ფსკერი

ფსკერი - ეროვნული მოძრაობა

ფსკერი

«ოქროსფერ ლაჟვარდში» თბილი სამოთხეა. ბათუმი მხიარული, უდარდელი დამსვენებლებითაა სავსე. სანაპიროზე გოგონები მზეს ეფიცხებიან. ტკბილი მუსიკა უკრავს. ალერსიანი ზღვა ნაზად დგაფუნობს და მიწას ელამუნება. ჩიტები ჟღურტულებენ. ისმის ახალგაზრდათა სიცილ–კისკისი. მოხუცები მრავალმნიშვნელოვნად იღიმებიან მშვიდი ზღვის შემხედვარე. ახალგაზრდები კი კონცერტზე მიიჩქარიან - მკერდბარაქიანი საბრინა კონცერტს მართავს.
    ამ სამოთხეში ორი «ცნობილი» თბილისელი მწერალი მოაბიჯებს. ახლახანს გამოეცალენ სოხუმის ჯოჯოხეთს, სადაც უშუალოდ იბრძოდნენ და თითქოს სხვა სამყაროში მოხვდნენ. თვალებში დაბნეულობასთან ერთად სევდა ჩასწოლიათ - ბათუმის სამოთხე ხომ ძველ, უზრუნველ, ტკბილ დროს ახსენებთ: 70–იან წლებს, ბედნიერ ცხოვრებას, სიმშვიდესა და სიხარულს, როდესაც «ცკ»–ს საგზურებით ბათუმის სანახებში კალმით ხელში განმარტოებულნი იბრძოდნენ საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის, ერში ამ ინტერესთა დაცვისას შეურიგებლობისა და უკომპრომისობის იდეალს ზრდიდნენ. შემდეგ, დამაშვრალნი ნეტარად გაშლიდნენ მკლავებს, შვილიშვილებს მიეფერებოდნენ და ალერსიან ზღვაში შესცურავდნენ მწერალთა კავშირის მომავალ ყრილობაზე ფიქრით, სადაც ქარაგმულად, რთული მინიშნებებით ამხელდნენ კომუნისტური რეჟიმის ანტიეროვნულ ქმედებას, რომელსაც არ სურდა ქართველი ერის განსაკუთრებული თვისებებისა და დანიშნულების აღიარება, - ყოველნაირად ზრდიდა ერში «მონურ ფსიქოლოგიას».
    
         ამ დროს (1993 წლის ოქტომბერია – ავტ.) რუსთაველზე მიმავალს თბილისელი რუსი, ვადიმა მეუბნება: «Вообще Грузины не вояки – спеть могут, станцевать могут, но воевать......»    

    იმავე რუსთაველზე «მოძრაობის» ერთი «ვაკელი» ლიდერი («სვეტი» ასე ვთქვათ, – ქალებში დიდი პოპულარობით რომ სარგებლობდა და ამით განსხვავდებოდა «მოძრაობის» სხვა ლიდერთაგან) მოსეირნობს მშვიდად, უზრუნველი გამომეტყველებით და ბავშვის გორგოლაჭებიან სკამს მოაგორებს.
    თუმცა, ბოდიშს ვიხდი, როგორ გეკედრებათ, რა «უზრუნველი სახით», - სახეზე მამობრივი მზრუნველობა ახატია, დროდადრო თავის პატარა გოგონას დახედავს და მთელი იერით იმ აზრს გამოხატავს, რომ ქვეყნად ყველაზე დიდ ღირებულებად მისი ბედნიერება და სიმშვიდე მიაჩნია. მამიკოს მზრუნველობით გამთბარ ჩვილსაც ნაზად ჩასძინებია.
    «ნაცნობ ჭადრებთან» პირველი, ფრთხილი ფოთლები ცვივა.

    სოხუმის დაცემისა და აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ, სამოქალაქო ომში მონაწილე მხარეები კვლავ დაშორდნენ ერთმანეთს. ქობალიას «რაზმელები» სამეგრელოს ტერიტორიაზე განლაგდნენ, რომელიც «ზვიადისტურ» ვანდეად იქცა. აფხაზეთში კრახი უეჭველად გამოიწვევდა სამოქალაქო ომის განახლებას. თუნდაც იმიტომ, რომ ორივე მხარეს სურდა, პასუხისმგებლობა ამ საზარელი ეროვნული ტრაგედიის გამო მოწინააღმდეგისათვის დაეკისრებინა. ზვიად გამსახურდია რევანშისათვის ემზადებოდა. მის განკარგულებაში რამდენიმე ათასი შეიარაღებული მეომარი იყო. ძირითადად სამეგრელოდან და საქართველოს სხვა კუთხეებიდან.
    საბრძოლო მოქმედებათა განახლება გარდაუვალი გახდა. ისინი დაიწყო ფოთის მოვლენებით. საქართველოს ტელევიზიით გამოსვლისას საინფორმაციო–სადაზვერვო სამსახურის უფროსმა, ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა: «ზვიად გამსახურდიას შეიარაღებულმა ფორმირებამ დაბომბა და დაიკავა ფოთი. არის მსხვერპლი. მათი მოქმედება იმ ტრაგედიის გაგრძელებაა, რაც აფხაზეთში მოხდა».
    ამ დროს ზვიადისტები ირწმუნებოდნენ, რომ ფოთი უბრძოლველად დაიკავეს, ვინაიდან «სამეგრელოს მოსახლეობა შევარდნაძის დაწესებული ბლოკადით იტანჯებოდა». შემდგომ ქობალიას ლაშქარმა «წარმატების» განვითარება დაიწყო - თანდათან იკავებდნენ სამეგრელოსა და გურიის ტერიტორიებს. გადაკეტეს იმერ–ამერის დამაკავშირებელი ორივე გზა: როგორც ბათუმის, ასევე ფოთისაკენ.
    «ზვიადისტები» ცდილობდნენ, ქალაქები და სოფლები «აეღოთ» მათივე მკვიდრთ. მაგალითად, ლანჩხუთში - ლანჩხუთელები შედიოდნენ, ოზურგეთში, - ოზურგეთელები, ხონში - ხონელები და ა.შ.
    გამსახურდიას «არმიის» წარმატებებმა თბილისში პანიკა გამოიწვია. ვგულისხმობ «ელიტარულ წრეებსა» და იმათ, ვინც აქტიურად (სიტყვით ან საქმით) მონაწილეობდა 1991–1992 წლების მოვლენებში, თორემ «უბრალო» ხალხს უკვე აღარაფერი აინტერესებდა.
    ყველაზე საზარელი იმ დროს ცალკეული ტრაგედიები კი არ იყო, არამედ საყოველთაო აპათია, რომელშიც ეროვნული ცნობიერების კრახი გამოიხატებოდა. ეს მოვლენა წვრილმანებშიც ვლინდება:
    წარმოიდგინეთ იმდროინდელი მეტრო (ქალაქში სხვა ტრანსპორტი, ფაქტობრივად არც არის). ასეულობით ადამიანი მდუმარედ, გაყინული სახით დგას გვერდიგვერდ. ოდნავ ირწევიან მატარებლის ტაქტში. საოცარი, «ზუზუნა» სიჩუმეა. არავინ არავის ესაუბრება. მხოლოდ ბორბლების ხმაური ისმის. ადამიანთა თვალებში სრული სიცარიელეა.
    ამ დროს მესმის, ხანში შესული კაცი (აშკარად ე.წ. «საშუალო ინტელიგენტი») თითქმის ჩურჩულით ეუბნება მეორეს: «გაიგე, დღეს დილით რუსებს ფოთი დაუბომბიათ». ისიც იმავე ხმით პასუხობს შეცბუნებული: «რაო, გაგიჟდნენ ეგენი ტო?». სინამდვილეში ფოთი «ზვიადისტებმა» აიღეს და არა «რუსებმა», მაგრამ ეს «გაგიჟდნენ ეგენი, ტო?» განსაკუთრებით ნიშანდობლივად ჟღერდა «ეროვნული მოძრაობის» დამკვიდრებული ცნობიერი სტერეოტიპებისა და სულ 3 წლის წინანდელი ანტირუსული ისტერიის ფონზე.

    თბილისში ზვიად გამსახურდიას «თეთრი ცხენით» შემოსვლას, გულხელდაკრეფილი, რა თქმა უნდა, არავინ ელოდა. საფრთხემ ელიტა გააერთიანა. «ელიტარული ინტელიგენტები», რომელთაც 1992 წლის 7 იანვრიდან, თითქმის ორი წლის განმავლობაში, შიშით ხეირიანად ერთი ღამეც არ სძინებიათ,  გადამწყვეტი ბრძოლისათვის ემზადებოდნენ.
    იქმნება მოხალისეთა რაზმები. ტელეკამერის წინ ჯანსუღ კახიძე მწკრივში დგება და «ცმუკავს» - ერთი სული აქვს, როდის ჩაერთვება ბრძოლაში «პროვინციული ფაშიზმის» წიმააღმდეგ.
    ყალიბდება შესაბამისი «დამცველ–გამამართლებელი» სტერეოტიპებიც. მაგალითად: «უხარიათ! ზვიადისტებს უხარიათ სოხუმის დაცემა, გაიგეთ? - ის (ვიღაც) ცეკვავდა თურმე, როცა აფხაზეთის დაკარგვა გაიგო!!!»

    (საერთოდ, ამ ბინძურ ბრალდებას («გაგიხარდაო») ძალიან ძნელია უპასუხო. იმთავითვე თავის მმართლებლის პოზიციაში აღმოჩნდები: «როგორ არ გაგიხარდა, - ეს ხომ ჩვენი (შენი მტრების) დამარცხება იყო, ეს ხომ შენს წინასწარმეტყველებას ამართლებდა, შეუძლებელია არ გაგხარებოდა – მე ხომ ვიცი, ნამდვილად გაგიხარდა»
    მაგალითად, კლინიკური იდიოტი, ვისაც ვერაფრით შეაგნებინებდი, რომ არჩეული ხელისუფლების დამხობა (როგორი საზიზღარიც არ უნდა ყოფილიყო) ქვეყნისათვის უარეს შედეგს გამოიღებდა, ხოლო ის ჩლუნგი სიჯიუტით უარყოფდა ნებისმიერ არგუმენტს («. . . . მოიცა, ნუ ლაპარაკობ სისულელეს, მაგას მხარს ვინ დაუჭერს?») შემდგომ შეხვედრისას ერთადერთ არგუმენტს მოიყვანდა უდავოდ: «კი, მართალი გამოდექი, მაგრამ რატომ გიხარიაო».)
   
  
   

    1993 წლის ოქტომბერში მოხდა «მხედრიონის» სრული რეაბილიტაცია. აქვე უნდა ითქვას (კიდევ ერთხელ), რომ საფრთხე სავსებით რეალური იყო: ზვიად გამსახურდიასა და ლოთი ქობალიას ლაშქარს თბილისში შემოჰყვებოდა ასეულობით ათასი გააფთრებული ლტოლვილი, რომელთაც უკვე სჯეროდათ ყალბი სტერეოტიპისა: «ომი ამ ხელისუფლებამ დაიწყო აფხაზეთში და მან გაგვაუბედურა». არავინ იცის, რას მოიმოქმედებდა ეს გამძვინვარებული ბრბო დედაქალაქში. შეიძლება ზღვა სისხლიც დაღვრილიყო მიუხედავად გამსახურდია–ქობალიას შესაძლო მცდელობისა - შეეჩერებინათ ანგარიშსწორება და სისხლისღვრა. ისიც საკითხავია, რამდენად ეყოფოდათ მათ ზნეობა, ეცადათ ძალადობისა და ანგარიშსწორების შეჩერება.
    ზვიადისტები ქალაქს - ქალაქზე იღებდნენ. სამტრედიის «გათავისუფლების» შემდეგ თბილისში ხმა გავრცელდა «შევარდნაძეს ინფარქტმა დაარტყაო». ეს ჭორი იყო. ედუარდ შევარდნაძე ასე ადვილად სულაც არ აპირებდა დანებებას. მით უმეტეს, რომ უკანასკნელი კოზირი ჰქონდა შემონახული.
    ტელეინტერვიუში მან პირველად განაცხადა გამოკვეთილად: «გამსახურდიას რაზმებში აფხაზები და ჩეჩნები იბრძვიან. ჩვენც, თუ ვინმე დაგვეხმარება, აუცილებლად გამოვიყენებთ».
    მეცნიერებათა აკადემიაში გამოსვლისას: «ეს ჭირი უნდა მოვიშოროთ! ეს ჭირი უნდა მოვიშოროთ!!!»
    აქვე უნდა ითქვას, რომ ქობალიას რაზმებმა მაშინ დაახლოებით იგივე ფუნქცია შეასრულეს, რაც გენერალ ვლასოვის არმიამ მეორე მსოფლიო ომის დროს. თითო - ოროლა ჩეჩენი მათ შენაერთებში ნამდვილად გამოჩნდა. ეს ის ხალხი იყო, ვინც თავად დაიჯერა არძინბას გველური პროპაგანდა: «ჩვენ შევარდნაძეს ვებრძვით და არა ქართველებსო». რაც, რასაკვირველია, სრული სიყალბე იყო, მაგრამ ჩეჩნებს ამ სიყალბის დაჯერება სურდათ, რადგან რუსეთთან მომავალი, გარდაუვალი ომისათვის ემზადებოდნენ, საქართველო კი მათი ერთადერთი მოსაზღვრე ქვეყანაა.

    დაახლოებით იმ დროს ბობოყვათში ერთმანეთს შეხვდნენ ასლან აბაშიძე, ლოთი ქობალია და იგორ გიორგაძე. ამ უკანასკნელმა ორივეს განუცხადა, რომ ედუარდ შევარდნაძემ დაანგრია საბჭოთა კავშირი, გამოიყვანა ჯარები ავღანეთიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან, გაანაწყენა რუსები საქართველოზე, ამიტომ იგი უნდა შეიცვალოს, თორემ საქართველო იღუპება. ოღონდ შემცვლელი (იგორ გიორგაძის აზრით) უნდა იყოს არა ზვიად გამსახურდია, არამედ ასლან აბაშიძე.
    აჭარის ლიდერმა შესანიშნავად იცოდა, რომ ეს ყოველივე არარეალური იყო და არც საქართველოს პრეზიდენტობა ეპიტნავებოდა, ამიტომ გიორგაძეს უარი განუცხადა და მას რომ გამიჯვნოდა, სულ ცოტა ხნის შემდეგ «ტერორისტადაც» გამოაცხადა.
    ეს ეპიზოდი, უდავოდ, შევარდნაძე–აბაშიძის შემდგომდროინდელი ანტაგონიზმის ერთ–ერთი (მაგრამ არა ერთადერთი) ფაქტორი გახდა.

    სამტრედიაში ზვიადისტების შეჭრის შემდეგ შევარდნაძე მიხვდა, რომ დადგა უკანასკნელი კოზირის გამოყენების ჟამი. 4–5 ოქტომბერს მოსკოვში ბორის ელცინმა სასაკლაო მოაწყო: რაკი სექტემბრის ბოლოს მის მიერ ყოველგვარი კანონის დარღვევით დათხოვილი «რსფსრ სახალხო დეპუტატთა ყრილობისა» და უმაღლესი საბჭოს წევრები ბედს შერიგებას არ აპირებდნენ, ბრძოლას აგრძელებდნენ და ელცინის გადადგომას მოითხოვდნენ, რუსეთის პრეზიდენტმა ქალაქში ტანკები შეიყვანა და «თეთრი სახლი» დაბომბა. ანუ გააკეთა ის, რაც არ იკადრა ГКЧП–მ 1991 წლის აგვისტოში, როდესაც იმავე «თეთრ სახლს» ელცინმა შეაფარა თავი.
    სისხლისღვრის პროვოცირებაში უდიდესი როლი შეასრულა უმაღლესი საბჭოს იმდროინდელმა თავჯდომარემ, ეთნიკური წარმომავლობით ჩეჩენმა რუსლან ხაზბულატოვმა, რომელსაც (ამაში ურყევად დარწმუნებული ვარ) სინამდვილეში არ გააჩნდა სხვა მოტივაცია გარდა საკუთარი სამსობლოს, ჩეჩნეთის დახმარებისა - რუსეთში სამოქალაქო ომის პროვოცირებით.
    თუ რუსეთში 1918–1921 წლები განმეორდებოდა, ჩეჩნეთისათვის, რასაკვირველია, აღარავის ეცლებოდა და მრავალტანჯულ ჩეჩენ ხალხსაც გაუადვილდებოდა თავისუფლებისათვის ბრძოლა.
    4–5 ოქტომბრის მოვლენათა შემდეგ, ედუარდ შევარდნაძემ მიიღო საშუალება ეთქვა, რომ «რუსეთში დამარცხდნენ ის ძალები, რომლებმაც აფხაზეთი წაგლიჯეს საქართველოს». თუმცა მას, რა თქმა უნდა, თავად არ სჯეროდა, რომ ელცინი მამა აბრამის ბატკანი იყო, მაგრამ სხვა გზაც არ ჩანდა.
    საქართველოს ხელისუფლებამ მოუწოდა რუსეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შემოეყვანათ შეიარაღებული ფორმირებები საქართველოში, რათა დაეცვათ კომუნიკაციები. ბაქომ და ერევანმა უარი თქვეს - «ძმებთან იარაღით ვერ შევალთო» (ეს ასეც იყო თავიდანვე გათვლილი). სამაგიეროდ, სამივე რესპუბლიკის ლიდერი მოსკოვში გაემგზავრა და ბორის ელცინს შეხვდა.
    ბევრმა შეამჩნია, რომ ელცინმა შევარდნაძე ხაზგასმულად ცივად მიიღო, მაგრამ სახელმწიფოს მეთაური ამას აინუშშიც არ აგდებდა. შეხვედრის შემდეგ მან სევდიანი ხმითა და გამომეტყველებით განუცხადა რუს ჟურნალისტებს: «Я принял решение о вступлении Грузии в это содружесство». მთელი თავისი იერით იგი იმას გამოხატავდა, რომ ეს იძულებითი ნაბიჯი იყო და არა ნებაყოფლობითი.
    მოსკოვიდან გამოფრენის შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ, თვითმფრინავში ჩაწერილ ტელეინტერვიუში, როგორც ყოველთვის, გენიალური ალღოთი მიაგნო მთავარ, ყველაზე ზუსტ სიტყვებს: «ჩვენ რა არ ვცადეთ . . . . . . რა არ ვცადეთ. . . . . . მაგრამ არ გამოჩნდა სხვა გამოსავალი, გაიგონ ბოლოს და ბოლოს: ადამიანებს ცხოვრება უნდათ» .
    ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ს     ც ხ ო ვ რ ე ბ ა       უ ნ დ ა თ!!!
    ეს იყო მართლაც გენიალური სიზუსტით მიგნებული სიტყვები, რომლებიც ყველაზე სრულად გამოხატავდნენ ძირითად სულისკვეთებას. თანაც არა მხოლოდ იმ მომენტში, არამედ საერთოდ, - 1989 წლის ზაფხულიდან, როცა ერი «სულ მალე დაიღალა» და ნამდვილი მისწრაფებაც ადვილად გამოამჟღავნა

«თანამეგობრობაში შესვლას» გაცილებით გრძელი პროცედურა სჭირდებოდა, ვიდრე მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურის განცხადება: ჯერ СНГ–ს ყველა სახელმწიფოს უნდა დაედასტურებინა თანხმობა, შემდეგ კი საქართველოს პარლამენტს განეხორციელებინა ორგანიზაციის წესდების რატიფიცირება, რაც მხოლოდ 1994 წლის 1 მარტს მოხერხდა.
    მაგრამ შევარდნაძემ შესანიშნავად იცოდა, რა ზეგავლენას მოახდენდა დსთ–ში შესვლის თუნდაც დეკლარირება ზვიადისტებზე. როგორც კი შეიტყვეს, «საქართველო СНГ–ში შევიდაო», უმალვე ჩამოუშვეს ხელები და ბრძოლის ყოველგვარი ნება დაკარგეს, ისევ და ისევ, ვინაიდან. . . . «რუსებთან ბრძოლას აზრი არა აქვს». კვლავ საოცარი ფსიქოლოგიური სიზუსტით განმეორდა ის ფენომენი, რომელიც პირველად 1989 წლის 9 აპრილს გახდა საცნაური, როდესაც ვითომდაც სულიერად ამბოხებული ერი მდუმარედ, მისტიური, დაუძლეველი ძალისადმი შიშით მონუსხული ელოდა ღვთის რისხვას, ანუ რუსული ძალის გამოჩენას.
    ეს შიში კი სწორედ «მეტაფიზიკური, მისტიური ძალისადმი» შიშია, რომელშიც არასრულფასოვნების ეროვნული კომპლექსი მჟღავნდება.
    ჯაბა იოსელიანი თავის მოგონებებში წერს: «იმ დროს (1993 წლის ოქტომბერში) მთავარი იყო იმის დემონსტრირება და შთაბეჭდილების შექმნა, რომ რუსები ჩვენ გვიჭერდნენ მხარს».
    ანუ, რუსები უშუალოდ რომც არ ჩართულიყვნენ სამოქალაქო ომში (რეალურად, მათი უშუალო სამხედრო მონაწილეობა მართლაც მინიმალური იყო), ზვიადისტებს (ქართველებს!) მათი ხსენებისას უკვე სული ქუსლში მისდიოდათ, ყრიდნენ იარაღს და გარბოდნენ: ქართულ ცნობიერებაში ურყევად დამკვიდრებული სტერეოტიპის თანახმად, «რუსთან ბრძოლას აზრი არა აქვს, – მაინც დაგამარცხებს, იგი მაინც შენზე ძლიერია, უძლეველია».
    აქვე შევნიშნავ, ეს ფსიქოლოგიური ფენომენი არ ახასიათებთ არც აფსუებს, არც ჩეჩნებს. თუმცა ამის თაობაზე -  ქვემოთ.
    გათვლა უაღესად ზუსტი აღმოჩნდა: «რუსი მოდისო» და ხუთი ათასმა (!) ქართველმა კურდღელივით მოკურცხლა ისე, რომ თავისი პრეზიდენტი და «მხედართმთავარი» ტყეში უპატრონოდ მიატოვა. «რუსი» მეორე მხარეს რომ გამოჩენილიყო, «აქეთურნიც» ასევე კურდღელივით გაიქცეოდნენ.
    ზოგჯერ ვფიქრობ, - კიდევ კარგი, ეს ლაჩრული სინდრომი აღმოგვაჩნდა ქართველებს, თორემ ვინ იცის, ვაითუ საქართველო დღემდე ლიხის ქედით ყოფილიყო გაყოფილი - ესეც კიდევ ერთი საოცრად ქართული პარადოქსია.

    შეიძლება ვინმე შემედავოს, რომ რუსები ნამდვილად მონაწილეობდნენ (სამთავრობო ჯართა მხარეს) იმდროინდელ სამხედრო მოქმედებებში. მართლაც, რამოდენიმე ასული რუსი საზღვაო ფეხოსანი, ადმირალ ბალტინის მეთაურობით შევიდა ფოთში, მაგრამ კვლავ და კვლავ ვიმეორებ: სამხედრო თავლსაზრისით რუსების მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში გადამწყვეტი ფაქტორი არ ყოფილა - გადამწყვეტი ფაქტორი გამოდგა ზემოთხსენებული ფსიქოლოგიური ფენომენი. რუსები მხოლოდ «გამოჩნდნენ» - ეს საკმარისი აღმოჩნდა ზვიადისტი მებრძოლოებისათვის, რათა იარაღი დაეყარათ და გაქცეულიყვნენ. რუსები მეორე მხარეს რომ გამოჩენილიყვნენ, მხედრიონელები და «კიტოვანის გვარდიელებიც» ასევე დაყრიდნენ იარაღს და გაიქცეოდნენ.
    რუსების დახმარებაზე არც გამსახურდია–ქობალია ამბობდნენ უარს: იარაღს ისინიც სწორედ რუსებისაგან ყიდულობდნენ. ზვიად გამსახურდიას კი ზუგდიდში, ირაკლი წერეთელთან საუბრისას ასეთი არგუმენტი წამოსცდა: «შევარდნაძემ რუსებს იმპერია დაუნგრია და ისინი მაგას არ დაეხმარებიანო». აშკარად იგულისხმება: «ჩვენ თუ გვეხმარებიან - მისი სიძულვილით გვეხმარებიან». რაზეც ირაკლი წერეთელმა კითხვა შეუბრუნა: «როგორ, შენც იმას იმეორებ, რომ საბჭოთა კავშირი შევარდნაძემ დაანგრია?».

    СНГ–ში გაწევრების შემდეგ ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის შეიარაღებულმა ქვედანაყოფებმა ხონთან პოზიციები მიატოვეს და თბილისში დაბრუნდნენ.
    ფილარმონიაში ხალხმრავალი შეკრება გაიმართა. შიშით აცახცახებული «ელიტარული ინტელიგენცია» ერთმანეთს აგულიანებდა. ჯანსუღ ჩარკვიანმა ისევ მოუშვა წვერი, რაც ცუდი ნიშანი იყო. თავყრილობას ირინა სარიშვილიც დაესწრო: «ბატონო ედუარდ, არ შეიძლება ზვიად გამსახურდიას გროზნოში გაშვება (მქუხარე ტაში). სანამ საქართველოში გამსახურდიას პრობლემა იქნება, ამერიკის შეერთებულ შტატებში 53–ე შტატადაც რომ შევიდეთ, მაინც არაფერი გვეშველება».
    თავყრილობა დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც ვიღაც გამხდარი, შუა ასაკის «მოახალგაზრდავო ნასტუდენტარი» კაცი ტრიბუნასთან მივიდა: «ხალხო, ერთი სიტყვა მათქმევინეთ, მხოლოდ ერთი სიტყვა, ერთადერთი რამ მინდა ვთქვა. . . . დღეს საქართველო დაღუპულია. იგი დაღუპა შევარდნაძემ და მუსულმანურმა რუსეთმა!!!» მას უმალვე მხედრიონელები მისცვივდნენ და პოლიციელებთან ერთად ისე სცემეს, - არა მგონია მაშინ თუ გადარჩა, დღეს ცოცხალი იყოს.
    შეიძლება მისი საქციელი ვინმეში თანაგრძნობასაც კი იწვევდეს - აქაოდა «კაცმა განსხვავებული აზრის გამოთქმა გაბედა», მაგრამ, რა ვქნა, მომკალით, ასეთ სისულელეზე შეუძლებელია არ გაგეცინოს. ეს ტრაგიკომედიაა, ისევე, როგორც ბევრი რამ, რაც საქართველოში მოხდა 1988–1993 წლებში.

    ამასობაში, დასავლეთ საქართველოში კვანძი იხსნებოდა. მხედრიონმა და სამთავრობო ჯარებმა ზედიზედ გაათავისუფლეს სამტრედია, ხობი, სენაკი, ოზურგეთი, ფოთი.
    ლოთი ქობალიას მებრძოლებმა (ზოგიერთი ცნობით კი, თვით ქობალიამ) უიარაღო ჟურნალისტი, დათო ბოლქვაძე დახვრიტეს. ეს იმ ომის ერთ–ერთი ყველაზე საზარელი დანაშაული იყო. არანაკლები, ვიდრე გოჩა ჯიქიას დახვრეტა ზუგდიდში.
    ომი დასასრულს უახლოვდებოდა. სამთავრობო ჯარები სენაკსა და ზუგდიდში შევიდნენ. საზარელმა ძარცვა–გლეჯამ აპოგეას მიაღწია.
    სენაკში ერთ–ერთმა მაცხოვრებელმა იფიქრა, ეგებ ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიციამ გადამარჩინოსო და როცა მხედრიონელელთა და კიტოვანის გვარდიელთა რაზმი მიადგა ვითომდაც სახლის დასათვარიელებლად (სინამდვილეში გასაძარცვად), - სუფრა გაუშალა.
    დატრიალდა მეგრული ოჯახი «ბებიიდან – შვილიშვილამდე». რა თქმა უნდა, ისეთი სუფრა გაშალეს, ჩიტის რძე არ აკლდა.
    ოჯახის უფროსს ისევ ჰგონია, დავანამუსებ სადღეგრძელოებითა და ზრდილი სიტყვა–პასუხითო, მაგრამ ღვინით სავსე თუნგულის მოსატანად რომ გავიდა, შემობრუნებისთანავე შენიშნა, «სერვანტიდან» ფაიფურის ჭურჭელს და ლარნაკებს ჩანთებში აწყობდნენ. ჯერ არ შეიმჩნია, მაგრამ თავხედურად, მის თვალწინ ტანისამოსის კარადაში რომ დაიწყეს ქექვა «დემოკრატიისათვის მებრძოლებმა» («ოჯახის სადღეგრძელო» უკვე შესმული ჰქონდათ), მორიდებით შეჰკადრა: «რას შვებით კაცო?». - «მოიცა თუ ძმა ხარ!».
    შემდეგ სხვა უჯრების ამოტრიალება დაიწყეს. რა ექნა საბრალო მასპინძელს, ჩავიდა პირველ სართულზე და გულგასიებული, უხმოდ ისმენდა შეზარხოშებულ ნაძირალათა ღრეობას ზემო სართულიდან. ქონებას რას დაეძებდა: მეათეკლასელი გოგონები ჰყავდა და სად გაეპარებინა არ იცოდა - მეზობლებთან იგივე ხდებოდა. ბოლოს საკუჭნაოში დამალა ანგელოზივით ქალიშვილები.
    კიდევ იოლად გადარჩნენ.
    რა თქმა უნდა შემაძრწუნებელია, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ამგვარი რამ საერთოდ დამახასიათებელია სამოქალაქო ომისათვის ყველა დროსა თუ ქვეყანაში. საქართველო ამ თავლსაზრისით გამონაკლისი სულაც არ ყოფილა - გაიხსენეთ თუნდაც მარგარეტ მიტჩელის «ქარწაღებულნი»: ამერიკის სამოქალაქო ომის შესაღებ. ამ შესანიშნავ რომანში სამოქალაქო ომის სწორედ ეს განუყოფელი მხარე უდიდესი მხატვრული ოსტატობითა და სულისშემძვრელი ელვარებითაა აღწერილი.

    ზუგდიდში, ედუარდ შევარდნაძის თვალწინ, რამდენიმე მოროდიორი დახვრიტეს, რომლებიც სახლს ძარცვავდნენ.
    «მხედრიონმა» სოფელი დარჩელი აიკლო. საქონელი დახვრიტეს და სახლები გადაწვეს, თუმცა, მადლობა უფალს, არც ერთ მათგანს აზრადაც არ მოსვლია, სულიერზე (დარჩელის უიარაღო მაცხოვრებლებზე) აღემართა იარაღი. «სამთავრობო ჯართა თვითმფრინავმა» სენაკთან ქობალიას შენაერთთა პოზიციები დაბომბა.
    წალენჯიხის რაიონის ერთ–ერთ სოფელში, ბრძოლაში მოკლული ზვიადისტი მებრძოლის ჭირისუფლებმა იმ დროს დამკვიდრებული შემაძრწუნებელი «ტრადიციისამებრ» მისი სურათი «აცეკვეს». ეს კიდევ რა არის, ზოგან, როგორც მაშინ ამბობდნენ, თვით მიცვალებულსაც აცეკვებდნენ.

    1993 წლის ნოემბერი საქართველოს დაცემის ფსკერი იყო. რუსული საზოგადოებაც უკვე აშკარად ტკბებოდა საძულველი, ამპარტავანი «გრუზინების» ტანჯვა–დამცირებით.
    სოხუმის დაცემიდან მცირე ხნის შემდეგ, რუსეთის ტელევიზიამ, საუკეთესო დროს, პირველად 1988 წლის შემდეგ (ანუ მას შემდეგ, რაც კავკასიაში სიტუაცია დაიძაბა) უჩვენა უნიჭიერესი კინორეჟისორისა და ქართველოფობის, ლეონიდ გაიდაის კომედია «კავკასიელი ტყვე ქალი».
    ეს რუსული სულის ზეიმის აპოთეოზი იყო!
    იქნებ ეს ფილმი მხოლოდ «ჩვეულებრივი, კეთილი, მხიარული კომედია» გგონიათ? აბა კიდევ ერთხელ ნახეთ და ყურადღებით დააკვირდით - როგორ გეკედრებათ, რის «კეთილი და მხიარული კომედია».
    «Ошибки надо не прощать, их надо смывать, кровью!»

    1993 წლის 31 დეკემბერს, გამთენიისას, ყველას მიერ მიტოვებულმა, სულ რამდენიმე მცველისა და ბესო გუგუშვილის ამარა დარჩენილმა ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა.
    ყველას აქვს უფლება, საკუთარი აზრი თუ რწმენა ჰქონდეს: ავტორს ეჭვი არ ეპარება, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი არავის მოუკლავს - მან თავი მოიკლა და მიუხედავად ქრისტიანული დოგმისა, ეს იყო უაღრესად ვაჟკაცური საქციელი მისი მხრიდან.
    ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა, რაკი აცნობიერებდა არსებობის სრულ უაზრობას, ცხოვრებისეულ იდეალთა მარცხსა და დისკრედიტაციას, გრძნობდა საშინელ სულიერ ტკივილს - დამარცხებისა და სრული უპერსპექტივობის გამო.
    იგი ვეღარსად გაიქცეოდა - არჩევანი იყო ერთადერთი: სიკვდილი ან ტყვეობა. მან სიკვდილი არჩია, როგორც საზარელი ტკივილისაგან გათავისუფლების უკანასკნელი საშუალება. ქრისტიანული რწმენა აღარ აკავებდა, რადგან პიროვნულად და მორალურად განადგურებული იყო. არავითარი რწმენა და შეგრძნება აღარ შერჩა, არსებობის მტანჯველი განცდისაგან გათავისუფლების სურვილის გარდა.

 

დასრულებული ეპოქა
   
   

    ქართული ეროვნული მოძრაობის მოვლენათა და თანამდევ პროცესთა მხოლოდ ჩამოთვლა - აღწერა (მათი მოტივაციისა თუ შინაგან მექანიზმთა ჩვენეული ხედვის გადმოცემით), რასაკვირველია ამ ურთულესი ფენომენის სრულ ახსნას ვერ შეძლებს. ასეთი პრეტენზია დღეს არც შეიძლება ვინმეს ჰქონდეს.
    თუმცა, ზოგი რამ ახლაც შეიძლება დავასკვნათ, ვინაიდან 1988-1993 წლების მოვლენებმა, გარკვეულწილად, დასრულებული სახე შეიძინა. იმ აზრით, რომ ამჟამად ეს პერიოდი სწორედ ერთიან ფენომენად აღიქმება. ანუ, ისტორიული ეპოქა დამთავრდა, რაც გარკვეულწილად უკვე ქმნის პირობებს შეფასებისა და დასკვნებისათვის.
    არა მგონია, დასკვნები დროთა განმავლობაში შეიცვალოს, ვინაიდან რაციონალური განსჯა ეპოქის დასრულებისთანავე ხდება შესაძლებელი. ამგვარი განსჯის შემთხვევაში კი (რა თქმა უნდა დისკუსიის შედეგად) დასკვნა ყოველთვის იდენტური იქნება - რამდენიც უნდა ვიმსჯელოთ და ვიკამათოთ, ორჯერ-ორით ყოველთვის ოთხს მივიღებთ.
    რაც მთავარია, მსჯელობაში არ უნდა გაერიოს სუბიექტური მომენტი - სრულიად ფუჭი და არაფრისმომცემია დისკუსიაში იმ პირთა ჩართვა, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ზემოთ აღწერილ მოვლენებში. მათ სუბიექტური განწყობა და სავსებით გასაგები მოტივაცია აქვთ. ისინი ობიექტურნი ვერ იქნებიან. თუმცა, ყოველი განსხვავებული აზრი მაინც შეიცავს შეჯერებისა და განსჯისათვის აუცილებელ მასალას.

    1993 წლის 31 დეკემბერს, ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობით დასრულდა ხანმოკლე ისტორია მოვლენისა, რომელსაც ჩვენ «ეროვნულ მოძრაობას» ვუწოდებთ. ქრონოლოგიური ხანმოკლეობის მიუხედავად, ამ პერიოდმა მთელი ეპოქა დაიტია. ეს არც პათეტიკაა და არც ჰიპერბოლიზება. შინაარსობრივად, ხუთი წლის განმავლობაში ქართულმა საზოგადოებამ მართლაც უზარმაზარი გზა განვლო - უდიდესი ცვლილებებით როგორც სოციალ-ეკონომიკური, პოლიტიკური, ასევე საზოგადოებრივი და ეთნოფსიქოლოგიური თვალსაზრისით.
    თუ საკითხს მხოლოდ თეორიული და ფორმალური თვალსაზრისით განვიხილავთ, ეს, რა თქმა უნდა, რევოლუცია იყო - რევოლუცია, რომელიც დაიწყო 1988 წლის ნოემბრის ცნობილი აქციით, 9 აპრილით და დასრულდა ქვეყნის პირველი პრეზიდენტის თვითმკვლელობით.
    მაგრამ ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობა ამ ე.წ. «რევოლუციის» დამარცხებას არ ნიშნავდა. განსხვავებით, ვთქვათ, საფრანგეთისაგან, სადაც იმპერატორის დამარცხებას რესტავრაცია მოჰყვა.
    ნაპოლეონთან შედარება ნუ გაგამხიარულებთ - ყველა ერს თავისი «დიდი რევოლუცია» აქვს. მასშტაბურობითა და პროვინციალიზმით მოვლენის არსი არ იცვლება.
    ამრიგად, ეს იყო რევოლუცია. სხვა საკითხია, შეიძლებოდა თუ არა იმავე მიზნების მიღწევა არა რევოლუციური, არამედ ევოლუციური გზით - ამაზე ქვემოთ.
    მაგრამ მთავარი ამ შემთხვევაში უკვე ის გახლავთ, რომ «რევოლუცია» მხოლოდ ქარგაა, საერთო ჩარჩოა. იგი არაფერს ხსნის - ოდენ პროცესის ზოგად შინაარსს გვამცნობს. რევოლუცია - ერთია, ევოლუცია - სხვა. ოღონდ შინაარსობრივად (ვიმეორებ) ასეთი დეფინიცია ბევრს ვერაფერს გვეტყვის, ამიტომ უნდა დავუბრუნდეთ იმ სახელწოდებას, რომელიც გაცილებით უფრო ზუსტად მიანიშნებს მოვლენის შინაარსზე - «ეროვნული მოძრაობა»  და ერთი შეხედვით მოულოდნელი, უცნაური კითხვა დავსვათ: იყო თუ არა ეროვნული მოძრაობა ის, რაც მოხდა საქართველოში 1988 - 1993 წლებში? რა არის საერთოდ ეროვნული მოძრაობა? რა შემთხვევაში შეიძლება საზოგადოებრივ - პოლიტიკურ მოძრაობას ასეთი სახელი ეწოდოს?

