სამცხე-ჯავახეთში ვითარება მრავალმხრივ იძაბება

სამცხე-ჯავახეთში ვითარება მრავალმხრივ იძაბება

      

        თბილისის პოლიტიურ «ბომონდთან» ან ზოგიერთ სხვა რეგიონთან შედარებით, საცმხე-ჯავახეთში არსებული მდგომარეობა არც ისე ანგაჟირებულია, მაგრამ ეს მხარე ერთდროულად რამდენიმე «რისკის» ქვეშ არის უეჭველად მოქცეული. მათ შორის გეოპოლიტიკური «წნევით» გამოწვეულ რისკებსაც ვგულისხმობ. ახლახან ბრიუსელში შეიკრიბა «საერთაშორისო კომისია», რომელიც არ უშვებს «კავკასიური სტაბილურობის პაქტს» - «ბალკანეთის პაქტის» ანალოგიით.
        რასაკვირველია, ყველა დაინტერესებული ძალა თუ «ჯგუფი» შეეცდება, საკუთარი ინტერესები დაიცვას. მაგალითად, სომხურ ორგანიზაციათა წარმომადგენლებმა გაამწვავეს «ჯავახეთის» ავტონომიის საკითხი და პაქტში ისეთი ფორმულირებების შეტანა მოითხოვე,ს რაც სამომავლოდ გარკვეულ განზრახულობათა რეალიზების საშუალებას იძლევა.
        იმავდრუოლად, სწორედ სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე გაივლის ორივე სტრატეგიული მილსადენი (თანაც ერთ კალაპოტში) - როგორც «ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი», ასევე «შაჰდენიზ-თბილის-ერზრუმი».
        სამცხე-ჯავახეთით საქართველო ესაზღვრება ჩვენს უპირველეს ეკონომიკურ და სტრატეგიულ პარტნიორს - თურქეთს, რომელიც, თავის მხრივ, ერთადერთი გზაა ევროპისაკენ სამხრეთ კავკასიისათვის. ამ მხარის მნიშვნელობას ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ. ევროპასა და ამერიკაში პერიოდულად იკრიბებიან სომხური ექსტრემისტული პარტიის - «დაშნაკცუტუნის» წევრები. სომეხი ნაციონალ-სოციალისტები არაორაზროვნად აფიქსირებენ თავიანთ დაინტერესებას სამცხე-ჯავახეთით, ე.წ. «სასიცოცხლო სივრცის» კონტექსტში, რასაც უკვე აშკარად წერენ და ამბობენ, თუმცა, ოფიციალური ერევანი მათ ემიჯნება.
        ამასობაში სამცხე-ჯავახეთში შიდაპოლიტიკური ვითარებაც იძაბება, ვინაიდან იზრდება დაპირისპირება საგუბერნიო სტრუქტურებსა და მმართველი პარტიის რეგიონალურ ორგანოებს შორის, მაგრამ, ძალზე საყურადღებოა, რომ პრეზიდენტმა შევარდნაძემ სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით გააკეთა მკაცრი განცხადება და ორივე მხარეს შეთანხმებისკენ მოუწოდა, ვინაიდან სამცხე-ჯავახეთში შიდაპოლიტიკურ სტაბილურობას და სახელისუფლებო სტრუქტურათა გაწონასწორებულობას საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს.
        მით უმეტეს, რომ უახლოეს მომავალში ამ რეგიონს «რისკების მატება» ელის. ამიტომაც, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, - შევარდნაძე არანაირ სახელისუფლებო «ქანაობას» ან თავისი პარტიის გავლენის შესუსტებას (მით უმეტეს, ამ რეგიონში) არ დაუშვებს.
        რაც შეეხება სამომავლოდ გარდაუვლად მოსალოდნელ გართულებებს, ისინი ახალქალაქის სამხედრო ბაზის პრობლემებს უკავშირიდება. ეს პრობლემა გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე დანარჩენი სამხედრო ბაზების საკითხი.
        რუსეთის ვოფილი ელჩი საქართველოში, ფელიქს სტანევსკი, რომელიც კონსტანტინე ზატულინის მოადგილეა სნგ-ს ქვეყნების ინსტიტუტში, რუსეთის ხელისფლებას საყვედურობს, რომ მან არასწორი პოლიტიკა აირჩია საქართველოდან ჯარების გაყვანისას. სტანევსკის თქმით, რუსეთს, უპირველეს ყოვლისა, ახალქალაქის ბაზა უნდა გაეტანა, შემდეგ ბათუმის და მხოლოდ მერე- ვაზიანისა და გუდაუთის.
        გასაკვირი აქ არაფერია: სტანევსკი გულისხმობს, რომ ახალქალაქისა და ბათუმის ბაზათა (უპირველესად, ახალქალაქის) გატანის მცდელობა ისეთ პრობლემებს შეუქმნის «თბილისს», რომ ვაზიანი-გუდაუთის ბაზების გატანა თავისთავად მოიხსნება დღის წესრიგიდან, ხოლო ახალქალაქის ბაზა რეალურად არსადაც არ «გადაადგილდება». ეს გეგმა კვლავაც აქტუალურია და მოსკოვი მას აუცილებლად დაუბრუნდება, თუ მეტისმეტად გამწვავდება ვითარება გუდაუთის ბაზის გარშემო.
        «ახალქალაქის ბაზა» კი მოსკოვის უძლიერესი კოზირია - რუსულ პრესაში უკვე საუბრობენ, რომ ეს არის «სომხური სამხედრო ბაზა საქართველოს ტერიტორიაზე». სომხეთის სისხლხორცეულად დაინტერესებულია ამ ბაზის შენარჩუნებით და არა მხოლოდ ჯავახეთის მომენტის გამო, არამედ ყარაბაღის მეორე ომის გათვალისწინებით, რაც ადრე თუ გვიან გარდაუვალია.

დილის გაზეთი, 3 ივლისი, 2001 წელი