"Погиб за родину" - "Погиб за териториальную целостность"

"Погиб за родину" - "Погиб за териториальную целостность"

 

    გასულ კვირას კვლავ გრძელდებოდა აბსოლუტურად ფუჭი და არაფრისმომტანი მოლაპარაკება აფხაზებთან მოსკოვში. ამჯერად «ექსპერტთა დონეზე».
    საყურადღებოა, რომ აფხაზი ლიდერები მოლაპარაკების ყველა რაუნდს საკუთარ გამარჯვებად აცხადებენ. ისევე, როგორც გამარჯვებად აცხადებენ ყველა იმ დოკუმენტს, რასაც იღებს გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი და უშიშროების საბჭო.
    მაგალითად: აფხაზები, ბოლო დროს, მოითხოვენ საქართველოსთან კონფედერაციული ურთიერთობის გაფორმებას და ე.წ. «სამოკავშირეო სახელმწიფოს» შექმნას, მაგრამ თბილისში ცოტას თუ ახსენდება, რომ ეს ტერმინი («სამოკავშირეო სახელმწიფო») პირველად გაჩნდა სწორედ გაეროს გენერალური მდივნის – ბუტროს გალის მოხსენებაში: «კონფლიქტის სრულმასშტაბიანი დარეგულირების ღონისძიებათა შესახებ», რომელიც გასული წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდა.
    თუმცა, სამართლიანობისათვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გენერალური მდივანი ამ შემთხვევაში აუცილებლად კონფედერაციას არ გულისხმობდა – «სამოკავშირეო სახელმწიფოდ» შეიძლება ფედერაციაც ჩაითვალოს. ოღონდ, ვლადისლავ არძინბას ეს ტერმინი ძალიან მოეწონა და 1994 წლის მაისის შემდეგ (როდესაც გაეროს დოკუმენტი გამოქვეყნდა) აფხაზური დელეგაცია ყოველთვის სწორედ ამ თეზისს იყენებს «სტატუსზე» მსჯელობისას.'
    ვლადისლავ არძინბა მართლაც ძალზე გაქნილი პილიტიკოსი აღმოჩნდა – იგი უფრო ეფექტურადაც კი იყენებს გაეროს, ვიდრე საქართველოს ხელმძღვანელობა. თითქოს პარადოქსია: საქართველო ხომ (აფხაზეთისაგან განსხვავებით) გაეროს წევრია! მაგრამ ფაქტი, როგორც რუსები იტყვიან – «სახეზეა».
    საქმე მხოლოდ ბუტროს გალის მოხსენებაში როდია – 16 სექტემბერს, როდესაც გენერალმა კონდრატიევმა გალის რაიონში ლტოლვილთა «თვითნებურად» დაბრუნება სცადა, ყველაზე მტკიცე პროტესტი «ადრე დადებული ხელშეკრულებების დარღვევისათვის» სწორედ გაეროს წარმომადგენლებმა განაცხადეს.
    იმის თქმა არ მინდა, თითქოს რუსეთს მაშინ მართლაც ჰქონდა განზრახული ლტოლვილთა დაბრუნება, მაგრამ თვით ფაქტი «სამხედრო დამკვირვებელთა» აღშფოთებისა – მეტად სიმპტომატურია.
    გარდა ამისა, გუდაუთა, სწორედ გაეროს მეშვეობით, ახდენს აფხაზეთის ფაქტობრივი დამოუკიდებლობის მყარად დაფიქსირებას. ყოველი ახალი მოლაპარაკება ჟენევაში «გაეროს ეგიდით» კვლავ და კვლავ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არსებობს ორი დამოუკიდებელი სუბიექტი – საქართველო და აფხაზეთი, რომლებიც «სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების აღდგენას» ცდილობენ.
    ამ შემთხვევაში არძინბასათვის სწორედ ამ ფაქტის დაფიქსირებაა მთავარი, ხოლო იურიდიული დამოკუდებლობა მეორეხარისხოვანი (უფრო ზუსტად – სამომავლო) საკითხია. აფხაზმა ლიდერებმა, რასაკვირველია, შესანიშნავად უწყიან: საქართველო არასდროს არ დათანხმდება აფხაზეთთან «სამოკავშირეო ხელშეკრულების» გაფორმებას, რადგან ეს აფხაზეთის იურიდიული აღიარება იქნებოდა, მაგრამ ისინი კვლავ და კვლავ აგრძელებენ (ჩვენთვის) სრულიად ფუჭ და უპერსპექტივო მოლაპარაკებას, რათა მსოფლიო საზოგადოებრიობას შეუქმნან ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს მოლაპარაკებათა შედეგად კომპრომისის მიღწევამდე «ერთი ხელის გაწვდენაღა დარჩა» და, ამდენად, «გაერო» არ უნდა გამოეთიშოს ამ პროცესს და კვლავ უნდა აიძულოს საქართველოს ხელისუფლება, განაგრძოს მოლაპარაკება – უარი თქვას ძალისმიერ ხერხებზე.
