კვირის მიმოხილვა - კიშინიოვის სამიტზე აფხაზეთის საკითხი გადადეს

კვირის მიმოხილვა - კიშინიოვის სამიტზე აფხაზეთის საკითხი გადადეს

  

    დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მორიგ სამიტზე, მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვში, როგორც მოსალოდნელი იყო, აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსულ ჯარებს კვლავ გაუგრძელდა მანდატი. ამჯერად - მომავალი წლის 31 იანვრამდე, ან იმ დრომდე, სანამ ერთ-ერთი მხარე არ მოითხოვს სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტასა და ჯარების გაყვანას.
    მაშასადამე, თეორიულად საქართველოს შეუძლია დასვას საკითხი 31 იანვრამდეც, მაგრამ ამ თეორიული უფლების პრაქტიკული განხორციელება (როგორც წარსული გამოცდილება გვიჩვენებს) ნაკლებად სავარაუდოა.
    მოსალოდნელია, რომ 31 იანვრის შემდეგ სამშვიდობო ძალებს კვლავ გაუგრძელდებათ მანდატის ვადა, შემდგომ ისევ გაუგრძელდებათ და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ თვისობრივად არ შეიცვლება ძალთა განლაგება კონფლიქტის ზონაში, რაც ჯერ-ჯერობით რეალური არ არის.
    კიშინიოვში მომხდარმა ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა: ქართული საზოგადოების აზროვნება კვლავ «მასობრივი ცნობიერების» დონეზეა, ამიტომ ნებისმიერი პოლიტიკოსი ყოველთვის ისეთ გადაწყვეტილებას იღებს, რომელიც იმჟამად არსებულ საზოგადოებრივ (მასობრივ) განწყობას შეესაბამება.
    ჯერ კიდევ ზაფხულში აფხაზეთიდან სამშვიდობო ძალების გაყვანა თითქოს კატეგორიული «სოციალური შეკვეთა» იყო. ვითარება სწრაფად შეიცვალა, როგორც კი მასამ მომავალი ომის სუსხი იგრძნო და (რაც მთავარია) მიხვდა, რომ პრეზიდენტი, თუ მას მეტისმეტად რადიკალურ მოთხოვნებს წაუყენებ, შეიძლება კიდეც გახდეს იძულებული, გაიყვანოს სამშვიდობო ძალები და განაახლოს ომი - რაც სინამდვილეში არავის სურს.
    ედუარდ შევარდნაძე მართალია, როცა აცხადებს: საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტს არ უნდა ახალი ომი აფხაზეთში. იგი არ ამბობს «ლტოლვილთა 90 პროცენტს», - არამედ «მოსახლეობის 90 პროცენტს». ლტოლვილები კი საქართველოს მთელი მოსახლეობის 5-7 პროცენტს თუ შეადგენენ.
    ამ რეალობის გათვალისწინებით, ედუარდ შევარდნაძემ დსთ-ს უმაღლესი დონის შეხვედრაზე ძველი ტაქტიკით გააგრძელა ბრძოლა: რაკი რუსეთი დაინტერესებულია, დაიმკვიდროს განსაკუთრებული როლი პოსტსაბჭოურ სივრცეზე, საჭიროა მას მართლაც მიეცეს ამგვარი შანსი, ოღონდ საქართველოს ინტერესთა დაკმაყოფილების პირობით.
    უკვე მესამედ, ოფიციალური თბილისი ცდილობს მოსკოვს აგრძნობინოს, რომ მზად არის მიიღოს მონაწილეობა ინტეგრაციულ პროცესებში თუ გადაწყდება აფხაზეთის პრობლემა, თუ დაბრუნდებიან ლტოლვილები, თუნდაც გალის რაიონში. როგორც ჩანს, ამით იყო მოტივირებული ქართული დელეგაციის უარი დსთ-ს «კონფლიქტური სიტუაციების» კომიტეტის კონვენეციაზე მოეწერა ხელი.
