საერთაშორისო მიმოხილვა. 24 იანვარი. 2024 წელი
უკრაინულ ავდეევკასთან ბრძოლები „დავიწყებულ ომად“ იქცა: რუსეთი აგზავნის და აგზავნის „საზარბაზნე ხორცს“ ამ პატარა, ნანგრევებად ქცეული ქალაქის ასაღებად, თუმცა სრულიად უშედეგოდ. ყოველ დღე ასეულობით რუსი იღუპება. გვამები არავის გააქვს - წერს CNN.
აღსანიშნავია, რომ ავდეევკას ნანგრევებში აქტიურად და შედეგიანად „მუშაობენ“ არა მხოლოდ დრონები, არამედ სნაიპერები.
პრეზიდენტ ზელენსკისა და გენერალიტეტს შორის უთანხმოება არსებობდა ამ ყაიდის ბრძოლებთან დაკავშირებით, რაკი გენერლებს მიაჩნდათ, რომ ისეთი სტრატეგიულად უმნიშვნელო ლოკაციები, როგორიცაა ავდეევკა, როგორიც იყო ბახმუტი, დასაცავად უაზროა. ამიტომ, მათი აზრით, სჯობს ჯარების უკან დახევა და უფრო მეტად მნიშვნელოვან წერტილში გამაგება.
მაგრამ სწორედაც ბახმუტის ბრძოლებმა დაადასტურეს ზელენსკის სიმართლე: საბოლოოდ ის „სტრატეგიულად უმნიშვნელო წერტილი“ რუსის ჯარმა კი აიღო, თუმცა ისეთი რაოდენობით შეაწყვიტა ცოცხალი ძალა, აგრეთვე მატერიალური რესურსები, რომ შეტევითი პოტენციალი ფრონტის სხვა ხაზებზეც დაკარგა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი Robert Fico ამწვავებს პოპულიზმს.
ადგილობრივი რადიოსთვის ინტერვიუში მან განაცხადა, რომ უკრაინა, თურმე, უნდა შეურიგდეს ტერიტორიების დაკარგვას: ყირიმის და დონბასის გადასვლას რუსეთის შემადგენლობაში.
იქვე დასძინა, რომ ეს რუსეთისთვისაც „მძიმე კომპრომისი“ იქნება, რადგან პუტინი მიზნად ისახავდა უკრაინის სრულ მოსპობასო.
ანუ, თუკი პუტინის მიზანი უკრაინული სახელმწიფოებრიობის სრული განადგურება იყო, ამას ვერ მიაღწია და ჯერ-ჯერობით მხოლოდ ყირიმი, დონბასი დაიპყრო, პუტინის მხრიდან „უდიდესი კომპრომისი“ ყოფილა ამას დასჯერდეს და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის აზრით, დასავლეთმა მას ამ „მძიმე თანხმობისთვის“ მადლობაც უნდა უთხრას ალბათ.
. . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინაში აღმოჩენილია დასავლური და ტაივანური წარმოების მიკროჩიპთა ახალი პარტია იმ რაკეტებში, რომლებიც რუსეთმა ბოლო დროს ესროლა უკრაინულ ქალაქებს.
ესაა რაკეტა Х-101.
დასავლური მიკროჩიპების გარეშე იგი სრულიად უსარგებლო ლითონის ყუთია, მაგრამ მიკროჩიპებით სახიფათო იარაღად იქცევა.
რუსეთი თვითონ ვერ აწარმოებს თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ მიკროჩიპებს. ამიტომ მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული, რომელიც დღეს არალეგალურია, რადგან დასავლეთმა 2022 წელს რუსული აგრესიის დაწყებისთანავე, პირველი რაც გააკეთა, რუსეთში მიკროჩიპების ექსპორტი აკრძალა, თუმცა „პარალელურ იმპორტს“ მაინც ვერაფერი მოუხერხა.
ამ რუსულ ფრთოსან რაკეტებში აღმოჩენილია ისეთი ბრენდების პროდუქცია, როგორიცაა Intel, Analog Devices, Texas Instruments, AMD, Zilog.
მთავარი წყარო ამ „პარალელური იმპორტისა“ კვლავინდებურად ჩინეთია; ვერაფერი ჩინეთს ვერ მოუხერხეს: როგორც 2022 წელს აგზავნიდა რუსეთში „ორმაგი დანიშნულების“ პროდუქციას, ასევე აგზავნიდა შარშანაც. ძირითადად ამ მიკროჩიპებს რუსული სსკ იღებს მაღალტექნოლოგიური ელექტრონიკიდან; რატომ ვერ ხერხდება მისი რეექსპორტის აკრძალვა? იმიტომ, რომ ჩინეთის მკაცრი დასანქცირების გარეშე (მათ შორის საბანკო სფეროში) ეს არ გამოვა, ხოლო ბაიდენის ადმინისტრაცია, საარჩევნო წელს, ვერ ბედავს ამგვარი რადიკალური ნაბიჯის გადადგმას.
გლობალური საბანკო სისტემა მთლიანად კონტროლდება ვაშინგტონის მიერ. ჩინეთს ამერიკული საბანკო სისტემის გარეშე სერიოზული ტრანზაქციების განხორციელება გაუჭირდება. თუმცა ეს იმგვარი „ბერკეტია“, რასაც ამერიკა ჩინეთის მიმართ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში თუ გამოიყენებს - როცა თვით ამერიკას დაემუქრება საფრთხე.
. . . . . . . . . . . . . . . . .
გუშინ რუსეთმა კვლავ ბარბაროსულად დაბომბა კიევი და ხარკოვი. მათ შორის 15 ფრთოსანი რაკეტა Х-101/Х-555/Х-55 გაუშვეს სტრატეგიული ბომბდამშენიდან 95МС, რვა Х-22 — ბომბდამშენიდან Ту-22М3, კიდევ ორი მართვადი საავიაციო ბომბი Х-59, და რაც მთავარია 12 ბალისტიკური რაკეტა «Искандер-М», ასევე 4 რაკეტა С-300/С-400.
უკვე მკაფიოდ ჩამოყალიბდა რუსული ტაქტიკა, როცა დარტყმებისას იყენებს სხვადასხვა სისტემის სარაკეტო შეიარაღებას: საავიაციო ბომბებს, ფრთოსან რაკეტებს, ბალისტიკურ რაკეტებს და საზენიტო სისტემათა რაკეტებსაც, როგორიცაა იგივე С-300/С-400.
ასეთ შემთხვევაში უკრაინის „საჰაერო/საზენტოს“ რეაგირება უჭირს. გუშინდელი თავდასხმის დროს მხოლოდ ნახევრის ჩამოგდება შეძლეს უკრაინელებმა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
BBC იტყობინება, რომ ამერიკულმა დაზვერვამ კრეატიულ მეთოდს მიაგნო ანტიპუტინისტურად განწყობილი რუსების „დასავერბოვკებლად“: CIA-მ Twitter (X)-ზე განათავსა სარეკლამო ვიდეო, რომელზეც გამოგონილი რუსი „მედესანტე“, რომელიც ახლა ვითომ რუსულ სამხედრო დაზვერვაში მსახურობს, ყვება, რომ სძულს პუტინი, სძულს ამჟამინდელი რუსული რეჟიმი კორუფციის და ომის გამო, ამიტომ გადაწყვიტა CIA-თან ითანამშრომლოს.
ვიდეოზე მითითებულია CIA-სთან დაკავშირების არხი „დარქნეტში“
Dark net ეწოდება ინტერნეტის უკონტროლო და ანონიმურ სეგმენტს
ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, უილიამ ბერნსმა ჯერ კიდევ 2022 წელს განაცხადა, რომ მილიონობით რუსი სასტიკად უკმაყოფილოა უკრაინასთან ომით, ხოლო CIA ამით აუცილებლად ისარგებლებს წყაროების „დასავერბოვკებლად“,
ვიდეო 2,5 მილიონმა რუსმა ნახა. ეს მარტივი სტატისტიკაა.
მაგრამ ამ რაოდენობიდან რამდენი დაუკავშირდა ცსს-ს - უცნობია.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ერთდროულად 24 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა ღაზაში პალესტინელი ტერორისტების თავდასხმის შედეგად.
ისრაელის არმიამ დაადასტურა, რომ თავდამსხმელებმა წარმატებით გამოიყენეს საბჭოთა-რუსული წარმოების Ручной противотанковый гранатомёт (РПГ-7), რომელიც საბჭოთა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შედევრია.
იმიტომ კი არა, რომ ამერიკული „ჯაველინი“ ან „ტაუ“ არ სჯობია. როგორ არ სჯობია, მაგრამ РПГ ძალიან იაფია, მარტივია, უბრალოა იმდენად, რომ 12 წლის ბიჭუნაც გაისვრის.
ამ შემთხვევაში, როგორც ირკვევა, თავდასხმა მოხდა იმ მომენტში, როცა „ცახალის“ მებრძოლები ალაგებდნენ ასაფეთქებელ ნივთიერებებს ტერორისტთა საფარის გასანადგურებლად; РПГ-ს ჭურვი მოხვდა ამ საწყობს და მთლიანად დაანგრია შენობა. დაღუპულ ჯარისკაცთა უმრავლესობა სწორედ ნანგრევებში მოხვდა.
მეორე ჭურვი სხვა ყუმბარმტყორცნიდან ტანკ „მერკავას“ მოხვდა, რომლის დაცვამაც ვერ იმუშავა.
თავის დროზე საბჭოთა კავშირმა მილიონობით (!) РПГ გააგზავნა არაბულ ქვეყნებში ისრაელის საწინააღმდეგოდ.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ მაინც მოილაპარაკეს ცეცხლის შეწყვეტაზე ერთი თვის ვადით.
შეუთანხმებელი ჯერ-ჯერობით მხოლოდ ის არის, როდიდან ანუ რა მომენტიდან შევა ძალაში შეთანხმება.
როგორც არ უნდა იყოს, შეთანხმება არ გულისხმობს ისრაელის ჯართა გაყვანას ღაზიდან.
და მაინც, ეს „ჰამასის“ მნიშვნელოვანი წარმატებაა.
ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, ჰამასი გაათავისუფლებს მძევლების დიდ ნაწილს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
თურქეთის პარლამენტმა, პრეზიდენტ ერდოღანის დავალებით, როგორც იქნა დაარატიფიცირა შეთანხმება შვედეთის NATO-ში გაწევრების შესახებ,
როგორც ჩანს, ერდოღანმა მაინც „გამოივაჭრა“ ამერიკისგან F-35 თვითმფრინავები, რასაც მანამდე წლების განმავლობაში მოითხოვდა.
თურქეთის თანხმობის შემდეგ შეიქმნა უცნაური ვითარება, როდესაც ერთადერთი ქვეყანა, რომელიც კვლავინდებურად ეწინააღმდეგება შვედეთის სრულუფლებიან წევრობას ალიანსში არის....უნგრეთი!
უნგრეთის პარლამენტში უსასრულოდ იწელება რატიფიკაცია.
უნგრეთს ამერიკული იარაღი არ აკლია, ხოლო თვითმფრინავები არ სჭირდება იმ რაოდენობით, როგორც თურქეთს; მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ორბანი ამ ბერკეტსაც აქტიურად გამოიყენებს, ევროკავშირის ტრანშთა მისაღებად.
. . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა მატვეებმა სლუკუნით ბოდიში მოუხადა სპეციალურ ვიდეოში ჩეჩნეთის მიკრო- დიქტატორ რამზან კადიროვს.
კადიროვი განარისხა მატვეევის განცხადებებმა, რომ რუსეთში უამრავი მაჰმადიანი ჩამოდის და ისინი „შუა საუკუნეებში ცხოვრობენ, მალე სკოლებში სპეციალურ შესვენებას გამოაცხადებენ „ნამაზის“ შესასრულებლადო“;
პასუხად კადიროვმა დაიქადნა, რომ თუ მატვეევს „არ გააძევებენ რუსული პარლამენტიდან, რუსეთში რელიგიური ომი დაიწყებაო“.
როგორც ჩანს, დეპუტატ მატვეევს კრემლიდან უბრძანეს ბოდიში მოეხადა და არ გაეღიზიანებინა კადიროვი, რომელმაც ათი ათასობით ჩეჩენი შეაწყვიტა რუსულ აგრესიას უკრაინაში.
. . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას ძალიან პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენაში „ექსპო-2025“, რომელიც იაპონურ ოსაკაში უნდა გაიხსნას მომავალ წელს.
იაპონიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსეთს არ მიიწვევენ, სანამ „უკრაინაში სიტუაცია არ შეიცვლება“.
რეალურად ეს ძალიან სერიოზული დემარშია პუტინის წინააღმდეგ, თუმცა.....რუსეთმა რა უნდა აჩვენოს ამგვარ გამოფენაზე? ხელოვნური ინტელექტის რობოტები, როგორც იაპონიამ და ამერიკამ? რა ტექნოლოგიური მიღწევები აქვს რუსეთს?
კალაშნიკოვის ავტომატი და РПГ-7?