უხელისუფლებობა საქართველოში

უხელისუფლებობა საქართველოში - ეროვნული მოძრაობა

უხელისუფლებობა საქართველოში

პერიოდი 1989 წლის 9 აპრილიდან - 1990 წლის 28 ოქტომბრამდე განსაკუთრებული ხანაა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ფაქტობრივად, 9 აპრილს დასრულდა კომუნისტური ხელისუფლების ერა საქართველოში, მაგრამ არც ახალი ხელისუფლება მოსულა. მეტიც, დროის ამ მონაკვეთში ხელისუფლება ქვეყანაში საერთოდ არ არსებობდა. უფრო სწორად, არსებობდა მხოლოდ ნომინალურად. რეალურ ზეგავლენას მიმდინარე პროცესებზე იგი ვერ ახდენდა. თუმცა, კვლავ რჩებოდა ყველა ის სოციალური ინსტიტუტი, რომელიც ჯერ კიდევ კომუნისტურ ეპოქაში ჩამოყალიბდა. ოღონდ თითქოს გაქრა მათი «შემკრები ძალა» ანუ კომუნისტური ხელისუფლება. ამდენად, ეს სოციალური ინსტიტუტები თვითდინებაზე იქნა მიშვებული. არც მათ შესაცვლელად გაკეთებულა რაიმე (იმ დროს შეუძლებელიც იყო), - ამიტომ, კომუნისტური საზოგადოების სოციალურ ინსტიტუტთა მანკიერება (მით უმეტეს საქართველოში) უფრო თვალსაჩინო გახდა.
    სოციალური მიმართებებიც სულ უფრო მეტად იძენდნენ კრიმინალურ ხასიათს. კრიმინალი ლეგალური ხდებოდა. ეს უმალვე გამოიყენა «შავმა სამყარომ», რომელსაც არც ეროვნული დამოუკიდებლობა აინტერესებდა, არც საქართველოს სახელმწიფოებრიობა. მან იგრძნო, რომ მარადიული სახელმწიფოებრივი წნეხი შესუსტდა და მიეცა საშუალება, თავისუფლად «გაეშალა ფრთები».
    სწორედ ამ პერიოდიდან იწყება კრიმინალთა პოლიტიზაციისა და პოლიტიკის კრიმინალიზაციის პროცესი. 9 აპრილის შემოქმედმა პოლიტიკოსებმა ამ პროცესს არათუ რაიმე დაუპირისპირეს, - პირიქით, ხელიც კი შეუწყვეს, რაც გასაკვირი არ არის, ვინაიდან მათი მიზანი საქართველოში რევოლუციის ორგანიზება იყო. კაცობრიობის ისტორიას კი არ ახსოვს რევოლუცია «კრიმინალთა» აღზევების გარეშე. აქვე უნდა ითქვას, რომ «ეროვნული მოძრაობის» ლიდერთა დიდი ნაწილი კრიმინალური, ანარქიული ფსიქოლოგიის მატარებელი აღმოჩნდა. ამდენად, «შავ სამყაროსთან» მათ ძალიან ადვილად გამონახეს საერთო ენა.
    დაახლოებით იმ პერიოდში შეიქმნა «მხედრიონი» - პლეხანოველი, «ოქროს უბნელი» და საბურთალოელი «ძველი ბიჭებისაგან», რომლებმაც უსიტყვოდ აღიარეს ჯაბა იოსელიანის ავტორიტეტი. თხემით ტერფამდე კრიმინალიზებულ და კორუმპირებულ საზოგადოებაში, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებას გამოეცალა ძალაუფლება, ამ სოციალური ფენის ლეგალიზაცია და ინსტიტუირება სავსებით ბუნებრივი გახლდათ.
   

    უმალვე დაიწყო ეროვნული მოძრაობის კორუმპირებაც. «მოძრაობის» ლიდერებმა შეიგრძნეს, რომ 9 აპრილის შემდეგ (შედეგად) საოცარი ძალა და გავლენა მოიპოვეს. მათ შორის, ძალაუფლებადაკარგულ ხელისუფლებაზეც. ამ გავლენას ისინი, რა თქმა უნდა, აქტიურად იყენებდნენ როგორც საკუთარ, ასევე პარტიულ ინტერესთა განსახორციელებლად.
    1989 წლის 9 აპრილიდან - 1990 წლის 28 ოქტომბრამდე მათი მეშვეობით «დიდი საქმეები» კეთდებოდა. ანუ კორუფციაში ჩამპალი ქარხნის დირექტორები, კოლმეურნეობის თავჯდომარეები და რაიკომის მდივნებიც კი(!) «ზემოთ» საქმეების ჩასაწყობად ეროვნული მოძრაობის ამა თუ იმ ლიდერს მიმართავდნენ, - მათთან ეძებდნენ დაახლოების გზებს (ვთქვათ ახლობლების ან ნათესავების მეშვეობით) და, რასაკვირველია, ისინიც გაჰყავდათ «წილში». ხელისუფლება კი ისეთი დაშინებული და დაგლახავებული იყო, ნებისმიერი გართულებისა პანიკურად ეშინოდა და ყოველთვის უკან იხევდა - იმ შემთხვევაშიც, როდესაც უბრალოდ თავსლაფს ასხავდნენ: წიხლისკვრით გამოყარეს «იმელიდან» და კომკავშირის «ცკ» - «ტკ»-დან. წინააღმდეგობის გაწევას ვინ გაბედავდა?!
    მიტინგის მოწყობამაც აზრი დაკარგა. მიტინგს მაშინ აქვს აზრი, როდესაც ხელისუფლება არსებობს და მას შეიძლება მოთხოვნები წაუყენო. ხელისუფლების არარსებობის პირობებში მიტინგი სრულიად ფუჭია. მით უმეტეს საქართველოში, სადაც მიტინგი განიხილებოდა, როგორც ხელისუფლებაზე (და არა საზოგადოებრივ აზრზე) უშუალო ზეგავლენის საშუალება.
    იმავდროულად განვითარდა კიდევ ერთი საინტერესო და ნიშანდობლივი პროცესი: «ეროვნული მოძრაობა» იქცა ე.წ. «განყენებულ არგუმენტად»:
    მოგეხსენებათ, იმ საზოგადოებაში ჩვეულებრივი მოვლენა იყო ხანგრძლივი, წლობით გაწელილი სამსახურეობრივი კონფლიქტი ვთქვათ მასწავლებელსა და სკოლის დირექტორს; რაიკომის მდივანსა და «განათლების განყოფილების გამგეს»; პროფკავშირის თავჯდომარესა და თანამშრომელს; ქარხნის დირექტორსა და რიგით მუშაკს შორის. «მოძრაობის» შედეგად იმ პიროვნებამ, ვინც წლების განმავლობაში წნეხის ქვეშ იმყოფებოდა, მოიპოვა საშუალება თავის დასაცავად: საკმარისია ერთხელ გამოსულიყო რომელიმე კრებაზე გულმხურვალე პატრიოტული სიტყვით, 9 აპრილის დაგმობით, ან ეროვნული დამოუკიდებლობის მოთხოვნით, რომ შემდგომ, სამსახურეობრივი მიზეზებით მის წინააღმდეგ რაიმე გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი ხდებოდა, რადგან ეს უკანასკნელი ამას უმალვე დაუდებდა პოლიტიკურ სარჩულს.
    თბილისის ერთ-ერთი სკოლის დირექტორი, გვარად ჩაფიძე, რომელიც 19 წლის (!) განმავლობაში ხელმძღვანელობდა სკოლას და «შიშის ზარს სცემდა კოლექტივს», - უმალვე იძულებული გახდა გადამდგარიყო, როგორც კი «მოძრაობის» სასკოლო განყოფილების მატრაკვეცა მეათე-მეთერთმეტე კლასელმა მოსწავლეებმა რაღაც პრეტენზიები წაუყენეს და მათ მხარი აუბეს დირექტორზე წლობით დაბოღმილმა მასწავლებლებმა. ან რომც არ აებათ მხარი, - სულ ერთია, დირექტორი ძველებურად, «რკინის ხელით» ვეღარ შეძლებდა სკოლის მართვას. ამიტომაც გადადგა.
    რაც შეეხება თვით არაფორმალთა ლიდერებს, - შინაგან საქმეთა მინისტრი შოთა გორგოძე მათ თავს დაჰკანკალებდა, სახლში ურეკავდა: «ხომ არაფერი გნებავს შენი ჭირიმე, რაიმეს ხომ არ მოითხოვ ჩემგან, ნუ, ნუ იზავთ თქვენი ჭირიმე, ნუ გამიბრაზდებით» და ასე შემდეგ.
    გავლენა და ძალაუფლება მაღალზნეობრივ, ინტელექტუალურ ადამიანსაც რყვნის ხშირად. ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენად გარყვნიდა არაფორმალური (თუმცა სავსებით რეალური) ძალაუფლება იმ ბიჭ-ბუჭებს, - ორი წიგნი რომ არ ჰქონდათ წაკითხული და თავი «პოლიტიკოსებად» მოჰქონდათ?
    იარაღის აშკარა ტარებაც ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. აღარც ვინმე ერიდებოდა მილიციას. საზოგადოებაში სრული აპათია გამეფდა. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ აღარავის არაფერი აინტერესებდა. მხოლოდ იგივე დაჯგუფება აქტიურობდა, რომელმაც 9 აპრილით დაამხო და მოსპო ხელისუფლება.

    «მთავრობის სასახლესთან» დატრიალებული საზარელი ტრაგედიიდან ორიოდე დღის შემდეგ, გაზეთი «კომუნისტი» პირველ გვერდზე ბეჭდავს მეწინავე სტატიას: «სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილება აგროსამრეწველო საწარმოების ეფექტიანობის გაზრდისა და შემდგომი განვითარების საფუძველზე ქვეყნის მოსახლეობის სასურსათო უზრუნველყოფის გაუმჯობესების შესახებ». ძალზე სიმპტომატური მაგალითია იმდროინდელი საზოგადოებრივი ატმოსფეროს აღსაქმელად.
    გივი გუმბარიძის «საცოდავი» ხელისუფლება თითქოს მაინც ცდილობდა რაღაცის გაკეთებას: დასავლეთ საქართველოს ქალაქებს ისტორიული სახელები დაუბრუნდა. თუმცა, აფხაზებმაც უმალვე განაცხადეს პრეტენზია: «რატომ ლესელიძესა და განთიადს არ უბრუნებთ ისტორიულ (ბერიამდელ) ტოპონიმებს?»
    «მთავრობის სასახლის» მიმდებარე ტერიტორიიდან აიღეს «მუშისა» და «გლეხის» უნიჭო ქანდაკებები. სერგო ორჯონიკიძის ძეგლს კი (საბურთალოზე) რკინის ბაგირი მოაბეს კისერში და ქუჩაში ათრიეს. ეს ოსებმა იწყინეს და თავიანთ დედაქალაქს «ორჯონიკიძის» ნაცვლად «ვლადიკავკაზი» დაარქვეს. აბა ისტორიულ (ვაინახურ) «ძაუჯიკაუს» ხომ არ დაარქმევდნენ?
    ირაკლი წერეთლის ბრძანებით, ლენინის ძეგლს ამწე მიაყენეს, უკვე ბაგირიც ჩააბეს და ის იყო, უნდა «აეყირავებინათ» (არაფორმალთა აღტაცებული ყიჟინის თანხლებით), რომ გივი გუმბარიძე ფეხებში ჩაუვარდათ: თქვენი ჭირიმე, ოღონდ ახლა ნუ იზავთ, ცოტა ხანს მაცალეთ და მე თვითონ დავამხობ მაგ ძეგლს მცირე ხნის შემდეგო. სიტყვა «პირნათლად» შეასრულა: სულ მალე «ოფიციალურად» და «ლეგალურად» დაამხო ლენინის ძეგლი.
    საბჭოთა კავშირის კომუნისტურმა ელიტამ გუმბარიძეს ეს არ აპატია: 28 ოქტომბრის არჩევნებისა და თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, გივი ბევრს ეცადა სანაცვლოდ რაიმე თანამდებობა მიეღო მოსკოვში, მაგრამ დასცინეს და სოჭის ქალაქკომის მეორე მდივნობა (!) შესთავაზეს. კაცმა რომ თქვას, არც გაემტყუნებათ: შე ოჯახაშენებულო, კომპარტიის „ცკ“-ს პირველი მდივანი ხარ და ლენინის ძეგლს თავად ამხობ - სადაური წესია?