    კომიტეტი სასარგებლო იქნებოდა მხოლოდ მაშინ, თუ იგი რეალურ გავლენას მოახდენდა «ცხელ წერტილებში» ვითარების რეგულირებაზე. მარტოოდენ რუსეთის «წამყვანი» როლის ფიქსაციისთვის კი (კომიტეტის თავმჯდომარე რუსეთის პრემიერ-მინისტრი უნდა ყოფილიყო) ასეთი დათმობა ნამდვილად არ ღირდა.
    მეორე მხრივ, უეჭველად მცდარია აზრი, თითქოს საქართველოს ხელისუფლების «სიჯიუტესა» და «უკომპრომისობას» რუსეთის მიმართ საერთოდ არ მოაქვს შედეგი. სულ ცოტა ხნის წინათ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეთანხმებოდა არძინბას წინადადებას ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების ოქმში ჩაეწერათ «ლტოლვილთა დაბრუნება გალის რაიონში» - «ძველი საზღვრების» მიუთითებლად, რაც იმას ნიშნავდა, რომ აფხაზური მხარე შეძლებდა გალის რაიონად გამოეცხადებინა მხოლოდ ენგურის მარჯვენა ნაპირზე მდებარე ქვედა ზონის სოფლები, ანუ გალის რაიონის დაახლოებით მესამედი. აფხაზები თითქოს ურყევად იდგნენ ამ პოზიციაზე, მაგრამ მოულოდნელად, კიშინიოვის სამიტის წინ, ოქმის პროექტში გაჩნდა ჩანაწერი «ძველ საზღვრებში» და ფორმულირებამ მთლიანად ასეთი სახე მიიღო: «მხარეები თანხმდებიან, რომ რუსეთ-საქართველოს ფსოუს საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ნორმალური სასაზღვრო რეჟიმის დამყარების პარალელურად იწყება ლტოლვილთა დაბრუნება გალის რაიონში, მისი ძველი საზღვრებით მოცულ ტერიტორიაზე».
    ეს ფორმულირება ქართულმა დელეგაციამ კიშინიოვში უარყო და ნამდვილად სწორად მოიქცა. საზღვრის გახსნა ერთჯერადი აქტია, მაშინ, როდესაც ლტოლვილთა დაბრუნება პროცესია. თუ საქართველო დათანხმდება (ნებისმიერი შეპირების სანაცვლოდ) ფსოუზე საზღვრის გახსნას, - შემდგომ სანქციათა კვლავ აღდგენა, ანუ საზღვრის ხელმეორედ ჩაკეტვა უკვე შეუძლებელი გახდება. ანუ აფხაზები მიიღებენ იმას, რაც სურთ და ქართველი ლტოლვილების დაბრუნების ყოველგვარ მოტივს დაკარგავენ. ამ პროცესის შეჩერება კი ნებისმიერი საბაბით შეეძლებათ. ვთქვათ, გამოაცხადებენ, რომ «გალის რაიონში მოქმედებს ქართული დივერსიული ჯგუფი, რის გამოც აფხაზური ადმინისტრაცია იძულებულია, შეაჩეროს ლტოლვილთა დაბრუნება, რაკი არ ძალუძს უზრუნველყოს მათი უშიშროება».: ეს დემაგოგიური არგუმენტი საკმარისი იქნება გაეროს თუ საერთაშორისო საზოგადოებრიობის დასამშვიდებლად, ანუ იმ მცირერიცხოვანი ჯგუფისა, რომელსაც საერთოდ აინტერესებს საქართველო და აფხაზეთი.
    ედუარდ შევარდნაძემ ამ ფორმულირების მიღებაზე კატეგორიული უარი განაცხადა და, თავის მხრივ, შემოიტანა ალტერნატიული წინადადება: ჯერ დაბრუნდეს ყველა ლტოლვილი მთელს ტერიტორიაზე მდინარე ენგურიდან ღალიძგამდე. მხოლოდ ამის შემდეგ მოიხსნას ეკონომიკური სანქცია თვითმარქვია «რესპუბლიკის» წინააღმდეგ. ამ ვარიანტს არძინბა, რა თქმა უნდა, არაფრის დიდებით არ დაეთანხმება, ვინაიდან ამ შემთხვევაში მას ინიციატივა ხელიდან გაუსხლტება და ძველებურად ვეღარ მართავს პროცესებს. მაშასადამე, პროცესი კვლავ ჩიხში შევიდა.
   

ქართული ფლოტის შექმნა აფხაზეთის დაბრუნებას ნიშნავს
   

    პოლიტიკაში «გამოუვალი მდგომარეობა» არ არსებობს. ნებისმიერი მდგომარეობიდან შეიძლება გამოსავლის პოვნა, თუ გაქვს უკანასკნელი და უმთავრესი პოლიტიკური არგუმენტი - ძალა. ამ შემთხვევაში, თვით ყველაზე «შეურიგებელი» და «უკომპრომისო» მოწინააღმდეგეც სულ სხვა ენასა და ჰანგზე «აჭიკჭიკდება».
    მაგალითად, არძინბას უკომპრომისობა განპირობებულია იმით, რომ რუსეთის მხრიდან განხორციელებული ბლოკადა არ უქმნის აფხაზეთს სასიცოცხლო საფრთხეს - თურქეთიდან აფხაზეთში კვლავინდებურად იგზავნება დიდძალი სურსათ-სანოვაგე, საწვავი და ყველაფერი, რაც აუცილებელია ცხოველმყოფელობისათვის.
    რუსეთთან საზღვრის გახსნა აფხაზეთისათვის სასურველია, მაგრამ არა გარდაუვალი და სასიცოცხლოდ აუცილებელი. საქართველოს კი ჯერჯრეობით არ შესწევს ძალა, საკუთარი საზღვაო ფლოტით ჩაკეტოს აფხაზეთის პორტები და არ მისცეს საშუალება თურქეთის გემებს (ამ პროცესს, რა თქმა უნდა, თურქული სპეცსამსახურები მართავენ) თითქმის ყოველდღიურად შევიდნენ სოხუმსა და გაგრაში.
    რუსეთი ჩვენს მაგივრად ამას არ გააკეთებს - ეს ცხადია. მაგრამ მან (გარკვეული პოლიტიკური დათმობის საფასურად) შეიძლება შესაბამისი «ნებართვა» მისცეს საქართველოს.
    ამის ნიშნებიც უკვე გაჩნდა: გენერალ მაევის განცხადება ჩვენი ქვეყნისთვის ოთხი სამხედრო კატარღის გადმოცემის თაობაზე სიმართლე აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეევი ხაზს უსვამს: საქართველოს მხოლოდ ძველ და არასამხედრო დანიშნულების გემებს გადავცემთო - შესაბამისი შეკეთების შემდეგ ეს მაინც ძალაა.
    საქართველოს საზღვაო ფლოტის რაოდენობა თანდათანობით, მაგრამ განუხრელად იზრდება. რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ჯერჯერობით ამ თვალსაზრისით აფხაზებს ჩამოვრჩებით - მათ ოცდაათამდე გემი აქვთ, ჩვენ კი სულ ათი-თხუთმეტი. თუ საზღვაო ძალების ზრდა ასეთი ტემპით გაგრძელდა, სულ მალე შევძლებთ სანაპირო ზოლის გაკონტროლებას. ოღონდ სპეციალისტთა შესაბამისი რაოდენობის მომზადებისა და კვალიფიკაციის პირობით.
    აფხაზეთის სრული ბლოკირებისათვის აფხაზურ «ფლოტთან» შეტაკება გარდაუვალია. ყველაფერს გადაწყვეტს ძალა. თუ საქართველოს ექნება საჭირო წყალწყვის კარგად შეიარაღებული სამხედრო გემები, აფხაზურ კატერთა ჩაძირვა შესაძლებელი გახდება. შემდგომ კი უნდა გაკონტროლდეს საზღვაო აკვატორია, რომ თურქეთის ეგრეთ წოდებული «კერძო ხომალდები» საქართველოს (აფხაზეთის) ნაპირებს ვერ მიუახლოვდნენ. თურქეთი აქტიურად ვერ შეძლებს პროცესში ჩარევას. შედეგად, სეპარატისტული ტერიტორია მთლიანად ბლოკირებული აღმოჩნდება და მაშინვე დავრწმუნდებით, რომ კარდინალურად შეიცვლება არძინბას მოთხოვნებიც და ტონიც მოლაპარაკებაზე.
   

ზურაბ ჟვანია გენერალური პროკურორისაგან ცილისმწამებლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს
   

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, როგორც ჩანს, არ აპირებს «წაუყრუოს» ბათუმის ყოფილი მერის, თამაზ ხარაზის ბრალდებას, თითქოს იგი მონაწილეობდა შეთქმულებაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ასლან აბაშიძის წინააღმდეგ. ჟვანიამ უკვე მიმართა გენერალურ პროკურორს, თუმცა ეს უკანასკნელი საკმაოდ პიკანტურ სიტუაციაში აღმოჩნდა. საქმე ის გახლავთ, რომ ხარაზის ინტერვიუ ძალზე ეშმაკურად არის შედგენილი: იგი თითქოს კიდეც სდებს ბრალს ზურაბ ჟვანიას რაღაცაში, მაგრამ, თუ ყურადღებით დავაკვირდებით, რეალურად არც არაფერში ადანაშაულებს კონკრეტულად: უბრალოდ ამბობს, თითქოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებოდა საუბარს, რომლის დროსაც როსტომ დოლიძემ უშვერად გამოლანძღა ასლან აბაშიძე და თავის ძველ მეგობარს, ბათუმის ყოფილ მერს შესთავაზა, მონაწილეობა მიეღო აჭარის ხელისუფლების შეცვლაში.
    სისხლის სამართლის კოდექსით, ხარაზი აშკარა ბრალს არავის უყენებს. სხვა საქმეა პოლიტიკური ქვეტექსტი და ამ ბრალდების პოლიტიკური მნიშვნელობა. სწორედ ამ ქვეტექსტმა აიძულა ჟვანია, მიემართა გენერალური პროკურორისთვის. ჯამლეთ ბაბილაშვილს შეეძლება სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხარაზი დაადასტურებს, რომ ზურაბ ჟვანია და როსტომ დოლიძე მას სთავაზობდნენ ხელისუფლების დამხობას აჭარაში.
    მაგრამ იგი ამას არ ამბობს და არც იტყვის - ამის ნაცვლად მისი განცხადება (თუ ინტერვიუ) შეიცავს ქარაგმებს, «ირიბ ბრალდებებს» მისივე მოსაზრებებს (ჩოლოქზე ისეთი წინააღმდეგობა შეგხვდებათ... დაელოდეთ ოთხ წელიწადს, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში...) და ასე შემდეგ. მაშასადამე, ჯამლეთ ბაბილაშვილმა სისხლის სამართლის საქმე შეიძლება ვერც აღძრას, რაც უმალვე გამოცხადდება «ბათუმის გამარჯვებად».
    ამრიგად, ინტერვიუს ავტორები წაუგებელ თამაშს თამაშობენ: რომც აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, ხარაზს ბათუმში (აჭარის ტერიტორიაზე) ვერავინ ვერაფერს დააკლებს. თბილისში კი ის არ ჩამოვა. ერთი სიტყვით, თუ ყოველივე მხოლოდ ურთიერთობის შემდგომ დაძაბვას ისახავდა მიზნად - მიზანი მიღწეულია. მაგრამ გაუგებარია, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე. ალბათ მანამ, სანამ აჭარის ხელისუფლება თავს საკმარისად «მყარად» არ იგრძნობს - ამჟამად მისი «აქტიურობა» სწორედ არასტაბილურობის დადასტურებაა.
    გაჩნდა საერთოდ ტრაგიკომიკური სიმპტომებიც. მაგალითად, საქართველოში ამჟამად 1997 წელია, მაგრამ «37 წლის» სამოც წლისთავზე ბათუმში დაიწყეს «კუდიანთა დევნა»: იქმნება მტრის ხატი ხელისუფლებაში შეპარული «მავნებლების» სახით, რომლებიც მტრის (!) დავალებით ძირს უთხრიან ლიდერს და ასე შემდეგ.
    ჭეშმარიტად მართალი იყო «37 წლის» შორეული შემოქმედი კარლ მარქსი, როდესაც აცხადებდა: ისტორია შედგება, როგორც ტრაგედია, ხოლო მეორდება, როგორც ფარსი.
   

ამერიკელები საქართველოსთვის დახმარების ახალ ეტაპს იწყებენ
   

    გავლენიანი ამერიკელი სენატორის, სემ ბრაუმბეკის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სენატში დამუშავების სტადიაშია ახალი პროგრამა, სახელწოდებით «აბრეშუმის გზა-97», რომელიც ითვალისწინებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის დაუყოვნებელი დახმარების გაწევას. განსაკუთრებით, კომუნიკაციისა და ტრანსპორტის სფეროში.
    ბრაუმბეკის აზრით, «ევრაზიული დერეფნის» იდეა, რომელიც ამჟამად პოსტსაბჭოური სივრცის სამხრეთ ზონაში ხორციელდება, ძალზე ხელსაყრელია და მომგებიანი ამერიკისათვის, ვინაიდან უზრუნველყოფს ევროატლანტიკური სისტემის დაკავშირებას ევრაზიის უმდიდრეს რეგიონებთან.
    როგორც ჩანს, ამერიკელ სენატორებს კვლავინდებურად აღელვებთ ირანის საკითხი, - ასე რომ არ იყოს, «ახალ აბრეშუმის გზაზე» ამდენს არ ილაპარაკებდნენ.
    ბოლოს და ბოლოს, «აბრეშუმის გზა» გადიოდა ჩინეთიდან ცენტრალურ აზიაზე, შემდეგ ირანზე და მცირე აზიაზე (თანამედროვე თურქეთზე), მაგრამ ეს მარშრუტი ვაშინგტონისთვის დღეს კატეგორიულად მიუღებელია, ვინაიდან ნებისმიერ შემთხვევაში გამოიწვევს ისლამურ-ფუნდამენტალისტური რეჟიმის გაძლიერებას ირანში.
    ეს ქვეყანა კი კვლავ ამერიკის უპირველესი მტერია. ამიტომ, ვაშინგტონი ყველაფერს აკეთებს ალტერნატივის მოსაძებნად - რაც საქართველოს ისტორიულ შანსს აძლევს.
    ამ შანსის ერთ-ერთი ბოლო გამოვლენაა თურქმენეთის ბუნებრივ აირთან დაკავშირებული კონტრაქტი. საპპარმურად ნიაზოვმა, ირანის ლიდერმა რაფსაჯანიმ და თურქეთის «ისლამისტმა» პრემიერმა ერბაქანმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად თურქმენული გაზი დასავლეთში უნდა ტრანსპორტირებულიყო ირანისა და თურქეთის გავლით, რამაც ამერიკის ადმინისტრაციის აღშფოთება გამოიწვია.
    სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პირდაპირ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა «არ დაუშვებს ამ კონტრაქტის განხორციელებას». მაგრამ რაკი კონტრაქტით თვით ამერიკაშიც და ევროპის ქვეყნებშიც მძლავრი ფინანსური წრეები არიან დაინტერესებულნი, კლინტონმა გავლენიან სენატორებთან ერთად გადაწყვიტა, მათთვის ალტერნატივა შეეთავაზებინა: აბრეშუმის გზა-97, თითქოს იგივე მარშრუტია, ოღონდ ოდნავ ჩრდილოეთით. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, იგი შეიძლება «გადაიქაჩოს» ევროპაში შემდეგი მარშრუტით: თურქმენეთი-კასპიის ზღვა-აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი. მართლაც, თუკი შესაძლებელია ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება შავი ზღვის ფსკერით რუსეთიდან - თურქეთში, რატომ არის ეს შეუძლებელი კასპიის ზღვაზე? ნებისმიერ შემთხვევაში ამ პროექტის განხორციელებას წლები დასჭირდება, მაგრამ ამერიკელებმა იციან, რომ «დრო - ფულია».
    მიუხედავად ზოგიერთი სკეპტიკოსის განცხადებისა, საქართველოს გეოპოლიტიკური პოტენციალი მართლაც იწყებს ამოქმედებას. თუ საქართველოზე ერთდროულად რამდენიმე სატრანზიტო ხაზმა გაიარა ოთხივე მიმართულებით, ეს ნამდვილად განამტკიცებს ქართულ სახელმწიფოებრიობას.
    ევროპაში «შვეიცარიის კონსტიტუციის» ფენომენი სწორედ გეოპოლიტიკამ შექმნა. ამგვარი თანხვედრა არც ჩვენს რეგიონშია გამორიცხული.
   

დილის გაზეთი, 27 ოქტომბერი, 1997 წ.