ბოლოთქმა

ეროვნული მოძრაობა - ბოლოთქმა

ბოლოთქმა

ისტორიული ეპოქა დამთავრდა. საქართველოს ბედი გადაწყდა. მისი მომავალი ცხოვრების მდინარება განსაზღვრულია იმ კალაპოტით, რომელიც «მოძრაობამ» გაჭრა (1988-1993 წლებში).        ხოლო თუ თვით ამ «მოძრაობაზე» ვისაუბრებთ შეფასებითი კატეგორიებით (იმის გათვალისწინებით, რომ ედუარდ შევარდნაძე, წლების განმავლობაში, იძულებული იყო სწორედ «ეროვნული მოძრაობის» მიერ ჩამოყალიბებული საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური და პოლიტიკური დომინანტებით ეხელმძღვანელა), მაშინ ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებელი უეჭველად დაასკვნის, რომ თავისი შინაარსით, ინტელექტუალური პოტენციალით და, რაც მთავარია, შედეგით, ეს იყო ეროვნულ-გამანადგურებელი მოძრაობა!
        მისი იდეოლოგიის თვით ყველაზე თავგადაკლულმა მომხრემ გულზე ხელი დაიდოს და თქვას: დღეს უკვე სავსებით ცხადი საბოლოო შედეგის თვალსაზრისით, რა მოგვიტანა ამ «მოძრაობამ» ომის, უბედურების, ნგრევის, სისხლისღვრის, ათეულობითათასიანი მსხვერპლის, ასეულობით ათასი ადამიანის სამუდამო გაუბედურების, სამარცხვინო დამარცხების, ქვეყნის დანაწევრების, ტერიტორიების დაკარგვის, პიროვნების თვალში საზოგადოების დევალვაციის, ისედაც ლაბილური და ილია ჭავჭავაძის მიერ ძლივს შეკოწიწებული ეროვნული ცნობიერების რღვევის, თვით ეროვნულობის დისკრედიტაციის გარდა?
        დამოუკიდებლობა? სახელმწიფოებრივი სტატუსი? ეროვნული თავისუფლება?
        ჯერ ერთი, რეალურად რამდენად დამოუკიდებელია დღეს საქართველო და რას წარმოადგენს მისი სახელმწიფოებრიობა (იგივე სუვერენიტეტი - ხელისუფლებისა და ძალაუფლების ერთობა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე) - მკითხველმა განსაჯოს.
        მაგრამ მოდით, დავანებოთ თავი ყველაფერს, - დაკარგულ ტერიტორიებს, განადგურებულ ეროვნულ ცნობიერებას (მკითხველი შენიშნავდა, რომ ამოდენა წიგნში სოციალურ პრობლემებზე ხომ საერთოდ არაფერი გვითქვამს), - დავსვათ ელემენტარული კითხვა: ეროვნულმა თავისუფლებამ (მე ასე მესმის) ცალკეულ პიროვნებას ღირსებისა და სიამაყის გრძნობა უნდა შემატოს. განა ასე არ არის? ჰოდა თუ ასეა, ერთ «უცნაურობას» მივაპყრობ პატივცემული მკითხველის ყურადღებას:
        საბჭოთა პერიოდში «სოციალური თვითშემოქმედების» ძალზე საინტერესო სფერო იყო ანეგდოტი.
        «საბჭოთა ანეგდოტი» (რომელშიც დახშული სოციოფსიქოლოგიური აქტივობა მჟღავნდებოდა), შეიძლება ამ თვალსაზრისით უნიკალურ ფენომენად ჩაითვალოს. მასში ძალზე მკაფიოდ აისახებოდა სოციუმში მიმდინარე ცნობიერი პროცესები და შესაბამისი სტერეოტიპები.
        არც ის არის ნაკლებ საგულისხმო, რომ «საბჭოთა ანეგდოტი» დიდწილად ეთნიკური შეფერილობისა იყო, ხოლო «ქართველი» (ისევე როგორც «ხახოლი», «რუსი». «ფრანგი», «ამერიკელი» «სომეხი «ჩუქჩა») – მისი უცილობელი პერსონაჟები იყვნენ. ოღონდ სხვადასხვა ვარიაციითა და კონფიგურაციით სხვადასხვა რესპუბლიკაში.
        ჩვენთვის საინტერესო თავისებურება კი ის გახლავთ, რომ განურჩევლად «საბჭოთა სოციუმის» კონკრეტული ეთნიკური შეფერილობისა, «ქართველი» («Грузин») თითქმის ყველა მათგანში ფიგურირებდა.
        ესეც, რა თქმა უნდა, არ არის შემთხვევითი, მაგრამ ამჯერად სხვა რამ გვაინტერესებს: მთავარი ის გახლავთ, თუ რას წარმოადგენდა ეს პერსონაჟი: იგი «ქართველის ფენომენის» კოლექტიური (თანაც პოლიეთნიკური) აღქმის ერთგვარი კვინტესენცია გახლდათ.
        ამ კრებითი სტერეოტიპის თანახმად, ქართველი არც თუ სიმპათიურად გამოიყურებოდა. იგი მეტისმეტად ხშირად იყო უხეში, ხეპრე, მექალთანე, რეგვენი, სასტიკი, უკეთური, ხარბი, მომხვეჭელი, ამპარტავანი, მედიდური, ქედმაღალი, ეშმაკი, ფლიდი, ეგოისტი. . . . . . მაგრამ მხდალი, მშიშარა - არასოდეს!!!
        ასეთ პერსონაჟებად იმავე ანეკდოტებში (სოციუმის სტერეოტიპულ წარმოდგენა – მითოლოგემათა გამოხატულებაში) უფრო სხვები ფიგურირებდნენ, რომელთა დასახელება არ ღირს. მით უმეტეს, რომ როცა საქმე-საქმეზე მიდგა, ჩვენზე მეტი ვაჟკაცობაც გამოამჟღავნეს და ბრძოლის უნარიც.
        ორიოდე წლის წინ კი ნაცნობი სოციოლოგი მიყვებოდა: ერთ უკრაინულ ინტერნეტ-პორტალზე ანეგდოტების საიტი გავხსენი (СНГ-ს უახლესი ანეგდოტების კოლექციით) და შევრძწუნდი: «ქართველი» სულ უფრო ხშირად ფიგურირებს როგორც მშიშარა და «კურდღელი». თანაც, იცით როგორი ყაიდისა? - თავის თავზე რომ სხვას «გაფუყულ» წარმოდგენას უქმნის და სინამდვილეში (ანეგდოტის «კვანძის გახსნისას») ან მშიშარა აღმოჩნდება, ან ფუჭად მებაქიბუქე.
        ვითომ შემთხვევითია ასეთი სახეცვლილება? რა თქმა უნდა არა!
        იგივე ნაცნობი ჩიოდა: საზღვარგარეთ ყოფნისას ვინმეს რომ ვეუბნები «ქართველი ვარო» სულ მეჩვენება, თითქოს სახეზე ოდნავ შესამჩნევი, ზიზღნარევად დამცინავი ღიმილი აუთამაშდება. ვითომდაც მეკითხება: «შენ იმ ერის წარმომადგენელი არა ხარ, ასი ათასმა კაცმა ოთხ მილიონს რომ კურდღელივით მოგაკურცხვლინათო?!».
        რა თქმა უნდა ეჩვენება (ვის რაში აინტერესებ, ანკი სამარცხვინოდ დამარცხებულს რა დალევს ისტორიასა თუ თანამედროვე მსოფლიოში), მაგრამ თვით ამგვარი «ნევროზი» (ზოგჯერ ქვეცნობიერიც) მეტისმეტად სიმპტომატურია. არაფერი მსგავსი, 1988 წლამდე (რუსეთის იმპერია-საბჭოთა კავშირში «მონობის» მიუხედავად), ქართველს არ ახასიათებდა.
        «აფხაზეთში რუსეთი გვებრძოდაო» - ეს არგუმენტი მხოლოდ ჩვენთვის არის დამაჯერებელი და თვითდამამშვიდებელი. ყოველ შემთხვევაში, ერი, რომელიც ესოდენ სუსტი ყოფილა და ამდენი თვისებრივი (სტრატეგიული) პრობლემა ჰქონდა, - მეზობელ, ზემძლავრ ერს სამკვდრო-სასიცოცხლოდ არ გადაიკიდებდა.
        მაგალითად: ერთი შანსი ჰქონდათ სომხებს. ერთი - ათასიდან! და ის ერთადერთი შანსიც ბრწყინვალედ გამოიყენეს, ვინაიდან სახელმწიფოებრივად უაღრესად კულტურული ერი აღმოჩნდნენ და (ანუ) ბრძენი, შორსმჭვრეტელი, პასუხისმგებლობით აღსავსე ელიტაც აღმოაჩნდათ.
        1988 წლიდან 2018 წლამდე, ე.წ სომხურ რევოლუციამდე, სომხებს არც ერთი სტრატეგიული, ან თუნდაც მნიშვნელოვანი ტაქტიკური შეცდომა არ დაუშვიათ. არც ერთხელ არ მოუნდომებიათ და არ მოუთხოვიათ ის, რაც იმ მომენტში არარეალური იყო ან პოლიტიკის კანონთა დარღვევა იქნებოდა. ამიტომაც მოიპოვეს მაშინ ისტორიული გამარჯვება. როგორც კი ეს შეცდომა დაუშვეს, მაშინვე დამარცხდნენ.
        ზოგიერთმა რამდენიც არ უნდა ამტკიცოს, «სომხეთი იზოლაციაშია და განვითარების პერსპექტივა არა აქვსო» – ესეც სრული სიყალბეა. ნებისმიერი სომეხი ამაყად გაგისწორებს თვალს ერევანში, თბილისში, მოსკოვში, ვაშინგტონში, ლოს ანჟელესსა თუ პარიზში, ვინაიდან იგი გამარჯვებული ერის წარმომადგენელია! ისტორიულმა გამარჯვებამ მას (ცალკეულ სომეხს) საკუთარი თავისა და ეროვნულობის რწმენა, სიამაყისა და ღირსების გრძნობა შემატა. აი, ეს არის ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობა!!!
        როგორც მოგახსენეთ, სწორედ და მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს მას აზრი და პერსპექტივა - თუ იგი პიროვნულ მისწრაფებებს ემთხვევა და მათზე დაყრდნობით იმარჯვებს.
        ოღონდ გააჩნია პიროვნულ მისწრაფებებს - ჩვენ არა ვართ სომხები, ჩვენ ვართ ქართველები და საკუთარი მისწრაფებები გვქონდა.
        ეს მისწრაფებები სინამდვილეში ეთნონაციონალიზმისაგან ძალზე შორს იყო.
        ხოლო თუ უფრო კონკრეტულად ვისაუბრებთ ამ მისწრაფებებსა და «მოძრაობის» რეალურ შედეგზე, - გაუგებარია, ჩვენმა თაობამ რა დააშავა?
        ჩვენ ხომ ის თაობა ვართ, რომელიც ბნელ კომუნისტურ ჯურღმულში დიახაც სწორედ პიროვნულ თავისუფლებაზე ოცნებობდა?! ჩვენ ხომ «ჭკუა გვეკეტებოდა», «ვგიჟდებოდით» Erik clapton-სა და Bob marley-ზე (მაშინ მეტისმეტად პატარები ვიყავით სიორენ კიერკეგორის «შიშისა და ძრწოლვის» აღსაქმელად); ვნატრობდით ნამდვილი ჟღერადობით მოგვესმინა Pink Floyd-ის მათლაც უჭკნობი მუსიკა; ჩვენ ხომ თბილისიდან - პანტიანში დავდიოდით თურქეთის ტელევიზიით 1982-1983 წლების ვარსკვლავოსანი «იუვენტუსის» თამაშის სანახავად; Paul Maccartney-ს გენიალური «yesterday» ხომ ჩვენს სულისკვეთებასაც გამოხატავდა; ხოლო «ბიტლების» უკვდავი, სხივმოსილი «Hey jude» - გარდაუვალი თავისუფლების მოლოდინით, რწმენით, იმედით, ჟრუანტელისმომგვრელი სიხარულით აღსავსე ჩვენი თაობის ჰიმნიც იყო! ჩვენ ხომ გონებაჩლუნგი «მმაჩიზმოების» მიერ დანგრეულ ნიუ იორკის ულამაზეს ცათამბჯენთა (1973-2001წწ) ხიბლით, მათზე ოცნებით გაზრდილი თაობა ვართ! ჩვენ ხომ მაშინ (70-იანი და 80-იანი წლების მიჯნაზე, როცა ჩვენს პატარა, სურათებით მოფენილ ოთახში გრგვინავდა Deep Purple - თითქოს ლამობდა გაენგრია ის კედლები), აზრადაც არ მოგვდიოდა, რომ საზიზღარი, საძულველი კომუნისტური ტოტალიტარიზმი და «სოციალიზმის» ინტერესებისათვის პიროვნულ მისწრაფებათა უგულებელყოფის მოთხოვნა შეცვლილიყო არა ნაკლებ საზიზღარი «იეროვნული» ტოტალიტარიზმით და უკვე «იეროვნული ინტერესებისათვის» პიროვნულ მისრაფებათა უგულებელყოფის გაუთავებელი მოთხოვნით!