    სადაური წესია და აქაური წესია ანუ ქართული!
    ლენინის ძეგლთან დაკავშირებული ეს ეპიზოდიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 9 აპრილით, საქართველოში, ფაქტობრივად უხელისუფლებობის ხანა დაიწყო, - ხელისუფლება ქვეყანაში საერთოდ არ არსებობდა: არც «ასეთი» და არც «ისეთი».

    ერთგვარი გამოცოცხლება დაეტყო პრესას. ისტორიკოსები, რომლებიც მთელი ცხოვრება «მენშევიკურ» მთავრობას ლანძღავდნენ, ახლა უკვე ღადარივით მხურვალე სტატიებს უძღვნიდნენ 26 მაისს და «დემოკრატიულ რესპუბლიკას». ისტორიის ინსტიტუტში მოხდა არნახული რამ: სამეცნიერო საბჭომ «ჩააგდო» ავთანდილ მენთეშაშვილის სადოქტორო დისერტაცია, ვინაიდან მასში «საბჭოური და არაეროვნული» პოზიციებიდან იყო გაშუქებული 1918-1921 წლების ისტორია.
    ბევრს წერდნენ «დროშისა და ღერბის» შესახებ. ზოგიერთი ავტორი უდიდესი სიფრთხილით შენიშნავდა: პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა, ესთეტიური თვალსაზრისით, გარკვეულ დაზუსტებას მოითხოვსო. უფრო მეტს ვინ გაბედავდა?!
    ალაპარაკდნენ «თურქი მესხების» პრობლემაზეც:    «გავასახლეთ 100 ათასი, გვიბრუნდება ოთხასი ათასი!»; «რა უგვანი ტერმინია ეს «თურქი მესხი», როგორ შეიძლება ადამიანი ერთდროულად თურქიც იყოს და ქართველიც?» არადა რატომღაც არავის მოსდიოდა აზრად, რომ ამ ლოგიკით არანაკლებ აბსურდული ტერმინი გამოდის ვთქვათ «ქართველი ებრაელი».
    «თურქი მესხების» საკითხში რუსულმა ინტელიგენციამ არც თუ კეთილგანწყობილი პოზიცია დაიკავა და პირველი სიმპტომებიც გამოჩნდა ანტიქართული ისტერიისა: «9 აპრილის გამო ძალიან გითანაგრძნობთ, მაგრამ რატომ არ გსურთ მშობლიურ სახლებში დააბრუნოთ უბედური ადამიანები, ვინც 1944 წელს სტალინმა გაასახლა?» ქართული მენტალიტეტისათვის სავსებით ბუნებრივი იყო პასუხი: «ისინი ხომ თურქები არიან?!» არადა ვაი ასეთ პასუხს, - მერე რა, რომ თურქები არიან?
    ქვემო ქართლში, ჯუმბერ პატიაშვილის გადაწყვეტილებით «საქართველოდან-საქართველოში» ჩასახლებულ სვანებსა და აზერბაიჯანელებს შორის სერიოზული კონფლიქტი მოხდა. ეს იყო პირველი (როგორც მაშინ უწოდებდნენ რატომღაც) «ეთნოკრიზისი»: ორმა სვანმა ახალგაზრდამ ტაქსის მძღოლს მგზავრობის საფასურის გადახდაზე უარი უთხრა («ეგღა მაკლია ჩემს მიწაზე ვიღაც თათარს მომსახურებისათვის ფული გადავუხადო»). შეტაკებამ ეთნიკური კონფლიქტის ხასიათი მიიღო. «ეს, რა თქმა უნდა, კრემლის ინსპირირებულია» - ამშვიდებდნენ ხალხს «არაფორმალები».