    დავიწყოთ მარტივი განსაზღვრებით: მიუხედავად იმისა, რომ «ეროვნულობასთან» დაკავშირებული ყველა მოტივი დიდწილად მითოლოგიზირებული და გაიდეალებულია, მაინც შეიძლება მისი დაყვანა უბრალო, რაციონალურ ფორმულამდე: «ეროვნული მოძრაობა არის პიროვნულ ინტერესთა კოლექტიური ძალისხმევით განხორციელების საშუალება».
    ყოველ შემთხვევაში, ასე უნდა იყოს!
    ინდივიდის იდენტიფიკაცია ეთნიკურ, ნაციონალურ ერთობასთან, რაოდენ იდეალიზებული და გაუცნობიერებელიც არ უნდა ჩანდეს შეგრძნება, - საბოლოოდ, მის თვისებრივ საწყისში, სწორედ ამ, ერთი შეხედვით ვულგარულ და მეტისმეტად მარტივ დებულებაზე დაიყვანება.
    ოღონდ «პიროვნულ ინტერესში» თუ მხოლოდ მატერიალურ ინტერესს ვიგულისხმებთ, უეჭველად შევცდებით. ხშირ შემთხვევაში აქ მხოლოდ და იმდენად მატერიალური ინტერესი როდი იგულისხმება - ერის თვითდამკვიდრება ინდივიდის თვითდამკვიდრებასაც ნიშნავს. «ეროვნული გამარჯვება» (ყოველგვარი პათეტიკის გარეშე) - ამ ერის თვითეული ინდივიდუალური სუბიექტის გამარჯვებაცაა. ხოლო პიროვნების უფლება, მოახდინოს საკუთარი თავის იდენტიფიკაცია ამა თუ იმ ერთან, უდიდეს ზეგავლენას ახდენს მის მსოფლმხედველობასა და შინაგან სამყაროზე. ამიტომ, ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობა შეიძლება მხოლოდ ინდივიდუალურ მისწრაფებათა ერთობლიობიდან ამოიზარდოს. შეუძლებელია ერს «თავს მოახვიო» ეროვნული მოძრაობა (და მისი სულისკვეთება ძალით აქციო საყოველთაოდ) თუ იგი მის შინაგან, თვისებრივ მისწრაფებებს არ გამოხატავს.
    რთულ მატერიებზე მსჯელობა მარტივი მაგალითებითაც შეიძლება. ავიღოთ სომხების ეროვნული მოძრაობა, რომლის არსი ანტითურქული იყო და არის. ამ მოძრაობის ფსიქოლოგიური დომინანტი შექმნა XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე თურქეთის სახელმწიფოში განხორციელებულმა გენოციდმა. ეს საზარელი მოვლენა მყარად დაილექა კოლექტიურ ცნობიერებაში, ჩააღწია თითოეული ინდივიდის დონეზე და ერთ-ერთ უმთავრეს ინდივიდუალურ მოტივადაც იქცა ეთნიკური იდენტიფიკაციის პროცესში.
    ტყუილად დავიწყებთ აქ რაიმე მატერიალური საფუძვლის ძიებას: «ყარაბაღი» სომხებისათვის იყო და არის არა ტერიტორია (ანუ მატერიალური სიკეთე), არამედ თურქებზე ისტორიული შურისძიების, საუკუნოვანი ეროვნული ოცნების, სამართლიანობის აღდგენის სიმბოლო. შემთხვევითი არაა, რომ სომხურმა ეროვნულმა მოძრაობამ შექმნა «დაშნაკთა» პარტიის ფენომენი, რომლის მიზანი იმდენად დაკარგული ტერიტორიების (დასავლეთ სომხეთის) დაბრუნება არ არის, რამდენადაც ერის მორალური დაკმაყოფილება - გენოციდის ფაქტისადმი საკაცობრიო ყურადღების მიპყრობა, «სამართლიანობისათვის» ბრძოლა.
    მთავარი კი აქ ის გახლავთ (ამაში მდგომარეობს ეროვნული მოძრაობის ძირითადი თვისება), რომ კოლექტიური მოტივი თითოეული ინდივიდის უმთავრესი პიროვნული მისწრაფების შინაარსი გახდა.
    1990 წლის 17-19 იანვარს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში საზარელი ამბები დატრიალდა. ყარაბაღში სომეხთა გამოსვლებით გაღიზიანებული აზერბაიჯანელები ბაქოში მცხოვრებ სომხებს დაერივნენ. ათეულობით სომეხი (მათ შორის ქალი და ბავშვი) მოკლეს, ზოგიც დაჭრეს და დაასახიჩრეს.
    იმ დღეებში ერთი რუსული გაზეთი ასეთ სცენას აღწერდა: ბაქოს ცენტრალურ საავადმყოფოში მიიყვანეს დაახლოებით 80 წლის მოხუცი სომეხი ქალი. ქალაქში დარბევების დროს მას თავი გაუჩეხეს. როგორ გგონიათ, რა თქვა ამ უმწეო, მიხრწნილმა დედაბერმა, როცა საოპერაციო მაგიდაზე დააწვინეს აზერბაიჯანელმა ექიმებმა, რათა ნაჯახით გაპობილი თავი როგორმე გაემთელებინათ? რა თქვა და: «Всё равно карабах будет наш!».
    აი, ეს არის ეროვნული მოძრაობა!!!
    როდესაც მთელი ერი, მისი თვითოეული წარმომადგენელი, თვითოეული ინდივიდი ერთი სურვილით, ერთი ფანატიკური წყურვილით, ერთი ნატვრით, ერთი მისწრაფებით სუნთქავს.
    ასე იყო სომხეთში, ასე იყო ლიტვაში, ასე იყო ჩეჩნეთში. გავბედავ და იმასაც ვიტყვი, რომ აფხაზეთშიც ასე იყო! დიახ, აფსუათა ფანატიკური ანტიქართული განწყობაც შეიძლება ამ აზრით «აფსუანურ ეროვნულ მოძრაობად» მივიჩნიოთ, რომლის მიზანი აფხაზეთის ქართველთაგან «გაწმენდა» გახლდათ.
    ჩემი მთავრი სათქმელიც სწორედ ის არის, რომ
    ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი ა ს ე ა რ ი ყ ო!
    1987-1988 წლებში ქართული საზოგადოება არ ყოფილა ასე ერთიანად, უკანასკნელ ინდივიდამდე ატაცებული ერთი წყურვილით, ერთი ვნებითა და ნატვრით. ასე რომ ყოფილიყო, ქართული ეროვნული მოძრაობის ისტორია სხვაგვარად წარიმართებოდა და «ლიდერებიც» სხვანაირები გვეყოლებოდა.
    გაიხსენეთ ჩვენი «ეროვნული მოძრაობის» ლიდერები და შეადარეთ ისინი ნებისმიერი თვალსაზრისით (უპირველესად ინტელექტით) ლიტველთა, სომეხთა, თუნდაც აფსუათა ლიდერებს. იგივე ძაღლთაპირი არძინბა ინტელექტით, მახვილგონივრობით, სხვა პიროვნული თვისებებით «ჯიბეში ჩაისვამდა» ნებისმიერ თავის ქართველ კოლეგას. ამგვარი რამ შემთხვევითი, რასაკვირველია არ შეიძლება იყოს.
    საკითხი ყურადღებით შესასწავლია: როდესაც ერში ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობა ვითარდება (ასეთი მოძრაობა კი შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ინდივიდუალური დონიდან «ამოიზარდოს», როგორც პიროვნულ მისწრაფებათა ერთობლიობა) თითოეული ინდივიდი «პოლიტიკოსი» ხდება. ბევრმა შენიშნა საოცარი ფენომენი: ლიტველები (უბრალო მასწავლებლები, მუშები და ა.შ) «პერესტროიკის» გარიჟრაჟზე ისე ლაპარაკობდნენ რუს ჟურნალისტებთან შეხვედრისას, თითქოს ყველა მათგანი დიპლომატი იყო. ან თუნდაც იგივე აფსუები - უბრალო აფსუაც კი (ქართველთან საუბრისას - მით უმეტეს საჯაროდ) არასდროს დაუშვებდა ტაქტიკურ შეცდომას, დროზე ადრე არაფერი წამოსცდებოდა, საწინააღმდეგო არგუმენტს არავის მისცემდა. ესეც ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობის ნიშანია.
    როგორი შიდა დაპირისპირებაც არ უნდა წარმოიშვას სომხეთში, სომხებს საერთო ეროვნული მიზანი და ამოცანა არასდროს დაავიწყდებათ. წარმოუდგენელა ლიტვაში მომხდარიყო ის, რაც მოხდა 1991 – 1992 წლების საქართველოში. რამდენს ეცადა რუსული სპეცსამსახური, მაგრამ ვერაფრით მოახერხა სამოქალაქო ომის პროვოცირება ჩეჩნეთში. საქართველოში კი სულ ადვილად შეძლო. არც ეს შეიძლება იყოს შემთხვევითი.
    ან კიდევ, დავაკვირდეთ, რა ადვილად დაიკარგა ის განწყობა, რომელიც თითქოსდა საყოველთაო იყო 1988-1989 წლებში. სად გაქრა იმდროინდელი სულისკვეთება? გამაოგნებელი ფაქტია, რომ 9 აპრილიდან ოთხიოდე წლის შემდეგ, საშუალო დონის «КГБ-შნიკ» იგორ გიორგაძის რეიტინგმა საქართველოში 60 პროცენტს მიაღწია!
    9 აპრილიდან სულ რამდენიმე წლის შემდეგ «მოძრაობის ლიდერები» აშკარად პრორუსულ ძალებს, კრემლის აშკარა მსტოვრებს «ეკვრებოდნენ», მათი ხელიდან იღებდნენ წყალობასა და სიკეთეს, - გენერალ ლებედთან (9 აპრილის ერთ-ერთ ჯალათთან) ქეიფობდნენ ბათუმში და მის სადღეგრძელოებსაც სვამდნენ.
    ედუარდ შევარდნაძეს იგივე ხალხი ბრალად სდებდა: «რუსეთთან ურთიერთობა გაგვიფუჭაო». თქვე დალოცვილებო, თუ ასეა, მაშინ საერთოდ რა იყო ის, რაც 1988 წლიდან დაიწყო; მაშინ რა საჭირო იყო ამდენი სისხლი, ის ლოზუნგები და «გულმხურვალე» მოწოდებები?

