სერგეი ლავროვის «კლინიკურ-იმპერიული გამძვინვარება

სერგეი ლავროვის «კლინიკურ-იმპერიული გამძვინვარება

    
       

        მსოფლიო დიპლომატიის ისტორიასა და პრაქტიკაში ძალზე იშვიათი (თუ საერთოდ მოიძევება) შემთხვევა, როდესაც საგარეო-პოლიტიკური უწყება ერთი დღის განმავლობაში ორ განცხადებას აკეთებდეს ერთსა და იმავე პრობლემასთან დაკავშირებით. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაინც შეძლო უნიკალური პრეცესენტის შექმნა: მან ზედიზედ ორი, ერთიმეორეზე ოდიოზური განცხადება გამოაქვეყნა «სამხრეთ ოსეთში» მიმდინარე პროცესებთა დაკავშირებით

        სხვათა შორის, ხსენებული განცხადებების, თავისი სულისკვეთებით, გაჭრილი ვაშლივით ჰგავს სერგეი ლავროვის უწყების დეკლარაციებს ბათუმის მოვლენების წინ, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერდა ასლან აბაშიძის სეპარატისტულ რეჟიმს და მთლიანად ცენტრალურ ხელისუფლებას აკისრებდა პასუხისმგებლობას.
        ამჯერადაც, ყოველგვარი დიპლომატიური ეთიკისა და ელემენტარული პოლიტიკური ტექნოლოგიის დარღვევით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ მხოლოდ ქართულ მხარეს ადანაშაულებს და პროვოკაციაში სდებს ბრალს.
        განცხადებებში არის ერთი, ძალზე საინტერესო მომენტი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ «საქართველი ვითომდაც (!) არსებული კონტრაბანდით ამართლებს სამხრეთ ოსეთში დამატებითი ძალების შეყვანას».
        მაშასადამე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის ისიც კი საეჭვოა, რომ ცხინვალის რეგიონიდან კონტრაბანდა შემოდის საქართველოს სხვა რეგიონებში. მაგრამ აქ საქმე ბევრად უფრო რთულად და უარესად არის: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, უბრალოდ არ მიიჩნევს კონტრაბანდად იმ პროდუქციას, რაც როკის გვირაბის გავლით შედის სამხრეთ ოსეთში. ესე იგი, სმოლენსკის მოედანი არ აღიარებს ამ მონაკვეთს «საქართველო-რუსეთის» საზღვრად! რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზრით, სამხრეთ ოსეთი არ არის საქართველოს ნაწილი, ამიტომ იგი სულაც არ არის ვალდებული, კონტრაბანდად მიიჩნიოს ის საქონელი, რაც რუსეთიდან მის ერთ-ერთ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში შედის როკის გვირაბის გავლით!!!
        აბა, სხვა რა ახსნა და ინტერპრეტაცია შეიძლება ჰქონდეს ასეთ გამაოგნებელ განცხადებას: ერგნეთის ბაზრობას რომ თავი დავანებოთ, მოსკოვში ხომ შესანიშნავად უწყიან, რომ როკის გვირაბს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. ამრიგად, ნებისმიერი პროდუქტი თუ საქონელი, რაც ამ გვირაბიდან სამხრეთ ოსეთში (ანუ საქართველოს ტერიტორიაზე) შემოდის, იმთავითვე კონტრაბანდულია.
        მეორე, ძალზე შემაშფოთებელი მომენტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ის გახლავთ, რომ როგორც არასდროს გამოკვეთილად და მკაფიოდ არის აღნიშნული რუსეთის უფლება, გამოიყენოს ძალა თავისი მოქალაქეების დასაცავად «სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში». ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამჟამად, ცხინვალის მოსახლეობის 90 პროცენტს (ყოველ შემთხვევაში, ეთნიკურ ოსებს მთლიანად) მიღებული აქვთ რუსეთის მოქალაქეობა, მოსკოვი უფლებას იტოვებს, გამოიყენოს შეიარაღებული ძალები ამ რეგიონში საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენის აღსაკვეთად!
        ვლადიმერ ჟირინოვსკი რომ იყოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კიდევ გასაგები იქნება და არც გაგვიკვირდებოდა. ისევე, როგორც არ გვიკვირდა ადრე «სახელმწიფო სათათბიროს» შიზოიდური განცხადებები, მაგრამ რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების სათავეში სერგეი ლავროვის მოსვლის შემდეგ, სმოლენსკის მოედანი «გოსდუმაზე» არანაკლებ აგრესიულ განცხადებებს აკეთებს.
        უფრო მეტიც ზოგიერთი თვალსაზრისით, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ბევრად უფრო აგრესიული, ვიდრე რუსული პარლამენტის ქვედა პალატისა, რომელიც გუშიმ გამოქვეყნდა.
        თავს მოვიტყუებთ, თითქოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მხოლოდ უწყებრივი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს და სხვა რწმუნება არ გააჩნია. სინამდვილეში, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებები, ამ შემთხვევაში, სრული სიზუსტით ასახავს კრემლის პოზიციას კონფლიქტთან დაკავშირებით და ამჟღავნებს მის ურყევ გადაწყვეტილებას, ყოველნაირად შეუშალოს ხელი საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებას.
        ანალოგიური პოზიცია ჰქონდა კრემლს აჭარის კრიზისთან დაკავშირებითაც, მაგრამ, საბედნიეროდ, აჭარაში «მსროლეი» არავინ აღმოჩნდა.
        ანუ, სხვაგვარად თუ ვიტყვით, აჭარლებმა თავისი ძმების სისხლი არ დაღვარეს.
        ცხინვალში «მსროლელის» პოვნა მოსკოვს არ გაუჭირდება და ამ რეგიონში უდიდესი სიფრთხილით მოქმედების გარეშე, რუსეთი შეძლებს საქართველოს ჩარევას მორიგ სისხლისღვრაში, რომლის შეწყვეტა მხოლოდ კიდევ უფრო მეტი დანაკარგის და რუსი «ცისფერჩაფხუტიანების» სრულიად ახალი მანდატის ფასად გახდება შესაძლებელია.
        ასეთივე ვითარება შეიქმნებოდა ჩოლოქზე, სისხლისღვრის შემთხვევაში. მაგრამ, საბედნიეროდ, ამ რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირების პროვოცირება ვერ მოხერხდა.
        აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწევს «ბეწვის ხიდზე» გავლა, რათა რუსული «მართვადი ქაოსის» სქემაში არ მოხვდეს.

3 ივნისი, ხუთშაბათი, 2004 წელი
        დილის გაზეთი