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

რაღაც საზარელი ბედისწერაც გასდევს თან საქართველოს უახლეს ისტორიას და განსაცვიფრებელ, თითქმის მეტაფიზიკურ სიმბოლოებს ქმნის. აი, მაგალითად «9»-იანის მაგია, რომელშიც უცნაურად გადაეჭდო ტრაგიკულიც და სასიხარულოც, ნათელიც და ბნელიც.
        «ცხრიანი» - ბავშვურად გულუბრყვილო და პოეტურად დახვეწილი ქართული ცნობიერების ჯადოსნური ციფრი: ცხრაწყარო, ცხრათავიანი დევი, ცხრა ძმა, ცხრაკლიტული, ცხრათვალა მზე, ცხრაფრთა ბორჯღალი. . . . . . და აი, ქართული ისტორიის მაგია, მისი «მენე! თეკელ!! უფარსინ!!!», - რიცხვთა მრისხანე თანხვედრით გამოხატული:
        9 დეკემბერი (1832 წელი) - შეთქმულების გაცემის დღე.
        9 იანვარი (1905 წელი) - მანიფესტაციის დახვრეტა პეტერბურგში - XX საუკუნის დასაწყისი რუსეთის იმპერიაში.
        9 მაისი (1945 წელი) - სტალინური იმპერიის მიერ ნაცისტური რეიხის განადგურების დღე.
        9 მარტი (1956 წელი) - სტალინისა და ეროვნული ღირსების დასაცავად გამართული მანიფესტაციის დახვრეტა თბილისში.
        9 ნოემბერი (1989 წელი) - ბერლინის კედლის განგრევა ათიათასობით გერმანელის მიერ. ამ დღეს «განიხვნა ბრანდენბურგის დიდი კარიბჭე», რითაც დასრულდა ევროპის გამყოფი ეპოქა.
        19 აგვისტო (1991 წელი) - «მოსკოვის პუტჩი», რომელმაც სათავე დაუდო სამოქალაქო ომს საქართველოში.
        29 აგვისტო (1995 წელი) - პირველი ტერორისტული აქტი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
        19 ოქტომბერი (1998 წელი) - სენაკის სატანკო ბატალიონის ამბოხი.
        9 თებერვალი (1998 წელი) მეორე ტერორისტული აქტი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
        9 სექტემბერი (1999 წელი) - ყარაჩაელი ტერორისტების მიერ საცხოვრებელი სახლის აფეთქება მოსკოვში, გურიანოვის ქუჩაზე. ჩეჩნეთის მეორე ომის დასაწყისი.
        9\11 (2001 წელი) - «ათასწლეულის ტერაქტი» ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ ტერაქტის აღსანიშნავად ამერიკულ პოლიტოლოგიასა და საზოგადოებრივ ცნობიერებაში სწორედ ეს ტერმინი დამკვიდრდა: «Nine – Eleven».

        9 აპრილი (1802 წელი) - გენერალმა კნორინგმა თბილისში ჩამოიტანა იმპერატორ ალექსანდრე პირველის მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და რუსეთის იმპერიასთან შეერთების შესახებ.
        9 სექტემბერი 1907 წლისა – ილიას დასაფლავება      
        9 აპრილი (1978 წელი) - სტუდენთა პირველი, ხანმოკლე, მღელვარე შეკრება ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის დასაცავად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღში.
        9 აპრილი (1989 (!) წელი) - საქართველოს უახლესი ისტორიის გარდამტეხი მოვლენა: მშვიდობიანი მიტინგის დარბევა «მთავრობის სახლის» წინ.
        9 აპრილი (1991 წელი) - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღება.
        9 აპრილი (2000 წელი) - საქართველოს პრეზიდენტის ხელმეორედ არჩევის დღე.
        9 აპრილი (2003 წელი) – ზღაპრული ბაღდადი (საკაცობრიო ცივილიზაციის აკვანში, შუამდინარეთის გულში), - ზეიმით შეეგება «უკანასკნელი ზესახელმწიფოს» ძლევამოსილ არმიას, რითაც საბოლოოდ დასრულდა მეორე და დაიწყო მესამე ათასწლეული იუდა-ქრისტიანული სამყაროს ისტორიისა.

        და ბოლოს, ყველაზე საოცარი, გამაოგნებელი სიმბოლო, ქართული ისტორიის მეტაფიზიკურობისა და განწირულობის გამოხატულება:
        9 აპრილი (1884 წელი) - ამ დღეს იწყება დიდი ჭაბუა ამირეჯიბის შესანიშნავი რომანის («დიდოსტატის მარჯვენასავით» ბოლომდე მხოლოდ ქართველი კაცისთვის აღსაქმელისა და გასაგების), «დათა თუთაშხიას» მოქმედება!!! - იხ. «დათა თუთაშხია» გამომცემლობა «საბჭოთა საქართველო» თბილისი. 1986 წელი.
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
        ყოველივე ზემოთთქმული სრულებითაც არ ნიშნავს, თითქოს ისტორიული ეპოქის დასრულებასთან ერთად საქართველოს ისტორიაც დამთავრდა. რა თქმა უნდა არა! მაგრამ იმ ეპოქასთან ერთად საბოლოოდ ამოიწურა ადრინდელი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კონცეფციის პოტენციალი.
        იმ პარადიგმაში საქართველოს განვითარება უკვე შეუძლებელია. აუცილებელია ახალი სახელმწიფოებრივი პარადიგმის შემუშავება, რომელიც გაითვალისწინებს ჩამოყალიბებულ რეალიებს და თვისებრივად განსხავებულ კონცეფციას დაეფუძნება.

    მაგრამ სანამ ამ თემაზე ძალიან მოკლედ ვიმსჯელებდეთ (ვინაიდან ავტორს ამგვარი კონცეფციის შემოთავაზების პრეტენზია არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს), ისიც დაბეჯითებით უნდა ითქვას, რომ საქართველოს ისტორიულ და თანამედროვე პრობლემათა ერთობლიობა უდავოდ «სისტემურ კრიზისთა» სფეროს განეკუთვნება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის, რაც ხდებოდა და ხდება საქართველოში (მთელი ჩვენი ისტორია ბურთზე კონუსის წვეროთი დადგმის მცდელობაა), გახლავთ სისტემური უკმარისობის კრიზისი.
        «სისტემათა თეორიას» დღეს (პოსტინდუსტრიულ ხანაში) ვერავინ აუარა გვერდი. მათ შორის, ახალი ეპოქის მეცნიერებმაც. საქართველოში კი ეს თეორია თითქმის უცნობია. ალბათ უცნობია იმ უბრალო მიზეზით, რომ პოსტკომუნისტურ ეპოქაში ფუნდამენტური მეცნიერებისათვის არავის ეცალა, ხოლო კომუნისტურ ხანაში ნებისმიერი სისტემის «უკმარისობის» თეორიული შესაძლებლობის პროეცირებაც კი (არსებულ სისტემაზე) - იმდროინდელ რეჟიმს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა. აქედან გამომდინარე, მეცნიერების ეს მიმართულება დღემდე არათუ ვერ განვითარდა, არამედ თუნდაც მეტ-ნაკლებად ვერ აისახა (ლიტერატურაში). მათ შორის, ეროვნულ-სახელმწიფოებრივ პრობლემებზე მსჯელობისას.
        «სისტემათა თეორიის» შესაბამისად კი, როგორც მოგახსენეთ, საქართველოს ისტორიულ და ნამდვილ (თანამედროვე) პრობლემათა ერთობლიობა არის «სისტემური უკმარისობის» მწვავე კრიზისი.
        ნებისმიერი სისტემა (რთული თუ შედარებით მარტივი) ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭიროებს გარკვეულ უზრუნველყოფას. მათ შორის უზრუნველყოფას მატერიალური და სხვა რესურსებით.
      სხვადასხვა სისტემაში აუცილებელი რესურსებიც მრავალფეროვანია. მაგალითად, ცალკეული ბიბლიოთეკის სისტემისათვის «რესურსული უზრუნველყოფის» ერთი რიგია აუცილებელი, მაგრამ ბიბლიოთეკათა სისტემისათვის (ანუ რამდენიმე ბიბლიოთეკისათვის ერთად) - უკვე ხარისხობრივად უფრო რთული და მრავალშრიანი.
        რაც უფრო რთულია სისტემა, მით უფრო მეტ და მრავალფეროვან «რესურსულ უზრუნველყოფას» მოითხოვს ცხოველმოქმედებისათვის. მაგალითად, ცალკეულმა ბიბლიოთეკამ შეიძლება შეძლოს ფუნქციონირება შიდა კავშირგაბმულობის ქსელის გარეშე, მაგრამ შეწყვეტს ფუნქციონირებას თუ ელექტროენერგია გამოირთო. ხოლო ბიბლიოთეკათა ქსელისათვის ეს რესურესები საკმარისი არ არის - აუცილებელია აგრეთვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და უფრო რთული კომუნიკაციის არსებობა. აგრეთვე სპეციალისტებისა, რომელთაც ასეთი კომუნიკაციის გამოყენება ძალუძთ.
        იმავე «სისტემათა თეორიის» სპეციალისტები ამას «სისტემურ მდგრადობას» უწოდებენ. რუსულად «Системный запас прочности».
        ეს მაგალითიც საკმაოდ მეტყველად მეჩვენება, ამდენად კვლავ მას დავუბრუნდები: თუ არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ ბიბლიოთეკებს შორის კომუნიკაცია შეიძლება იოლად შეწყდეს (მიზეზს არა აქვს მნიშვნელობა: გაფიცვით თუ ინფრასტრუქტურის გაცვეთილობით) ან ბიბლიოთეკათა სისტემას მხოლოდ ერთი სატრანსპორტო საშუალება აქვს ერთმანეთთან კავშირის დასამყარებლად და წიგნების გასავრცელებლად ნაცვლად სამისა (ორი-სამარქაფოდ), მაშინ ამ სისტემის «მდგრადობის» კოეფიციენტი იმდენად დაბალია, რომ მისი ფუნქციონირება უდიდეს (მეტისმეტ) დაძაბვას მოითხოვს. ფუნქციონირებისას ხშირი «გადაძაბვა» კი სისტემისათვის ჯამში მომაკვდინებელია.
        ახლა კი, დავანებოთ თავი მარტივ სისტემებზე საუბარს და წარმოვიდგენოთ, რამდენად უფრო რთული სისტემაა სახელმწიფო! თანაც გავითვალისწინოთ, რომ «სისტემათა თეორია» აფუძნებს ისეთ ცნებას, როგორიცაა «სისტემის აპრიორული უკმარისობა». ანუ, ისეთი ვითარება, როდესაც იქმნება (ან ისტორიულად ყალიბდება) იმთავითვე ძალზე არამდგრადი სისტემა, რომელსაც «რესურსული და სისტემური მდგრადობის» ძალზე დაბალი კოეფიციენტი აქვს.
        მოვიდა დრო ვაღიაროთ: დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოს ტრადიციულად იმაზე მეტი რესურსი ესაჭიროება, ვიდრე რეალურად გააჩნია ან შეიძლება მოიპოვოს (თეორიულადაც კი).
        ამ რესურსებში (მით უმეტეს ისტორიულ რაკურსში) ვგულისხმობთ არა მხოლოდ და არა იმდენად საწვავს, ნავთობს, ბუნებრივ აირს, რამდენადაც თვით სისტემის კომპონენტებს.
        მაგალითად, ერთ-ერთი (ურიცხვი ოდენობიდან) ასეთი კომპონენტია ის, რომ ქვეყანა, სახელმწიფო (სისტემა) მტკიცედ, მკაცრად და უპირობოდ უნდა აკონტროლობდეს საკუთარ ეკონომიკურ საზღვრებს.
        ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია - შემთხვევითი არ არის, რომ განსაკუთრებით სწრაფ და წარმატებულ განვითარებას იმ ცივილიზაციებმა მიაღწიეს, რომლებიც კუნძულებზე ვითარდებოდნენ, რაც, საუკუნეთა განმავლობაში, სისტემის ეკონომიკური საზღვრების დაცვას აადვილებდა.
        ამ თვალსაზრისით, საქართველოს ისტორიულადაც და დღესაც უამრავი გეოგრაფიული და ეთნიკური პრობლემა ახასიათებს. მათ შორის საზღვრისპირა რეგიონებში კომპაქტურად იმ ეთნოსთა სახლობა, რომლებსაც ბუნებრივი კავშირი აქვთ მოსაზღვრე სახელმწიფოებთან, ხოლო ამ კავშირების გაწყვეტა ძალიან რთულია - ყოველ შემთხვევაში, სერიოზული პრობლემების გარეშე, რომელთა გადაჭრას უკვე სხვა ტიპისა და რიგის რესურსები ესაჭიროება.
        მაგრამ ეს მხოლოდ ერთი «სისტემური კომპონენტია». ქართულ სახელმწიფოს (სწორედ «სისტემური მდგრადობის» თვალსაზრისით) სხვა უდიდესი და ურთულესი პრობლემებიც აქვს. კორუფციაც ერთი მათგანია და ისიც უფრო საზოგადო პრობლემაა, ვიდრე კონკრეტულად ხელისუფლების მანკი.
        სხვა სისტემური პრობლემებია: აფხაზური სეპარატიზმი; ოსური სეპარატიზმი; სტრატეგიულად მეზობელ სახელმწიფოებზე ორიენტირებული, კომპაქტურად დასახლებული ეთნიკური უმცირესობების არსებობა; თვით ქართველი ერის ეთნიკური არაკონსოლიდირებულობა; საზოგადოების შიგნით სოციალური მიმართებების განუვითარებლობა; დაბალი სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური შეგნება; ცენტრალური ხელისუფლების (და ხელისუფლების, როგორც ასეთის) ტრადიციული უღონობა; რეგიონალურ ელიტათა ასევე ტრადიციული პარტიკულარიზმი; კანონმდებლობის არაიმპლემენტარულობა (სუვერენიტეტის სიმყიფის უპირველესი ნიშანი); ეკონომიკური ბაზისის «არათვითკმარობა» ანუ მატერიალური რესურსების აპრიორული სიმცირე; დემოკრატიული და თვით სახელმწიფოებრივი (მით უმეტეს «ერთიანი სახელმწიფოებრიობის») ტრადიციის სისუსტე; მეზობელ სახელმწიფოთა სტრატეგიული ინტერესების მეტისმეტად ხშირი (არსობრივი) შეუთავსებლობა საქართველოს გრძელვადიან ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებთან ანუ «გეოპოლიტიკურ ინტერესთა თანხვედრის» არარსებობა. . . და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სისტემურ სისუსტეთა რიგის გაგრძელება კიდევ დიდხანს შეიძლება.
        თანაც, გავითვალისწინოთ შემდეგი მომენტი: ამ მანკთაგან მრავალი ტრადიციულია ანუ თვისებრივია ქართული სახელმწიფოს სისტემისათვის და ისინი მუდმივად ეპაექრებიან საპირისპირო ვექტორის მქონე იმ სისტემურ მიზეზებს, რომლებმაც X-XII საუკუნეებში ერთიანი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება განაპირობეს.
        ხოლო ამ ორი სისტემური რიგიდან რომელი უფრო ძლიერი და განმსაზღვრელია - ძნელი დასადგენი არ არის. თუნდაც მათი ფაქტობრივი (სახელმწიფოებრივი) გამოხატულების ქრონოლოგიური ხანგრძლივობის გათვალისწინებით. ანუ, იმის მიხედვით, თუ (ვთქვათ) საქართველო (როგორც კულტურულ-ისტორიული ერთობა), თავისი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში რამდენ ხანს იყო სახელმწიფოებრივად ერთიანი და სუვერენული, ხოლო რამდენ ხანს - დაშლილი და დანაწევრებული სისტემური უკმარისობის შედეგად

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 გეოპოლიტიკური და ცივილიზაციური ორიენტირების თვალსაზრისით კი «მოძრაობა» იმთავითვე ლამაზი ილუზიებით იკვებებოდა.
        გეოპოლიტიკაში არსებობს ისტორიული იმპერატივები, რომელთა შეცვლას საუკუნეები და ხშირად ათასწლეულებიც კი სჭირდება. ერთ-ერთი ამგვარი იმპერატივია ის რეალობა, რომ კავკასია, მისი სისტემური თავისებურებების გამო, მუდმივად დარჩება ორი რეგიონული ზესახელმწიფოს - რუსეთის ან თურქეთის გავლენის სფეროში. ხოლო პლანეტარული ზესახელმწიფო (აშშ) და დასავლეთი ყოველთვის შეეცდებიან ეს ურთულესი, «ფეთქებადსაშიში» რეგიონი მართონ ერთ-ერთი მათგანის მეშვეობით (სხვისი «ხელით») ანუ აღიარებენ მას ერთ-ერთი რეგიონული ზესახელმწიფოს გეოპოლიტიკური პასუხისმგებლობის ზონად.
        ამ გეოპოლიტიკური იმპერატივის შეცვლა «დიდი აბრეშუმის გზისა» და «ევრაზიული დერეფნის» თავისთავად სწორად მიგნებულ კონცეფციას არ ძალუძს. რუსეთს კი (იმავე სისტემური მიზეზების გამო) გაცილებით მეტი შანსი აქვს აქ დასავლეთის «მანდატი» დაისაკუთროს, ვიდრე თურქეთს. ყოველ შემთხვევაში, ახალი საუკუნის განმავლობაში მაინც.
        ანუ, საქართველოს განვითარება მოუწევს ორი მძლავრი სახელმწიფოებრივი სისტემის მეზობლად: რუსეთისა და თურქეთის - შესაბამისი შედეგებით თვით საქართველოს სახელმწიფოებრივი სისტემის მდგრადობისათვის.
        (აქ «სიძლიერეში» იგულისხმება არა «სიდიდე» (მასშტაბი), არამედ სწორედ მდგრადობა და რესურსული უზრუნველყოფა.)
        ბუნებრივია, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველა ახლადწარმოშობილ სახელმწიფოს ჰქონდა და აქვს «სისტემური უკმარისობის კრიზისი», მაგრამ გააჩნია სისტემას, გააჩნია მის მდგრადობას და «რესურსული უზრუნველყოფის» ხარისხს. «სისტემურ რესურსებში» კი, კვლავ და კვლავ, არა იმდენად მატერიალური რესურსები იგულისხმება.
        მაგალითად, ლიტვის სახელმწიფო, ისევე, როგორც სომხეთის სახელმწიფო, თვისებრივად გაცილებით უფრო მდგრადი სისტემაა, ვიდრე საქართველო.
        თუ, ვთქვათ, სომხეთს ასუსტებს და «სისტემური უკმარისობის კრიზისის» წარმოშობის საფრთხეს უქმნის ზღვაზე გასასვლელის არქონა და ორ მეზობელ სახელმწიფოსთან სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება, ამ სისტემურ ნაკლოვანებათა კომპენსირება ხდება ზემძლავრი რესურსით - რუსეთის რეგიონულ ზესახელმწიფოსთან სტრატეგიული მოკავშირეობით. აგრეთვე ერის კონსოლიდირებულობის მაღალი დონით, დასავლური (უპირველესად ამერიკაში მცხოვრები) დიასპორის შესაძლებლობებით, ქვეყანაში ეთნიკურ პრობლემათა ობიექტური არარსებობით, ხელისუფლების სიძლიერით და ასე შემდეგ.

        ცივილიზაციური ორიენტირების მხრივ, ასევე ლამაზი ილუზიაა საქართველოს ეგრეთ წოდებული «ევროპული ორიენტაცია» («ნატვრის ხეში» აღწერილ საზოგადოებას ვინ მიიღებს ევროკავშირში?!).
        საკმარისია ერთხელ მოვხვდეთ Brussels-ის Grand-Plac-ზე; წავიკითხოთ თომას მანი; ვნახოთ და ვცადოთ შევიგრძნოთ (ვერ მოვახერხებთ, ვინაიდან ქართველები ვართ და კავკასიელები) ლუკინო ვისკონტის კონგენიალური «სიკვდილი ვენეციაში» (ევროპული ცივილიზაციის კატეხეზისი - გიუსტავ მალერის უბრწყინველესი სამგლოვიარო სიმფონიით), რომ დავრწმუნდეთ: ევროპა, ყველა თვალსაზრისით (უპირველესად მენტალურად), ჩვენგან ისევე შორს არის, ისევე მიუწვდომელია, როგორც ალფა ცენტავრა.
        ის სხვა ცივილიზაციაა, სხვა სამყაროა, სხვა გალაკტიკაა.
        იგი ეფუძნება რეფორმაციის მრავალსაუკუნოვან სულიერ რევოლუციას; ინკვიზიციის კოცონსა და საზარელ, სულისშემძვრელ კივილში შობილ პიროვნული თავისუფლების (თავისუფალი არჩევანის) იდეას; გერმანიკულ (უპირველესად ანგლო-საქსთა) გენიას; ფანატიკური (ოღონდ არამონური, არამედ ნაყოფიერი და კმაყოფილებისმომგვრელი) შრომის განსაკუთრებულ კულტურას; თითოეული წუთისა და ცენტისათვის ბრძოლის უკვე საუკუნოვან ტრადიციას; პროტესტანტულ ეთიკას; ადამიანური მანკის უცნაურ გაკეთილშობილებას; «დაგროვების ღვთითსასურველობის» რელიგიურ იდეოლოგიას, რაც კატეგორიულად მიუღებელი და გაუგებარია ორთოდოქსალური ქრისტიანული მსოფლხედვისათვის.
        ამ სამყაროსთან შეერთებას (ანუ «ევროპელებად» ქცევას) ქართველები შევძლებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გავხდებით «ისინი». არადა, ეს უბრალოდ შეუძლებელია, ვინაიდან ამისათვის ისტორიული ევოლუციის იმ გზის გავლაა საჭირო, რაც (დასავლეთ) რომაულმა სამყარომ განვლო თომა აკვინელის ეპოქიდან - დღემდე.
        სხვაგვარად რომ ვთქვათ, ცივილიზაციური თვალსაზრისით, ჩვენ უკვე განვითარების სხვა კიბეზე ვდგავართ და არა იმავე კიბის უფრო დაბალ საფეხურზე, რომელზეც ევროპა ვითარდება.
        გარდა ამისა, ისიც გავითვალისწინოთ (მოგვწონს თუ არა), რომ ის მშვენიერი, კეთილშობილი ცივილიზაცია, როგორც ეს თომას მანმა და დიდმა ოსვალდ შპენგლერმა იწინასწარმეტყველეს (ხოლო ლუკინო ვისკონტიმ ხსენებულ კონგენიალურ ფილმში გამოხატა), - საბოლოოდ მაინც დასაღუპავადაა განწირული სწორედ მისი დაუცველობისა და სინატიფის გამო.

        ზემოთთქმული იმას როდი გულისხმობს, თითქოს საქართველოს (როგორც სახელმწიფოებრივ სისტემას) მომავალი საერთოდ არ გააჩნია. მაგრამ სწორედ ზემოთხსენებული «სისტემური საკმარისობის» იმპერატიულ მოთხოვნათა გათვალისწინებით, მდგრადი განვითარებისათვის ყოვლად აუცილებელია «სისტემური დისონანსის» მაქსიმალური შემცირება (დავიწროვება) და ახალი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კონცეფციის შემუშავება რომელიც თანამედროვე რეალიებს გაითვალისწინებს.
        მაგალითად, კონცეფცია, რომელსაც პირობითად შესაძლოა «ურბანო-ცენტრისტული» ვუწოდოთ.
        მისი არსი შეიძლება ძალიან მოკლედ ასე ჩამოყალიბდეს: საქართველოს ისტორიული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პარადიგმა «სივრცულ განვითარებას» ითვალისწინებდა. მათ შორის მენტალური (ცნობიერი) სისტემების ჩამოყალიბების თვალსაზრისითაც. სწორედ ამიტომ არის ჩვენთვის ტერიტორიების დაკარგვა ესოდენ მტკივნეული არა მხოლოდ ამ ტერიტორიების მატერიალური მნიშვნელობის, არამედ სულიერ-ზნეობრივი ღირებულების მხრივაც. ამ პარადიგმამ გააასკეცა იმ ტრაგედიის და შოკის გამანადგურებელი ძალა, რაც ეროვნულმა ცნობიერებამ განიცადა 1988-1993 წლებში ტერიტორიების დაკარგვით.
        მაგრამ არსებობს მეორე, ჩვენთვის ჯერ-ჯერობით არათვისებრივი პარადიგმა. ანუ განსხვავებული («ურბანო-ცენტრისტული») ეროვნულ - სახელმწიფოებრივი კონცეფცია, რომლის შესანიშნავი ნიმუშია თანამედროვე ისრაელი.
        დავაკვირდეთ ასეთ ფენომენს: თითქმის ორი ათასი წლის შემდეგ დიდმა ებრაელმა ერმა დაიბრუნა სამშობლო (ტერიტორია – სასიცოცხლო სივრცე). თუმცა, მთელი ამ მრისხანე ათასწლეულების განმავლობაში არ დაუკარგავს საერთო სულისკვეთება. პლანეტაზე გაფანტული ებრაელები, ჩვენი წელთაღრიცხვის 70 წლიდან - 1948 წლამდე ასე ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს: «გაისად შევხვდებით იერუსალიმში!».
        ებრაელები ლამის პირველი «ქალაქელები» იყვნენ დედამიწაზე. ბიბლიაშიც ხომ აღნიშნულია: «. . . . . ცხოვრობენ თავიანთ ქალაქებში. . . . .» ხოლო იერუსალიმი იქცა იმ ტრანსცენდენტულ წერტილად, რომელმაც სულიერად შეკრა და შეანივთა ებრაელობა - განსაზღვრა მისი კონსოლიდირებულობა.