    გავიხსენოთ ატმოსფერო, რომელიც ქართულ საზოგადოებაში სუფევდა ოთხმოციან წლებში, 1987 წლისათვის («მოძრაობის» დაწყებამდე): ურთიერთსიძულვილი, სრული სოციალური დისჰარმონია, ზიზღი, ნიჰილიზმი, ცინიკური დამოკიდებულება ვითომდაც საყოველთაო იდეალებისადმი. საზოგადო სალაპარაკო მხოლოდ ის იყო (შეგახსენებთ), თუ ვის შეუსწრეს წყნეთის აგარაკზე ჯგუფური მამათმავლობის დროს (ასახელებდნენ ცნობილ მსახიობთა გვარებს).
    ყოველივე ამას მხოლოდ კომუნისტურ წყობას ნუ დავაბრალებთ - კომუნისტური წყობა იყო ლიტვასა და სომხეთშიც. მიზეზი უფრო ღრმადაა საძიებელი: უეჭველია, რომ ქართული საზოგადოება უკვე მაშინ ძალიან სერიოზულად იყო ავად და სწორედ ამ ავადმყოფობიდან ამოიზარდა ყველა ის სიმახინჯე და სიბინძურე, რაც შხამად და სისხლად გადმოინთხა რამდენიმე წლის შემდეგ.
    ეროვნული დამოუკიდებლობის სურვილი საქართველოში საყოველთაო სულისკვეთება არ ყოფილა! იგი არ «ამოზრდილა» პიროვნული მისწრაფებებიდან. არადა, ისტორიულად მხოლოდ ის მოძრაობაა პერსპექტიული და უძლეველი, რომელიც პიროვნულ ინტერესთა ერთობლიობას წარმოადგენს. არსებობენ აგრეთვე «ტოტალიტარული ეროვნული მოძრაობები», მაგრამ ისინი ისტორიულად განწირულნი არიან დამარცხებისათვის, რაკი პიროვნულ მისწრაფებებს თრგუნავენ მიზნის მისაღწევად.
    აფსუებმა სწორედ იმიტომ დაგვამარცხეს, რომ მათი «აფსუანური მოძრაობა» სწორედაც პიროვნულ ინტერესთა ერთობლიობიდან გამომდინარეობდა. ცდება ის, ვისაც ჰგონია, თითქოს აფსუებს ძალიან მოსწონდათ კომუნისტური რეჟიმი და რიწის ტბის პირას განმარტოებისას არ ოცნებობდნენ «ქართველების განდევნის შემდეგ აფხაზეთის ქცევაზე კავკასიის შვეიცარიად».
    ასევე, ისრაელში, ებრაელი ჯარისკაცი, რომელიც პატარა ქუჩის ერთ შესახვევს იცავს (ძველი ქალაქის ებრაული კვარტლიდან - არაბული კვარტლისაკენ) - მთელი არსებით აცნობიერებს, რომ ამით საკუთარ სახლს, საკუთარ ოჯახს, პატარა შვილებსა და მოხუც მშობლებს იცავს განადგურებისა და გაუპატიურებისაგან. ამიტომ მისი დამარცხება შეუძლებელია.

    თუ გულწრფელნი ვიქნებით, უეჭველად დავასკვნით, რომ ის, რაც გამოვლინდა 1988-1989 წლებში, არ იყო ეროვნული მოძრაობა. ანუ, არ იყო მოძრაობა, რომელიც თითოეული ინდივიდის შინაგან, საკრალურ მისწრაფებებს, მის უზენაეს ნებასა და თვისებრივ ინტერესებს გამოხატავს.
    სწორედ და მხოლოდ ამით აიხსნება, რომ ქართველებს აღმოგვაჩნდა ასეთი «მოძრაობა», რომელმაც 1988 წელს დაიწყო დიდი აღტკინებით, დროშების ფრიალით, მასობრივი შიმშილობით, ქუჩაში სანთლების დანთებით, საჯარო ლოცვით და ათი წლის შემდეგ სამარცხვინოდ დაამთავრა ალექსანდრე ლებედთან და სხვა რუსის გენერლებთან ბინძური ალიანსით.

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა