საერთაშორისო მიმოხილვა. 16 სექტემბერი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 16 სექტემბერი. 2024 წელი

საქართველოს „დაუძინებელი მეგობარი“ (ჯერ კიდევ 1992 წლის აფხაზეთის კონფლიქტიდან), რუსეთის ექს-თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, რომელიც პუტინმა დააქვეითა უშიშრობის საბჭოს მდივნად, „გაიხირა/გაიჩხირა“ ფხენიანსა და თეირანს შორის.

სულ რამდენიმე დღის წინ ჩრდილო კორეაში იყო, გუშინ კი (სამშაბათს) ირანში ჩავიდა, სადაც შეხვდა ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს მასუდ პეზეშკიანს და თავდაცვის მინისტრ ალი აჰმადიანს.

ბუნებრივია მოლაპარაკების მთავარი თემაა ირანული (და ჩრდილო კორეული) ბალისტიკური რაკეტების გადაცემა რუსული არმიისთვის, რომელთა ნაწილი რუსეთმა უკვე მიიღო როგორც „კიმების რეჟიმისგან“, ასევე „აიათოლების რეჟიმისგან“.

ოღონდ აქ არის ერთი საინტერესო გარემოება, რაც უკვე ჟონავს მეინსტრიმულ დასავლურ მედიაში: ფხენიანიც და თეირანიც ბოლომდე არ არიან კმაყოფილნი მოსკოვის პოზიციით იმიტომ, რომ მოსკოვი ერთის მხრივ თავადაც სანქცირებულია, მათგან ბევრ რაიმეს მოითხოვს, მაგრამ.....თვითონ მაინც იცავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციით ჩრდილო კორეისთვის და ირანისთვის დაწესებულ სანქციებს.’

თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია:

დავაკვირდეთ: სანქციები, რაც დასავლეთმა შემოიღო რუსეთის წინააღმდეგ 2022 წლიდან უკრაინაში შეჭრის და აგრესიის გამო, არ არის „უნივერსალური,საერთაშორისო  სანქციები“ იმ აზრით, რომ მათ შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია გაერთიანებული ერების ორგანიზაციას; და ვერც მიიღებდა რაკი იქ რუსეთს „ვეტოს“ უფლება აქვს და საკუთარ თავს ხომ არ დაასანქცირებდა?

რუსეთის წინააღდმეგ ამოქმედებული სანქციები არის არა გაეროს, არამედ დასავლეთის (USA, EU G7) სანქციები!

ამიტომ ირანელებთან და ჩრდილო კორეელებთან ამ თემაზე კონსულტაციებისას და მრავალი თხოვნისას მოსკოვი კრუსუნებს: „ეს საერთაშორისო სანქციებია და......ჩვენს მიმართ კი მხოლოდ დასავლეთმა შემოიღო სანქციები და......“

Amgvari  გაიძვერული კრუსუნი როგორც თეირანის ასევე ფხენიანის მზარდ უკმაყოფილებას და გაბრაზებას იწვევს: ჯერ ერთი, მათ ხომ ძალიან კარგად ახსოვთ: ბოლო 20 წლის განმავლობაში რაც სანქციები დაწესდა ორივეს წინააღმდეგ, ვერც ერთი ვერ დამტკიცდებოდა გაეროს უშიშროების საბჭოში, რუსეთს რომ ეს რეზოლუციები არ „გაეტარებინა“.

ანუ მოსკოვს ნებისმიერ დროს შეეძლო ვეტო დაედო ამ რეზოლუციებისთვის.

რეალურად კი, მოსკოვი ან თავს „იკავებდა“ ან ხმასაც კი აძლევდა ზოგიერთ შემთხვევაში იმ მოტივით, რომ ორივე სასანქციო პაკეტი შეეხებოდა „კიმების რეჟიმისა“ და „აიათოლების რეჟიმის“ ბირთვულ პროგრამებს.

ახლა თეირანშიც და ფხენიანშიც უკვე ღიად ეუბნებიან რუსებს: თუ გინდათ დაგეხმაროთ, პირველ რიგში ეკონომიკური და სხვა სანქციები გააუქმეთ რაც „გაერომ“ დაგვადო (როცა  თქვენ მხარი დაუჭირეთ დასავლეთს) და მეორეც, დაგვეხმარეთ ბირთვული პროგრამის შემდგომ განვითარებაში.

სწორედ ამის ეშინია როგორც სჩანს ბაიდენის ადმინისტრაციას ყველაზე მეტად: ანუ ის კი არ აფრთხობს, რომ პუტინი დონბასზე ან კიევში გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს, არამედ ირანს და ჩრდ.კორეას გადასცემს ახალ ბირთვულ ტექნოლოგიებს.

ყველა-ყველა და ლავრენტი ბერიას ეპოქიდან მოყოლებული, ეს „მოპარული“ ტექნოლოგიები რუსებს არ დაეწუნება რაკი მილიარდებს ხარჯავდნენ მშიერი ქვეყნის პირობებში მათ განსავითარებლად სსრკ დროს.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე (უფრო ზუსტად, რუსეთის აგრესიის ფონზე) სულ უფრო ხშირია სერიოზულ დასავლურ რესურსთა მცდელობა, გაარკვიონ ნებისმიერი საომარი კონფლიქტის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი: დანაკარგთა ოდენობა.

 The Wall Street Journal დასავლეთის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული რესურსია. სწორედ ამ გაზეთმა (და არა რომელიმე ტაბლოიდმა) გუშინ გამოაქვეყნა ტექსტი, რომლის ავტორები ამტკიცებენ, რომ რუსეთის და უკრაინის ჯამური დანაკარგი მოკლულებისა და მძიმედ დაჭრილების სახით მილიონ ადამიანზე მეტია უკვე.

WSJ ცნობით, მოკლულების სახით უკრაინამ დაკარგა 80 000; რუსეთმა, 2022 წლიდან - 200 000.

ხოლო დაჭრილთა ოდენობა ორივე მხრიდან დაახლოებით თანაბარია: 400 000.

2022 წლიდან უკრაინის მოსახლეობა 48 მილიონიდან შემცირდა 27 მილიონამდე რეალურად (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა რასაკვირველია)

აქ იგულისხმება, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დატოვა უკრაინა და გაემგზავრა ძირითადად ევროპაში.

ხოლო რუსეთი, იმავე პერიოდში, WSJ ცნობით, დატოვა სულ 800 000 -მა ადამიანმა.

იგულისხმება ე.წ. „რელოკანტები“, რომლებიც ომის დაწყების და განსაკუთრებით 2022 წლის აგვისტოს მობილიზაციის შემდეგ გაიქცნენ რუსეთიდან. მათ შორის საქართველოში.

 

 ახლა შევადაროთ არანაკლებ ავტორიტეტული ბრიტანული BBC-ს კვლევის შედეგებს: 69 000 მოკლული რუსი ჯარისკაცი და ოფიცერი; 55 812 უკრაინელი.

როგორც ვხედავთ, უკრაინული ციფრების შემთხვევაში ამ ორი რესურსის მონაცემები ასე თუ ისე შესადარია ანუ თანაბარი მასშტაბისაა (თუმცაღა მაინც განსხვავდება) ხოლო რუსეთის შემთხვევაში მოკლულთა რაოდენობა ძალიან განსხვავებულია და BBC აზუსტებს რაც არის ამ სხვაობის მიზეზი: მიუხედავად იმისა, რომ არც კიევი და არც მოსკოვი არ აქვეყნებენ მოკლულთა სტატისტიკას, დასავლურ რესურსებს დემოკრატიულ უკრაინაში უფრო მიუწვდებათ ხელი სტატისტიკაზე, ვიდრე ავტოკრატიულ, რეპრესიულ რუსეთში, სადაც დასავლელ ჟურნალისტებს იჭერენ და ციხეში სვამენ „შპიონაჟის“ ბრალდებით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აფხაზეთის ე.წ. „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ გამოაქვეყნა განცხადება ოსების მიმართ ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამებთან დაკავშირებით.

 აფხაზ სეპარატისტთა ე.წ. „საგარეოს“ განცხადებაში ნათქვამია, რომ აფხაზი სეპარატისტები „გამოთქვამენ იმედს, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება უფრო გულწრფელია, ვიდრე იყო შევარდნაძის ხელისუფლებაო“.

აფხაზ სეპარატისტთა ეს განცხადება ძალიან ნიშანდობლივია და აი რატომ: თბილისიდან „შემრიგებლური“ განცხადებები ადრეც ხშირი იყო, თუმცა აფხაზეთის ე.წ. „საგარეო“ მუდამ აგდებით და ზიზღნარევი გულგრილობით პასუხობდა. ახლა მიესალმნენ.

რატომ? იმიტომ, რომ სოხუმს შესამჩნევად დაეძაბა ურთიერთობა მოსკოვთან და უკვე ცდილობს მოსკოვი „ლბილად დააშანტაჟოს“: თუ განაგრძობთ ჩვენზე ზეწოლას „აპარტამენტების“ საკითხში, ბინების ყიდვა-გაყიდვის საკითხში, ახალი ათონის მონასტრის საკითხში, ენგურჰესის, დიდი პრივატიზების და ა.შ და ა.შ......აგერ, გვერდით არის დასავლეთი (საქართველოში) „მეზობლად“ არის NATO (საქართველოში) და მათ მოველაპარაკებით საქართველოს საბანკო სისტემის გამოყენებაზე თუ რუსულ საბანკო სისტემას დაგვიბლოკავთ, საქართველოს აეროპორტებით ვისარგებლებთ თუ ადლერის აეროპორტს დაგვიბგლოკავთ და ა.შ და ა.შ.

 ეს ყოველივე მოხდება ევროკავშირის და ამერიკის შუამავლობით „ჟენევის“ კონსულტაციათა მორიგ რაუნდზე ნოემბერში.

რამდენად გაჭრის ამგვარი შანტაჟი - ძნელი სათქმელია.

ფაქტი ისაა, რომ მოსკოვს ჯერ თუნდაც ფინანსური ზეწოლის მეათედი ბერკეტებიც არ გამოუყენებია, რაც ნამდვილად გააჩნია და ამის მიზეზი უდავოდ ისაა, რომ მართლა ერიდებიან მეტისმეტად სასტიკ „კლინჩს“ სოხუმთან, რათა აფხაზმა სეპარატისტებმა არ დაიწყონ შესაბამისი თამაში რუსულ საინფორმაციო სივრცეში, - „ნავალნის კლასტერში“ მაინც ანუ ოპოზიციურად განწყობილ სოციუმში: „რა უნიჭო არარაობაა ეს პუტინი: უკრაინის სისხლიან ჭაობში ხომ ჩაგვფლა რუსი ხალხი და ახლა იმასაც კი მიაღწია, რომ „მოძმე“ აფხაზი ხალხი გადაიკიდა, რომელმაც „გრიზუნებზე“ ისტორიული გამარჯვება მოგვაპოვებინა 2008 წელსო.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

რას მოესწრო რუსეთი.......... გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნომ და „წითელმა ჯვარმა“ განაცხადეს, რომ მზად არიან ჰუმანიტარული მისიები გააგზავნონ კურსკის ოლქის იმ ნაწილში, რომელსაც აკონტროლებს უკრაინის არმია.

ეს განცხადება მათ გააკეთეს ოფიციალური კიევის მიმართვის პასუხად და რასაკვირველია ამგვარი  სიუჟეტი თავიდან ბოლომდე რუსეთისთვის, მოსკოვისთვის, კრემლისთვის, პუტინისთვის თავსლაფისდფასხმაა.

კრემლში „იღრინებიან“ პასუხად: „წითელი ჯვარი“ და „გაეროს სამდივნო“ „უკრაინელ აგრესორთა სათამაშოებად არ უნდა იქცეოდნენო“.

არადა რა თქვა ან ერთმა („გაერომ“) ან მეორემ („წითელმა ჯვარმა?“).

რეალურად არაფერი უთქვამთ ისეთი, რაც მანამდე არ უთქვამთ ამ ნეიტრალურ (!) სუბიექტებს ნებისმიერი სხვა შეიარაღებული კონფლიქტის დროს: „მზად ვართ გავაგზავნოთ მისია კონფლიქტის ზონაში, დავეხმაროთ ადამიანებს, დავაშორიშოროთ მეომარი მხარეები.....ოღონდ ორმხრივი თანხმობითო“

სასაცილო იქნებოდა ვინმეს ეფიქრა, პუტინი განაცხადებს ამგვარ თანხმობას ახლა: კურსკის ოლქში შევიდეს გაეროს მისია. ან თუნდაც წითელი ჯვარი.

ამით თავად აღიარებს, რომ „ზესახელმწიფოდ“ წოდებული ვერ აკონტროლებს მისივე ტერიტორიის ნაწილს.

თუმცა  კიევში არც აქვთ მოსკოვის „თანხმობის“ მოლოდინი.

ზელენსკის ამით სურდა ხაზი გაესვა, თუ პ ო ლ ი ტ ი კ უ რ ა დ    და საერთაშორისო აღქმადობის თვალსაზრისით რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინული არმიის გამაგრება და ყოფნა  საკუთრივ რუსეთის ტერიტორიაუზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამხედრო თვალსაზრისით არ არის შედეგიანი, რისთვისაც აკრიტიკებენ ახლა.