მართვადი ქაოსი: „ზვიადისტებმა“ მოიტაცეს გაეროს დამკვირვებლები

მართვადი ქაოსი: „ზვიადისტებმა“ მოიტაცეს გაეროს დამკვირვებლები

    დასავლეთ საქართველოში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ქართულ საზოგადოებას ბოლო 8-9 წლის ტრაგედიამ მთლიანობაში ბევრი ვერაფერი ასწავლა: ჩვენს ქვეყანაში კვლავინდებურად ძალზე ადვილია სხვადასხვა მაშსტაბისა და ხასიათის სპეცოპერაციათა განხორციელება საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების სასურველი (არცთუ კეთილგანწყობილ ძალთათვის სასურველი) მიმართულებით წარსამართავად.
    როგორც ცნობილია, «ზვიადისტთა» ბანდამ ვინმე გოჩა ესებუას ხელმძღვანელობით ზუგდიდის გაეროს ოფისიდან მოიტაცა ოთხი სამხედრო დამკვირვებელი: ორი ურუგვაელი, ჩეხი და შვედი. ტერორისტები გამაგრდნენ სოფელ ჯიხაშკარის (სწორედ «იმ» სოფელ ჯიხაშკარის) გამგებლის სახლში და ოჯახის წევრებიც მძევლებად აიყვანეს. სულ აქციაში მონაწილეობს ოცამდე «ბოევიკი». მათი უმრავლესობა, უკვე დაპატიმრებულ «ზვიადისტებთან» ერთად, მონაწილეობდა 9 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ განხორციელებულ დივერსიაშიც. «ზვიადისტები» მოითხოვენ დაპატიმრებულ თანამოაზრეთა გათავისუფლებას, რუსეთის ჯარების გაყვანას საქართველოს ტერიტორიიდან და აფხაზეთიდან, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტთან პირად შეხვედრას.
    აღსანიშნავია, რომ გოჩა ესებუა კატეგორიულად უარყოფს ექს-პრეზიდენტის მომხრეთა მონაწილეობას 9 თებერვლის აქციაში, თუმცა, ჩემი აზრით, ეს ფაქტი უეჭველი და უკვე მრავალმხრივ დადასტურებული.
    «ზვიადისტურ» აქციას უმალვე მოჰყვა ძალზე არასასურველი საერთაშორისო რეზონანსი. გაეროს უშიშროების საბჭომ დაგმო ტერორიზმი და მძევალთა უპირობო გათავისუფლება მოითხოვა. «საქართველოს მეგობარმა ქვეყნებმაც» ქარაგმულად გვაგრძნობინეს, რომ ტერორისტულ ქვეყანასთან აღარ «მეგობრობენ», ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა თავისი მოქალაქენი გააფრთხილა, თავი შეიკავონ საქართველოში გამგზავრებისგან - შინაარსობრივად სწორედ ამას ნიშნავს ფორმულირება «იზრუნონ საკუთარ უშიშროებაზე».
    მართალია რამდენიმე დღის წინათ, თბილისში ყოფნისას, აზერბაიჯანის ნავთობის საერთაშორისო კონსორციუმის პრეზიდენტმა დევიდ რიჩარდსმა განაცხადა, რომ 9 თებერვლის ტერაქტი ზეგავლენას არ იქონიებს «დიდი ნავთობსადენის» მარშრუტის განსაზღვრაზე, მაგრამ იგი უდავოდ გულისხმობდა შევარდნაძეზე თავდასხმას, როგორც ერთჯერად აქტს. თუ ეს აქცია პერმანენტულ სამოქალაქო ომში გადაიზარდა, კონსორციუმის დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, კარდინალურად შეიცვლება.
    დღემდე მოვლენები საქართველოს სასარგებლოდ ვითარდებოდა. ბაქო-ჯეიჰანის მარშრუტი, ჩვენი ქვეყნის გავლით, ეკონომიკურად წამგებიანია ბაქო-ნოვოროსიისკთან შედარებით, სამაგიეროდ, მომგებიანია პოლიტიკურად. ოღონდ ერთი ურყევი პირობით - თუ შენარჩუნებული იქნება სტაბილურობა. არასტაბილურობის, სახელმწიფოებრივი დესტაბილიზაციის შემთხვევაში, ის ძალები, რომელთა ნებაზეც დამოკიდებულია საქართველოს ქცევა სერიოზულ სატრანზიტო სახელმწიფოდ, ცენტრალურ აზიასთან დამაკავშირებელ რგოლად, ჩვენდამი ინტერესს დაკარგავენ. მაშასადამე, თუ დავსვამთ ამგვარი ვითარებისათვის კლასიკურ კითხვას: «ვისთვისაა სასარგებლო?» პასუხი იქნება ერთმნიშვნელოვანი: დესტაბილიზაცია საქართველოში ხელსაყრელია იმ ქვეყნისათვის, იმ მსოფლიო ძალისთვის, რომელსაც არ სურს კომუნიკაციებზე კონტროლის დაკარგვა, რომლის ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებს თვისებრივად ეწინააღმდეგება «დიდი ნავთობსადენის» გაყვანა საქართველოს ტერიტორიაზე. ისევე, როგორც მთლიანობაში - საქართველოს ჩამოყალიბება სამხრეთ კავკასიის სტაბილურ, დამოუკიდებელ, ეკონომიკურად მძლავრ სახელმწიფოდ.
    ეს ქვეყანაა რუსეთი.
    რამდენიც უნდა იძახონ სელეზნიოვებმა და პასტუხოვებმა «დესტაბილიზაციის მცდელობასთან არანაირი კავშირი მოსკოვს არა აქვსო» - თვით მოსკოვურ «ნეზავისიმაია გაზეტასაც» კი წამოსცდა ცინიკური გულისთქმა: «იმის მიუხედავად, მონაწილეობენ თუ არა დესტაბილიზაციაში რუსეთის სპეცსამსახურები, დესტაბილიზაცია საქართველოში ობიექტურად შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს».
    გავიხსენოთ, აგრეთვე, ცნობილი რუსი პოლიტოლოგის კონსტანტინე ზატულინის და პრეზიდენტ ელცინის მრჩევლის, ანდრანიკ მიგრანიანის გახმაურებული სტატია, რომელშიც ავტორები აშკარად წერდნენ: რუსეთის სასიცოცხლო ინტერესს შეადგენს «არასტაბილურობის სარტყელის» შექმნა კავკასიაში - საქართველოდან აზერბაიჯანამდე».
    თითქოსდა, როგორ უთავსდება ამ ყოველივეს გოჩა ესებუას «ანტირუსული» მოთხოვნები «საოკუპაციო ჯართა გაყვანის შესახებ? არადა, სინამდვილეში აქ არავითარი წინააღმდეგობა არ არის. რუსული სპეცსამსახურისთვის შედეგია (შინაარსია) მთავარი და არა ფორმა. იყვირე რამდენიც გსურდეს ანტირუსული ლოზუნგები, ლანძღე რუსეთი, მაგრამ თუ შინაარსობრივად ისეთ რამეს აკეთებ, რაც რუსეთის ინტერესებს პასუხობს, - იგი ხელსაც კი შეგიწყობს.
    გოჩა ესებუას რაზმელები აქტიურად მონაწილეობდნენ ჯერ სამაჩაბლოს, შემდეგ აფხაზეთისა და სამოქალაქო ომებში (ექს-პრეზიდენტის მხარეს). 1993 წლის ნოემბერში ლოთი ქობალიას ფორმირებები დამარცხდნენ. ზვიად გამსახურდიამ სოფელ ჯიხაშკარში თავი მოიკლა. მისი «გვარდიის» ნარჩენები გროზნოში გაიქცნენ და რუსეთ-ჩეჩნეთის ომშიც ჩეჩენთა მხარეს იბრძოლეს. საქართველოს უშიშროების სამინისტროს სარწმუნო წყაროს ცნობით, ესებუას ქვედანაყოფი წვრთნას გადიოდა ჩეჩნეთისა და დაღესტნის საზღვარზე მდებარე ერთ-ერთი ბაზის ტერიტორიაზე. იქვე დისლოცირებული იყვნენ სალმან რადუევისა და მოჰაჯირ ხატტაბის რაზმები. ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმის იდეა სწორედ ამ წრეებში გაჩნდა. რუსეთის კონტრდაზვერვას საკუთარი ინფორმატორები ჰყავდა და ჰყავს როგორც ხატტაბის, ასევე რადუევისა და ესებუას რაზმებში; ამდენად, უეჭველია: მოსკოვის «კომპეტენტურმა ორგანოებმა» ჯერ კიდევ შარშან ოქტომბერ-ნოემბერში იცოდნენ დაგეგმილი დივერსიის თაობაზე. არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ «გენიალური იდეა» საქართველოს პრეზიდენტის ლიკვიდაციის შესახებ სწორედ ზემოხსენებულმა რეზიდენტებმა ჩააწვეთეს ყურში რადუევ-ხატტაბ-ესებუას. ამ უკანასკნელთ დიდი ხვეწნა არც დასჭირდებოდათ.
    საერთოდ, ფანატიზმი (ყოველგვარი ფანატიზმი) სწორედ იმიტომაა გულისამრევი, რომ რაციონალურ არგუმენტს არ ცნობს და მხოლოდ პირუტყვული ჟინის შესაბამისად მოქმედებს. გოჩა ესებუას (დარწმუნებული ვარ) არა მხოლოდ შურისძიება და ბოღმა ამოძრავებდა, არამედ სულელური რწმენაც, რომ «შევარდნაძე თრგუნავს საქართველოს დამოუკიდებლობას, რომ არა შევარდნაძე, საქართველო ჭეშმარიტად თავისუფალი გახდებოდა».
    სპეცსამსახურთა ოსტატობაც ხომ ამაში გამოიხატება – ისეთი «გავლენის აგენტი» იპოვონ, ვინც სავსებით გულწრფელად და თავდაჯერებულად იმოქმედებს.
    აქედან გამომდინარე, გასაგები ხდება, რას გულისხმობდა ანატოლი კულიკოვი, როდესაც ქართველ კოლეგას ბაქოში «საიდუმლოდ ანდობდა»: თქვენს პრეზიდენტზე თავდასხმა მზადდებაო.
    რუსეთის კონტრდაზვერვამ კულიკოვზე გაცილებით მეტი იცოდა, მაგრამ საქართველოს უშიშროების სამინისტროს არ შეატყობინა. რატომ? ალბათ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩეჩენ რადიკალთა წრეში დიდი ხნის წინათ ჩანერგილი «სუპერაგენტის» (ჩეჩენი «შტირლიცის») გამჟღავნება ან საფრთხეში ჩაგდება არ სურდა. უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი უდავოდ ის იყო, რომ შევარდნაძის სიკვდილი და საქართველოში გარდაუვალი დესტაბილიზაცია, მათი აზრით, სავსებით შეესაბამებოდა რუსეთის ინტერესებს.
    აუცილებელია ყურადღებით შევისწავლოთ ოფიციალური გროზნოს პოზიციაც. თუ რუსეთს ჰყავდა რადუევ-ესებუას რაზმში ინფორმატორი და წინასწარ შეიტყო მოსალოდნელი დივერსიის შესახებ, წარმოუდგენელია, ასლან მასხადოვს არ ჰყოლოდა ასეთივე რეზიდენტი იმავე რაზმში და მასაც არ ჰქონოდა შესაბამისი ინფორმაცია. მაშასადამე, იჩქერიის ამჟამინდელი ხელმძღვანელებიც არცთუ კეთილსინდისიერ თამაშს აწარმოებენ.
    ამის თაობაზე ჯერ კიდევ მაშინ წერდა ბევრი დამკვირვებელი, როდესაც მასხადოვმა შამილ ბასაევი დანიშნა იჩქერიის პრემიერ-მინისტრად. ახლად დანიშნულმა პრემიერმა კი პირველივე პრესკონფერენციაზე განაცხადა: «სანამ ედუარდ შევარდნაძე იქნება კავკასიაში, ჩვენს რეგიონში მშვიდობა არ დამყარდებაო».
    საოცარია, როგორ ჰგავს ეს სულ სხვა წარმოშობისა და შინაარსის ძალთა წარმომადგენლების განცხადებებს. ზუსტად, სიტყვასიტყვით, იგივე თქვა ჯერ კიდევ 1996 წელს ერთ-ერთი თბილისური გაზეთისათვის «კონსპირაციულად გადმოცემულ» ინტერვიუში საქართველოს უშიშროების ყოფილმა შეფმა იგორ გიორგაძემ; ასევე შეაფასა ედუარდ შევარდნაძის საქმიანობა სერგეი ბაბურინმა.
    თითქოსდა, სად რუსი შოვინისტ-დერჟავნიკი ბაბურინი და ჩეჩენი ნაციონალისტი შამილ ბასაევი? მაგრამ საქმეც სწორედ ის არის, რომ ვერც ერთმა მათგანმა ქართული პოლიტიკა საკუთარ სურვილებს ვერ დაუქვემდებარა. შევარდნაძე იმიტომაცაა ერთნაირად საძულველი ანტაგონისტური ძალებისთვის, რომ საქართველოს პრეზიდენტი (წინამორბედისაგან განსხვავებით) საკმაოდ ფრთხილად ირჯება კავკასიურ სცენაზე ბალანსირებისას და ბრმად არც ერთ «მოთამაშეს» არ ენდობა.
    ვიმეორებ: არ არის გამორიცხული, სამხრეთ კავკასიაში (საქართველოში) დესტაბილიზაცია ერთნაირად სურდეთ მოსკოვშიც და გროზნოშიც და ორივე აქტიურად იყენებდეს «ზვიადისტთა» გონებაჩლუნგ ბოღმიანობას; ისევე, როგორც 1992-93 წლების მოვლენათა შედეგად გაფაქიზებულ «მეგრულ ფენომენს».
    ეს ფენომენი დღეს «მართვადი ქაოსის» უმთავრესი დეტონატორი ხდება.
    დავაკვირდეთ, ამ თვალსაზრისით, რა აქცენტებს აკეთებს რუსეთის ტელევიზია თავის კომენტარებში - სოფელ ჯიხაშკარში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.
    გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება ძალიან მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა: ძალის გამოყენება მძევალთა გასათავისუფლებლად უაღრესად დიდ რისკთან არის დაკავშირებული. გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა სიცოცხლეზე ხომ უპირველესად სწორედ ხელისუფლება აგებს პასუხს (მსოფლიო საზოგადოებრიობის წინაშე) და არა თავზეხელაღებული ტერორისტები. მაგრამ დაყოვნებაც არანაკლებ საფრთხეს შეიცავდა და შეიცავს.
    უკვე გაჩნდა იმის სიმპტომები, რომ საქართველოს პოლიტიკური სპექტრი ცდილობს შექმნილ ვითარების გამოყენებას. რამდენიმე დეპუტატმა (მათ შორის, ოპოზიციონერებმა) გამოთქვეს სურვილი, «ჩაენაცვლოს» მძევლებს.
    ისიც თვალსაჩინოა, რომ იწყება ინციდენტის გამოყენება პოლიტიკურ არგუმენტად ხელისუფლების წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, წარმოუდგენელია, ხელისუფლება დათანხმდეს ტერორისტთა მთავარ მოთხოვნას. ეს მოთხოვნა კი (თუ დემაგოგიას ჩამოვაშორებთ) ასეთია: გაათავისუფლეთ ჩვენი დაპატიმრებული თანამებრძოლები და ყველას ერთად მოგვეცით საშუალება, გავემგზავროთ ჩეჩნეთში. სანაცვლოდ, გავათავისუფლებთ მძევლებს.
    ფაქტობრივად, საქართველო პირველად შეეჩეხა ასეთ მოვლენას - აქ აშკარად იკვეთება ქართველ ტერორისტთა ინსტრუქტორების (ბასაევისა და რადუევების) ხელი, მათი ცინიკური გონებამახვილობა და დაუნდობლობა.
    ამ ვითარებას საქართველოსთვის უდანაკარგო (ისიც ნაწილობრივ) შედეგი ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხერხდა მძევალთა გათავისუფლება და ტერორისტთა უსისხლოდ დაპატიმრება. სხვა ყველა ვარიანტი ძალზე ნეგატიური პროცესების სტიმულატორი შეიძლება გახდეს სხვადასხვა მიმართულებით.
    საუბედუროდ, ეს რაუნდი უკვე მოგვიგო მტერმა, რომელმაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრჯერ გვაჯობა ჭკუით. ჩვენ კი საკუთარი სიყეყეჩით მას ხელი შევუწყვეთ. შევარდნაძემ რადიოინტერვიუებში რამდენჯერმე ახსენა «მართვადი ქაოსის» დოქტრინა, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ იყენებდნენ და იყენებენ უცხო ქვეყნების (უპირველესად, რუსეთის) საიდუმლო სამსახურები.
    ამ დოქტრინის არსი ის არის, რომ დასამორჩილებელ საზოგადოებაში სხვადასხვა მეთოდით, სხვადასხვა ძალების გამოყენებით იძაბება ვითარება, ხდება სოციალურ, პოლიტიკურ თუ სახელისუფლებო წრეების დაპირისპირება, სახელმწიფოებრივ მექანიზმთა ურთიერთმოქმედების ჩვეული სისტემის მოშლა, მასობრივი ცნობიერების «არევა». . . . საუკეთესო ვარიანტია, თუ მოხერხდება საქმის სისხლისღვრამდე, შეურიგებელ ანტაგონიზმამდე მიყვანა. ასეთ ვითარებაში მოქმედებას იწყებს პოლიტიკური ბრძოლისთვის «ჩვეულებრივი» ლოგიკა: დაპირისპირებული მხარეები უკვე აღარ ერიდებიან არაფერს ერთმანეთის წინააღმდეგ - დახმარებისთვის მიმართავენ იმ ძალებსაც კი, რომელთაც ადრე თითქოს უპირისპირდებოდნენ. მათ შორის, გარეშე ძალებსაც. იქმნება დროებითი ალიანსები - ინტერესთა თანხვედრის საფუძველზე. რაც მთავარია, მოსახლეობა იბნევა და კარგავს ორიენტირებას.
    ყალიბდება ვითარება, როცა «ორივე მხარეს საკუთარი სიმართლე აქვს». სწორედ ასეთი მექანიზმები ამოქმედდა საქართველოში 1988-89 წლების შემდეგ, როდესაც ეროვნული მოძრაობის რადიკალიზმმა და პოლიტიკის კანონებისადმი უპატივცემულობამ 9 აპრილის სისხლისღვრა გამოიწვია.
    შედეგად, ხელისუფლებაში ულტრარადიკალები აღმოჩნდნენ და საქართველო გარეშე ძალთა სათამაშო ტიკინად იქცა. სწორედ ამის შედეგებს ვიმკით დღეს! ქართულ საზოგადოებას რომ პოლიტიკური გონი ჰქონოდა, ჯერ კიდევ 1988 წელს (გარდაქმნის დასაწყისში) უნდა მიმხვდარიყო: საქართველოსთვის საკვანძო სიტყვა, საკვანძო ცნება სტაბილურობა. ეს არის ერთადერთი საშუალება «მართვადი ქაოსის» მექანიზმთა უვნებელყოფისა ისეთი რთული პოლიტიკური, ეთნიკური და სოციალური სტრუქტურის მქონე საზოგადოებაში, როგორიც საქართველოა.
    ყოველივე ამას გოჩა ესებუას, ბუნებრივია, ვერ შეასმენ. ცდაც კი უაზრობაა და სასაცილო. ამდენად, განურჩევლად იმისა, როგორ დასრულდება ჯიხაშკარის ტრაგედია, ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გააცნობიეროს: დღევანდელ პირობებში ნებისმიერი დესტაბილიზაცია უეჭველად გამოიწვევს ანალოგიურ ექსცესებს და შეიძლება მთლიანობაში ძალიან ცუდად დამთავრდეს მთელი ისტებლიშმენტისათვის. ნორმალურ საზოგადოებაში არა მხოლოდ ცალკეული პოლიტიკური პარტია უნდა აცნობიერებდეს საკუთარ ინტერესებს, არამედ მთლიანობაში ისტებლიშმენტიც.
    მომხდარს კიდევ რამდენიმე ასპექტი აქვს: ჯერ ერთი, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ჯიხაშკარსა და მთელ სამეგრელოში მოვლენების განვითარებას გაფაციცებით ადევნებენ თვალს სოხუმში. სეპარატისტთა «საგარეო საქმეთა მინისტრმა» სერგეი შამბამ უკვე გააკეთა ცეცხლზე ნავთის დამსხმელი განცხადება: «ყველა ეს მოვლენა სათავეს იღებს 1992 წლიდან, როდესაც ორმა პირწავარდნილმა ბანდიტმა სიგუამ და კიტოვანმა დაამხეს კანონიერად არჩეული პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია». ვითომ შამბას ძალიან აღელვებს გამსახურდიას ბედი, რომელიც ჭირის დღესავით სძულდა (ისევე, როგორც ყველა ქართველი), მაგრამ რამენაირად ხომ უნდა «შეუნთოს ცეცხლი», ხომ უნდა შეახსენოს ამ რეგიონის მოსახლეობას ის საშინელი დღეები, როდესაც ბანდები თარეშობდნენ სამეგრელოში?
    ლოგიკურია, რომ ამ ვითარებაში სეპარატისტთა პოზიციები კიდევ უფრო ძლიერდება. გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების საკითხში – ლივიუ ბოტა მძევალთა აყვანიდან მეორე დღესვე შეხვდა სერგეი შამბას. დააკვირდით - შეხვდა არა «აფხაზეთის პრეზიდენტს», არამედ საგარეო საქმეთა მინისტრს, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა აფხაზეთის სამართალსუბიექტურობა. საეჭვოა, ლივიუ ბოტას ამ შეხვედრაზე ირაკლი მენაღარიშვილისგან მიეღო თანხმობა.
    ამასობაში ახლოვდება დსთ-ის სახელმწიფოს მეთაურთა მორიგი სამიტი (19 მარტი), რომელზეც უეჭველად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალთა ყოფნა-არყოფნის თაობაზე. ერთი მხრივ, თითქოს რაც მოხდა, უფრო გაუადვილებს ქვეყნის ხელისუფლებას გადაწყვეტილების მიღებას (ვადის გაგრძელების თაობაზე), მაგრამ, მეორე მხრივ, ნუ დავივიწყებთ: «მეგრული თემა» აფხაზეთიდან ლტოლვილთა საკითხსაც უკავშირდება. ესეც «ფეთქებადი» მასალაა და, აგრეთვე, გათვალისწინებულია «მართვადი ქაოსის» სტრატეგიულ გეგმაში.
    საქართველოს საერთაშორისო «იმიჯი» კი ერთი დარტყმით ნულამდე დაეცა. 1994 წლის შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ, ძლივძლივობით დაუკავშირდა ეს ორი ცნება ერთმანეთს: «სტაბილურობა» და «საქართველო», მანამდე ამაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო, ვინაიდან ქვეყანა სისხლიან ქაოსს მოეცვა. ახლა უკვე ჩეხეთის პრეზიდენტი გვიყენებს ულტიმატუმს - ჩემს მოქალაქეს არაფერი დაუშავდესო. მოგეხსენებათ, რა წონა აქვს ევროპაში ვაცლავ ჰაველის სიტყვას. მოსკოვში ალბათ ნამდვილი ზეიმია: გაეროს სამხედრო დამკვირვებლები (მათი უმრავლესობა, რა თქმა უნდა, საკუთარი ქვეყნების დაზვერვის თანამშრომელია) ისედაც თვალში ეჩხირებოდათ. ისევე, როგორც თვით გაეროს აქტიურობა პოსტსაბჭოურ სივრცეში. ამჟამად გაეროს დამკვირვებლებს რუსი «მშვიდობისმყოფელები» იცავენ და უმათოდ ფეხსაც ვერ გადადგამენ! რუსმა «ცისფერჩაფხუტიანებმა» (გოჩა ესებუას წყალობით) მიიღეს საშუალება, აშკარა ომი დაიწყონ აფხაზეთში ქართველი პარტიზანების წინააღმდეგ და, ქართული მხარის საპროტესტო რეაქციის შემთხვევაში, ჩვენივე საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მოიშველიონ: აკი, თქვენვე გვდებდით ბრალს, ბანდიტურ ფორმირებებს თავისუფალი გადაადგილების საშუალებას აძლევთო?!

დილის გაზეთი, 23 თებერვალი, 1998 წ.