირში, - აფსუა სპეცსამსახურებიც კი გვჯობნიან; არადა, დღევანდელ პირობებში საიდუმლო სამსახურების გაძლიერება ყველა თვალსაზრისით უპირატესად სასარგებლო და მომგებიანი იქნებოდა.
    მათ შორის, ვგულისხმობ დივერსიული ჯგუფების მომძლავრებას, - ეს ჯგუფები უნდა შედგებოდეს არა ყოფილი პოლიციელებისაგან, არამედ ნამდვილი, განსწავლული, გამოცდილი, «დაგეშილი» დივერსანტებისგან, ისინი საქართველოშიც უნდა გამოვზარდოთ და უცხოეთშიც უნდა დავიქირავოთ.
    სათაკილო ამაში არაფერია. თუკი რამის მართლა ეშინიათ სეპარატისტებს, ესაა ქართული დივერსიული ჯგუფების აქტიურობა აფხაზეთში; ოღონდ ამ ჯგუფებს უნდა ესმოდეთ, რა არის გასაკეთებელი და არ მოქმედებდნენ მხოლოდ ემოციის საფუძველზე.
    ორივე მიმართულებით ძალის, ფინანსებისა და რესურსების მობილიზება სულ რაღაც ერთ-ორ წელიწადში გამოიღებს შედეგს.

მერიდიანი, 28 ოქტომბერი, 1998 წელი