საერთაშორისო მიმოხილვა. 30 ოქტომბერი. 2023 წელი
The New York Times აქვეყნებს სენსაციურ მასალას, 7 ოქტომბრის მოვლენებზე ისრაელში, როდესაც ატასობით `ჰამასელმა` გაარღვია კედელი, შეიჭრა ებრაულ კიბუცებში და დახოცა 1 400 ისრაელელი.
ირკვევა, რომ ისრაელის დაზვერვა დრონებით და კოსმოსური თანამგზავრებით ადევნებდა თვალს ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში `ჰამასის` სამხედრო მანევრებს და `გაძლიერებულ აქტიურობას`, მაგრამ ჩათვალეს, რომ ეს არის ჩვეულებრივი სამხედრო წვრთნები, რაკი ისრაელის პოლიტიკური ხელისუფლება დარწმუნებული იყო: ჰამასს `არ აწყობდა` ისრაელზე შეტევა, როდესაც სულ უფრო მეტი ღაზელი საქმდებოდა ისრაელში და მეტი ფული შედიოდა ღაზაში კატარიდან, ასევე სხვა არაბული ქვეყნებიდან.
მანამდე, ისრაელის დაზვერვა აღარც პორტატიული რაციებით `ჰამასის` `ბოევიკთა` საუბრებს უსმენდა - აზრი არა აქვს, რაღაც უაზრო სისულელეებზე ლაპარაკობენო.
რეალურად ეს `უაზრო ლაპარაკებიც` და ეს `რეგულარული წვრთნებიც ღაზას კედელთან` იყო ამ დიდი შეტევის მომზადებისას ისრაელის ყურადღების მოდუნების წარმატებული ოპერაცია.
იმდენად არ სჯეროდათ საფრთხისა ისრაელის დაზვერვაში, რომ ღამის 4 საათზე პრემიერ-მინისტრის გაღვიძებაც კი ვერ გაბედეს.
NYT ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც საბოლოოდ ძვირად დაუჯდება პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს და არა მხოლოდ მის კარიერას დაასრულებს, არამედ ომის დამთავრების შემდეგ შესაძლოა ციხეშიც აღმოჩნდეს: როგორც ირკვევა, ბოლო 1 წლის განმავლობაში ისრაელის გენერლები, დაზვერვის შეფები არწმუნებდნენ ნეთანიაჰუს, ხელი აეღო სასამართლო რეფორმის განხორციელებაზე, რადგან ეს რეფორმა, მასობრივი პროტესტები, დაპირისპირება, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის გააფთრებული შეტაკებები, ისრაელის რეზერვისტთა უარი იმსახურონ არმიაში პროტესტის ნიშნად და ა.შ და ა.შ ა ს უ ს ტ ე ბ დ ა ი ს რ აე ლ ს - უქმნიდა ქვეყნის მტრებს, მათ შორის `ჰამასს` და `ჰესბოლლას` იმის განცდას, რომ ისრაელი გახდა `მოწყვლადი` და შეიძლებოდა გაებედათ ის, რასაც სხვა ვითარებაში ვერ გაბედავდნენ.
ეს ყოველივე გამოდგა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს არათუ უბრალოდ შეცდომა, არამედ დანაშაულებრივი შეცდომა.
ივლისში, როგორც NYT ამტკიცებს, ნეთანიაჰუმ უარი განაცხადა შეხვედროდა ისრაელის გენერალს, რომელიც გენერალიტეტის დავალებით სთხოვდა შეხვედრას, რათა ისრაელის სამხედრო დაზვერვის მონაცემები გადაეცა ამის თაობაზე.
თუმცა ისრაელის სახელგანთქმულმა სპეცსამსახურებმაც სერიოზული შეცდომები დაუშვეს. მაგალითად `მოსსადი` და `შაბაქი` დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ჰამასი დაინტერესებული იყო არა ღაზაში, არამედ `დასავლეთ სანაპიროზე` ანუ პალესტინის ავტონომიაში გაჩაღებულიყო ომი, რაკი ავტონომიას `ჰამასის` კონკურენტი `პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია` მართავს.