    ამ ამბებთან დაკავშირებით კინოს სახლთან შეკრებილ მომიტინგეთა შორის უსიამოვნო შეგრძნება გამოიწვია ჯანსუღ ჩარკვიანის მონათხრობმა, – აზერბაიჯანელებმა ვიდეოზე გადაიღეს ქართველების მიერ მათი დარბევა და პროგრამა «ვზგლიადში» გააგზავნესო. იწყებოდა საინფორმაციო ომი, რომელშიც საქართველო იმთავითვე დამარცხებისათვის იყო განწირული.
    საგაზეთო სათაური: «რატომ შფოთავს ტანძიის მიწა?»
    არაფორმალთა უიარაღო ჯგუფები მიემგზავრებოდნენ მარნეულში, ბოლნისში და დმანისში. რეგიონი აივსო მილიციით. მაგრამ მოსახდენი უკვე მომხდარი იყო. ზოგიერთმა აზერბაიჯანელმა «ბორჩალოს ავტონომიის» საკითხიც კი დასვა ცენტრით - რუსთავში.
    იმ დროისათვის თბილისში შექმნილმა «ეროვნული ხსნის კომიტეტმა» (იგი შემდგომში «ეროვნული ხსნის მთავარ კომიტეტად» გადაკეთდა), რა თქმა უნდა, თავისი რისხვა კრემლისაკენ მიმართა და საყოველთაო გაფიცვა ბრძანა.
    გაფიცვა და «დაუმორჩილებლობა» კი ძირითადად იმაში გამოიხატა, რომ თბილისიდან საქალაქთაშორისო ავტობუსები აღარ მოძრაობდნენ («ქვებს მესვრიან და პარპრიზს ხომ არ დავამტვრევინებ ტო!»).
    «ლიდერთა» შორის უმალვე თავი იჩინა უთანხმოებამ. ზოგი მომხრე იყო გაფიცვისა, სხვები კი აცხადებდნენ: თუ თბილისში გაფიცვას მოვაწყობთ, ხელისუფლება ქვემო ქართლში ქართულ მილიციას ვეღარ გააგზავნისო.

    ამ დროს ფილარმონიაში ტარდებოდა «სახალხო ფრონტის» ყრილობა, რომელსაც ბალტიის რესპუბლიკებიდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
    ყრილობა, რასაკვირველია, აყალ-მაყალში, გნიასში, დედის გინებასა და გაწევ-გამოწევაში გადაიზარდა. «ელიტარული ინტელიგენციის» წარმომადგენლები მენტორული ტონით ბაასობდნენ და ყოველნაირად ცდილობდნენ ხაზი გაესვათ: ამ «ბრბოსთან» საერთო არაფერი გვაქვსო. ზვიად გამსახურდია «კონსულტანტობაზე» დათანხმდა. გია ჭანტურია და ირაკლი წერეთელი არც გამოჩენილან: «ცკ-ს კოოპერატივთან» აბა რა საქმე ჰქონდათ? მერაბ მამარდაშვილმა წარმოთქვა ეპოქალური სიტყვები: «ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას». ამ სიტყვებს დარბაზი მქუხარე ოვაციით შეხვდა. თუმცა, მათი მნიშვნელობა ნამდვილად ვერ გაიგო. საერთოდ, ყველა პათეტიურ გამოსვლას მქუხარე ტაშს უკრავდნენ. პროვინციალიზმით გაჟღენთილ საზოგადოებაში მამარდაშვილის ეს ფრაზა, მცირე ხნის შემდეგ, ასეთივე პროვინციული და სულელური დისკუსიის საბაბი გახდა: «რა უფრო მაღლა დგას, სამშობლო თუ ჭეშმარიტება, ჭეშმარიტება თუ სამშობლო?»
    სახალხო ფრონტის თავჯდომარედ აირჩიეს ნოდარ ნათაძე. უთანხმოების გამო ყრილობა დატოვა ლალი ჯავახიშვილმა. სიტყვით გამოვიდა 1984 წელს «თვითმფრინავის საქმისთვის» დახვრეტილი ძმები ივერიელების მამა, რომელიც სახალხო ფრონტის მმართველ ორგანოში იყრიდა კენჭს. ვიღაც ახალგაზრდა უსვამს კითხვას: «მართალია თუ არა, რომ თქვენ მიატოვეთ ტოტალიტარული რეჟიმის მიერ დახვრეტილი ვაჟების დედა?» დარბაზი აღშფოთებით ბღავის. ახალგაზრდას გარეთ აძევებენ. იგი ფილარმონიასთან მანქანას უვარდება. მას შემდეგ, რაც ამ ამბავს დარბაზს ატყობინებენ, ბღავილი ცხრება. მოულოდნელად გამოდის მეორე ახალგაზრდა და კითხვას «გამართლებულს» უწოდებს, ვინაიდან «სახალხო ფრონტის მმართველი ორგანოს წევრთა მორალური სახე ეჭვს არ უნდა იწვევდეს».