    საინტერესოა, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინათ, აფხაზი ლიდერები ომის მთავარ მიზეზად ასაღებდნენ საქართველოს უარს, დათანხმებულიყო აფხაზეთთან ფედერაციული ხელშეკრულების გაფორმებაზე. ახლა კი, როდესაც საქართველო ღიად ამბობს, რომ მზადაა განიხილოს აფხაზეთთან ფედერაციული ხელშეკრულების გაფორმების საკითხი – არძინბა უკვე აცხადებს: «ხელშეკრულება ურთიერთმისაღები, ორმხრივად ხელსაყრელი უნდა იყოსო».
    დარწმუნებით შეიძლება ითქვას: ეს იმთავითვე, თავიდანვე ასე იყო ჩაფიქრებული! აფხაზებს აზრადაც არ მოსვლიათ ოდესმე დათანხმებულიყვნენ საქართველოს შემადგენლობაში შესვლაზე (თუნდაც ფედერაციის სუბიექტის სტატუსით), მაგრამ რაკი საქართველო ამაზე თავად ამბობდა უარს, ისინი მსოფლიო თანამეგობრობას ყალბ შთაბეჭდილებას უქმნიდნენ, თითქოს მოითხოვდნენ ფედერაციას, თბილისი კი ამაზე არ თანხმდება.
    ახლა კი აღმოჩნდა, რომ ისინი თურმე მხოლოდ «სახელშეკრულებო ურთიერთობებს» თანხმდებიან. არადა, ამგვარი ხელშეკრულება ფედერაციულიც შეიძლება იყოს და კონფედერაციულიც. გარდა ამისა, ხელშეკრულება იმის ხელშეკრულებაა, რომ მოლაპარაკებას, შეთანხმებას, ერთობლივ გამომუშავებას მოითხოვს. ეს მუშაობა უსასრულოდაც შეიძლება გაგრძელდეს. საერთაშორისო სამართლებრივი ტრადიცია არ სცნობს რაიმე ქრონოლოგიურ შეზღუდვას.
    თუმცა, არც მოლაპარაკებათა შინაარსის ბოლომდე იგნორირება შეიძლება – იგი შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს იმ შემთხვევაში, თუ თითოეულ რაუნდზე თუნდაც უმნიშვნელო, იოტისოდენი პროგრესი მაინც იქნება მიღწეული. აფხაზები სწორედ ამიტომ აყენებენ ბოლო დროს «კონფედერაციის» იდეას, რათა ამგვარი შთაბეჭდილება შექმნან. სინამდვილეში, რეალურად არავითარი პროგრესი არ მიღწეულა. სამაგიეროდ, «შთაბეჭდილება» შეიქმნა ასეთი.
    აფხაზურმა მხარემ შესანიშნავად იცის, რომ მთავარი საკითხი ლტოლვილთა დაბრუნებაა, ხოლო «ხელშეკრულების» პრობლემას ოდენ ფორმალური მნიშვნელობა თუ აქვს. ლტოლვილთა დაბრუნების პროცესი იოტისოდენადაც არ დაძრულა ადგილიდან. სამაგიეროდ, აფხაზური მხარე ამ პრობლემას საბაბად იყენებს, რათა გააუკუღმართოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი: მათი მტკიცებით, ლტოლვილები იმიტომ ვერ ბრუნდებიან, რომ საქართველო არ თანხმდება აფხაზეთის ახალ სტატუსზე (კონფედერაცია); სინამდვილეში კი მათ წინასწარგანზრახულად «შემოაგდეს» ეს იდეა, რათა საქართველო (ღმერთმა ნუ ქნას) რაიმეზე არ დათანხმებულიყო და ისინიც იძულებულნი არ გამხდარიყვნენ, ლტოლვილები დაებრუნებინათ.
    ამავე დროს, გუდაუთაში ისიც კარგად უწყიან, რომ ლტოლვილთა დიდმა ნაწილმა ბინები შეისყიდა თბილისში ან რუსეთში გადასახლდა. ამრიგად, რაც უფრო დიდი დრო გადის, დაბრუნების მსურველთა რიცხვი სულ უფრო მცირდება და აფხაზურ მხარეს მანევრირების საშუალებაც უფართოვდება. ამ პროცესის ბოლოს, აფხაზები როგორ სტატუსზეც არ უნდა დათანხმდნენ – აფხაზეთი მაინც დაკარგულია, რადგან ომამდე არსებული დემოგრაფიული ვითარება უკვე აღარასოდეს აღარ აღდგება.
    ბოლო დროს რუსეთი, როგორც იქნა მიხვდა, რომ არძინბა ძალზე ოსტატურად თამაშობს რუსეთ-საქართველოს წინააღდეგობაზე, მაგრამ რეალურად სულაც არ სურს რუსეთის შემადგენლობაში აფხაზეთის შეყვანა. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი კოზირევმა (რომელიც, სხვათა შორის, არძინბას ფანატიკურად სძულს), უკვე განაცხადა კიდეც: «Он Нас обманывает».
    ამას უკვე არა მხოლოდ კოზირევი ხვდება, არამედ რუსეთის სხვა ლიდერებიც (მაგალითად, შუმეიკო), მაგრამ ვეღარაფერს გააწყობენ – აბა, საქართველოს ხომ არ გაამარჯვებინებენ? ეს ხომ «გაცილებით უარესი იქნება». მართალია, ფსოუზე საზღვარი ჩაკეტეს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ სახმელეთო. საზღვაო გზა კვლავ ღიაა. რუსეთი კვლავინდებურად ეხმარება აფხაზეთს და არა მხოლოდ მატერიალურად, არამედ იდეოლოგიური თვალსაზრისითაც. ამას წინათ, სოჭიდან ვინმე ბოჩკარევმა რუსეთის რადიოსათვის გადაცემულ კორესპონდეციაში განაცხადა: «ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენების გამო, რუსეთმა დაკარგა მორალური უფლება, საქართველოს აუკრძალოს ძალის გამოყენება აფხაზეთის წინააღმდეგ, მაგრამ ალბათ საქართველოს ხელმძღვანელობას თავად ეყოფა ჭკუა არ გადადგას საბედისწერო ნაბიჯი და არ ჩაითრიოს ხალხები ახალ ომში».
    დააკვირდით: რუსი ჟურნალისტები ჩეჩნეთში მიმდინარე კოლოსარულ სისხლისღვრას არასდროს არ აძლევენ ამგვარ კლასიფიკაციას: «ხალხთა შორის შეტაკება». ისინი არასდროს ამბობენ, რომ იქ რუსები ებრძვიან ჩეჩნებს, არამედ ყოველთვის ხაზს უსვამენ: მიმდინარეობს კონფლიქტი ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ (დუდაევის) ადმინისტრაციას შორის. ხოლო შესაძლო ომს აფხაზეთში იმთავითვე უწოდებენ «ომს ქართველებსა და აფხაზებს შორის».
    ამგვარი ვირეშმაკული ხერხით შემდეგი მიზნის მიღწევა სურთ: თუკი ომი აფხაზეთში არის ომი ქართველებსა და აფხაზებს შორის, მაშინ ოთხმილიონიანი ქართველი ხალხის მხრიდან ასიათასიანი აფხაზობის წინააღმდეგ ეს გენოციდი ყოფილა, ხოლო მცირერიცხოვანი აფხაზი ხალხის მხრიდან – ეროვნულ განმანთავისუფლებელი ბრძოლა. ამავე დროს, ჩეჩნეთში რუსეთი გენოციდს კი არ ახორციელებს, არამედ ელცინის ადმინისტრაცია და შეიარაღებული ძალები კონსტიტუციურ წესრიგს ამყარებენ. მერე რა, რომ უკვე ოცი ათასი ჩეჩენი დაიღუპა. ეს თურმე მაინც არ არის გენოციდი, განსხვავებით ქართველთა პოლიტიკისაგან აფხაზეთში.
    თანაც, ყურადღება მიაქციეთ: რუსეთის ტელევიზია, რომელიც თითქოს ოპოზიციურადაა განწყობილი ელცინის პოლიტიკისადმი ჩეჩნეთში, ამავე დროს, დუდაევის მებრძოლებს «ბოევიკებს» უწოდებს მაშინ, როდესაც არძინბას მებრძოლებს ყოველთვის იხსენიებდა «აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მეომრებად». დუდაევის ფორმირებებისათვის მათ არასდროს უწოდებიათ «ჩეჩნეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები». არც ერთხელ არ გადაუციათ ანტირუსულად განწყობილ ჩეჩენ ჟურნალისტთა სიუჟეტები ისე, როგორც აფხაზი ხაშიგისა და ბჟანიას სიუჟეტებს გადასცემდნენ აფხაზეთიდან.
    გახსოვთ ალბათ ის უდიდესი იდეოლოგიური დივერსია, რომელიც ერთ-ერთმა რუსმა კორესპონდენტმა განახორციელა: «აფხაზი მეომრები სამშობლოსათვის იღუპებიან, ხოლო ქართველები – ტერიტორიული მთლიანობისათვის».
    საინტერესოა, სად არის ახლა ის არამზადა რუსი კორესპონდენტი და რატომ არ ავრცელებს იმავე ფორმულას რუსეთის ტელევიზია – ჩეჩნეთში მებრძოლი რუსი ჯარისკაცების მიმართ?!
   

«მსგეფსი», მარტი, 1995 წელი.