საერთაშორისო მიმოხილვა. 30 დეკემბერი 2021 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 30 დეკემბერი 2021 წელი

აფხაზეთის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ გასული წლის უმთავრესი მოვლენა იყო რუსეთის თანხმობა, `გააციფრულოს` აფხაზეთი ანუ დანერგოს აფხაზეთში, უპირველესად ე.წ. `სახელმწიფო ორგანიზაციებში`რუსული ციფრული ტექნოლოგიები.

 ბჟანიამ 21 დეკემბრის მიტინგი კი არ ახსენა, როდესაც პარლამენტთან შეტაკებები მოხდა, არამედ რუსული `გაციფრულება`, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის სპეცსასახურებს ექნებათ სრული ინფორმაცია ყველაფერზე, რაც აფხაზეთის სახელისუფლებო სტრუქტურებში ხდება ან მოხდება.

ისედაც ჰქონდათ რასაკვირველია, რადგან აფხაზეთი სავსეა აგენტურით, მათ შორის უმაღლეს ეშელონებში, თუმცა `გაციფრულების` შემდეგ მით უმეტეს.

ნებისმიერ ციფრულ ტექნოლოგიას რუსეთში, აბსოლუტურად ყველა აპლიკაციას, რუსული ФСБ აკონტროლებს.

იმავე განცხადებაში, რომელიც წლის შეჯამებას გულისხმობდა, ბჟანიამ თქვა, რომ არ მიიღებს ოპოზიციის ულტიმატუმს არც გადადგომის, არც საპარლამენტო არჩევნების გადავადების შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალ წელს დაპირისპირება უეჭველად გაგრძელდება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აფხაზეთში მძვინვარე რეაქცია გამოიწვია კრასნოდარის მხარის (აფხაზეთის მეზობელი რუსული მხარეა) ყოფილი გუბერნატორის, ალექსანდრე ტკაჩოვის განცხადებამ, რომ მისმა კომპანიამ `მოსკვა-რისორთ` აფხაზეთში მიწის ნაკვეთი შეიძინა, რათა მასზე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ააშენოს.

აფხაზებს იდიოსინკრაზია აქვთ მიწის ყიდვა-გაყიდვაზე. `მშობლიურ მიწას გვიყიდის მთავრობა` და ა.შ.

ამიტომ ეს განცხადება ბომბის აფეთქებასავით იყო. ტკაჩოვის კომპანია მაშინვე გამოვარდა ბოდიშებით: `არა, არა, კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი, სინამდვილეში ეს მიწა იჯარით გვაქვს აღებულიო`.

აფხაზური საზოგადოება მზად არის ქვის ხანაში იცხოვროს, ოღონდ კი `სიწმინდეებს` არ შეეხოს.

აბა ასეთ პირობებში რომელი ინვესტორი გადაწყვეტს ამ ე.წ. `სახელმწიფოში` ინვესტირებას?

ალექსანდრე ტკაჩოვი აფხაზეთის `საპატიო მოქალაქეა`. თავის დროზე ძალიან დაეხმარა სეპარატისტებს საქართველოს წინააღდმეგ ომში. მათ შორის დაქირავებული მებრძოლებით, ფულით და იარაღით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთში მოხდა ისტორიული შემობრუნება. განვლილია `უკანმოუბრუნებლობის წერტილი`: პუტინის ბრძანებით, რუსეთის ე.წ. `უმაღლესმა სასამართლომ` რეგისტრაცია შეუწყვიტა და ფაქტიურად აკრძალა ორგანიზაცია `მემორიალი` (Мемориал).

ეს არის იმ დონის აგრესიული ნაბიჯი პუტინის მხრიდან, რომელიც შეედრება ყირიმის ანექსიას, საქართველოს ტერიტორიათა ოკუპაციას და ა.შ.

`მემორიალი` შეიქმნა მიხეილ გორბაჩოვის მიერ დაწყებული `პერესტროიკას` დროს, როდესაც ადამიანებმა მოიპოვეს სიტყვის თუნდაც ნაწილობრივი თავისუფლება და დაიწყო ლაპარაკი სტალინის რეპრესიებზე, კომუნისტური რეჟიმის რეპრესიებზე........ შედგა სტალინის დროს დახვრეტილთა სიები, რეპრესირებულთა სიები.

 `მემორიალს` მთლიანად მხარს უჭერდა რუსი ხალხის პროგრესული ნაწილი, მხარს უჭერდა დასავლეთი.

`მემორიალი`ებრძოდა პუტინის რეჟიმს, იცავდა პუტინის პოლიტიკურ პატიმრებს.

პუტინმა კი გადაწყვიტა ძალის დემონსტრირება და ეს ორგანიზაცია უბრალოდ აკრძალა! ამით მომხრეებს უჩვენა, რომ დასავლეთის აზრი არ აინტერესებს და რუსული საზოგადოების ლიბერალური ნაწილის აზრი არ აინტერესებს.

სტრასბურგის სასამართლომ გუშინ საღამოს მოითხოვა მოსკოვისგან, გააუქმოს ვერდიქტი `მემორიალის` აკრძალვის შესახებ, თუმცა პუტინის რეჟიმმა დიდი ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ `რუსეთი არის სუვერენული სახელმწიფო და რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებებს აქვს აღმატებული ძალა საერთაშორისო სასამართლოების ვერდიქტებზე`. ანუ სტრასბურგის მოთხოვნას რუსეთი არ შეასრულებს.

სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ როგორც წინა შემთხვევებში, სტრასბურგის სასამართლო და ევროპის საბჭო, რომლის ინსტიტუციაა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო, სანქციებს კი არ შემოიღებს, რუსეთს კი არ გარიცხავს, არამედ......`დიალოგს გააძლიერებს` ავტოკრატიულ რეჟიმთან.

ოთხშაბათს საღამოს ცნობილი გახდა, რომ პუტინმა უკვე მართლა ყველა ზღვარი გადალახა და აპირებს მიიღოს კანონი, რომლითაც......ოპოზიციონერებს მოქალაქეობას ჩამოართმევს, ესე იგი ქვეყნიდან გააძევებს.

ეს წარმოუდგენელი ამბავია: არათუ ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობა, არამედ თვით რუსეთის კონსტიტუციაც კი კრძალავს მოქალაქეობის ჩამორთმევას. ფაქტიურად პუტინი მიდის საბჭოთა კავშირის გზით, როდესაც დისიდენტებს ან ოპოზიციურად განწყობილ მწერლებს (მაგალითად ალექსანდრე სოლჟენიცინს) ციხეში თუ არ სვამდნენ, ქვეყნიდან აძევებდნენ. მერე რა რომ კონსტიტუცია კრძალავს - მის ხელში არ არის?!

ამ დროს გამოდის რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზორკინი და არა მხოლოდ მხარს უჭერს პუტინის ამ ინიციატივას, არამედ ამბობს რომ.....თავის დროზე დიდი შეცდომა და დასავლეთისთვის გაუმართლებელი დათმობა იყო რუსეთში სიკვდილით დასჯის გაუქმებაო.

ანუ ნავალნი და სხვები ან დაიხვრიტებიან ან ქვეყნიდან გავაძევებთო.

ბევრი დამკვირვებელი, ვინც პუტინს ჰაბიტუსით (გარეგნობით) სწავლობს და აკვირდება,  აცხადებს, რომ ეს ადამიანი რაც ხანში შედის, სულ უფრო პარანოიდული ხდება და სწორედ ესაა მთავარი არგუმენტი იმ საფრთხის რეალურობის სასარგებლოდ, რომ ასეთი დიქტატორი ნამდვილად შეიძლება შეიჭრას როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამ ფონზე, როდესაც პუტინი რუსეთის მთავარ ლიბერალურ ორგანიზაციას კრძალავს, 30 დეკემბერს აშშ პრეზიდენტი ბაიდენი გეგმავს სატელეფონო საუბარს პუტინთან, რათა განიხილოს პუტინის ულტიმატუმი, რომ უკრაინა და საქართველო არასდროს არ მიიღონ NATO-ში.

ბუნებრივია, ბაიდენი არასდროს ხელს არ მოაწერს ამგვარი ულტიმატუმის შესრულებას. მაგრამ მოსკოვში ცდილობენ გამოსტყუონ დასავლეთს პირობა, რომ ჩვენი ქვეყნების ტერიტორიაზე აღარ გაიმართება სამხედრო სწავლებები და აღარ იმუშავებენ ინსტრუქტორები. მით უმეტეს, აღარ მიაწვდიან იარაღს არც საქართველოს, არც უკრაინას.

თუმცა სატელეფონო საუბრამდე რამდენიმე საათით ადრე, თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მართალია ბაიდენი სთავაზობს პუტინს აშშ-რუსეთის კონქლიქტის დიპლომატიური გზით გადაწყვეტას, მაგრამ `მკაცრი პასუხიც მზადაა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში`.

ამავე დროს, წყარო თეთრ სახლში იტყობინება: აშშ პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპირებს პუტინთან მოლაპარაკებები გამართოს დახურულ კარს მიღმა და არ გეგმავს ამ მოლაპარაკებათა შედეგი გამოაქვეყნოს.

ბაიდენთან მოლაპარაკებამდე მცირე ხნით ადრე, პუტინმა პროპაგანდისტული სვლა გააკეთა და 10 000 ჯარისკაცი გამოიყვანა უკრაინის საზღვრისპირა ტერიტორიიდან. თუმცა იქ დარჩა 170 000.

 ხოლო რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კვლავინდებურად ავრცელებს ფეიკებს, თითქოს ამერიკის არმიამ დონბასთან, რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებენ, ქიმიური იარაღი გადაისროლა. არ არის გამორიცხული, სწორედ რუსეთი ემზადებოდეს სინამდვილეში ქიმიური იარაღის გამოსაყენებლად დონბასში. პუტინის პრეს-მდივანი პესკოვი საერთოდ პარადოიდულ განცხადებებს აკეთებს მესამე დღეა;  დასავლურ რესურსებს ეუბნება: რა გიკვირთ, უკრაინა ხომ `რუსეთის სიკვდილ-სოცოცხლის საკითხიაო`. დასავლეთშიც ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ თუ უკრაინა რუსეთისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, მაშინ მოსკოვი ქიმიურ და ბირთვულ იარაღსაც გამოიყენებსო. ანუ დაშინებას ცდილობენ.

აშშ თავდავის მინისტრმა ლლოიდ ოსტინმა უბრძანა ავიამზიდ ჰარი ტრუმენს, რომელიც ინდოეთის ოკეანისკენ უნდა დაძრულიყო, დარჩეს ხმელთაშუა ზღვაში. რა თქმა უნდა, ეს ბრძანება უკავშირდება უკრაინაში შექმნილ ვითარებას. ხმელთაშუა ზღვა თითქოსდა არ არის შავი ზღვა და იქედან უკრაინა შორს ეჩვენებათ არასპეციალისტებს, მაგრამ `ჰარი ტრუმენის` შეიარაღება და რაც მთავარია, მის თანამგზავრ გემებზე არსებული რაკეტები საშაულებას ქმნის იქედანაც კი გაკონტროლდეს უკარინის საჰაერო სივრცე. რომ აღარაფერი ვთქვათ საბრძოლო თვითმფრინავებზე, რომლებიც გადაჰყავს ამ ავიამზიდს.

აქ ძალიან საინტერესო საკითხია, შემოვა თუ არა ავიამზიდი უშუალოდ შავ ზღვაში. არასდროს ამერიკული ავიამზიდები შავ ზღვაში არ შემოსულან, რაკი არსებობს 1930-იან წლებში გაფორმებული `მონტრეს` კონვენცია, რომელიც ზღუდავს არაშავიზღვისპირა ქვეყნების ფლოტის ყოფნას შავ ზღვაში როგორც ტონაჟით, ასევე ხანგრძლივობით: არა უმეტეს 21 დღისა და არა უმეტეს 40 000 ტონა წყალწყვის გემებისა.

ავიამზიდი ბევრად უფრო დიდია, თუმცა....... მონტრეს კონვენცია მშვიდობიანობის პერიოდს ეხება და როგორ იქნება ომის შემთხვევაში? ამაზე პასუხი ჯერ-ჯერობით არავის აქვს.

აღსანიშნავია ასევე, რომ ბაიდენ-პუტინის სატელეფონო საუბრის წინ, აშშ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი დიდხანს ესაუბრა `სატელეფონო კონფერენციის` ფორმატში გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს. ეს დამაიმედებელია. განსაკუთრებით იმ აზრით, რომ გერმანია უერთდება ანგლო-საქსურ ტანდემს საფრანეგთთან და იკვრება ძალიან სერიოზული კვარტეტი (ოთხეული) რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად.

 აღსანიშნავია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ გუშინ სპეციალური განცხადება გააკეთა საქართველოსთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ საქართველოს NATO-ში მიღება `წითელი ხაზია` რუსეთისთვის. 

 დღემდე მოსკოვი ცალკე განცხადებებს არ აკეთებდა საქართველოზე. და ბუკვალურად მეორე ფრაზაში რუდენკომ თქვა, რომ მოსკოვი არ გამორიცხავს პირდაპირი რეისების აღდგენას საქართველოსთან.

 ანუ მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკაა `ოცნების` ხელისუფლების მიმართ.