    შემდეგ ახალი აყალ-მაყალი იწყება სხვა კანდიდატთა არჩევნებთან დაკავშირებით: «თქვენ გინდათ ჩაშალოთ ყრილობა! არა, ჩვენ კი არა სწორედ თქვენ გინდათ ჩაშალოთ ყრილობა!» ვიღაცამ ვიღაცას მიკროფონი გამოურთო და ა. შ. საერთო ღრიანცელში ასახელებენ «სახალხო ფრონტის» მმართველ ორგანოს.
    თავჯდომარე, რის ვაი-ვაგლახით, უკვე არჩეულია.
    მთელს ამ მარაზმს ზიზღნარევი, დამცინავი ღიმილით აკვირდებიან ბალტიისპირელი სტუმრები, რომლებიც ჩუმად სტოვებენ კიდეც ყრილობას. საქართველოს ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში ერთ-ერთი მათგანი გულწრფელად იტყვის: «ეჭვი მეპარება, რომ იმ ადამიანთა უმრავლესობას, ვინც ყრილობაზეა წარმოდგენილი, შესწევს ინტელექტუალური უნარი პოლიტიკური მოღვაწეობისა».
    კულისებში ვიღაც უცნობი ყვება: «მერაბ კოსტავა ესტონეთში იყო იქაური სახალხო ფრონტის მოწვევით და ერთ-ერთ შეკრებაზე დამსწრეთ შესთავაზა, ლუდით დაელიათ გორბაჩოვის სადღეგრძელო. მასპინძლებს გაუკვირდათ - ვერ მიხვდნენ (ქართულ ტრადიციებს არ იცნობდნენ), მერე სანამ აუხსნა დამტვრეული რუსულით, სანამ გააგებინა, რატომ, როგორ, - ერთი საათი უხსნიდა».
    სახალხო ფრონტის ყრილობა დაგვირგვინდა «დემოკრატიული რესპუბლიკის» ჰიმნით, რომელიც იმისათვის ააჟღერეს, რათა დარბაზში ღრიანცელი ჩაეხშოთ.
    ამ დროს გაზეთ «известия»-სათვის მიცემულ ინტერვიუში ლიტვის «სახალხო ფრონტის» ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს: «ხშირად გვსაყვედურობენ, თითქოს «სოიუდისი» (ლიტვის სახალხო ფრონტი) ნაციონალისტური ორგანიზაციაა. ჩვენ ამას არ ვეთანხმებით. უბრალოდ, გვინდა ლენინური პრინციპების გატარება რესპუბლიკათშორის ურთიერთობებში და ამ გზით ჩვენი კავშირის (საბჭოთა კავშირის! - ავტ) განმტკიცება, მისი დემოკრატიზაცია - ლენინური მოძღვრების ფუძემდებლური დებულებები უეჭველად მოითხოვენ რესპუბლიკათა სუვერენიტეტის გაზრდას და მისი რეალური შინაარსით შევსებას».
    ერთი სიტყვით, «თავისმომჭრელი სტატია» იყო.
    ამ სტატიის ავტორი შემდგომში ლიტვის სეიმის დეპუტატი გახდა და ნატოში გაწევრიანებისათვის აუცილებელი იურიდიული ბაზის მოსამზადებელი ჯგუფის კოორდინატორად დაინიშნა.
    ხომ წარმოგიდგენიათ, საქართველოს «სახალხო ფრონტის» რომელიმე ლიდერს მსგავსი რომ ეთქვა, ყრილობაზე რა ამბავი ატყდებოდა? ამის წარმოდგენაც კი მზარავს!

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა