რამდენიმე სიტყვა პატარკაციშვილის მთავარი რესურსის თაობაზე

რამდენიმე სიტყვა პატარკაციშვილის მთავარი რესურსის თაობაზე

    იმ უკვე შორეულ ეპოქაში, როდესაც «რკინის კაცად» წოდებული შინაგან საქმეთა მინისტრი «დარდუბალას» პერსონაჟი იყო, რუსეთიდან ახლახანს «დაბრუნებულმა» ბადრი პატარკაციშვილმა დაუვიწყარი ფრაზა წარმოთქვა: «ზოგიერთს ჩემი მთავარი რესურსი ფული ჰგონია, სინამდვილეში კი მთავარი რესურსი ინტელექტი მაქვსო».
    სამწუხაროდ, ესოდენ ამაყი განცხადება უკანასკნელი მოვლენებით ვერ დადასტურდა. პირიქით, საფუძვლიანი ეჭვი გაჩნდა, რომ ბატონი ბადრის მთავარი რესურსი სწორედ ფულია.
    ხოლო თვით ამ ფულის მოსაპოვებლად აუცილებლად მიჩნეულ სხვა რესურსს რაც შეეხება – ელცინის რუსეთში დიდი ფულის საშოვნელად ბილ გეიტსის ინტელექტუალური გენია ნამდვილად არ იქნებოდა საჭირო. ყოველ შემთხვევაში, რუსი მილიარდერებიდან არც ერთი არ გამდიდრებულა «უინდოუსის» მაგვარი მართლაც გენიალური პროდუქტით. იქ საამისოდ სულ სხვა თვისებები იქნებოდა საკმარისი.
    რაც შეეხება ხსენებულ მოვლენებს, ანუ საქართველოს სპეცსამსახურთა მიერ მართლაც (ვაღიაროთ) დიდოსტატურად განხორციელებულ სპეცოპერაციას, - როგორც ყველა მნიშვნელოვან მოვლენას, მასაც მრავალი წახნაგი აქვს და ბევრ კითხვას სცემს პასუხს. მათ შორის ჩვენი გაზეთის ფურცლებზე დასმულ კითხვებსაც. მაგალითად «რა არის ძლიერი ხელისუფლება?» ან «რას ნიშნავს ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტი?»
    აი, ამას ნიშნავს!
    მეტი კომენტარი თითქოს არც არის საჭირო, თუმცა ზოგიერთი სხვა საკითხი მაინც იწვევს ინტერესს. მაგალითად, ცნობილ მიმართვაში ბადრი პატარკაციშვილმა გულამოსკვნით დაამუნათა «ტელეიმედის» ჟურნალისტები: «ეს ხელისუფლება ჩემი ულვაშების გამო კი არა, თქვენი გულისთვის დამიპირისპირდა, არადა მანამდე მილიარდ დოლარს მთავაზობდაო».
    როგორც ჩანს, როდესაც «იმედს» აშენებდა, გულწრფელად ეგონა, რომ მაგალითად ინგა გრიგოლია საფლავში ჩაყვებოდა, ჭკვიანი ხელისუფლების მიერ ზუსტად შერჩეულ მომენტში მისთვის გაკეთებულ «ექვსნიშნა წინადადებას» არ მიიღებდა და ჩვეული რიხით ვერ განაცხადებდა «რუსთავი2»-ის ეკრანიდან: «არავის ეგონოს რუსთავი2»-ზე გადავედიო».
    რაც შეეხება პატარკაციშვილის «საიმედო» მოტივაციას, სიტყვის თავისუფლების უჭკნობ იდეალზე მეტად ის სავსებით გულწრფელი განცხადება უფრო სარწმუნოა, რომელიც ნაწილობრივ მისი, ნაწილობრივ გუსინსკის კუთვნილი RTVI-ს ეთერში გააკეთა: «ღვინო, დუდუკი, ქალები» მომწყინდა და ახლა საკუთარ ღირებულებათა განხორციელების ინსტრუმენტი მჭირდებაო». ეს ინსტრუმენტი კი ხელისუფლებაა. ხაზს ვუსვამ: არა ძალაუფლება მხოლოდ, არამედ ხელისუფლება.
    და მთავარი კითხვა: ესოდენ უშველებელი ამბიციის ბრძენკაცი ამ ახალგაზრდებმა ასე ადვილად როგორ გაამასხარავეს?
    კი მაგრამ, ნუთუ ძნელი მისახვედრი იყო, რომ ერეკლე კოდუა ლონდონში საკუთარი ინიციატივით ვერ ჩავიდოდა? როგორც ჩანს, ბადრი პატარკაციშვილს ეს ვიზიტი და მისი თანამდევი მოვლენები დაახლოებით ასე წარმოედგინა:
    შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი დილით იღებს ყურმილს:
    - შემაერთეთ კოდუასთან.
    - ბოდიში უფროსო, კოდუა არ გახლავთ.
    - როგორ თუ არ მახლავს, აბა სად . . . არის?
    - ქვეყნიდან გაემგზავრა.
    - რას ქვია გაემგზავრა, როცა ქვეყანა იქცევა და არკადი ლონდონიდან რევოლუციას გვიმზადებს? სად გაემგზავრა?!!!
    - ჩვენი ინფორმაციით ლონდონშია.
    - ააააა, ეს სხვა საქმეა, ალბათ ტაუერი მოენატრა. მოისურვილებს კაცი, გაივლის პიკადილიზე და როცა ჩამოვა მერე შემაერთეთ. არა უშავს.

    - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
    უტრირებულია, მაგრამ . . აბა  ვინ დაიჯერებდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში რეალური გავლენით მეორე პირი ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად გარისკავდა ლონდონში ჩასვლას, მაშინ როდესაც ეს ვიზიტი უეჭველად დაბადებდა მისთვის ძალიან ძნელად პასუხგასაცემ კითხვებს?
    სწორედ ამაზე აღმოხდა მამაპაპური კითხვა-შეფასება «დათა თუთაშხიას» ეკრანიზაციაში ზურაბ ქაფიანიძის მიერ ბრწყინვალედ განსახიერებულ პერსონაჟს:  . . .?!!!».