        ებრაელობა არსებობდა მანამ და იმდენად, სანამ არსებობდა და ცოცხლობდა ოცნება იერუსალიმზე - ტრანსცენდენტალურ «შემკრებ» წერტილზე. სწორედ ამიტომ ჰგოდებდნენ დიდი ერის შვილები: «თუ დაგივიწყო, იერუსალიმ. . . . .»
        «სამშობლოს დაბრუნების» შემდეგ ეს პარადიგმა მხოლოდ გაძლიერდა. დღეს ებრაელები თავიანთ სტრატეგიულ, ისტორიულ მტრებთან (არაბებთან) მოლაპარაკებას აწარმოებენ პრინციპით: ტერიტორია - მშვიდობის სანაცვლოდ. ისინი მზად არიან დათმონ თუნდაც ბიბლიური ტერიტორიები, სადაც მათი დიდი მამები განისვენებენ ძველი აღთქმის თანახმად, მაგრამ არა იერუსალიმი! არა «ძველი ქალაქი» იაფაგეითიდან - გოდების კედლამდე.
        სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ებრაელი - იერუსალიმსა თუ პატარა რი შონ ლე ციონში, მისი «გულისყური» ისევ და ისევ იერუსალიმისაკენ, მხოლოდ იერუსალიმისაკენ, ანუ ამ ტრანსცედენტალური წერტილისაკენ არის მიმართული, ვინაიდან იგი განასახიერებს ებრაელობას, იგი კრებს ებრაელ ერს, იგი კრავს ებრაულ სახელმწიფოს არა ტერიტორიულად, არამედ სულიერად და კულტურულად (ცივილიზაციურად).
        (აქვე: ყველაფერთან ერთად «ქალაქი» (ქალაქური ცივილიზაცია) პიროვნული თავისუფლების გარანტი და სიმბოლოცაა.)
        დაახლოებით ასეთივე ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კონცეფცია გაიზიარა სომხობამ (ეჩმიაძინი) და ბევრმა სხვა ერმა. თქვენ წარმოიდგინეთ, ელცინის შემდეგ თვით რუსეთმაც კი, რომელიც ივანე მესამის ეპოქიდან მხოლოდ და მხოლოდ «ტერიტორიულ-სივრცით პარადიგმაში» ვითარდებოდა.
        ჩვენი ღრმა რწმენით, საქართველოს ერთადერთი ხსნა (თუ საერთოდ შესაძლებელია) სწორედ ურბანო - ცენტრისტული სახელმწიფოებრივი კონცეფციაა, რომელშიც «ტრანსცედენტალური შემკრები საწყისის» ფუნქციას «ქართული იერუსალიმი» - ჩვენი დედაქალაქი, თბილისი შეასრულებს.
        ხსენებულ პარადიგმაში ტერიტორიას კი არა აქვს მნიშვნელობა, არამედ «შემკრები» სუბსტანციის ძალმოსილებას. ამ პარადიგმაში საქართველო (როგორც არა მხოლოდ კულტურულ – ისტორიული, არამედ სახელმწიფოებრივი ფენომენი) შენარჩუნდება ტერიტორიების დაკარგვის მიუხედავად.
        ერთადერთი შეუვალი პირობა, ანუ ზღუდე, რომლის მიღმა უკან დახევა გამორიცხულია - იქნება ზღვაზე გასასვლელი.
        საქმე ის გახლავთ, რომ ასეთი კონცეფციის ფარგლებში, ტერიტორიას არა აქვს თავისთავადი, სულიერ-ზნეობრივი ღირებულება. ამგვარი ღირებულება აქვს მხოლოდ თბილისს. ისევე, როგორც იერუსალიმს - ებრალებისათვის.
        ოღონდ ეს იმას კი არ ნიშნავს (ზოგიერთმა რეგვენმა შეიძლება ასეც გაიგოს) თითქოს თბილისის მაცხოვრებელს (თბილისელს) რაიმე უპირატესობა ენიჭება ხაშურელთან, ფოთელთან ან თელაველთან შედარებით. რა თქმა უნდა არა!
        ებრაელი სადაც არ უნდა ცხოვრობდეს, სადაც არ უნდა გადიოდეს სამხედრო სამსახურს (ღაზაში, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ბეთლემთან თუ ლიბანის საზღვართან), იგი იერუსალიმს იცავს იმ მიჯნასთან!
        თუ ებრაელ ჯარისკაცს (მესაზღვრესა და მებაჟეს) ღაზას სექტორში აღარ დაედგომება ამა თუ იმ მიზეზის გამო, იგი უკან დაიხევს ახალ მიჯნაზე და ღაზას შესასვლელთან დადგება. თუ ისრაელის ხელისუფლებამ უშუალოდ ბეთლემიდან მისი წასვლა და იქ «პალესტინური სახელმწიფოს» აღიარება მიიჩნია მიზანშეწონილად, - ებრაელი ჯარისკაცი ბეთლემსა და იერუსალიმს შორის მცირე მონაკვეთზე გაიმაგრებს პოზიციებს. მერე რა, რომ პალესტინელი «პოლიციელისაგან» სულ ოციოდე მეტრი გაჰყოფს!
        ვიმეორებ: ამ პარადიგმაში ტერიტორიას აქვს არა თავისთავადი, სულიერ-ზნეობრივი, არამედ მხოლოდ ფუნქციონალური მნიშვნელობა და ღირებულება.
        აღწერილი კონცეფციის პროეცირება საქართველოზე უაღრესად მტკივნეულად აღიქმება - ქართული მენტალიტეტი მას იმთავითვე ეწინააღმდეგება, ინსტიქტურად არ ეგუება იმას, რომ ტერიტორიას მხოლოდ ფუნქციონალური ღირებულება ექნება ხოლო «სამშობლოს მთლიანობის» ცნების ზნეობრივი ღირებულება ფაქტობრივად არ იარსებებს.
        შესაბამისად, როგორც მოგახსენეთ, საქართველოსათვის ფუნქციონალურად ღირებულია (ანუ ის მიჯნაა, რომლის მიღმა უკან დახევა აღარ შეიძლება სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობის პრინციპიდან გამომდინარე) ზღვაზე გასასვლელი. აგრეთვე ის ტერიტორიები, რომელზეც ქართველობა კომპაქტურად სახლობს და თბილისის სუვერენიტეტს აღიარებს.
        ამ კონცეფციით, თუ მაგალითად, ქართველ ჯარისკაცს, მესაზღვრესა და მებაჟეს უშუალოდ ჯავახეთში არ დაედგომება და იქ თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, მაშინ მან დე ფაქტო (!) ახალ მიჯნაზე უნდა დაიხიოს და ჯავახეთ-სამცხეს საზღვარზე დადგეს ისე, რომ დე-იურე ეს არ აღიაროს. 
        ასევე (ვთქვათ) ენგურთან, ცხინვალის შესასვლელთან (როგორც ებრაელი ჯარისკაცი, მიზეზთა გამო, დგას არა ბეთლემში, არამედ ბეთლემთან) და იქ დაიცვას «თბილისის ინტერესები», სადაც ეს რეალურად შესაძლებელია.
        ყველაფერთან ერთად, ეს კონცეფცია «სისტემური დისონანსის» შეკუმშვასაც განაპირობებს, ვინაიდან ამცირებს «სისტემური მდგრადობისათვის» აუცილებელ მრავალგვარ რესურსთა საჭირო რაოდენობას, ხარისხსა და შინაარსს (სახეობას).
        აღწერილ პარადიგმაში, საქართველო შუდარებლად უფრო მდგრად სისტემად იქცევა. უმთავრესი სახემწიფოებრივ-მენტალური პრინციპი კი ხდება ჩვენთვის ძალიან ძნელადაღსაქმელი მაქსიმა: საქართველო არის მხოლოდ იქ, სადაც უპირობოდ და უეჭველად ვრცელდება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების (თბილისის) სუვერენიტეტი და იურისდიქცია.
        ოღონდ აქ იგულისხმება სუვერენიტეტის (ანუ ხელისუფლებისა და ძალაუფლების განუყოფელი ერთობის) რეალური და არა ფორმალური გავრცელება.
        რა თქმა უნდა, ეს მაქსიმა, ყველაფერთან ერთად, კატეგორიულად გამორიცხავს ე.წ. «ფედერალიზმს», რაც მხოლოდ ილუზიას შექმნის (განხორციელებადი რომც იყოს) და სინამდვილეში საქართველოს სახელმწიფოებრივ სისტემას კიდევ უფრო დაასუსტებს, კიდევ უფრო მყიფესა და ადვილად მსხვრევადს გახდის.
        ამჟამად მოქმედი კონცეფციის ჯიუტი ერთგულება კი ჩვენს ქვეყანას, ფაქტობრივად, უსაზღვრებო სახელმწიფოდ აქცევს, ვინაიდან სუვერენიტეტი რეალურად არ ვრცელდება იქ, სადაც «თბილისი სუვერენიტეტს» დამორჩილებული (მივაქციოთ ყურადღება, მე არ ვამბობ «ქართველი» - ეს არასაკმარისია) ჯარისკაცი, მესაზღვრე და მებაჟე უნდა იდგეს. უსაზღვრებო სახელმწიფო კი სახელმწიფო არ არის - სახელმწიფოს უპირველესი ნიშანი სწორედ საზღვარია. მათ შორის ეკონომიკური საზღვარი. დე-ფაქტო უფრო მნიშვნელოვანია ამ დისკურსში, ვიდრე დე-იურე, რაც არასგზით არ უნდა ვაღიაროთ რასაკვირველია.
        არადა, სხვა მიჯნაზე საქართველოს (ისევ არა «ქართველი», არამედ «საქართველოს») ჯარისკაცი, მესაზღვრე და მებაჟე ვერ დგება, ვინაიდან ამჟამად მოქმედ სახელმწიფო პარადიგმაში ეს ტერიტორიის «უცხოობის» აღიარებას ნიშნავს. პოლიტიკური ოპოზიცია უეჭველად იტყვის: «როგორ, ხელისუფლება აღიარებს, რომ ტერიტორიები ჩვენი აღარ არის»? 
        ამის შედეგად კი «სისტემური უკმარისობის კრიზისი» შეუქცევად, დამანგრეველ სახეს იძენს, რაც სახელმწიფოს უკვე არა მხოლოდ ტერიტორიების დაკარგვით, არამედ სრული განადგურებით, მოსპობით ემუქრება და არავინ უწყის, გაუძლებს თუ არა იგი ასეთ «გადაძაბვას».
        აქვე უნდა ითქვას: შესანიშნავად მესმის, რომ ზემოთაღწერილი ალტერნატიული პარადიგმა და შესაბამისი სახელმწიფოებრივი კონცეფცია საქართველოში ძნელად თუ განხორციელდება, ვინაიდან იგი ეროვნულ მენტალიტეტში ნამდვილ რევოლუციასა და ეროვნული ცნობიერების საფუძველთა რყევას გულისხმობს, რასაც სავსებით შეიძლება კიდევ ერთი სამოქალაქო ომი მოჰყვეს.
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

        და სულ ბოლოს: ჩვენი მოკრძალებული გამოკვლევის დედააზრი ნამდვილად არ გულისხმობს, რომ თუ სახელმწიფოებრივად უკულტურო და არაპასიონარული ერი აღმოვჩნდით, ამის გამო «უღირსებო ერი» ვართ. როგორ გეკადრებათ, - არამც და არამც!
        გააჩნია, რას მივიჩნევთ «ღირსებად». ერის სახელმწიფოებრივ უკულტურობაში ხომ ხშირად ამ ერის სულიერი სისპეტაკე, თავისუფლებისადმი დაუოკებელი სწრაფვა და სახელმწიფოსათვის აუცილებლად თვისებრივი ძალადობისადმი (აგრეთვე, არანაკლებ თვისებრივი ცინიზმისადმი) კეთილშობილი სიძულვილი მჟღავნდება!
        «ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგასო» - პოლიტიკურ დისკურსში ამას მხოლოდ ქართველი თუ იტყოდა.
        «არაპასიონარულობას» რაც შეეხება, - გასულ საუკუნეში ზოგიერთმა უაღრესად «პასიონარულმა» ერმა დედამიწაზე იმდენი სისხლი დაღვარა (საკუთარიც და სხვისიც), - წყნარი ოკეანის ღრმულს ამოავსებდა. კაცმა რომ თქვას, ამ თვალთახედვით, ეს ე.წ. «პასიონარულობადობა» ნგრევისა და აგრესიის ნიჭია და სხვა არაფერი.
        ეგება ამით მაინც ვინუგეშოთ თავი. მით უმეტეს, რომ ამ ჩვენს საცოდავ ქვეყანას, როგორც ჩანს, უკვე აღარაფერი ეშველება. იგი განწირულია, ოკეანეში ჩაკარგული პატარა ნავივით იცუროს უმიზნოდ, უგზოუკვლოდ, - 21-ე საუკუნის აბობოქრებულ მსოფლიოში.
        ასეთი ბედისწერისა ყოფილა საქართველო - დიდი ბიზანტიის საბრალო ნამსხვრევი.

27 სექტემბერი.
        თბილისი - ნიუ-იორკი.