გარდა ამისა, ისრაელი უფრო მეტად იყო კონცენტრირებული ჩრდილოეთზე, ანუ ლიბანზე, ესე იგი` ჰესბოლაზე`, რომელიც მართლაც ხუთჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე `ჰამასი`
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ისრაელის ჯარი 3 კილომეტრის სიღრმეში შევიდა ღაზას ტერიტორიაზე, თუმცა დასახლებულ პუნქტებში და თვით ქალაქ ღაზაში ჯერ არ შედის.
საქმე ისაა, რომ ისრაელის დაზვერვამ მოიპოვა ინფორმაცია, რომლის თანახმად ირანმა `ჰამასს` წლების განმავლობაში მიაწოდა ათასობით რუსულ-საბჭოთა წარმოების ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი РПГ-7, რომელიც არის უბრალო, მარტივი, იაფი, მაგრამ ძალიან სახიფათო იარაღი. განსაკუთრებით ურბანული ომის ანუ ქუჩის ბრძოლების დროს, რაკი ზემო სართულებიდან `ჰამასის` მებრძოლებს შეეძლებათ ტანკებს და ჯავშანმანქანებს ვერტიკალურად ზემოდან ესროლონ ჭურვი დაუცველ ნაწილში.
ტანკ `მერკავას` იმდენად მარგქმედებიანი `დინამიკური დაცვა` აქვს და იმდენად მსხვილი ჯავშანი `შუბლზე`და გვერდებზე, რომ იქ დარტყმა უშედეგო იქნება, თუმცა `ვერტიკალური` დარტყმისაგან ტანკის დაცვა თითქმის შეუძლებელია.
სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ქალაქის პირობებში ერთადერთი მეთოდი არის ცეცხლმფრქვევი მანქანების გამოყენება, რომელიც ნამდვილად აქვს ისრაელს, თუმცა ცეცხლით სახლების გადაწვას ისრაელის კრიტიკის გაძლიერება მოჰყვება მსოფლიოში.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
`ჰამასი` ყოველნაირად ცდილობს შეაფერხოს ისრაელის სახმელეთო შეტევა და ამ მიზნით იყენებენ საინფორმაციო ომის ტექნოლოგიებს.
ისინი ავრცელებენ ფეიკებს, თითქოს `ჰამასი` მზადაა გაათავისუფლოს ასეულობით მძევალი, თუ ისრაელი გამოუშვებს ციხიდან 7 000 ტერორისტს. შესაბამისად, მძევალთა ოჯახის წევრები მოითხოვენ ნეთანიაჰუს ხელისუფლებისგან, `გაცვლა` განახორციელოს, რაც შეუძლებელია სახმელეთო ოპერაციის შეჩერების გარეშე,
. . . . . . . . . . . . . . . . . .
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკამ ახლო აღმოსავლეთში საზღვაო ქვეითთა სწრაფი რეაგირების კორპუსი გადაისროლა.
იგულისხმება არა `ზღვის კატების` სპეცდანი, რომელიც დიდი ხანია უკვე იქ არის, არამედ სწორედ კორპუსი, რომელიც მანამდე დისლოცირებული იყო წყნარ ოკეანეში.
ეს ავისმომასწავებელი ნიშანია. იმ აზრით რომ როგორც ჩანს, ამერიკა მაინც არ გამორიცხავს სახმელეთო ბრძოლებში მისი ჩართვის აუცილებლობას.
პენტაგონმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისრაელმა, ღაზაში შეჭრით, `წითელი ხაზები გადაკვეთა`.
გუშინ აშშ პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯეკ სალივანმა ხაზი გაუსვა: ``ახლო აღმოსავლეთში იზრდება (elevated) დიდი ომის საფრთხე``.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
იორდანიის ხელისუფლებამ ამერიკას სთხოვა რამდენიმე საზენიტო სისტემა Patriot, რათა ისრაელის უპილოტო საფრენი აპარატებისგან დაიცვას თავი. იორდანიის არგუმენტია, რომ ამერიკა მას მოკავშირედ მიიჩნევს.
საეჭვოა მიიღონ ამერიკელებისგან ეს სისტემები, რადგან სინამდვილეში იორდანია ამერიკისთვის ტაქტიკური მოკავშირეა, ხოლო ისრაელი - სტრატეგიული მოკავშირე.
ამიტომ ამერიკა არ მიაწვდის იორდანიას არასდროს რაიმე სერიოზულ იარაღს. მათ შორის საზენიტო სისტემებს.
როგორც ჩანს, უარი უკვე მიიღეს, ამიტომ იორდანიამ განაცხადა, რომ მისი აეროდრომები არ იქნება გამოყენებული ამერიკის მიერ ისრაელისთვის იარაღის მისაწოდებლად.
რეალურად ეს აეროდრომები ამერიკას არაფერში სჭირდება - აქვს ისრაელის აეროდრომები და რაც მთავარია, ზღვა - საზღვაო პორტები.
მიუხედავად ყველაფრისა, ამერიკა მაინც ცდილობს დაიცვას გარკვეული ბალანსი ისრაელ-პალესტინის ურთიერთობაში. გუშინ ისრაელმა ღაზას სექტორში აღადგინა კავშირგაბმულობა. ეს გააკეთა ამერიკის.....თხოვნით. ხოლო ვაშინგტონს ჰუმანიტარული ხასიათის არგუმენტები ჰქონდა.
კავშირგაბმულობა სახიფათოა ღაზაში დაწყებული სახმელეთო ოპერაციის გათვალისწინებით, თუმცა ამერიკა ამაზე მაინც წავიდა, ხოლო ისრაელი იძულებული გახდა დაეთმო.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩკალაში დაიწყო შეტაკებები დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მას შემდეგ, რაც ისრაელის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები შეიჭრნენ მაჰაჩკალას აეროპორტში: დაღესტანში გავრცელდა ჭორები, რომ იქ უნდა ჩამოეყვანათ ლტოლვილები ისრაელიდან.
თანაც თითქოს ებრაელი ლტოლვილები უნდა ჩამოეყვანათ. დემონსტრანტები იმუქრებოდნენ, რომ მათ ერთიანად ამოწყვიტავდნენ.
ეს ინციდენტი ადასტურებს, რამდენად დიდია ისრაელის საწინააღმდეგო განწყობები განსაკუთრებით რუსეთის იმ რეგიონებში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მაჰმადიანია.
დაღესტანი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შემავალი რესპუბლიკაა.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
29 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკას, რომელიც 1923 წელს ქემალ ათათურქმა დააარსა, 100 წელი შეუსრულდა.
სიმბოლურია, რომ ახლო აღმოსავლეთში ომის ფონზე, თურქეთი რესპუბლიკის ას წლისთავს ხვდება ისლამისტი, ანტიდასავლელი პრეზიდენტით. არადა ქემალ ათათურქის მიზანი `ევროპული თურქეთის` აშენება იყო.
თუ ახლო აღმოსავლეთში დიდი ომი დაიწყო, თურქეთი ამა თუ იმ ფორმით მასში აუცილებლად ჩაერთვება. უბრალოდ ვერ შეძლებს განზე გადგომას. შესაბამისად, ისლამისტური ტენდენციები ამ ქვეყანაში კიდევ უფრო გაძლიერდება.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ისლამური სამყარო `დუღს და ბორგავს` ისრაელის სამხედრო ოპერაციის გამო. პაკისტანის სენატორმა აფნან ხანმა გამოაქვეყნა ჰიტლერის ფოტო წარწერით: `აი დღეს რასაც ჩადიან ღაზაში, ამიტომ ხოცავდა ჰიტლერი ებრაელებსო`.
შეგახსენებთ; პაკისტანი ბირთვული სახელმწიფოა.
ხანმა ეს ფოტო და ანტისემიტური კომენტარი გამოაქვეყნა X-ში. ყოფილ Twitter-ზე.
ამ მომენტისთვის მილიონი ნახვა და მოწონება აქვს.
ჯერ-ჯერობით სოციალურ ქსელს არათუ ხანის ექაუნთი არ დაუბლოკავს, არამედ ეს `თუით`-იც არ წაუშლია.
მანამდე ილონ მასკმა განაცხადა, რომ X არავის და არაფერს შეზღუდავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში.