რუსები, აფხაზები და თურქები აფხაზეთში ნაძარცვს ვერ იყოფენ

რუსები, აფხაზები და თურქები აფხაზეთში ნაძარცვს ვერ იყოფენ

 

ახალი წელი აფხაზეთში დაიწყო მთავრობის ოფიციალური განცხადებით «თურქეთის წინააღმდეგ სანქციათა შემოღების» შესახებ. თითქოს სასაცილოდ ჟღერს, თუმცა საგულისხმო უფროა.

 მცირე ხნის წინ, სოხუმში პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე და ახლო წარსულში მთავარი პოლიტტექნოლოგი ვლადისლავ სურკოვი ჩავიდა და პრეზიდენტ ხაჯიმბას მკაცრი ულტიმატუმი წაუყენა: «ან გაყრით აქედან თურქებს, ან მოსკოვი თქვენს წინააღმდეგ მიიღებს ზომებს!»

უფრო კონკრეტულად, სურკოვის ულტიმატუმი (რასაკვირველია დახურულ კარს მიღმა), ასე ჟღერდა: «შარშან თქვენ მაინც ჩაგერიცხათ ასეულობით მილიონი რუბლი საბიუჯეტო ორგანიზაციების (პოლიცია, სკოლები, სხვადასხვა დაწესებულებები და ა.შ) დასაფინანსებლად, მაგრამ არ მიგიღიათ არც ერთი კაპიკი საინვესტიციო პროგრამიდან, რადგან არ გინდათ ბინებისა და სახლების თავისუფალი ყიდვა–გაყიდვა რუსეთის მოქალაქეებზე. თუ აქედან თურქებს არ გაყრით, მაშინ წელს ამ ფულსაც ვერ მიიღებთ, ხოლო პროტესტის გამოთქმის შემთხვევაში, დაგიკეტავთ საზღვარს და რუსეთში  ვეღარ შემოხვალთ, ვერც ვერაფერს გაყიდით».

ბუნებრივია, «დამოუკიდებელი აფხაზეთის» ხელისუფლებას ამ ულტიმატუმის იგნორირება არ შეეძლო, ამიტომ, სასწრაფოდ მიიღეს ზომები. თუმცა, ყველაფრით ჩანს, რომ კვლავ მოსკოვის მოტყუებასა და გადაგდებას ცდილობენ: თურქული ბიზნესი კი აკრძალეს ვითომ, მაგრამ იქვე ამატებენ: თურქეთში მცხოვრებ აფხაზეთის მოქალაქეებს არ ეხებათო. არადა, ყველა თურქი, ვინც აფხაზეთში ბიზნესს აწარმოებს, ე.წ. «აფხაზი მოჰაჯირების», ანუ მე–19 საუკუნეში თურქეთს გადახვეწილთა შთამომავლები არიან. ამიტომ,  ავტომატურად ერგებათ აფხაზეთის მოქალაქეობა – ეთნიკური წარმომავლობის შესაბამისად.

აქვე, ბინების თავისუფალი ყიდვა–გაყიდვის დისკურსში, უპრიანია დაისვას კითხვა: მათ  ხომ არაფერი უშლით ხელს, შეიძინონ (ქართველ ლტოლვილთა) ბინები და სახლები. მაშ რატომ არ ყიდულობენ? იმიტომ, რომ თანამედროვე აფხაზეთი მაინც არაკომფორტულია საცხოვრებლად მიუხედავად იმისა, რომ თბილისი ყველანაირად  ცდილობს, მაქსიმალურად კომფორტული იყოს.

რაც მთავარია, სოხუმში აშკარად აპირებენ, რუსული ულტიმატუმი ისე შეასრულონ ან ისე «გაატარონ», მოსკოვს ახალ–ახალი სანქციების საბაბი არ მისცენ. ოღონდ, თურქეთში მცხოვრებ აფხაზეთის მოქალაქეთა წინააღმდეგ არანაირი სანქციების, ან მათი ბიზნესის რაიმე შეზღუდვის რისკზე არ წავიდნენ, რაც აფხაზურ საზოგადოებაში შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებას გამოიწვევს.

ყველაზე მეტად თუკი რაიმესი ეშინიათ, ისაა, რუსეთმა ადლერ–სტამბულის ავიარეისი არ გააუქმოს, თორემ ამ შემთხვევაში ე.წ. «მოჰაჯირთა» შთამომავლებს საქართველოს გავლით მოუწევთ ისტორიულ სამშობლოში ჩასვლა! მათთვის უსიამოვნო პროცედურაა, რაკი საქართველო, უკვე ას წელზე მეტია,  ჭირის დღესავით სძულთ,  მაგრამ უკიდურეს შემთხვევაში ამ გზას აირჩევენ,.

იმაში კი ნამდვილად არ ეპარებათ ეჭვი, რომ ჩვენი ხელისუფლება ამ გზას ნამდვილად არ ჩაუკეტავთ მიუხედავად იმისა, რომ თუკი ვინმე დასახლდა თურქეთიდან – აფხაზეთში, ან თუნდაც პერიოდულად ჩადის იქ,  ყველა  უბედურ ქართველ ლტოლვილთა  ბინებში ცხოვრობს!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ხელისუფლების ამგვარი (უკვე ტრადიციული და მრავალწლიანი) დამოკიდებულება, თავისთავად, ისეთივე ამოუხსნელი და იდუმალი უცნაურობაა, როგორც ის გარემოება, რომ ეთნიკურ აფხაზებს შეუძლიათ ისარგებლონ სრულიად უფასო ჯანდაცვით საქართველოს საუკეთესო კლინიკებში. ხოლო, მაგალითად, გალის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს – არა. ალბათ იმ დანაშაულის გამო, რომ ქართველები არიან. კიდევ უარესი – საქართველოს მოქალაქეები! ეს ხომ დასჯადი უნდა იყოს საქართველოს მხრიდან?

არადა, ესოდენ ბუნებრივ კითხვებს ჩვენში არავინ სვამს. ალბათ კლინიკური «პოლიტკორექტულობის» გამო.

თუმცა, ამჯერად, საინტერესო ისაა,  რაზე დავობენ, საერთოდ, აფხაზეთში ძირითადი აქტორები: საკუთრივ სეპარატისტები, რუსეთის ხელისუფლება და თურქეთის აფხაზური დიასპორა, რომელსაც ფარულად (ბოლო დროს  სულ უფრო ნაკლები კონსპირაციით) თურქეთის ხელისუფლება უჭერს მხარს. საქართველო კი ამ საკითხში აქტორი არ არის და ვერც იქნება.

რეალურად, «სამთა დავის» საგანია ის 40–50 ათასი ბინა თუ საცხოვრებელი სახლი (ზოგჯერ, თუმცა არა ყოველთვის ნანგრევები), რაც აფხაზმა სეპარატისტებმა მიითვისეს ქართული მოსახლეობის ეთნოწმენდის შედეგად უზარმაზარ ტერიტორიაზე გალის არხიდან – ფსოუმდე. უამრავ საცხოვრებელზე ამის შემდეგ გაჩნდა წარწერა: «ეკუთვნის ამასა და ამას» (აფხაზური გვარით), ბევრ აფხაზს ოთხი, ხუთი, ზოგჯერ ათი ბინა თუ სახლიც კი აქვს «ნაალაფევი», როგორც თავად უწოდებენ.

სწორედ ამ «აქტივებზე» ანუ ამ ნაძარცვ და ნამარადიორალ უძრავ ქონებაზეა ახლა დავა მოსკოვს, სოხუმსა და ანკარას შორის. ანუ, იმის შესახებ, თუ ვის ერგება მისი ყიდვის პრივილეგია: რუსებს თუ თურქეთში მცხოვრებ აფხაზებსა და მათ შთამომავლებს, ანუ თურქეთის მოქალაქეებს.

სინამდვილეში, მოსკოვს სწორედ ეს საკითხი აღელვებს და აფხაზეთში მოჰაჯირთა შთამომავლების ჩამოსახლება არ მოსწონს, თორემ «თურქეთის წინააღმდეგ აფხაზური სანქციები» სასაცილო არაა?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მოსკოვს არ სურს საკუთარ «მზის წნულთან», ანუ ჩრდილოეთ კავკასიასთან უცხო ელემენტის მომრავლება, რადგან მოჰაჯირები (რეალურად, მენტალობითა და აღზრდით თურქები) სრულიად უცხო და «რუსულ სამყაროსთან» შეუთავსებელი ცნობიერების მატარებელნი არიან. ამიტომ, კრემლი  ცდილობს დროზე აიძულოს აფხაზეთის მთავრობა, მიიღოს კანონი უძრავი ქონების თავისუფალი ყიდვა–გაყიდვის შესახებ. აფხაზურ მხარეს კი, ჩვენდა საუბედუროდ და სავალალოდ,  ხელთ აქვს ისეთი კოზირი, როგორიცაა პაატა ზაქარეიშვილი და მისი «სტრატეგია!»

ანუ, მოსკოვს მუდამ რბილად აშანტაჟებენ იმით, რომ თუ მეტისმეტად «მიაწვებიან», მაშინ, ვითომდაც. «საქართველოსკენ გამოიხედავენ»: «თუნდაც სიმბოლური ნაბიჯების სანაცვლოდ, ქართველები ყველაფერს მოგვცემენ. კი ბატონო,  გააუქმეთ ადლერ–სტამბულის რეისი და მაშინ ქუთაისის აეროპორტით იფრენენ თურქეთის მოქალაქეები; თუ ფსოუს საზღავრს ჩაუკეტავთ მოჰაჯირთა შთამომავლებს, ისინი ენგურიდან გადმოვლენ და საქართველოს ხელისუფლება ამას მხოლოდ ხელს შეუწყობს. ქართველ ლტოლვილთა ბინების გაყიდვაც კი გაადვილდება. სანაცვლოდ ქართველები, რასაკვირველია, არაფერს მოგვთხოვენ: თუნდაც გალის რაიონში ქართულად სწავლა–განათლებასო».

გარწმუნებთ, სწორედ ასე და ამას ეუბნებიან სეპარატისტები მოსკოვის წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა დაპირისპირებისას.

სხვათა შორის, სულ ცოტა ხნის წინ,  გალის რაიონის სკოლებში ქართული ცალკე საგნად ისწავლებოდა. ახლა ესეც კი აკრძალეს და გალელი ბავშვები მხოლოდ რუსულად (სულ მალე კი აფხაზურად) ისწავლიან; გალის აფხაზი გამგებელი აცხადებს: «ოციოდე წელიწადში ყველა აქაური მეგრელი ნამდვილი აფხაზი იქნებაო».

მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია  კვლავ შეუვალია: როგორც ჩანს, თბილისში მაინც აქვთ ეჭვი, რომ გალელები ჯერ კიდევ თვლიან თავს ქართველებად, ამიტომ, იმავე «ნამდვილი აფხაზებისგან» განსხვავებით, მათ უსასყიდლოდ არ მკურნალობენ და ოპერაციებს სრულიად უფასოდ არ უკეთებენ დედაქაალქის საუკეთესო კლინიკებში. მაგრამ თუკი გალელები თავს აფხაზებად გამოაცხადებენ, ქართულს დაივიწყებენ და აფხაზურად ილაპარაკებენ ან რუსულად, მაშინ – კი ბატონო.  

ეს რომ, ზოგადად, ქვეყნის კლინიკური მდგომარეობაა, ამას თუ ვინმე ვერ ხედავს და ვერ ამჩნევს, მაშინ საერთოდ არასდროს აღარაფერი გვეშველება, თორემ ხელისუფლებას რას ვერჩით?  ტრადიციულად, რაკი არაფრის გაკეთება არ შეუძლია აფხაზეთთან მიმართებაში, არა მხოლოდ ეს, არამედ ნებისმიერი სხვა ხელისუფლებაც არჩევს, მოქმედების იმიტაცია შექმნას.  თუნდაც ამგვარი იმიტაცია ქვეყნისთვის საზიანო იყოს. ოღონდ კი დემაგოგ–მოწინააღმდეგეებს «სათქმელი» არ მისცეს, რომ არაფერს აკეთებს პრობლემის გადასაწყვეტად.

2016